ამბავი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქართველი მეფის რომაული თავგადასავლისა
მამუკა ნაცვალაძე
10.11.2016

 ქრისტესშობიდან 144 წელს რომს ქართლის მეფე ფარსმან ქველი ესტუმრა. დიდი პატივით შეეგება მარადიული ქალაქის საიმპერატორო კარი ქართველთა დელეგაციას, ფარსმანს თან შვილები და მეუღლე ახლდა.

რომაელები ქართველებს გაუოცებია ჯირითითა და საჩვენებელი საბრძოლო ვარჯიშებით, ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ იმჟამინდელ იმპერატორ ანტონინუს პიუსს უბრძანებია ფარსმან ქველისთვის მარსის მოედანზე ძეგლი დაედგათ.

მანამდე, სანამ რომში ფარსმანის ცხენზე ამხედრებული ძეგლი დაიდგმება, იქ, სადაც მარადიული ქალაქი დაარსდა, კაპიტოლიუმში, რომაელთათვის გამორჩეულად წმინდა ადგილას, ანტონინე პიუსმა ქართლის მეფეს მსხვერპლის შეწირვის უფლება მისცა.

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ რომის იმპერატორმა ცნო ფარსმან ქველის სამეფოს საზღვრები: ტრაპეზუნდ-ლაზეთის ხაზიდან მტკვრის ქვემო წელამდე და კავკასიონიდან არაქსამდე.

რომში ტრადიციად ჰქონდათ - ყოველი წლის ბოლოს დიდ სტელაზე წინა წლის მნიშვნელოვან ამბებს ამოკვეთდნენ ხოლმე. ამ სტელას ფასტები ეწოდება. ფასტები დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე იდგმებოდა.

რა თქმა უნდა დრო-ჟამმა ბევრი რამ შეიწირა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალაქ ოსტიაში აღმოჩენილ ფასტებზე წინა წლის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის ქართლის მეფე ფარსმანის რომში სტუმრობაა დასახელებული.

რით გამორჩეოდა ფარსმან ქველი სხვა ქართველი მეფეებისგან

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ თავისი არსებობის მანძილზე მსგავსი პატივი რომის მმართველებისგან სხვა ქვეყნის არც ერთ მონარქს არ რგებია. და რაც ყველაზე მთავარია - ანტონიუს პიუსმა აღიარა ქართლის გაფართოებული საზღვრები, რომელიც ფარსმან ქველის სამფლობელოს სულ სხვა რანგით წარმოაჩენდა - ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა.

ფარსმანი სრულიად განსხვავებულია როგორც მისი წინამორბედი, ისე მომდევნო ხანის მეფეებისგან. ერთი შეხედვით, ხისტი პოლიტიკის მიმდევარია, ქვეყნის გაფართოებისას მხოლოდ საკუთარი ძალის იმედადაა. ეს არის მისი პოლიტიკის უმთავარესი გეზი, რომელიც წითელ ზოლად მიჰყვება მთელ მის ზეობას.

როგორ დაიმორჩილა ფარსმანმა მთელი სამხრეთი კავკასია

ძველ ქართულ წყაროებში მეფე ფარსმანის ზედწოდებაა "ქველი", აი, რას წერს "მოქცევაი ქართლისაი" მის შესახებ: "ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შეუნიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა."

ფარსმან || ქველი 120 წელს ადის ქართლის ტახტზე და 50 წელი მეფობს. გამეფებისთანავე ალბანეთსა და კაპადოკიაში ლაშქრობს, 130 წლისთვის კი საკმაოდ დიდი ტერიტორია - მთელი სამხრეთი კავკასიაა მისი გამგებლობის ქვეშ ექცევა. ქართლის ვასალი ხდება სომხეთის სამეფო, ეს აღიზიანებს რომს, რამდენადაც ტრადიციულად სომხეთი რომისათვის კავკასიაში პლაცდარმად მოიაზრება.

თუმცა, სომხეთზე გავლენის მოპოვება არაფერია იმათან შედარებით, რაც ქართლის მეფის მიერ ძირდიტთა ტომებზე გავლენის მოპოვებას მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლი იმხანად ოფიციალურად რომის ვასალია, ფარსმანი სარგებლობს რომის და პართიის დასუსტებით ორივე სახელმწიფოს გავლენის სფეროდან გამოდის. მის დროს ქართლის სამეფო ფლობს შიდა ავტონომიას და საგარეო პოლიტიკას.

რატომ აშინებდათ რომსა და პართიას ქართლის სამეფოს ზღვაზე გასასვლელი

ეს ის ხანაა, როცა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ტრადიციულ დაპირისპირებისას აგრძელებენ რომი და პართია. ორივე ძალა ბუნებრივია ვერ შეეგუება ქართლის დამოუკიდებლობას. არადა, თავადაც უძლურნი არიან რაიმე მოუხერხონ მას. იმდენად წარმატებულია ფარსმანის პოლიტიკა. ის იკავებს სხვადასხვა ქართულ მიწებს, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროებს, თანამედროვე ქობულეთის მიდამოებს, სადაც ძირდიტთა ტომები სახლობენ. სწორედ ასე შემოდის კოლხათის ისტორიული ნაწილი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში.

ეს სულ სხვა მასშტაბებია, რომისა და პართიისათვის საშიში. ბუნებრივია, ამ ორი უძლიერესი ძალის გაღიზიანებაც ლოგიკურია - ქართლი ზღვაზე გასასვლელს იკავებს, რის მეშვეობითაც თვისებრივად სულ სხვა სახელმწიფო ხდება.

ზღვაზე გასასვლელი მნიშვნელოვან პერსპექტივებს უსახავს ქართლს - ეს ის კოზირია, რაც, როგორც წესი, ქვეყნის პოლიტიკური ძლიერებით მთავრდება. სწორედ მოვლენათა ასეთ განვითარებას უფრთხის რომი, მას კარგად აქვს გამოცდილი კართაგენის მაგალითი.

რომს არ სურს ქართლის მეფის თავნებობით მეორე კართაგენი მიიღოს შედეგად. ამიტომაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ ცნოს ქართლის ბატონობა ძირდიტთა ტომებზე.

რა გზას უნდა მიმაროს რომმა? ერთია პრობლემის ძალადობრივი გადაჭრის მეთოდი, კართაგენი რომ აღგავა პირისაგან მიწისა, რაც ამ შემთხვევაში არას არგებს. საქმე ისაა, რომ ქართლი ძალიან დიდ კოზირს ფლობს - კავკასიონის უღელტეხილებს, რომელსაც ეტაპობრივად მიზანმიმართულად იყენებს რომის ამბიციების დასაოკებლად.

რატომ დამთავრდა წარუმატებლად ფარსმანის მოლაპარაკება ფლავიუს არეანესთან

ქართლის გაძლიერება აფიქრებს რომს - 128 წელს იმპერატორი ადრიანე მცირე აზიაში ჩამოდის და სწორედ აქ უხმობს თავის ვასლებს, მათ შორის ფარსმან ქველს. რომელიც არად აგდებს ამ მიწვევას, არადა, ასეთი იგნორირება სხვა არა არის რა, თუ არა რომის წინააღმდეგ აჯანყება.

იმპერატორი ადრიანე არ არის მზად ასეთი დაპირისპირებისთვის, ის დიპლომატიურ გზას ირჩევს და საბრძოლო სპილოსა და 50-კაციან რაზმს უგზავნის ფარსმანს.

მაშინდელი საზომით, ამგვარი ძღვენი უდიდესი პატივი იყო. მით უმეტეს, რომ ოფიციალურად ქართლი ჯერ კიდევ რომის ვასალი გახლდათ.

სწორედ ასეთ დროს რომი მზადაა ქართლის სამეფოსთან დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოს. აქ გზავნის კაპადოკიის მმართველ ფლავიუს არეანეს. ეს რომის იმპერატორის დავალებით ხდება, მოლაპარაკებებით ვერაფერი გადაწყდა - ქართლს არ სურს რომის პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოს - ფარსმანის პოლიტიკა ხომ ცალსახად მხოლოდ ეროვნული ძალების გამოყენებაზეა დაფუძვნებული. ფარსმანი არ თმობს ზღვაზე გასასვლელს, მოლაპარაკებები ჩიხში შედის. აშკარაა, რომ არიანეს ვიზიტმა ვერაფერი მოუტანა რომს, მაგრამ დიპლომატიურ წესებს აქვს თავისი ეტიკეტი და სწორედ ამ ეტიკეტს იცავს ფარსმანი.

ფარსმანი თვლის, რომ კაპადოკიაში არ უნდა ჩავიდეს, რამდენადაც იმპერატორის წინადადების მიღება ნიშნავს, უარყოს საკუთარი პრეტენზიები მთლიანად დასავლეთ საქართველოზე. კაპადოკიაში ვიზიტი ნიშნავდა იმის ხაზგასმას, რომ ქართლი რომის დაქვემდებარებაში იყო. არადა, ფარსმანი სულ სხვა პოზიციაზეა, ის თავს რომის იმპერატორის ტოლად მოიაზრებს და როგორც სწორი სწორს, საპასუხოდ დიდძალ საჩუქარს უგზავნის.

როგორ გააღიზიანა ფარსმან ქველი ადრიანეს დაცინვამ

ქართლის მეფის საჩუქრები უძვირფასესი მოოქრული წამოსასხამებისგან შედგება. რომის იმპერატორი აგონიაშია, ის კარგად ხვდება ფარსმანის დიპლომატიურ სვლას და სხვა არა რჩება რა, თუ არა ის, რომ საპასუხო რეაქციად ირონია და დაცინვა არჩიოს. რომის იმპერატორმა სწორედ ამ განწყობით ჩააცვა მოოქრული წამოსასხამები 300 დამნაშავეს და გლადიატორთა არენაზე გამოიყვანა.

ეს იყო ქართლის მეფის შეურაცხყოფა, თუმცა, ამით ადრიანემ ვერაფერს მიაღწია, პირიქით. ფარსმან ქველი გააღიზიანა და საპასუხო დარტყმაც მიიღო.

კავკასიონის უღელტეხილი ერთადერთი ვიწრო ზოლით კეტავდა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსასვლელს. ეს გზა დარიალის ხეობაზე გადიოდა და ვინც ამ გზას დაეუფლებოდა, კავკასისიის კონტროლის სადავეებიც მას ჰქონდა ხელთ. ტრადიციულად ეს გადმოსასვლელი ქართლის მეფეების ხელშია, ამჯერად ფარსმან ქველი აკონტროლებს მას, რომელმაც 135 წელს უღელტეხილიდან ალან-ოსები გამოატარა და პართიისა და რომის პროვინციებს შეუსია.

ეს იყო უდიდესი დარტყმა ორივე იმპერიაზე. საგულისხმო კი ის გახლავთ, რომ ამ შემოსევებმა ფაქტობრივად შესძლო "აბრეშუმის გზის" პარალიზება.

როგორ უმკლავდებოდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერს

მაინც რა იყო ფარსმან ქველის კოზირი? მთავარი ბუნებრივია, კავკასიონიდან გადმოსასვლელი უღელტეხილები გახლდათ, რომელსაც იოლად აკონტროლებდა ქართლი, თუმცა, გარდა ამ გეოსტრატეგიული ფაქტორისა, სამხედრო ფაქტორიც უმნიშვნელოვანესი იყო - ქართველთა ჯარი ვერასდროს იამაყებდა მრავალრიცხოვნობით. არადა, საქართველოზე წამოსული მტერი სწორედ ამ უპირატესობას - ჯარის სიმრავლეს ფლობდა, მთავარი აქცენტი პარტიზანული ბრძოლები გახლდათ. ქართველები მტერს ღამით უტევდნენ და იმისათვის, რომ მტრისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ, ფარებს შავად ფერავდნენ, რათა მთვარის შუქი არ არეკლილიყო და ამით საკუთარი ადგილმდებარეობა თავადვე არ გაეცათ. ამიტომაც დაარქვეს ქართველ პარტიზანებს "შავფაროსნები".

როგორ მოერივნენ იმპერიები ფარსმან ქველს

როგორც ლეონტი მროველი გვამცნობს, იბერიაში ფარსმანის ზეობის დასაწყისისას ქართლის სამეფოში ორმეფობაა. არმაზციხეში მეფე ფარსმანი ზის, მცხეთაში კი მეფე მირდატი. ისინი ბიძაშვილები არიან. მეფეებს შორის მას შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა, როცა მირდატმა ფარსმანი თავისთან მიიპატიჟა და მის მოკვლას შეეცადა.

ფარსმანს აცნობეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დაპირისპირებამ ღია ფორმები მიიღო, გაჩაღდა ომი, რომელიც ფარსმანის გამარჯვებით დასრულდა.

მირდატი პართიაში გაიქცა. ეს 125 წელს ხდება. სწორედ ეს მირდატი ჰყავს კოზირად შემონახული პართიას. მისი გამოყენება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რომის დათმობებმა გააღიზიანა პართიელთა მეფე ვოლოგეზ ||| - ის ვერ შეურიგდა ქართლის გაძლიერებას. სასურველი პოლიტიკისთვის პართელთა მბრძანებელი ინტრიგათა ქსელს აბამს და ეხმარება ფარსმანის მოწინააღმდეგეებს მცხეთის სასახლის კარზე.

პართელთა მთავარი იმედი სწორედ მირდატია. სწორედ მას გამოატანა ვოლოგეზმა ჯარი ფარსმანის დასამხობად, ეს მცდელობა რამდენჯერმე განმეორდა, ყველა დაპირისპირება ფარსმანმა მოიგო. ასეთი ხერხი რომ არაფრად გამოდგა, პართელებმა ფარსმან ქველის მოწამვლა განიზრახეს. მოისყიდეს მზარეული და თავიანი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს.

ეს იყო ლოგიკური დასასრული ფარსმან ქველისა. ის არ შეიძლებოდა თავისი სიკვდილით მომკვდარიყო - იმპერიები ხომ თავისუფლებისადმი სწრაფვას არავის პატიობენ...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×