ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩეულია ბიზნესმენი და მილიარდერი დონალდ ტრამპი. ის არაერთი სკანდალური, რეზონანსული თუ კურიოზული გამონათქვამის ავტორია. პიარტექნოლოგებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მას "არასერიოზულ პიროვნებას" უწოდებდა და მის კონკურენტ, დემოკრატ ჰილარი კლინტონს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უქადდა, თუმცა შეცდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონის კანდიდატურას ამერიკის 59 მილიონმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, დონალდ ტრამპს კი - 133 ათასით ნაკლებმა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მხარდაჭერამ იქონია, სადაც ტრამპმა 276 ხმა მიიღო, ანუ გამარჯვებისათვის აუცილებელ 270 ხმაზე 6-ით მეტი. ჰილარი კლინტონს მხარი 216-მა წევრმა დაუჭირა. ამ უკანასკნელმა უკვე აღიარა საკუთარი მარცხი და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა. თავის მხრივ, ტრამპმა შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნებოდა. მისი თქმით, ის თანამშრომლობის ხელს უწვდის თავის პოლიტიკურ ოპონენტებსაც, რათა "ამერიკამ ძველი დიდება დაიბრუნოს".
"ჰილარი თავდაუზოგავად იბრძოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა და ჩვენი ქვეყნის მსახურებისთვის მადლობელი ვართ. ამას გულწრფელად ვამბობ. ახლა კი მოვიდა დრო, რომ გავერთიანდეთ. ყველა რესპუბლიკელსა და დემოკრატს, ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეუბნები, რომ დროა, გავერთიანდეთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა შემრიგებლური ტონით.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მთელი დღის განმავლობაში მილოცვებს იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისაგან. ბევრი მათგანის ტონში ნათლად იკვეთებოდა გაოცება და, შეიძლება ითქვას, იმედგაცრუებაც. ზოგჯერ მათი განცხადებები დიპლომატიური ეტიკეტის ზღვარზე იყო.
მაგალითად, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა არ დამალა, რომ არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით "გაურკვევლობის პერიოდი" იწყება. აღნიშნა, რომ აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.
"ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება," - განაცხადა ოლანდმა.
დონალდ ტრამპს გამარჯვება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა. მან გამოთქვა იმედი, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით უფრო ადეკვატური იქნება და შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ისინი ერთად იპოვიან. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, ვაშინგტონთან თანამშრომლობისათვის.
დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სულგანაბული ელოდა საქართველო, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ამერიკელ კოლეგას წარმატება უკვე მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს ჩვენს ქვეყანასთან ბევრი რამ აკავშირებს. ის ქართული "ბრწყინვალების ორდენის" კავალერია. აღნიშნული ჯილდო მას 2012 წლის აპრილში, ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას გადასცა. მისი სტუმრობა "ტრამპ ტაუერის" მშენებლობის დაწყებას უკავშირდებოდა. მან მაშინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
"ის ხალხი, ვინც ბათუმში ცხოვრობს, ყველაფრის მომსწრეა და ეს მათთვის კეთდება, თუმცა მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნის გარეთ ყველა თქვენზე საუბრობს, ბატონო პრეზიდენტო და თქვენ ხართ დიდი ადამიანი. მე აქ ბრწყინვალე დღეები გავატარე და ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში," - აღნიშნა ტრამპმა, ბათუმში "ტრამპ-ტაუერზის" პრეზენტაციისას.
ახსოვს კი დღეს დონალდ ტრამპს თავისი ოთხი წლის წინანდელი ბათუმური ვოაიაჟი და როგორ აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე 45-ე პრეზიდენტად მისი არჩევა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ნაადრევია, თუმცა კი ოპონენტები დონალდ ტრამპს ხშირად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რბილად რომ ვთქვათ, არადემოკრატიული მეთოდებისადმი სიმპათიებში ადანაშაულებდნენ. ეჭვს ტრამპის გამონათქვამებიც ამყარებდა. ასე მაგალითად, ის მხარს უჭერდა მოსკოვის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში.
"როცა პუტინი ძალიან კარგ რამეს ამბობს ჩემზე, მეც ძალიან კარგ რამეს ვიტყვი მის შესახებ! ადრეც მითქვამს: ის მართლაც ძალიან ძლიერი ლიდერია. მესმის, შეგიძლიათ თქვათ, რა საშინელებააო! მაგრამ ამ კაცის მიერ ქვეყნის კონტროლი ძალიან ძლიერია. საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ სისტემასთან და მე ის სისტემა არ მომწონს, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ იმ სისტემაში ის გაცილებით უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტია ლიდერი. ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნებოდა პუტინთან და რუსეთთან!" - თქვა ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დონალდ ტრამპს უკრაინასთან მიმართებაშიც საკმაოდ არაერთგვაროვანი პოზიცია ჰქონდა. ასე მაგალითად, თუ 2015 წლის აგვისტოში ამბობდა, რომ მისთვის სულერთი იყო, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა, იმავე წლის სექტემბერში, ის აშშ-ის ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში სისუსტესა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და უკრაინის აქტიური დაცვისაკენ მოუწოდებდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ამერიკის პირველი მილიარდერი პრეზიდენტია. ჟურნალ "ფორბსის" შეფასებით, 70 წლის ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად კი, ეს თანხა "მხოლოდ" 2,9 მილიარდია.
ექსცენტრიულ მილიარდერს ხშირად რასისტულ, ქსენოფობიურ და ისლამოფობიურ განწყობებშიც ადანაშაულებდნენ. წინასაარჩევნო გამოსვლებში აცხადებდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მექსიკასთან დიდ კედელს ააშენებდა, რათა იქიდან ნარკომოვაჭრეები და არალეგალური მიგრანტები არ შემოსულიყვნენ. რაც მთავარია, ირწმუნებოდა, რომ ამ მშენებლობის დაფინანსებას მექსიკას აიძულებდა.
დონალდ ტრამპის მსგავსი განცხადებები დიდი პოპულარობით სარგებლობს რიგით, თეთრკანიან ამერიკელთა შორის. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპმა დიდი ქალაქების უმრავლესობაში პოზიციები კლინტონს დაუთმო. მიზეზი ამისა ალბათ საზოგადოების ფართო მასებსა და ელიტებს შორის ნდობის დაკარგვაა. ევროპაში მიმდინარე მიგრაციულმა კრიზისმა და მისმა თანმდევმა პროცესებმა როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, ულტრამემარჯვენე შეხედულებების ძალებს მრავალი მხარდამჭერი შესძინა.