"ოქრომრავალი კოლხეთი" - ქართული ოქრომჭედლობა ძვ.წ. მესამე ათასწლეულში
ია აბულაშვილი
09.11.2016

 ქართული ოქრომჭედლობის შესახებ, ბევრი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკიხველს გვინდა შევახსენოთ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შექმნილი ოქროსა და ვერცხლის იმ უნიკალური ნაკეთობების შესახებ, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს უტოლდება, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძის მიერ მოწოდებული მასალები.

ძველბერძნული წყაროები კოლხეთს, მოიხსენიებდნენ "ოქრომრავალ კოლხეთად". ბერძნული მითოლოგიიდან და ხალხური გადმოცემიდან კი ცნობილია ოქროს მოძიება ცხვრის ტყავის საშუალებით, როდესაც მთებიდან წამოსულ მდინარეზე აგებდნენ ცხვრის ტყავს. კოლხური ოქროსა და მისი დნობის შესახებ ცნობებს ვხვდებით ისევ ბერძნულ წყაროებში, ცნობილია აპიანეს, პლუტარქეს, ჰეროდოტეს, დიოდორე სიცილიელის ცნობები კოლხური ოქროს შესახებ.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად კი საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს სადნობი კერები აღმოჩნდა სოფელ ჭუბურხინჯში, სოფელ ვანში, სვანეთში, სადაც ოქროს სამკაულებთან ერთად ნაპოვნი იყო ოქროს ზოდები.

ასევე ბათუმთან - კახაბერის დაბლობზე და სოფელ კაზრეთში აღმოჩენილი იქნა მსოფლიოში უძველესი ოქროსმომპოვებელი საბადო, რაც დასტურია იმისა, რომ იმ დროს უკვე ქართველებმა იცოდნენ როგორ მიეგნოთ ოქროს მადნისთვის და რაში გამოეყენებინათ იგი.

როგორ მეცნიერები ამბობენ, საქართველოში გამოდნობილი ოქრო იგზავნებოდა შუმერებთან და მას დამწერლობის ნიმუშის შესაქმნელად იყენებდნენ. რაც შეეხება ქართველ ხელოსნებს, ისინი დაუფლებულნი იყვნენ ოქრომჭედლობის თითქმის ყველა ხერხს, ნივთების შემკობა ზედ დაჩრჩილული ოქროს წვრილი ბურთულებით (გავარსი), გრეხილი, ანუ ფილიგრანული ოქროს მავთულებით.

სამარხებში აღმოჩენილი ოქროს და ვერცხლის უნიკალური ნივთები

ძვ.წ. მესამე ათასწლეულში, ეგვიპტის პირამიდების პარალელურად, საქართველოში უკვე არსებობს "თრიალეთის ყორღანული კულტურა", რომელიც არსებობდა ქვემო ქართლის (წალკისა და დმანისის რაიონები) ტერიტორიაზე და მიეკუთვნება ადრეული ბრინჯაოს ხანას. თრიალეთის კულტურის ნიმუშები ძირითადად მოძიებულია გორასამარხებში.

ერთ-ერთი სამარხის, ზურტაკეტის სამარხში, რომლის დიამეტრი არის 100 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი, ასევე კუშჩის გორასამარის დასაკრძალავი დარბაზში, რომლის ფართობი 175 მეტრს აღწევს, აღმოჩენილია ოქროს ფრაგმენტები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ დარბაზის ხის სვეტები გარშემორტყმული ყოფილა ფურცლოვანი ოქროთი; სამარხებში დასვენებული მიცვალებული ესვენა ოთხთვალა ეტლზე და მასში, იარაღ-საჭურველთან ერთად ჩატანებული იყო უძვირფასესი სამკაულები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება.

ანუ ამ დროისათვის ჩვენ წინაპრები უკვე ფლობდნენ ლითონის ფურცლების დამუშავების და "ოქროს კვეთის" ტექნოლოგიას, ამისათვის კი ჰქონიათ საჭირო ჩარხი და სახელოსნო იარაღებიც.

ოქროს ლომის ქანდაკება

ძვ.წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისში თრიალეთის ყორღანული კულტურის ნიმუშებს მიეკთვნება ძვ.წ. მესამე ათასწლეულით დათარიღებული ოქროს ლომის ქანდაკება.

მისი სიმაღლეა 2,8 სმ, ხოლო სიგანე 5,3 სანტიმეტრი. ლომის ქანდაკება აღმოჩენილია ალაზნის ველზე, სოფელ წნორთან. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ლომის ამ ქანდაკებას თავის მხატვრული სტილით ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.

ოქროს ბარძიმი

ლითონმცოდნეები მიიჩნევენ, რომ მხატვრული საშუალებების გამოყენების მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფერადი ქვებით მოჭედილი ოქროს სასმისი (ბარძიმი), რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. მეორე ათასწლეულით. იგი დამზადებულია სახარატო ჩარხზე, ოქროს მთლიანი ფურცლისაგან.

სასმისი შესრულებულია ორმაგი კედლისაგან, რომელიც ძირისაკენ თანდათან ვიწროვდება. გარეთა კედელი შემკულია წვრილი და გრეხილი მავთულისაგან გაკეთებული სპირალებით, რომლებშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდის, წითელი იასპის და გიშრის მრგვალი თვლები.

ბარძიმზე შემოვლებულია თვლების რამდენიმე რიგი: ერთი რიგი მოთავსებულია სასმისის პირზე, ორი კი - ქუსლზე. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ოქროს ფირფიტებისაგან და ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროს ბარძიმს, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. მეორე ათასწლეულით, თავისი შესრულების ტექნოლოგიური სირთულეებითა და მხატვრული ფორმით, ანალოგი არ მოეძებნება იმ პერიოდის მსოფლიო ხელოვნებაში.

ყელსაბამები

ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია წალკის რაიონში აღმოჩენილი, აქატისა და სერდოლიკის თვლებით შემკული მაღალი ოქროსაგან შესრულებული უნიკალური ყელსაბამი. სამკაულის თითოეული დეტალი, რთული საოქრომჭედლო ტექნიკით არის შექმნილი, მათ შორის ოქროში ჩასმული თვლები, თავისი შესრულების ტექნიკით შეიძლება ჩაითვალოს ტიხრული მინანქრის წინამორბედად.

ქართული საიუველირო ოქრომჭედლობის ურთულესი ხერხებით შესრულებული, თრიალეთური მაღალი სინჯის ოქროსაგან, სხვადასხვა ფერისა და ზომის თვლებით შემკული უნიკალური ყელსაბამი, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. მე-19 საუკუნით, შედგება სხვადასხვა ზომის ოქროს 14 ფუყე მძვისაგან და იგი ერთ-ერთი უძველესი ოქრომჭედლობის ნივთია მსოფლიოში.

ვერცხლის სასმისი და ვერცხლის სარწყაული

ამ პერიოდის ვერცხლის ნაკეთობებიდან შემორჩენილია ორი ვერცხლის ნიმუში: სარწყაული და ვერცხლის სასმისი, დათარიღებული ძვ. წ. მეორე ათასწლეულით. ვერცხლის მთლიანი ფირფიტებისაგან შესრულებულ სასმისს აქვს ცილინდრული მოყვანილობა და შემაღლებული ფეხი. იგი ორი ნაწილისგან შედგება.

ქვედა ფრიზზე აღბეჭდილია ერთმანეთის კვალდაკვალ მიმავალი ირმების ერთი რიგი, ხოლო ზედაზე - რიტუალური სცენა, სასმისებით ხელში ერთმანეთის უკან მდგომი 22 ერთნაირად ჩაცმული მამაკაცის გამოსახულებით.

მამაკაცთა ამ რიტუალური სცენის ცენტრალურ ნაწილში, სკამზე მჯდომ ფიგურას (ალბათ ქურუმს) წინ უდგას სამფეხა საკურთხეველი. უკანა ფრიზის მთელ სიმაღლეზე კი აღბეჭდილია სიცოცხლის ხე.

მეცნიერები ამ სასმისზე გამოხატულ სიუჟეტს სხვადასხვანაირად ხსნიან. მაგალითად, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით, სასმისზე ასახული სარიტუალო სცენა ქურუმების მისტერიული სვლა და შემაღლებულ ადგილას მჯდომი ღვთაება - ანარეკლია სვანეთში მელია- ტელეფიასადმი მიძღვნილ რიტუალთან;

სხვა მეცნიერების აზრით, კი თასზე აღბეჭდილი სცენა უკავშირდება გაზაფხულის დღესასწაულს - სიცოცხლის განახლებას. მომაღლებულ ადგილზე მჯდომი ღვთაება და წრეში მოსიარულე ნიღბიანი ხალხი, ითვლება ადამიანის ცხოვრების წრის სიკვდილ-სიცოცხლის ამსახველად.

მიუხედავად დაზიანებისა, ვერცხლის საწყაულმა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იგი შეკრულია ვერცხლის ფირფიტებისაგან, რომელსაც ძირსა და პირზე დაჰყვება ოქროს სალტები. მასზე შემორჩენილია მცენარეებისა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებები, მათ შორის ზოგი ირემი ისრებისგან არის დაჭრილი.

სამკაულების შესანახი ყუთი

ხელოვნების ნიმუშად ითვლება ასევე მდიდარი ქალბატონის სამკაულის შესანახი ყუთი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის თვლებით, ან ობსიდიანის თვლებით არის შემკული.

ამ ყუთში ინახავდნენ ოქროს ფირფიტის ბუდეში ჩასმულ აქატის კულონს, რომელიც შემკულია სარდიონის თვლებით, ასევე ოქროს მედალიონი, შემკული ზემოდან დადებული რელიეფური სპირალებითა და გრეხილი მავთულით.

ქინძისთავები, დუგმა და შესაკვრელი აბზინდები

სამოსისათვის განკუთვნილი ატრიბუტებიდან, რომლებიც ძვ. წ. თარიღდება, აღსანიშნავია ქსოვილის დასამაგრებელი ბრინჯაოს დუგმა, რომელიც ნაპოვნი იყო დუშეთის რაიონში, ჩაბარუხის ხევიდან; ასევე ოქროს კლიტეები, საკინძები და წვრილი თვლებით მოჭედილი ქინძისთავები.

საჩხერის ყორღანული სამარხებში ასევე აღმოჩნდა თხელი ფურცლისაგან გამოჭრილი ტანსაცმლის შესაკვრელი აბზინდი და თავსაბურავის ნაწილები. რაც შეეხება ქამრის ბალთებს, მისი ერთ-ერთი ნიმუში ნაპოვნი იყო სოფელ უდეში.

იმ პერიოდის სამოსის კიდევ ერთი ატრიბუტი იყო - სარტყელი, რომლის სარჩული მზადდებოდა ტყავის ან მჭიდროდ მოქსოვილი ნაჭრისაგან.

როგორც მეცნიერები ამბობენ, სარტყელები წარმოადგენდნენ ხელოვნების უნიკალურ ძეგლებს, რომელზედაც ხშირად გამოსახული იყო საკულტო მითოლოგიური, ნადირობის ან საყოფაცხოვრებო სცენები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×