ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე საუკუნეებია არსებობს აზრი ქართველებისა და ბასკების ნათესაურ კავშირებზე. ამ საკითხზე მოსაზრება ჰქონიათ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორებს და ევროპელ მკვლევარებს. ეს საკითხი იდგა საქართველოშიც და როგორც ჩანს, იმდროინდელი მოწინავე მოღვაწეებს ნაბიჯებიც გადაუდგამთ "ევროპელ ქართველებთან" კავშირ-ურთიერთობის დასამყარებლად.
ესპანეთში ქართული კვალის ძიებას ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ამოვწურავთ, თუმცა, რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს ქართველი და უცხოელი მკვლევარების სამეცნიერო ნაშრომებიდან.
დასავლეთ იბერების შესახებ პირველი ცნობები გვხვდება კაბადოკიის მკვიდრ ბასილი კესარიელის (329-379 წწ) იგივე ბასილი დიდის თხზულება "ექვსთა დღეთა"-ს მერვე-მეცხრე საუკუნეების ქართულ თარგმანში. ათონის მთის მე-11 საუკუნის დასაწყისის სასულიერო მოღვაწის ექვთიმე მთაწმინდელის იპოლიტე რომაელის თხზულების თარგმანში, "კელტ-ქართველნი დასავლეთისანი" - პირინეიზე იბერების სახლობის შესახებ.
ჰეკატეოს მოლეტელი (ძვ.წ.აღ. მეექვს საუკუნე) კი წერს, რომ "იბერებს ეკავათ ჯერ ესპანეთის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ტერიტორია, შემდეგ მთელ პირინეიზე გავრცელდნენ".
პლინუს უმცროსმა ესპანელი იბერები აზიის იბერიიდან მოსულებად დაასახელა. ამბროსი მედიონალენის ცხოვრებაში კი წერია "მოვიდა იგი საქართველოთი, რომელთა იგი სპანიადცა - უწოდეს".
გასული საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური წერდა, რომ მე-10 საუკუნის სახელგანთქმულ მწიგნობარ იოანე მთაწმინდელს, გამოჩენილი ქართველი ლიტარატორის გიორგი მთაწმინდელის ცნობით ("იოანე და ექვთიმეს ცხოვრება" რომელიც დაიწერა 1042-44 წლებში) ექსპედიცია მოუწყვია ესპანეთში გასამგზავრებლად, რათა მოენახულებინათ ქართველთა ნათესავი.
ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის (კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ესპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ ძვ.წ.აღ. მე-6 საუკუნეში ცნობილ ბაბილონელ მეფე ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ.
ბერძნული ლიტერატურული თხზულებები კი მიუთითებენ ბასკების, როგორც იბერების მემკვიდრეების შესახებ. ამის დასტურია ძვ. წ. პირველი საუკუნის მოღვაწის სტრაბონეს მიერ შემონახული ჰეროდოტესა (ძვ.წ. მეოთხე საუკუნე) და აპოლიდორეს (ძვ.წ. მეორე საუკუნე) ცნობები. ამ ინფორმაციას ადასტურებს აპიანე (ახ.წ.აღ. მეორე საუკუნე), მოგვიანებით კი სოკრატე სქოლისტიკოსი (ახ. წ. მეოთხე-მეხუთე საუკუნეები).
სოკრატე წერდა, რომ ექვსინის პონტოსთან (შავი ზღვასთა) მცხოვრები იბერიელები გამოსული არიან იბერიელთაგან, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან. ვარონი კი თვლიდა, რომ პირინელი იბერიელები საქართველოდან არიან გადმოსახლებული დასავლეთში. ამავე აზრის ყოფილა ბიზანტიელი მწერალი მაქსიმე აღმსარებელი.
ძველი ბერძნები დასავლეთ იბერიას ანუ პირინეის ნახევარკუნძულს უწოდებდნენ "ჰესპეროს" "მწუხრის ვარსკვლავს". ბერძნულ მითოლოგიაში "ჰესპერიდების" ამბავი ასახულია ჰერაკლეს გმირობაში, ხოლო ჰერაკლე დახასიათებულია, როგორც "ძველ იბერთა მზიური ღვთაება, გმირი და აღწერილია მისი სატრფოს პირინეის შესახებ, რომელიც პირინეიზე დაღუპულა".
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სწორედ ამ მითოლოგიური სახელწოდებიდან მომდინარეობს პირინეის ნახევარკუნძულის ესპანეთის გეოგრაფიული სახელწოდება. ესპანეთის მიწას კი ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე - რომაელების შემოსვლამდე "იბერია" ერქვა.
ძველი იბერების მემკვიდრეებად კი ასახელებენ ბასკებს.
"ბასკები არიან იბერიული წარმომავლობის ტომები. კავკასიელ და პირინეის იბერებს აქვთ საერთო წარმომავლობა. ბასკები წამოსული არიან კავკასიის იბერიიდან და მოვიდნენ მცირე აზიის გავლით", - წერდა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ცნობილი გერმანელი ენათმეცნიერი, ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი ჰუმბოლტი თავის სამეცნიერო გამოკვლევებში.
ბასკურ-ქართული ურთიერთობის საკითხს ასევე დიდი ადგილი ეთმობა ცნობილი ქართველი მეცნიერის ნიკო მარის სამეცნიერო შრომებში. მან ბასკეთში ყოფნისას შეკრიბა მდიდარი მასალა და იცავდა იმ აზრს, რომ ბასკები იყვნენ უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეები.
როგორც ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე ამბობს, ბასკურ-ქართული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას იძლევა ასევე ესპანელი არქეოლოგი მიგელ ფუსტე, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ბასკანიაში ძვ. წ. მესამე ათასწლეულით დათარიღებულ მეტალურგიული კარიერის ნაშთებში აღმოაჩინა 40 ადამიანის თავის ქალა. ექსპერტულმა დასკვნამ ისინი მიაკუთვნა კავკასიურ რასას, კერძოდ ბასკების ქვეყანაში სპილენძის ძველ საბადოში დაუპულ მელითონეთა ნაშთებზე ჩატარებული ანთროპოლოგიური შესწავლა მათ წარმომავლობას კავკასიას უკავშირებს.
გარდა ამისა, თანამედროვე ბასკებიდან აღებული სისხლის ანალიზის საფუძველზე მოხდა მათი იდენტიფიკაცია მათ გარშემო მცხოვრებ ევროპელებთან, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ ევროპელთაგან მხოლოდ ბასკების 50%-ს გააჩნია რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი, ისევე როგორც ქართველებს.
რაც შეეხება არქეოლოგიურ მასალებს, ესპანეთში არქეოლოგიური აღმოჩენების დროს გამოვლინდა ნეოლითის პერიოდის სამარხები - დოლმენები, რომლებიც ძალიან წააგავს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთში არსებულს. ასევე ესპანეთში მოძიებული კერამიკული ნაწარმი ძალიან წააგავს კავკასიურს.
ქართველი და უცხოელი მეცნიერები თავის კვლევებში აღნიშნავენ ესპანეთის ნასოფლარების უძველეს მხარეებში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის სპეციფიკური ფორმების შესახებ, რომელიც მსგავსებას ავლენს ძვ.წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულებით დათარიღებულ სვანეთში მოძიებულ კერამიკასთან. ქალაქ ვილიენის მახლობლად კი აღმოჩენილი იქნა ძვირფასეულობით სავსე მდიდარი სამარხი, მათ შორის 16 ოქროს ზოდი, რომელიც თარიღდებოდა ძვ. წ. 3 000 წლით. მეცნიერები ვილიენის სამარხს მიაკუთვნებენ უძველეს იბერებს, რომლებიც ძვ.წ. მესამე ათასწლეულში ცხოვრობდნენ ესპანეთში.
მეცნიერთა აზრით, ესპანეთსა და საქართველოს შორის თვალში საცემი მსგავსება ვლინდება განსაკუთრებით არქიტექტურაში. ოდა-სახლების, ბანიანი აივნების, სახლის შიდა მოწყობილობაში, ოდაში შუა-ცეცხლის - კერიის არსებობაში.
ბასკეთში დღესაც გვხვდება გურული ნალია, ასევე ქვიტკირის ხიდი, რომელიც გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში: აჭარაში, საინგილოში, კახეთში.
გარდა ამისა, მსგავსება არის ეროვნულ ტანსაცმელში (უმეტესად ხევსურული); საოცარი მსგავსება ჩანს ბასკურ სამზარეუცლოსთან - აქაც ამზადებენ მჭადსა და საცივს.
ქართულ-ბასკური ხალხური სიმღერების მსგავსებაზე წერენ მუსიკათმცოდნეები, კერძოდ ბასკურ-კატალონიურ "იავნანასა" და ქართულ "იავნანას" შორის ერთიანობაზე.
რაც შეეხება ბასკურსა და ქართულ სიტყვათა მსგავსებას, მაგალითად, ქართულში სიტყვა "ერი", ხოლო ბასკურში - ჰერრი, ერრი, აღნიშნავს სოფელს, ქვეყანას, ხალხს. ასევე ქართული "კორძი", ბასკურად - იკორძი, ორივე შემთხვევაში აღნიშნავს ამოზნექილს და ა.შ.
ლექსიკურ მსგავსებასთან დაკავშირებით ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე ამბობს, რომ არსებობს ჩვენამდე მოღწეული ქვაზე, ტყავზე, ბრინჯაოსა და ვერცხლის საგნებზე ჩაწერილი 150-მდე იბერიული დამწერლობის ნიმუში, რომლებიც დღემდე ამოუკითხავი რჩება.
კინოლოგების აზრით, იბერიული (კავკასიური) ნაგაზი მსგავსია ესპანური მასტიფის. ესპანური მასტიფის გამოყვანა მოხდა პირინეიზე, იბერების შემოსვლისას, რომლებმაც თან მოიყოლეს თავიანთი ძაღლები.