რატომ ვერ იქცა დაუმარცხებელი ვიკინგების სახელი ქართულ ენაში უძლეველობის სინონიმად
მამუკა ნაცვალაძე
14.11.2016

 IX -ის დასავლეთ ევროპის მონასტრებში საგანგებოდ აღავლენდნენ სავედრებელ ლოცვას: "უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან". ჩრდილოეთიდან წამოსული ვიკინგები - იგივე ვარიაგები, ვარანგები, ნორმანები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ევროპას. მოსახლეობა დათრგუნული იყო მათი სისასტიკით.

ჩვენდა საბედნიეროდ, ვიკინგი, იგივე ვარანგი, ვერ იქცა საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად. არადა, ისინი არცთუ მცირე რაზმით იბრძვიან დღევანდელ კასპის რაიონში მდებარე სასირეთის ჭალასთან 1046 წელს.

ბიზანტიური წყაროები ვარიაგებს ვარანგებად მოიხსენიებს. სწორედ აქედან შემოდის ქართულ წყაროებში ტერმინი ვარანგი.

კაცმა რომ თქვას, შეიძლება ქართულ ისტორიოგრაფიას სასირეთის ჭალის დაპირისპირებისთვის ამდენი ყურადება არ დაეთმო, ვიკინგებს რომ არ ეომათ. სწორედ ამ მიზეზით მართალია მწვავე, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი შიდადაპირისპირება, გამორჩეული ინტერესის საგანი გახდა.

როგორ ცდილობდა ბიზანტია საქართველოში შიდაფეოდალური დაპირისპირების გამოყენებას

ყ| საუკუნის 40-იან წლები საქართველოსთვის შიდაფეოდალური მწვავე ომებითაა ნიშანდობლივი. ერთიანი საქართველოს მეფის, ბაგრატ |ქ-ისა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეფისა და ფეოდალის ტრადიციულ მწვავე ურთიერთობებს, რომელსაც როგორც წესი, ობიექტური წანამძღვრები განაპირობებენ, ამ ეტაპზე გადაეჯაჭვა პირადი სუბიექტური კონფლიქტიც.

ეს არ არის მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა - ეს სამაგიეროს გადახდის სურვილიცაა იმ გაუგონარი შეურაცხყოფისათვის, ქართული წყაროები რომ არაფერს ამბობენ.

კლდეკარის საერისთავო არა მარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო, აქ იყო კულტურული კერაც, სადაც წიგნები იწერებოდა, ერისთავს თავისი მოხელეებიც ჰყავდა, დიდი შემოსავალი გააჩნდა და გავლენის სფეროებიც მრავლად ჰქონდა. მისი მეშვეობით ხლართავდა ინტრიგებს საქართველოში ბიზანტიის საიმპერატორო კარი - მას გიორგი |-ის უკანონო ძე, დიმიტრი ჩამოჰყავდა ხოლმე ბიზანტიიდან და მისი საშუალებით ცდილობდა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას

რით გამოირჩევა სხვა შიდაფეოდალური ომებისგან სასირეთის ჭალასთან მომხდარი დაპირისპირება

ეს დაპირისპირება შესვენებებით თხუთმეტ წელს გრძელდება, რომლის ყველაზე მძიმე ფურცელი დღევანდელ კასპის რაიონში, სასირეთის ჭალასთან მომხდარი ძმათამკვლელი ომია.

შიდადაპირისპირება სხვაც ბევრი ყოფილა საქართველოში, თუმცა ეს ბრძოლა იმით გამოირჩევა, რომ აქ ორივე მხარეს უცხო ქვეყნის ჯარი ეხმარება. ლიპარიტის ინტერესები ემთხვევა ბიზანტიის იმპერიის ინტერესებს. ბიზანტიას ერთიანი საქართველოს ტერიტორიების მიტაცება სურს და შესაბამისად მისი დასუსტება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მიზნის მიღწევისათვის, ამიტომაც ლიპარიტის თანადგომით ბიზანტია საკუთარ ინტერესებს იცავს და მომავალ გეგმებს სახავს.

საგულისხმოა ისიც, რომ ბიზანტიამ ამ დროს ნაწილობრივ უკვე მოახერხა თავისი გეგმის აღსრულება - სწორედ ლიპარიტის ძალისხმევით დააკარგვინა ბაგრატს ანისის სომხური სამეფო 1041 წელს. ამ მოვლენით იწყება ლიპარიტსა და ბაგრატ |ქ-ს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი.

კითხვები, რომელიც საქართველოში ვარიაგთა ყოფნას უკავშირდება

"მატიანე ქართლისაი" მხოლოდ იმას მიანიშნებს რომ საქართველოში შემოდის 3 ათასი ვარანგი, იმის შესახებ კი არაფერია ნათქვამი ვისი მხარდაჭერისთვის მოვიდნენ ისინი.

ამ მხრივ ყქ||| ს-ის ავტორს ვახუშტი ბატონიშვილს ცალსახა პოზიცია აქვს - ის ვარანგებს ბაგრატ |ქ-ის დასახმარებლად მოსულ ძალად მოიაზრებს.

დიდხანს იყო გაბატონებული შეხედულება, რომ ვარიაგები ბიზანტიიდან მოვიდნენ საქართველოში, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - თუ ეს რაზმი ბაგრატის მხარეს იბრძოდა, ისინი ბიზანტიიდან მოსულნი ვერ იქნებოდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბაგრატს ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით სწორედ ბიზანტია ებრძვის. ასეთ დროს კი ბიზანტია ბაგრატს დამხმარე ჯარს არ გამოუგზავნიდა.

მაგრამ ფაქტია - 3 ათასი ვარანგი სწორედ ბიზანტიიდან მოდის, თუმცა ეს სრულიადაც არაა ის რაზმი, ბიზანტიის იმპერიას რომ ექვემდებარება.

აქ ჩნდება კიდევ ერთი, ლოგიკური კითხვა - თუკი ბაგრატის მხარდასაჭერად არიან ვარიაგები მოსულნი, რატომ უმასპინძლდება მათ ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ლიპარიტი?

წყაროთმცოდნეობის თვალსაზრისით სწორედ ეს ფაქტი იწვევს დავას და აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა, თუკი მოვლენათა მსვლელობას გავყვებით, ქართულ ხასიათსა და გადაჭარბებულ თეატრალობას გავითვალისწინებთ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

როგორ იყენებდნენ ვიკინგებს ევროპელი მონარქები

ვიკინგები მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ. ისინი ინტენსიურად ლაშქრობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათ თავის დამკვიდრება სურთ და სწორედ აქ გადაიკვეთა ერთი მხრივ ბიზანტიის იმპერიისა და კიევის რუსეთის, და მეორე მხრივ, ვიკინგთა ინტერესები.

ბიზანტიასა და რუსეთში ვიკინგებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მათი დაქირავება საკმაოდ იოლი აღმოჩნდა - ისინი ხომ ბრძოლისთვის არიან გაჩენილნი და სურთ ევროპაში ინტეგრაცია. კარგად ხედავენ, რომ დაქირავება ერთადერთი გზაა მათთვის ამ სურვილის აღსრულებისთვის.

ასე გაჩნდა დაქირავებულ შვედ ვიკინგთა გვარდია ჯერ კიდევ ყ| ს-ში ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. მათი ფუნქცია იმპერატორის დაცვა იყო გარეული თუ შინაური მტრების შემოსევისას. ბიზანტიის იმპერატორის სასახლესთან ახლოს არსებობდა დასახლება, რომელიც სპეციალურად დაქირავებული ვიკინგებისვის იყო გამოყოფილი.

კიევის რუსეთში უფრო იოლადაა საქმე - მათი სამეფო დინასტიას - რიურიკების დინასტიას ხომ ცალსახად ვარიაგული ფესვები აქვს, ამიტომაც არც ამ შემთხვევაში არის რაიმე წინააღმდეგობა ვიკინგებისა და რუსების ურთიერთშეთანხმებისას. კიევის რუსეთი ვარიაგებს გარდა საგარეო მტრის წინააღმდეგ დასახმარებლად, გადასახადების ასაკრეფადაც ქირაობდნენ. ერთი სიტყვით, ყ| ს-ში ჩანს საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა - ნებისმიერ მონარქს, გარკვეული საფასურის გადახდის პირობით, თავის სასარგებლოდ შეუძლია დაიქირაოს ვიკინგები. სწორედ ამ ლოგიკით ჩნდებიან ისინი საქართველოში.

ვინ შემოიყვანა 3000 ვარანგი საქართველოში

მაგრამ ვინ ქირაობს 3000 ვარანგს? აქ ცალსახა პასუხია - ბაგრატ |ქ, მაგრამ როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ბიზანტიიდან მოსული ვარიაგები არ შეიძლება ბაგრატის მომხრეები იყვნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიზანტიასთან დაპირისპირებულ ბაგრატს თავად ბიზანტია არ დაეხმარება?

დიდი ალბათობით, ეს ვიკინგთა ის რაზმია, რომელიც 1043 წელს კიევის რუსეთის სამხედრო რაზმთან ერთად მონაწილეობს კონსტანტინოპოლზე თავდასხმაში. რუსთა შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიკინგები ბიზანტიელებმა ტყვედ იგდეს და სამი წლის განმავლობაში თავისთან ჰყავდათ. მათი ნაწილი ჭკუის სასწავლებლად დაასახიჩრეს და 1046 წელს კი უკან სამშობლოში გამოუშვეს.

სწორედ ეს რაზმი უნდა მონაწილეობდეს სასირეთის ჭალასთან ბრძოლაში ბაგრატის მხარეს. მათთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გასჭირვებოდა ბაგრატს - მათ ხომ ბიზანტიის წინააღმდეგ აშკარად არცთუ სასიკეთო დამოკიდებულება ჰქონდათ. ისიც საცნაურია, რომ ვიკინგები ქუთაისის მახლობლად, სოფელ ბაშში დაბანაკებულან. ქუთაისში კი ამ დროს მეფის რეზიდენციაა.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ მოსაზრებას ამყარებს - საქართველოში სულ 3000 ვიკინგი ჩამოვიდა. მათგან გადამწყვეტ ბრძოლაში მხოლოდ 700 ვარიაგი იბრძვის. სავარაუდოდ, დანარჩენი 2300 ვარანგი სწორედ ის დასახიჩრებულები არიან, ბიზანტიელებმა რომ დასაჯეს სამაგალითოდ. ამიტომაც ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ბრძოლა.

როგორ აურია გეგმები ბაგრატ |ქ-ს ვიკინგთა ავნებობამ

ვიკინგთა ლაშქარმა ლიხის მთა გადმოლახა და სოფელ სასირეთის ჭალასთან დაბანაკდა. ლიპარიტ ბაღვაში თავისი რაზმით მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული.

საგულისხმოა, რომ ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ ჩქარობდა. ორივე შესაფერის მომენტს უცდიდა - ბაგრატ |ქ მესხეთიდან ელოდა ჯარს, თავისი გათვლები ჰქონდა ლიპარიტსაც, რომელსაც ბიზანტიური გარნიზონები უმაგრებდა ზურგს.

ყველაფერი არია ვიკინგთა ინიციატივამ. ისინი არ დაელოდნენ არც მესხეთიდან მომავალ მაშველებს, არც სარდლობის ნიშანს და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი, თავდაჯერებულნი იწყებენ იერიშს. საქართველოს მეფისთვის უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო, ბაგრატ |ქ იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო.

უმძიმეს დაპირისპირებაში კლდეკარის ერისთავმა იმარჯვა - ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრი დაამარცხა და ახლა ხუმრობის ხასიათზე დადგა.

როგორ დასცინა თეატრალური პერფომანსით ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს

ლიპარიტმა სულგრძელობა გამოიჩინა და დამარცხებული ვიკინგები თავისთან იხმო. კარგად დააპურა, შემდეგ კი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, თავსატეხი რომ გაუჩინა ბევრს.

როგორც მემატიანე წერს, ლიპარიტმა ლიხის ქედზე უკან ქუთაისისკენ გაისტუმრა ვარანგები, მათ წინ კი ხალხი წაუმძღვარა, რომელნიც ხორბლის საცერზე "წინა მათსა, პურსა უკაზმიდეს". ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი გზა ქუთაისამდე ლიპარიტის მიერ გაგზავნილმა ხალხმა დამარცხებული ვიკინგები ხორბლის ბილიკზე ატარა. წინ მიმავალნი ხორბლის საცერით პურს ცრიდნენ და ასე უქმნიდნენ უკან მომავალთ ხორბლის ბილიკს.

საკითხავია, მაინც რა ქვეტექსტი უნდა იდოს ლიპარიტის ამგვარ უჩვეულ ქცევაში? საქმე ისაა, რომ პური ვიკინგებისთვის უძვირფასესი საკვებია, სკანდინავიელები თავიანთი საქმიანობის გასამრჯელოდ სწორედ ხორბალს ითხოვენ. სწორედ ეს იცოდა ლიპარიტმა - მას ხომ ბიზანტიის საშუალებით კარგად შეეძლო შეესწავლა ვიკინგები. საგულისხმოა ისიც, რომ ლიპარიტს არცერთი ვიკინგი არ დაუსჯია, მხოლოდ ასეთი თეატრალური პერფომანსი იყო ვიკინგთათვის სასჯელი - ისინი აშკარად ხედავდნენ როგორ უქმად იომეს, როგორ გაუშვეს ხელიდან გასამრჯელო, დაახლოებით ისე, საცერი რომ ატარებდა ხორბალს ხვავრიელად.

ამ პერფომანსს უკან კი იყო საკმაოდ ცალსახა პირობა - ვიკინგები თავიანთ ბაშში დაბანაკებულ 2300 თანამებრძოლთან ერთად უნდა გასცლოდნენ საქართველოს და აღარ უნდა ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ძნელი სათქმელია, სიტყვის ხალხნი აღმოჩნდნენ ვიკინგები, თუ უბრალოდ საქართველო მათთვის არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან სამიზნეს, ფაქტი კი ისაა, რომ ისინი მეტი აღარ გამოჩენილან. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ვიკინგთა საბრძოლო რაზმის საქართველოში ყოფნისა.

ფეოდალური საქართველოს ისტორია ვიკინგების გარეშე გაგრძელდა, გაგრძელდა იმ უსასტიკესი დაპირისპირებებით, რამაც იმ პერიოდის საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას თავისი უსასტიკესი დაღი დაასვა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×