XIII-ნის 70-90-იანი წლები ურთულესი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. სულ მცირე ხნის წინ მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ქვეყნიდან აჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო. იდგა ჟამი მონღოლთა ზეობისა, იმ მონღოლებისა, მთელ წინა აზიას საკუთარ დაკრულზე რომ ატრიალებდნენ.
საქართველოში ყველაფერი მონღოლთა ნება-სურვილს ემორჩილება, ისინი თავიანთი კანონებით წყვეტენ ვის ჩააბარებდნენ ქვეყანას. სწორედ მონღოლთა ხელდასხმით ადის ტახტზე დემეტრე ||, რომელმაც 30 - წლიანი ცხოვრების მანძილზე ყველაფერი მოასწრო - იყო კათალიკოს პატრიარქისგან შეჩვენებულიც და იმავე პატრიარქისგან გმირად შერაცხულიც.
როგორ დაებედა ცუდად დემეტრე უფლისწულს მონღოლები
ცუდად დაებედა მონღოლები დემეტრეს, მისი მთელი ცხოვრება ფაქტობრივად მონღოლთა კარნახით წარიმართა. რთული იყო უმძიმეს რეალობას შეგუებოდა მწირეწლოვანი უფლისწული.
დემეტრესათვის პირველი ტკივილი, თანაც უსაზღვრო, დედამისი გვანცა დედოფალია. 1260 წელს დემეტრეს მამა, დავით ულუ აუჯანყდა მონღოლებს, ესეც ლოგიკური იყო - ურთულესი გახლდათ მუდმივად მონღოლებთან ერთად უცხო ქვეყნებში ლაშქრობა. ქვეყანას უჭირდა იმ მრავალრიცხოვანი გადასახადების გაღება, მონღოლებმა რომ დააწესეს. როგორც გამოჩნდა ულუმ ბევრი რამ ვერ გათვალა - აჯანყება ერთია, რა მოჰყვება ამ აჯანყებას - მეორე.
იძალეს მონღოლებმა და ლაშა-გიორგის მემკვიდრეს საქმე გასაქცევად გაუხდა. ულუმ გაასწრო მონღოლებს დასავლეთ საქართველოში, ცოლ-შვილი კი აღმოსავლეთ საქართველოში ღვთის ანაბარა დატოვა.
მონღოლებმა ულუს სამაგიერო იმით გადაუხადეს, რომ გვანცა დედოფალი სიკვდილით დასაჯეს. მთელი ცხოვრება გაჰყვა დემეტრეს კითხვები მამამისისადმი. ულმობელი რეალობა კი ის გახლდათ, რომ მცირეწლოვანი მარტოდმარტო აღმოჩნდა.
1270 წელს მას შემდეგ რაც ულუ გარდაიცვალა, ტახტზე დემეტრე აიყვანეს. ობლად დარჩენილ უფლისწულს მონღოლებმა მეურვედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს.
როგორ გახდა მხარგრძელების ყმა საქართველოს ფაქტობრივი მმართველი
ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ ანდეს ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მანკაბერდელს? საიდან ჰქონდა ამდენი პატივი და დაფასება მას?
ის ჩვეულებრივი მედროვეა. მისი დაწინაურება ერთი მხრივ მლიქვნელობამ, მეორე მხრივ კი მონღოლური ენის ცოდნამ განაპირობა. მონღოლები ხომ განსაკუთრებულად აფასებდნენ ადამიანებს, რომელთაც მონღოლური იცოდნენ. ასეთები უმთავრესად ვაჭრები, ბედის მაძიელები იყვნენ.
სადუნ მანკაბერდელი გიორგი |||-ის დროიდან საქართველოს სამეფო კარზე დაწინაურებული მხარგრძელების ყოფილი ყმა გახლდათ. ეროვნებით ის გასომხებული ქურთია.
მხარგრძელები საქართველოს სამეფო კარზე ტრადიციულად ამირსპასალარებად ინიშნებოდნენ. ბედის ირონია იყო ის, რომ გარდა ათაბაგობისა, სადუნმა თავისი ყოფილი ბატონის მხარგრძელთა ტრადიციული თანამდებობა - ამირსპასალარობაც შეითავსა.
სადუნს სპარსულ, სომხურ, ქართულ და მონღოლურ ენებზე შეეძლო ლაპარაკი. ამის გამო ხშირად უწევდა კიდეც თარჯიმნობა, რის გამოც საკმაოდ დაუახლოვდა მონღოლთა ელიტას. თავისი მლიქვნელობით სადუნმა მონღოლთა ნდობა დაიმსახურა.
საგულისხმო იყო მისი ფერისცვალების საოცარი ნიჭი - ის მონღოლთან მონღოლი იყო, სომეხთან - სომეხი, ქართველთან - ქართველი.
განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ განმარტავს სახელ "სადუნს" სულხან-საბა. სადუნი საბას ვერსიით, სხვადასხვა ენის მცოდნე კაცს ნიშნავს, რაც შეეხება მონღოლურ განმარტებას - სადუნი "დაახლოვებული" და მეგობრის აღმნიშვნელი ტერმინია.
აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ ახლო დამოკიდებულება გააჩნდა მონღოლებთან მანკაბერდელს, ქართველებმა სახელი "სადუნი" სწორედ მოენის, თარჯიმნის მნიშვნელობად აღიქვეს, ესეც ბუნებრივია - მანკაბერდელი ხომ სწორედ ამ საქმიანობით აღზევდა და ასე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.
როგორ აღმოჩნდა მეფე დიმიტრი ფინანსურად მანკაბერდელზე დამოკიდებული
საგულისხმოა, რომ უფლისწული სადუნ მანკაბერდელზე ფინანსურადაც აღმოჩნდა დამოკიდებული. სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისთვის მეფეს ფული სჭირდებოდა. ამ პერიოდისათვის სახელმწიფო ხაზინა ფაქტობრივად არ არსებობდა - ყველაფერი მონღოლთა გადასახადებს შეეწირა.
ფული მანკაბერდელს ჰქონდა, მეფეც სარგებლობდა სესხით, თუმცა, ფულს რომ ვეღარ უბრუნებდა სადუნს, სანაცვლოდ საკუთრებაში ქართულ ქალაქებს აძლევდა. ასე ჩაიგდო ხელში მანკაბერდელმა უმნიშვნელოვანესი ქალაქები თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი.
საგულისხმოა დმანისის ისტორიის ერთი ფრაგმენტი - ილხანთა ყაენისთვის საქართველოს უნდა გადაეხადა ხარკი. ერთი პერიოდი ამ ხარკის გადახდა გაუჭირდა დემეტრეს, მაშინ სადუნმა შესთავაზა მეფეს, რომ თუკი დემეტრე მას დმანისს მისცემდა, ხარკის პრობლემას თავად მოაგვარებდა. მოაგვარა კიდეც.
მსგავსი მაქინაციებით ჩაიგდო ხელში სადუნმა ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი, როგორიც კარი - იგივე ყარსია. სწორედ ამ ქალაქზე გადის იმ პერიოდისთვის შემოსავლიანი სავაჭრო გზა. ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ყარსში დაიდო ბინა მანკაბერდელმა.
დაგროვებული საკმაოდ დიდძალი ოქრო-ვერცხლის წყალობით სადუნს ყაენ აბაღაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ჟამთააღმწერელის ცნობით, მისი სამფლობელო სწორედ ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრებულად ყაენის კეთილგანწყობითა და შეღავათებით.
როგორ აიგო მეტეხის ტაძარი სადუნ მანკაბერდელისაგან ნასესხები ფულით
როგორც ჟამთააღმწერლი მიანიშნებს, ამ დიპლომატიური ურთიერთობების წყალობით ერთხანს სიმშვიდემ დაისადგურა საქართველოში - არც დიდი ყაენისგან იყო რაიმე ხიფათი და არც ილხანთა მბრძანებლისაგან.
აღნიშნული ვითარება კარგად გამოიყენა დემეტრე ||-მ და მეტეხის ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ნიშანდობლივია, რომ მეფემ ეს საქმე მანკაბერდელისგან ნასესხები ფულით აღასრულა.
მეტეხის ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში და ტოლს არ უდებს ოქროს ხანის საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშებს. მას მეფემ მრავალი სოფელი და ადგილ-მამული შესწირა.
რატომ შეაჩვენა კათალიკოსმა ცოლმრავალი მეფე
ერთია ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობა და მეორე ქრისტიანული რწმენის ერთგულება და მისი პრინციპების დაცვა. ამ მხრივ მთლად საუკეთესოდ ვერ იყო საქმე ყ||| ს-ის საქართველოში. სადუნს ერთდროულად სამი ცოლი ესვა, სამი ცოლი ჰყავდა მეფე დემეტრესაც.
დემეტრეს სამცოლიანობა მაშინდელი საქართველოს განსჯის საგანი იყო - ქართველთათვის მეფე მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო, ამ მხრივ კი დემეტრეს ქცევა ვერ ჯდებოდა ქრისტიანული მორალის ჩარჩოებში. ამიტომაც ჰკიცხავდნენ თანამედროვენი მეფე დიმიტრის, ამ საქციელისთვის ის შეაჩვენა და დაწყევლა კათალიკოსმა.
თუმცა, მეფის ცოლმრავლობა იმ პოლიტიკური რეალობით იყო განპირობებული, რომელშიც საქართველოს უხდებოდა ყოფნა. მეფემ შესძლო საკუთარი პირადი ცხოვრება გვერდით გადაედო და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ემოქმედა. ასე "მოუგროვდა" ერთბაშად სამი ცოლი.
რა პრაგმატული გათვლები ჰქონდა დემეტრეს სამცოლიანობით
დემეტრეს პირველი ცოლი ტრაპიზონის იმპერატორის ასული იყო. მისგან შეეძინა ოთხი ვაჟი - დავითი, ვახტანგი, მანუელი და ლაშა, ასევე ქალიშვილი რუსუდანი. ქრისტიანულ სამყაროსთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ სჭირდებოდა საქართველოს, ეს დინასტიური კავშირი ამ რეალობაზე იყო გათვლილი.
დემეტრეს მეორე ცოლი მონღოლი სოლღარი იყო. მისგან ჰყავდა ორი ვაჟი ბაადური და იადგარი და ერთი ქალიშვილი ჯიგდა-ხათუნი. მონღოლებთან დანათესავებით მეფე ქვეყნისთვის მძიმე ხარკის შემსუბუქებას ცდილობდა. ესეც პრაგმატულად იყო გააზრებული - პიროვნულ ურთიერთობებს ხომ მონღოლები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ.
მეფის მესამე ცოლი ბექა ჯაყელის ქალიშვილი ნათელა გახლდათ, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი გიორგი - შემდგომში გიორგი ბრწყინვალე. დემეტრემ მოიტაცა ნათელა, იძალადა მასზე და მესამე ცოლადაც დაისვა.
ბექა ჯაყელი ერთიანი საქართველოს სივრცეში სწორედ მეფის ამ ნაბიჯმა დატოვა. მანამდე ჯაყელები ერთიანი საქართველოდან გამოყოფას ძალიან აქტიურად განიხილავდნენ. ამ გზით არჩია დემეტრემ საქართველოსთვის დროებით შეენარჩუნებინა მისი განუყოფელი ძირძველი კუთხე.
როგორ წაშალა ტარსაიჭ ორბელმა სომხური ეკლესიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების კვალი
1281 წელს სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა. დემეტრემ სადუნის შვილს ხუტლუ ბუღას მამის თანამდებობებიდან მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა, ათაბაგობა კი თავის გამზრდელს ტარსაიჭ ორბელს მისცა. მაშინ რას მოიფიქრებდა დემეტრე, რომ ამით თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. სწორედ ეს ჩაიდო გულში ყუთლუ-ბუღამ და სულ მალე 8 წლის შემდეგ მწარედ გადაუხადა სამაგიერო ქართველთა მეფეს.
მანამდე კი, ის უნდა ვთქვათ, რომ არც ტარსაიჭ ორბელი გამოადგა მეფეს და საქართველოს. საქმე ისაა, რომ როგორც სტეფანოზ ორბელიანი (ტომით სომეხი) წერს, ტარსაიჭი თურმე ძალიან კარგი კაცი ყოფილა (რა თქმა უნდა, სომეხთათვის), იმიტომ რომ ქართული ხელნაწერები გადაუსინჯავს და სადაც კი ის დოკუმენტები იყო, რომლითაც სომხური მონასტრებს გადასახადები ჰქონდა დაკისრებული სახელმწიფოსგან, ამოუშლია, სადაც ვერ შესძლო ამის ამოშლა, ის ხელნაწერები გაუნადგურებია.
როგორ მზადდებოდა დემეტრეს ზვარაკად შეწირვის რიტუალი
ისტორიაში ჯერჯერობით მეტი კვალი არ ჩანს ტარსაიჭს ორბელისა. სომეხთა ეკლესიის კეთილდღეობასა და სიმდიდრეზე დამაშვრალს არად მიაჩნდა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები.
არადა, კაცმა რომ თქვას, სწორედ ტარსაიჭ ორბელისათვის მიცემული ათაბაგის თანამდებობა გახდა ყუთლუ ბუღას განაწყენებისა და ბოღმის მიზეზი.
ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ მოხდება უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში - საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული მეფე თავის ფეხით ჩავა ილხანთა საყაენოში, ყუთლუ ბუღას შესანიშნავი შანსი აქვს სამაგიეროს გადახდისა - აბა მანკაბერდელის შვილი რას გაუშვებს ხელიდან ასეთ მომენტს.
მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა დემეტრე რომ ერთი უწყინარი გადაწყვეტილებით საკუთარ თავსაც გამოუყვანდა წირვას და საქართველოსაც არაფრად გამოადგებოდა ტარსაიჭ ორბელის ათაბაგობა.
უზნეო ყუთლუ ბუღას სცენარი პედანტურად უნდა ამუშავდეს - 1289 წლის 12 მარტს დილის 10 საათზე, მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას ქართველი მეფის ზვარაკად შეწირვის უმძიმესი რიტუალი უნდა აღსრულდეს...