მეროვინგების ზარმაცი მეფეებიდან ვერდენის ხელშეკრულებამდე
მამუკა ნაცვალაძე
12.11.2016

 კაროლინგების აღზევება ევროპის ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია, რამდენადაც სწორედ აქ ეყრება საფუძველი კარლოს დიდის იმპერიას, რომელიც გარკვეული საფუძველი გახდა თანამედროვე ევროპისა.

XIII ს-ის დასაწყისიდან ფრანკთა მეფეების სამეფო კარზე მსახურთუხუცესები ღებულობენ პრივილეგირებულ მდომარეობას. მათ მაიორდომებს უწოდებენ. სწორედ მაიორდომების ხელში გადადის რეალურად ხელისუფლება. მეროვინგი მეფეები ფაქტობრივად ჩამოკიდებულები არიან ხელისუფლებას. ისტორიამ ისინი "ზარმაცი მეფეების" სახელით შემოგვინახა, რამდენადაც ეს უკანასკნელნი ვეღარ ერეოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სწორედ ამ დროს წინაურდება მაიორდომი კარლოსი. მას ვაჟკაცობისთვის თიკუნიც უბოძეს - მარტელი, რაც ქართულად უროს ნიშნავს. მის სახელს უკავშირდება სამხედრო რეფორმა, რამაც გააძლიერა ცხენოსანი ლაშქარი, რაც შემდგომში რაინდთა ლაშქრის წინამორბედი გახდა.

კარლოს მარტელი უპირისპირდება 732 წელს პუატიესთან პირინეის ნახევარკუნძულიდან შემოჭრილი არაბების უამრავ ლაშქარს. უმძიმეს ბრძოლაში პირწმინდად იმარჯვა კარლოს მარტელმა, გადარჩენილმა არაბებმა უკან დაიხიეს და ასე უშველეს თავს.

როგორ გაიარა პიპინ მოკლემ გრძელი გზა მაიორდომიდან ფრანკთა მეფის ტიტულამდე

კარლოსის შეუპოვარი ხასიათი გამოჰყვა მის ვაჟს პიპინსაც, რომელიც ტანდაბალი იყო, სწორედ ამიტომაც უწოდეს პიპინ მოკლე.

პიპინი კარგად ხედავდა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა - ამ რეალობისას გადამწყვეტი იყო პაპის პოზიცია, ამიტომაც მან რომის პაპს მისწერა წერილი, რომლითაც ეკითხებოდა: რა სჯობს, ერთს ჰქონდეს სამეფო ღირსება, მეორეს კი აწვეს ხელისუფლებაზე დაკისრებული მძიმე პასუხიმგებლობა, თუ ის აღიჭურვოს ხელისუფლებით, ვისაც სინამდვილეში აწევს პასუხისგებლობაო.

რომის პაპი კარგად მიუხვდა პიპინ მოკლეს კითხვის ქვეტექსტს, კარგად ჩანდა ამ წერილიდან, რომ პიპინს მეფობა სურდა, ამდენად არც პაპმა გააწბილა და ასეთი პასუხი გასცა: უმჯობესია მეფედ იწოდებოდეს ის, ვისაც ხელისუფლება გააჩნიაო.

ამ პასუხიდან აშკარა გახდა, რომ პაპი პიპინ მოკლეს თანმობას აძლევდა თავის თავზე აეღო მეფობის ტვირთი. 751 წელს პიპინმა ბერად აღკვეცა უკანასკნელი მეროვინგი მეფე და თავი ფრანკთა მეფედ გამოაცხადა. ასე შეცვალა მეროვინგების დინასტია კაროლინგების დინასტიამ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ დროს პიპინ მოკლესადმი რომის პაპის მხარდაჭერას. სანაცვლოდ პიპინმაც პაპისთვის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - ის შეიჭრა ჯარით იტალიაში, დაიმორჩილა რომი და რავენა, ამ ქალაქებს შორის არსებული დამაკავშირებელი ვიწრო ზოლით და პაპს გადასცა სამართავად. ასე ჩამოყალიბდა რომის პაპის ოლქი.

ჟამი კარლოს დიდისა

768 წელს ფრანკთა სამეფოს ტახტზე ადის კარლოს დიდი, რომელიც 814 წლამდე მართავდა ქვეყანას. კარლოსი პიპინ მოკლეს ვაჟი იყო, მამამისისგან განსხვავებით, ის იყო ბრგე, ახოვანი, ღონიერი, ამტანი, გააჩნდა მხედარმთავრის ნიჭი, სახელმწიფოსაც ენერგიულად მართავდა. კარლოს დიდის დროს ფრანკებს 50-მდე ომი გადახდათ, აქედან 30-ს თავად კარლოსი ხელმძღვანელობდა.

მის დროს განსაკუთრებულად გაფართოვდა ფრანკთა სამეფოს ფარგლები.

კარლოსმა გადალახა ალპები და ჩრდილოეთ იტალიას შეუტია. ეს სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ფრანკთა მეფემ დაიმორჩილა მთელი იტალია.

ამის შემდეგ ძირითადი შეტევა პირინეის ნახევარკუნძულისაკენ იქნა მიმართული. აქ გაბატონებული პოზიცია ეკავათ არაბებს. კარლოსმა გადალახა პირინეის ქედი, თუმცა, მისი პირველი შეტაკება არაბებთან წარუმატებელი გამოდგა. ფრანკებს სამშობლოში მოუწიათ დაბრუნება. საჭირო იყო უსაფრთხოების ზომების მიღება იმისათვის, რომ გადარჩენილი ჯარი უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო. ჯარის დაცვა თავის თავზე აიღო კარლოსის დისშვილმა გრაფმა როლანმა.

რას მოგვითხრობს "სიმღერა როლანზე"

როლანი ბასკეთს რომ მიუახლოვდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ალყაში მოაქციეს. ამ შეტაკებისას დაეცა ბრძოლის ველზე როლანდი. სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძვლად შუა საუკუნეების ფრანგულ პოემას "სიმღერა როლანზე", სადაც მხატვრული ხერხებით აღწერილია, თუ რა მოხდა ბასკებთან შეტაკებისას.

ამ პოემამ დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. მოქმედმა გმირებმა ზღაპრული ხასიათი შეიძინეს, საგულისხმოა ისიც, რომ როლანის გამანადგურებელი ბასკები, რომელნიც ცალსახად ქრისტიანები იყვნენ, პოემაში ნახევრად მაჰმადიან, ანდა წარმართ მავრებად არიან მოხსენიებულნი. პოემის მთავარი დედააზრი იყო ქრისტანული და არაქრისტიანული ძალის დაპირისპირება, სწორედ ამ მოტივიციითაა შეტანილი პოემაში ეს ცვლილებები. საბოლოო სახით პოემა 1100 წელს ჩამოყალიბდა.

გაკვეული ხნის შემდეგ კარლოსი ისევ ლაშქრობს არაბებზე. მან წარმატებით გადალახა პირინეის ქედი და დაამარცხა მრისხანე ძალა. ასე შეუერთა მან თავის სამეფოს ტერიტორიები პირინეის ქედსა და მდინარე ებროს შორის.

ურთულესი აღმოჩნდა ფრანკებისათვის გერმანულ ტომებთან - საქსებთან დაპირისპირება. მათი წინააღმდეგობის დაძლევა კარლოს დიდმა საქსების დიდებულების გადმობირებით შეძლო. ამის შემდეგ მოახერხა მან რაინსა და ელბას შორის არსებული ტერიტორების დამორჩილება.

კარლოსმა დაიპყრო ბავარია და ავართა სამეფო, რომელიც თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ასევე თავის გავლენის ქვეშ მოაქცია დასავლეთ სლავების ნაწილი, რომელნიც მდინარე ელბის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ.

როგორ დაიდგა კარლოსმა იმპერატორის გვირგვინი

კარლოს დიდმა უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა. მას ყველა ემორჩილებოდა, ვერავინ ბედავდა მის წინააღმდეგ გამოსვლას. სამაგიეროდ დიდსა თუ პატარა მიწის მფლობელს იმის გარანტია ჰქონდა, რომ კარლოსი დაიცავდა მათ გლეხების ბუნტისგან და უზრუნველყოფდა სიმშვიდეს თავის სამფლობელოში. საგულისხმოა, ისიც, რომ ვინც თავს გამოიჩენდა ბრძოლაში, კარლოსისაგან უხვად ჯილდოვდებოდა ადგილ-მამულებითა და თანამდებობებით.

მასშტაბური სამხედრო წარმატებებისა და ტერიტორიების გაფართოების შემდეგ ბუნებრივია დადგა საკითხი, რომ კარლოსს იმპერატორის უფრო მაღალი წოდება მიეღო. ფაქტობრივად მან თავის გავლენის სფეროში მოაქცია უმეტესი იმ ტერიტორებისა, რასაც რომის იმპერია ფლობდა.

800 წელს ქრისტეშობისას რომში კარლოსი იმპერატორად ეკურთხა. ის პაპმა გამოაცხადა არა ფრანკთა, არამედ რომაელთა იმპერატორად. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს რომაელი ხალხი აღარ არსებობს, ისინი გათქვეფილნი არიან გერმანელებში. ამ სახელწოდებას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ხაზს უსვამდა კარლოსის მემკვიდრეობას დასავლეთ რომის იმპერიასთან.

კარლოს დიდს საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა ძალაუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მას მიაჩნდა, რომ ძალაუფლება მას ებოძა არა პაპისგან, არამედ უფლისგან, მას არ სურდა დამოკიდებული ყოფილიყო სასულიერო ხელისუფლებაზე, არ სურდა ეცნო პაპის როლი, მისი როგორც შუამავლის ფუნქცია ღმერთსა და მას შორის.

სასულიერო და საერო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში გადაიზარდა. ეს კონფლიქტი წითელ ზოლად გაჰყვა შუა საუკუნების მთელ ისტორიას.

კარლოს დიდმა მოახერხა, რომ სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობა მის მიერ დანიშნულ ეპისკოპოსებს შეესრულებინათ. მათ დანიშვნაში რომის პაპი აღარ ერეოდა, შესაბამისად რომის პაპს აღარ შეეძლო კარლოს დიდის საქმიანობაში ჩარევა. სასულიერო თანამდებობები ყიდვა-გაყიდვის ობიექტი გახდა.

კარლოს დიდის საშინაო პოლიტიკა

კარლოს დიდის დროს განაპირა საგრაფოებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქნდათ, მათ მარკები ეწოდებოდათ. მათი მოვალეობა იყო არა მარტო საზღვრის დაცვა, არამედ იმპერიის ტერიტორიის გაფართოებაზე ზრუნვაც. მარკებს მაკგრაფები ედგნენ სათავეში.

მოლაშქრეთა უმეტესობა კარლოსის დროს ცხენოსნები იყვნენ, მათ კარლოსი მიწებს ურიგებდა, ისინი გლეხების ხარჯზე ცხოვრობდნენ. თუკი მიატოვებდნენ სამხედრო სამსახურს, მაშინ მათ ეს მიწები უნდა დაებრუნებინათ.

მსხვილი მიწათმფლობელები ვალდებულები იყვნენ ლაშქრობისას თავისი ცხენოსანი რაზმით გამოსულიყვნენ. ეს მიწები მთლიანად იმპერატორის ხელში იყო. მას ურჩი მიწათმფლოებისთვის შეეძლო მიწის ჩამორთმევა.

ცხოვრების ბოლო წლები კარლოსმა აახენში გაატარა, რომელიც ძალიან უყვარდა. აქ მისი ინიციატივით აშენდა საკმაოდ ორიგინალური და ლამაზი სასულიერო, თუ საერო დანიშნულების არაერთი ნაგებობა. კარლოსი 814 წელს გარდაიცვალა. ამ დროს ის 72 წლის იყო.

ცვლილებები კარლოს დიდის გარლდაცვალების შემდგომ

კარლოს დიდის გარდაცვალებას მის მემკვიდრეთა შორის დაპირისპირება მოჰყვა, ისინი იმპერიის ცალკეულ ნაწილებს განაგებდნენ და სურდათ საკუთარი სამფლობელობები დაეკანონებინათ.

ამ ომებისას მიწათმფლობელებმა დაინახეს მათი მხარდაჭერის აუცილებლობა და ისარგებლეს მომენტით, რათა მოეპოვებინათ უფლება, მიწა მემკვიდრეობით გადაეცათ საკუთარი შთამომავლებისათვის.

მიწას, რომელიც სამხედრო სასახურის შედეგად გადეცემოდათ ხოლმე გამოჩეულ მოლაშქრეებს, ფეოდი ეწოდა, ფეოდის მფლობელი კი ფეოდალი იყო. ფეოდალთა მრავალრიცხოვანი ფენა იყო ცხენოსანი მეომრები - რაინდები - მათ დიდი მიწა არ ჰქონიათ, თითოეულ რაინდს რამდენიმე გლეხური კომლი, ანდა სოფელი ეკუთვნოდა. რაინდებზე უფრო მრავალრიცხოვანი მიწების მფლობელებს ბარონები ეწოდებოდათ, ბარონებზე მაღლა იდგნენ იერარქიულად გრაფები და ჰერცოგები.

გრაფებს ოლქის განმგებლად ხელმწიფე ნიშნავდა, ჰერცოგებს კი გერმანულ ტომთა გაერთიანებების წინამძღოლს ეძახდნენ. როგორც გრაფები, ისე ჰერცოგები იმპერატორს ემოჩილებოდნენ. კარლოს დიდის გარდაცვალების შემდგომ გრაფებმა და ჰერცოგებმა არა მარტო თავიანთი მიწები გადააქციეს ფეოდებად, არამედ საკუთარი თანამდებობებიც მემკვიდრეობით პრინციპებს დაუქვემდებარეს.

შემდგომში ჰერცოგის მნიშვნელობა უფრო ფართოვდება, ისინი მარტო გერმანელ ტომთა გაერთიანებების მეთაურებს არ ეწოდებოდათ, ჰერცოგებად ხდებოდნენ გასაკუთრებულად ძლიერი და გავლენიანი გრაფები, მათი საგანმგებლოები კი შესაბამისად საჰერცოგოებად იწოდებოდნენ.

843 წელს კარლოს დიდის სამმა შვილიშვილმა ქალაქ ვერდენში დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად დაიშალა კარლოსის იმპერია.

ევროპაში სწორედ ვერდენის ხელშეკრულების შედეგად გაჩნდა დასავლეთ ფრანკთა სამეფო თანამედროვე საფრანგეთის, ხოლო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე.

საგულისხმოა, რომ კარლოს დიდის უფროს შვილიშვილს ლოთარს ერგო აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრანკთა სამეფოს შორის არსებული ტერიტორია ჩრდილოეთის ზღვამდე, სამხრეთით ის მოიცვდა ჩრდილოეთ იტალიას. სწორედ ლოთარის სახელის მიხედვით ეწოდა შემდომში ამ ზოლს ლოტარინგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×