საავადმყოფოების რაოდნეობა წლიდან წლამდე მატულობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი - რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 - თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია.
საავადმყოფოებში, რა დროსაც უნდა მიხვიდე, მუდმივად დიდი რიგია. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია. არც ისაა გამორიცხული, პაციენტებს ზედმეტ სამედიცინო პროცედურას, ვიზიტს და წამლებს უნიშნავდნენ, რაზეც ბოლო პერიოდში ეჭვი გაძლიერდა.
ასეთ ფაქტებს არ გამორიცხავს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი. იგი ფიქრობს, რომ ბაზარზე იმდენია კლინიკაა, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს. თუკი საჭიროება იქნება, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით ეჭვს, მსგავსი შემთხვევებს ნამდვილად ექნება ადგილი, მაგრამ აქ საჭიროა ფაქტობრივი დადასტურება.
"ხშირად პაციენტს არ ემსახურება კომპეტენტური დაწესებულება, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩაუტაროს ეფექტური მკურნალობა. თუკი პაციენტის უკან სადაზღვევო კომპანია არ დგას, რომელმაც შეიძლება გააკონტროლოს გაწეული მომსახურების ხარისხი, პრობლემა ყოველთვის იქნება. ასეთ შემთხვევაში, პაციენტებს, შესაძლოა, ჩაუტარონ არასაჭირო სამედიცინო პროცედურა და დაუნიშნონ ზედმეტი წამლები.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სადაზღვევო ინდუსტრიას წაართვა ის რესურსი, რომელსაც იგი სამედიცინო კონტროლის მიზნით იყენებდა. გასაგებია, რომ ნებისმიერ სისტემაში, კარგად კონტროლირებადშიც კი, შეიძლება ექიმებსაც შეეშალოთ და პაციენტებსაც. ეს გამონაკლისი შემთხვევაა, ჩვენ კი სისტემური პრობლემა გვაქვს და ეს არის ჯანდაცვის სფეროს სერიოზული გამოწვევა, რაც უნდა გამოსწორდეს", - აცხადებს მეგრელიშვილი.
პრობლემაზე საუბრობენ სოციოლოგებიც, რომლთა შეფასებითაც, კლინიკების რაოდენობის ზრდა უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სისტემას, რომელიც მხოლოდ ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული. ასე ფიქრობს ექსპერტი სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე, რომლის აზრითაც ჯანდაცვა დღეს მხოლოდ ბიზნესია და არა სოციალური სერვისი.
"საქართველოში ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი და ამიტომაც გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. კონვეინერული წესით უწევენ მომსახურებას. კლინიკების რაოდენობის ზრდა გამოიწვია არა ავადმყოფების მომატებამ, არამედ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. უნდა ითქვას, რომ აქ ყველას თავისი სიმართლე აქვს - ექიმსაც და ავადმყოფსაც. არსებული სიტუაციით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი.
სახელმწიფოს მხრიდან გაჩნდა დაფინანსების წყარო. ხალხი, რომელსაც აქამდე საავადმყოფოში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, დღეს მომსახურება უფინანსდება. ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობა მასობრივად დაავადდა. ეპიდემიური აფეთქება არ მოხდარა, უბრალოდ, ხალხმა მოუხშირა საავადმყოფოებში სიარულს", - აცხადებს კაპანაძე.
მისი შეფასებით, ჯანდაცვის ბაზარი დღეს მონოპოლიურია, სადაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურები ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობენ.
"სისტემა ორიენტირებულია ფინანსურ სარგებელზე და არა ჯანმრთელობაზე. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაზე უფრო პოპულარული სიკვდილის სახეობაა, აპარატზე მიერთებული პაციენტი. რეანიმაციული ცენტრები ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობენ. ეს იმიტომ პრევენციას სათანადო ყურადღება არ ექცევა. დაზღვევა, ჰოსპიტალური სექტორი და ფარმაცია ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობს. ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან ისინი ერთმანეთს იდეურად ეწინააღმდეგებიან. დამკრძალავი ბიუროღა აკლიათ და "სრულ ჰარმონიას" მიაღწევენ.
ჯანდაცვის სისტემური რეფორმა შედეგს მოიტანს 15 წლის შემდეგ. აუცილებელია, რომ ეს განხორციელდეს. მინიმალური ყურადღება ექცევა პრევენციას და ძალიან დიდი - უკვე დამდგარ შედეგს", - აცხადებს ნოდარ კაპანაზე.
როგორც აღმოჩნდა, საავადმყოფოების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა არც მომხმარებლებს რჩებათ შეუმჩნეველი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, რიგს ვერ აუდიან პედიატრიულ განყოფილებებში, თანაც თუ კლინიკა მეტ-ნაკლებად ცნობილია და ექიმის რეპუტაციაც მაღალია.
33 წლის ნანა გოგოხია ამბობს, რომ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც პატარა დაჰყავს, ხშირად თვენახევრით ადრე უწევს ჩაწერა, რადგან ექიმთან ყოველთვის რიგია. თბილისელებს საავადმყოფოებზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზად კვების პრობლემა მიაჩნიათ.
"ჩემი შვილის ექიმს თბილისში კარგად იცნობენ, ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრია. ბავშვი 5 წლისაა, კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს და ნაცნობ ექიმთან დამყავს. ჩემდა გასაოცრად, რა დროსაც არ უნდა მოვინდომო კლინიკაში ვიზიტი, მუდმივად რიგია. ამიტომ 1 ან 1,5 თვით ადრე ვნიშნავ ვიზიტს ან ცოცხალ რიგში ვდგები, თუკი ბავშვის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას მაძლევს.
კლინიკებზე რომ არაფერი ვთქვა, პოლიკლინიკებშიც ასეა. წინასწარ თუ არ ჩაეწერე, შეიძლება, საათობით მოგიწიოს ლოდინმა და ზოგჯერ შესვლაც ვერ მოახერხო. ძალიან მიკვირს, რატომ გაიზარდა ასე კატასტროფულად მედიცინაზე მოთხოვნა? ჩემს გარშემოც იშვითად მეგულება ისეთი, ვისაც ექიმთან სიარული არ უწევს. შეიძლება უხარისხი კვების ბრალია ან საერთოდ საჭმლის დეფიციტია ასე მასიურად რამ დაავადა ეს ხალხი", - ამბობს ახალგზარდა დედა.
შუახნის ასაკის ლენა თორაძეს ენდოკრინოლოგიური დაავადება აწუხებს. საავადმყოფოში, სადაც ის დადის, ყოველთვის რიგია, რის გამოც ყოველთვის წინასწარ ცდილობს ჩაწერას.
"მალე 50 წლის ვხდები. ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში 15-ზე მეტი საავადმყოფო, ალბათ, არც იყო, თითო-ოროლა იყო რეგიონებში. ასე იყო აფთიაქებიც. 90-იან წლებამდე მთელი უბანი უნდა მოგევლო, რომ აფთიაქი გეპოვა. ვიცოდით ერთი, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პირველი აფთიაქი და ყველა იქ ცდილობდა წამლის შეძენას. ახლა ჩიხი არ არის თბილისში, სადაც აფთიაქი არ იყოს გახსნილი, ხოლო კლინიკის გარეშე ქუჩას ვერ ნახავთ.
პაციენტი რომ არ ჰყავდეს, რომელი საავადმყოფო იმუშავებს? გამოდის, რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ, ზოგიერთ კლინიკაში რიგთანაც უჭირთ გამკლავება. რამდენიმე ისეთი საავადმყოფო ვიცი, სადაც ხშირად უწევთ ავადმყოფის მიღებაზე უარის თქმა, რადგან ადგილი არ აქვთ. რას ვჭამთ, რას ვსვამთ, კაცმა არ იცის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა ყოველ ფუხის ნაბიჯზე, მაგრამ ნორმალურ საჭმელს ვერ იყიდი. ეს პრობლემა რომ არა, გაცილებით უკეთესი ჯანმრთელობა გვექნებოდა", - ამბობს ლენა თორაძე.