"აქ ძალიან უცნაურ ხალხს იპოვით, პოეტებსა და მხატვრებს, ფილოსოფოსებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, მსახიობებს. პაოლო იაშვილი, ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ლიდერი, თბილისის მთავარ ბულვარში, კაფე "ინტერნაციონალში", გულითადი სუფრით შთაგონებული ავიდა სკამზე და ხმამაღლა წარმოთქვა - არა პარიზი, არამედ თბილისი არის მსოფლიო კულტურის ცენტრი", - ასე იხსენებდა ინგლისელი ჟურნალისტი კარლ ბიჰოუფი გასული საუკუნის 20-იანი წლების თბილისს.
საუკუნის წინ პაოლო იაშვილის ამ გულწრფელ ნათქვამს კი ამყარებს ის ისტორიული ფაქტები, რომელიც დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისს პოეტების ქალაქს ეძახდნენ. უკვე არსებობდა მრავალი მხატვრული გაერთიანება და წრე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. იმ პერიოდში პარიზის კაფე-კაბარეების კვალდაკვალ თბილისშიც გაიხსნა კაფე-კლუბები, სადაც სიმბოლისტები, ფუტურისტები, ცისფერყანწელები იკრიბებოდნენ.
პირველი კაფე 1917 წელს ქალაქის ცენტრში გაჩნდა. ეს იყო პატარა ოთახი, რომელიც 10-15 კაცს იტევდა. აქ ილია ზდანევიჩმა, იგორ ტერენტიევმა და ალექსეი კრუჩინიხმა ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი გახსნეს. კაფე მოხატა ლადო გუდიაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ და რუსმა მხატვარმა პიატროვსკიმ. კაფეს ხშირად სტუმრობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი.
1918 წელს გაიხსნა მეორე კაფე "არგონავტების ნავი", ამჟამინდელი ოფიცერთა სახლის სარდაფში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ 1917 წელს ოქტომბრის რევოლუციას გამოქცეული რუსი პოეტები გოროდეცკი, რაფალოვიჩი, კომპოზიტორი ჩერეპინი, კორონა, ჟურნალისტი იაკობ ლვოვი. კაფე მოხატა ლადო გუდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა, ყაჟბეუქ-მელიქოვმა.
კაფე "ფარშევანგის კუდი", კირილე ზდანევიჩის და ზიგა ვალიშევსკის მიერ მოხატული ფრესკებით, სიმბოლისტების და ფუტურისტების თავშეყრის ადგილი იყო. იყო სხვა კაფეებიც - "ჭიქა ჩაი" "ინტერნაციონალი", "ქართული კლუბი", "კაფე-დარბაზი", "არტისტული საზოგადოების დარბაზი" და სხვა, სადაც იმართებოდა კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, ცნობილი მსახიობების, მომღერლების და მოცეკვავეების ბენეფისები.
რას წერდა მაშინდელი პრესა თბილისის კაფეებზე
გაზეთი "ვოზროჟდენიე": "არტისტული საზოგადოების დარბაზში" შაბათს, 17 იანვარს, თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის მერვე კლასის უსახსრო მოწაფეთა სასარგებლოდ ეწყობა ბალ-კაბარე.
"ლიტერატურული განყოფილება: მონაწილეობენ პაოლო იაშვილი, ქუჩიშვილი, ჯაფარიძე, ტაბიძე, გალაკტიონი, კამენსკი;
"საკონცერტო განყოფილება: მონაწილეობენ მსახიობები ქალბატონი ვილ ლევიცკაია, აგასოვა-კალანდაძე, ბატონი ზელინსკი, ინაშვილი, დიმოვი.
"დიდი კაბარე - ქალბატონი ორლოვას, ლეონოვის, ბატონების ქურხულის, ანტონოვის, დარსკის და სხვების მონაწილეობით.
"საზოგადოებრივი კლუბი", გოლოვინის # 10 - ეწყობა დიდი კაბარე საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით. ყოველდღე უკრავს სიმებიანი ორკესტრი."
"კლუბი კაბარე" - სიმღერები, ცეკვები, კუპლეტები, დეკლამაცია: მონაწილეობენ მსახიობები, ოპერის, დრამის მსახიობები. ქართული სტუდიის ქორეოგრაფი ქალბატონი თარხანოვა."
"თბილისის კლუბების კავშირი" - თეატრი "ტარტო" და "არტისტული საზოგადოების დარბაზები" გორში მიწისძვრით დაზარალებულთა საპატივსაცემოდ აწყობენ გრანდიოზულ საღამოს: "ბალი - გაზაფხული": მონაწილეობენ ლიდია ჯონსონი, კონსტანტინ ალპეროვი. ცეკვები - მაზურკა ბალეტიდან კოპპელია. კლუბის ყველა დარბაზში და მისაღებებში მფრინავი კონცერტები: მონაწილეობენ კნიჟნა ანდრონიკოვა, შულგინი, პეტერბურგისა და მოსკოვის არტისტი ბოშა დიმიტრი მაკარევიჩ ფესენკო. ყველა დარბაზი მდიდრულად დეკორირებულია ზალცმანის მიერ."
"ქ. ტფილისი, გრანდიოზული გახსნა მხატვრული თეატრ-კაბარესი "ლურჯი გომბეშო", პირველი ხარისხის საოჯახო რესტორნითურთ".
"მიხაილოვის ქ. თამამშევისა და მანთაშევის სახლი #10. ყოველდღე გრანდიოზული კონცერტი, ვარშავის, კიევის, ოდესის ცნობილი ბალეტმეისტერის ვალენტინოვის ხელმძღვანელობით. დებიუტი მელო-დეკლამატორის მადმაზელ ლიუსი- ლიუსის. სამზარეულო აზიური და ევროპული. შეფ-კულინარი პაპაშა ვანიჩკა, პრინც ოლდენბურგსკის ყოფილი მზარეული. სადილის დროს უკრავს სიმებიანი კვინტეტი. კაბარეს დასაწყისი 11 საათზე".
"ტფილისი უცნაური ქალაქია, 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კაჩალოვის ხმა. ტფილისშივე იყო ხუდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდოიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა "ქიმერიონი" დაარქვეს. სუდოიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა, ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში.
"ფუტურისტებმაც აქ გადაგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ, მათ შექმნეს ორგანო "41 გრადუსი". ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეში თავის "სმერტ გაპპოს" კითხულობდა... ვასილ კამენსკით ეწვია მაშინ ტფილისს... იყვნენ სხვებიც.
"ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე "ინტერნაცინალში" კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად; კიდევ მეტი გაიძახოდნენ - პოეზია მარტო ტფილისშიაო... ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც ასეთ "ქცევას" პოეტური მღერით ხვდებოდა. ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა..." - წერდა გრიგოლ რობაქიძე.
"ცისფერყანწელები" კაფე "ანონაში" იკრიბებიან რომელიც რუსთაველის პროსპექტზე "არტისტული საზოგადოების" თეატრის შენობის სარდაფში მდებარეობს (ახლანდელი რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიე) დიდი ხნის შემდეგ კაფეს სახელიც შეურჩიეს - "ქიმერიონი" ვალერიან გაფრინაშვილის ლექსიდან, იდეა გრიგოლ რობაქიძეს ეკთვნის.
"ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც "ქიმერიონი", - ტიციან ტაბიძე.
გიორგი ლეონიძემ აქ ქორწილი გადაიხადა.
"მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა. სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე", - ლადო გუდიაშვილი.
"ქიმერიონის" დარბაზის მოსახატად მოუწვევიათ იმ დროს თბილისში მყოფი, რუსეთის საიმპერატორო თეატრის მხატვარი, პარიზის დიაგილევის საბალეტო დასის დეკორატორი, პარიზის კაფეების მოხატულობის შესანიშნავი მცოდნე სერგეი სუდეიკინი, მასთან ერთად მუშაობდნენ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.
1920 წლის ჟურნალი "ხათაბალა" წერდა: "29 თებერვალს "ქიმერიონში" გაიხსნა ქართველ მწერალთა მეორე ყრილობა. მთელი დარბაზი ერთ დიდ მხიარულებას წარმოადგენდა, ყველაფერი იცინოდა, ყველას სახე უღიმოდა. საცოდავი პატარა ქიმერებიც კედლებიდან ჩამოცოცებულიყნენ და სიხარულისაგან, კბილებდაკრეჭილნი მისჩერებოდნენ მწერლებს...
"იქაურ საღამოს პაოლო იაშვილი დირიჟორობდა. ლექსებს ამბობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა ამირეჯიბი, ლექსი თქვა კონსტანტინე ბალმონტმა, სერგეი გოროდეცკიმ, ილია ზდანევიჩმა და სხვებმა";
გაზეთი "ვოზროჟდენიე", 1920 წელი 4 მარტი: "ქიმერიონი" ახალი პროგრამა: გუდიაშვილის "ქალაქი გარეთ" გაცოცხლებული სურათი: მონაწილეობენ ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ღამბაშიძე.
"რუსთაველის დრამის თეატრში" გრიგოლ რობაქიძის "ლონდას" დადგმის სამზადისია, ქიმერიონის პატრა დარბაზში ავტორი უკანასკნელად წაიკითხავს პიესას პოეტებისთვის".
1920 წლის ოქტომბერში "ქიმერიონში" მოეწყო ბოლო საღამო "კონცერტ-კაბარე". 1920 წლის ბოლოს კი ლიტერატურულმა კაფე "ქიმერიონმა" არსებობა შეწყვიტა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის რევოლუციის ქარიშხალმა საქართველოსაც გადაუარა. იმ ადამიანების დიდი უმრავლესობა, ვინც თბილისს "პოეტების ქალაქი" უწოდა უცხოეთში გადაიხვეწა.