საქართველოს ისტორიაში რამდენიმე საჩოთირო საკითხია. ეს თემები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ქართველი მემატიანეები გასაგები მიზეზის გამო გაურბიან მათზე საუბარს, ამიტომაც პოზიციაც ოფიციალურია, რომელიც უმთავრესად სამეფო კარის ინტერესებითაა ნაკარნახევი, თუმცა რამდენად მართებული და სამართლიანია თავად სამეფო კარის პოზიცია, ეს უკვე სხვა საკითხია.
უცხოური წყაროები ხშირ შემთხვევაში ნათელს ჰფენს ამ გაურკვეველ სიტუაციებს. სწორედ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი გავერკვეთ, რა მოხდა სინამდვილეში და რასთან გვაქვს საქმე.
ერთ-ერთი ასეთი უხერხული თემა ლიპარიტ ბაღვაშისა და მეფე ბაგრატ |ქ-ის დაპირისპირებაა, რომელიც ათწლეულები გაგრძელდა და მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს დასრულდა.
როგორ აუხდინა ოცნება ბიზანტიას ბაგრატიონ-ბაღვაშთა დაპირისპირებამ
ყ| ს-ის 40-იანი წლებიდან საქართველოში უმძიმესი დაპირისპირება იწყება მეფესა და ფეოდალურ ოპოზიციას შორის. შუა საუკუნეების მსოფლიო ისტორიულ პროცესს თუ გავადევნებთ თვალს, მივხვდებით რომ აქ არაფერია უჩვეულო. მეფისა და ფეოდალების დაპირისპირებას ტრადიციული ობიექტური საფუძველი აქვს - სამეფო კარზე, როგორც წესი, ფეოდალები გავლენის სფეროების გადანაწილებას ცდილობენ, ეს კი საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ფეოდალთა მხარდაჭერითა და მეფის პოზიციის დასუსტებით გარეშე ძალა დაინტერესდეს და მათ შესაბამისი სამხედრო თუ ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს.
ეს პროცესები კლასიკური სახით ვითარდება საქართველოს სამეფო კარზეც, რაც ფეოდალური შიდააშლილობით გამოიხატება. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია ჩვენი ქვეყნისთვის - ბაგრატიონებისა და ბაღვაშების ხანგრძლივმა დაპირისპირებამ, რომელმაც რამდენიმე თაობა მოიცვა, მნიშვნელოვნად შეფერხდა ქვეყნის განვითარება.
საგულისხმოა ისიც, რომ ყ| ს-ის დასაწყისისათვის ბიზანტიის იმპერიას, რომელიც მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვის და ამ გზაზე მისი ერთ-ერთი სამიზნე საქართველოა, არ გააჩნდა ბაგრატიონთა სამეფო კარზე მეხუთე კოლონა, მას არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკაში ფეოდალთა მეშვეობით ჩარევისა, ბაგრატიონებთან ბაღვაშთა დაპირისპირებამ კი მას ეს სანუკვარი ოცნება რეალობად უქცია.
როგორ ერთგულებდა ლიპარიტი ქართველთა სამეფო კარს
ოფიციალური პოზიცია და ქართული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს ერთიანობის დამცველად გვევლინება - ცალსახად სამეფო კარის პოზიციის მხარესაა, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყ| ს-ის 20-ან წლებში სამეფო კარისა და ბაგრატ |ქ-ის ერთგულია ლიპარიტიც.
ბაგრატ |ქ-ის გამეფების პირველივე წლიდან სამეფო კარზე აშკარაა ლიპარიტის გავლენა. 1028 წელს ქართველთა პოლიტიკური კოჰორტა დაუპირისპირდა ბიზანტიელთა შემოტევებს ჯავახეთსა და კლდეკარში. ამ კოჰორტის გამორჩეული ლიდერია ლიპარიტი.
ის ერთგულებს სამეფო კარს, რომელიც მადლიერია ფეოდალის ასეთი განწყობისა და თავდადებისათვის. სწორედ ლიპარიტი უდგას სათავეში ქართველთა ჯარს, რომელიც 1030 წელს განძაზე ლაშქრობს.
ორიოდე წელში - 1032 წელს ლიპარიტ ბაღვაში ცდილობს თბილისი შემოიერთოს, ბუნებრივია აქ აშკარად ჩანს სამეფო კარის თანადგომა და მისი დასტური. ის ქართლის ერისთავ ივანე აბაზას ძესთან ერთად მოტყუებით გამოიყვანს თბილისის ამირა ჯაფარს ქალაქიდან და მუხათგვერდთან შეიპყრობს.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რამდენადაც თბილისის შემოერთებით საქართველოს სამეფოს განმგებლობაში ექცეოდა არა მარტო ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი, არამედ სტრატეგიული პლაცდარმი, საიდანაც იოლი იყო სამხედრო ოპერაციების წარმართვა კახეთ-ჰერეთისა და ტაშირ-ძორაგეტის სამეფოების შემოერთების თვალსაზრისით.
საგულისხმოა, რომ თბილისზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა ჯერ კიდევ ბაგრატ |ქ-ის პაპა ბაგრატ |||, მაგრამ მაშინ ეს საქმე არ გამოვიდა.
რატომ არ მოისურვა ბაგრატ |ქ-მ თბილისის აღება
აშკარაა, რომ საქართველოს სამეფო კარმა თბილისის საამიროს მიმართ პოზიცია შეიცვალა - ბაგრატმა ღია დაპირისპირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ამირა ჯაფარისთვის მოულოდნელია, რადგანაც ის საქართველოს სამეფო კარის მეკავშირეა განძაზე ლაშქრობისას - ამ ლაშქარს ხომ ლიპარიტ ბაღვაში მეთაურობს.
ამიტომაც ენდობა ჯაფარი კლდეკარის ერისთავს, არანაირი ეჭვი არა აქვს იმისა, რომ ლიპარიტს და ივანე აბაზას ძეს მისი შეპყრობა სურთ, არადა, მოხდა ის, რასაც ჯაფარი ვერც კი წარმოიდგენდა - ის შეიპყრეს და საქართველოს მეფეს ბაგრატ |ქ-ს მიჰგვარეს.
ამის მერე თბილისის აღება არ უნდა ყოფილიყო რთული, მაგრამ რატომღაც ქართველმა ფეოდალებმა ვერ მოახერხეს უპატრონოდ დარჩენილი თბილისის ხელში ჩაგდება, მხოლოდ ის შესძლეს, რომ ბირთვისის ციხე წაართვეს ჯაფარს.
თბილისის ამირა ტყვეობაში თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ყოფილა. ხუთი წლის შემდეგ ქართველთა სამეფო კარმა გამოიტანა უცნაური ვერდიქტი - ჯაფარი გაათავისუფლა და თბილისში დააბრუნა.
როდის ღირდა თბილისში "ლიტრა ვირის ხორცი" ხუთასი დრამა
ეს გადაწყვეტილება მით უფრო უცნაურ ელფერს იღებს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ ბაგრატ |ქ-მ თბილისის წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის მოწყობა გადაწყვიტა. არადა, მან ჯაფარი არათუ დააბრუნა ქალაქში, ამირადაც დაამტკიცა.
აი, როგორ აღწერს "მატიანე ქართლისას" ავტორი 1038 წელს დაწყებულ თბილისის მეორე შეტევას: "მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი და ბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირა ჯაფარ, ძე ალისა."
ასე მოექცა თბილისი ალყაში, გადაიკეტა ქალაქში შესასვლელი ყველა გზა, თბილისის ფაქტობრივად მოსწყდა გარე სამყაროს. ალყა ორ წელს გაგრძელდა. ქალაქში შიმშილი დაიწყო. მემატიანე საგანგებოდ მიანიშნებს, რომ თბილისში "ლიტრა ვირის ხორცი" ხუთასი დრამა ღირდაო.
ურთულეს პირობებში მყოფმა მოსახლეობამ გადაწყვიტა თბილსი ბაგრატ |ქ-სათვის გადაეცა. თუმცა ამ დროს ბაგრატ |ქ-მ მიიღო გადაწყვეტილება - ქალაქს ალყა მოხსნა, ჯაფართან ზავი გააფორმა და ქალაქს გაეცალა.
ბაგრატის ეს გადაწყვეტილება ლიპარიტთან დაპირისპირებისა და ამ უკანასკნელის განდგომის მიზეზად იქცა. საგულისხმოა, რომ ბოლო მომენტში ბაგრატმა დასავლეთ საქართველოს ფეოდალებს დაუჯერა და მათი რჩევით გააფორმა ამირასთან ზავი. ეს 1040 წელს ხდება.
ლიპარიტი თავის კონტროლს აწესებს სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოზე, რის შემდეგაც ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადადის და რეალურად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ინარჩუნებს გავლენას.
როგორ დააკარგვინა ლიპარიტმა ბაგრატს ანისი
ბაგრატისა და ლიპარიტის დაპირისპირების კიდევ ერთ კერად ანისი იქცა. 1045 წელს ბიზანტიელებმა ანისის მეფე გაგიკ მეორე გამოკეტეს შინაპატიმრობაში და ასე შეეცადნენ ანისის სამეფოს დაპატრონებას.
სწორედ ამ სიტუაციაში გაახსენდათ ანისის დიდებულებს, რომ ბაგრატ |ქ-ის დედა მარიამი მემკვიდრე იყო ანისის სომხური სამეფოს კარისა, ამიტომაც ეახლნენ ისინი ბაგრატს და ანისის სამეფო გადასცეს.
მოვლენათა ასეთი განვითარება ბიზანტიელებისთვის საკმაოდ მიუღებელი იყო. მათ ალყა შემოარტყეს ანისს. ბიზანტიელებთან მყოფმა ლიპარიტ ბაღვაშმა მოსალაპარაკებლად მიიწვია ანისში ჩასული ბაგრატის დედის, მარიამ დედოფლის თანმხლები ქართველი დიდებულები და დააპატიმრა.
მეთაურის გარეშე დარჩენილმა ჯარმა ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქი ანისი დაეცა. ამის მერე ბიზანტიელებთან ერთად ლიპარიტი საქართველოზე ლაშქრობს, რომლის შედეგადაც ის სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოზე კონტროლს სრულად ამყარებს.
საიდუმლო, რომელიც ბიზანტიელმა მემატიანემ გაამხილა
ანისის დაცემის შემდეგ ბაგრატი ჯავახეთში გადადის. ის თრიალეთში ელის ლიპარიტს, რომელიც ბიზანტიელებთან ერთად მოემართება. ანისიდან გაქცევის შემდეგ ბაგრატმა ლიპარიტის ოჯახის დატყვევება მოასწრო. სწორედ ამ დროს ხდება სამარცხვინო ფაქტი, რომლის შესახებაც არაფერს იუწყება არც ქართული და არც სომხური წყაროები. მხოლოდ იმ პერიოდის ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენი აღწერს დაწვრილებით იმ ამბებს, რაც საქართველოს ისტორიაში ყოველთვის საჩოთირო იყო.
ბაგრატ |ქ-ს თავის ურჩი ფეოდალის დასამცირებლად ქართული რეალობისთვის გაუგონარი საქციელი ჩაუდენია - პირადად რომ ლიპარიტს ვერა დააკლო, ბაგრატმა ლიპარიტის ცოლს პატიოსნება ახადაო, ეს ბიზანტიური ადათით დასჯის მიღებული, ჩვეულებრივი წესი გახლდათ, ქართული რეალობისთვის კი აბსოლუტურად უცხო. სამეფო კართან დაკავშირებული ამგვარი შურისძიების მაგალითი დღემდე ერთადერთ ცნობილ პრტეცედენტად რჩება.
თუმცა, საქმე ამით არ დასრულებულა - გიორგი კედრენი იმასაც მოგვითხრობს, რომ ლიპარიტსაც მსგავსი სამარცხვინო საქციელი ჩაუდენია და სამაგიერო გადაუხდია ბაგრატ |ქ-თვის. კლდეკარის ერისთავი მეფის ოჯახს თავს დასხმია, ბაგრატი დასავლეთში გაუდევნია, ბაგრატის დედა მარიამი კი გაუუპატიურებია.
ამბავი უპრეცედენტო ქართული პოლიტიკური რუბიკონისა
ეს უკვე ის ზღვარი გახლდათ, რომლის შემდეგაც შერიგება პრაქტიკულად გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომაც გაგრძელდა უპრეცედენტო სისასტიკით ბაგრატიონთა და ბაღვაშთა დაპირისპირება. არავინ თმობდა. ესეც ბუნებრივი იყო - საქართველო ხომ ის პოლიტიკური სივრცე გახლდათ, სადაც ღირსება უპირველეს ცნებად მოიაზრება.
ღირსებააყრილი ბაგრატიონები ვერ ურიგდებიან ღირსებააყრილ ბაღვაშებს, ვერც ბაღვაშები ივიწყებენ სირცხვილს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძვიან საქართველოს სამეფო კარს.
ამ რეალობას კი ხელების ფშვნეტით შესცქერის და ხარობს ბიზანტიის იმპერია, რომელმაც თავისი საქმე აღასრულა - ბაღვაშების სახით საიმედო მოკავშირენი შეიძინა საქართველოში - საქართველოს დასუსტება ხომ უპირველესად მათ გეგმებში შედის.
არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბაგრატმა ალყაში მოქცეული შიმშილობის ზღვარზე მყოფ თბილისს თავისუფლება ხონჩით მაირთვა, რატომღაც უარყო ლიპარიტ ბაღვაშის გეგმა, რომელიც სხვა არა იყო რა, თუ არა საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი სასურველი ვარიანტი.
ფეოდალურმა ინტრიგებმა თავისი ქნეს - საქართველოს სამეფო კარზე ხილულმა თუ უხილავმა ინტრიგებმა მძიმე შედეგები მოიტანეს - მეფის უმეცრება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და საქართველო უმძიმეს სამოქალაქო ომამდე მიიყვანეს.
და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი - ბაგრატიონთა საგვარეულო ერთადერთია მსოფლიო ისტორიაში სამეფო დინასტიებს შორის, რომელსაც საკუთარი ხალხი არ აჯანყებია. ეს კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საბედნიეროდ ბაგრატ |ქ-ის მსგავსი უგუნური მეფეები ჩვენს ქვეყანას აღარ ჰყოლია...