ქართული კინოს ისტორიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამიტომ თავს არ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული კინოცხოვრებიდან.
საქართველოში პირველი კინო ჩვენება ძმები ლიუმერების კინომატოგრაფის აპარატით 1896 წლის ნეომბერში გაიმართა. "ცნობის ფურცელი" წერდა "სათავადაზნაურო თეატრი დღეს 16 ნოემბერს აჩვენებს განთქმულს მთელს ევროპაში კინომატოგრაფს ლუმერისა. დასაწყისი საღამოს 8 საათზე, ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია."
1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა "ლატერნა მაგიკა" და იმით აწყობდა ჩვენებებს. მალევე დიღმელოვებმა შეიძინეს სინემატოგრაფი ლუმიერების აპარატი.
1904 წელს თბილისში გოლოვინის პროსპექტზე რესტორან "დათვის" შენობაში გაიხსნა კინოთეატრი "ილუზიონი". ამ პერიოდშივე გაიხსნა "სკიფი" და "ურანი", სადაც ძირითადად ფრაგნულ ფილმებს უჩვენებნენ. 1905 წელს ოდესელმა ბიზნესმენმა სოფია ივანიცკაიამ მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა, მანამდე ის ფილმებს სათავადაზნაურო თეატრსა და ძმები ნიკიტინების ცირკში უჩვენებდა. მანვე აღმოუჩინა ფინანსური დახმარება ალექსანდრე დიღმელოვს კინოქრონიკების გადასაღებად.
1907 წელს თბილისში გაიხსნა ახალი კინოთეატრები "მუზა", "სინემა დისკი". "ლირა". თბილისში ასევე გახსნილი იყო უცხოური კინოკომპანიების "პატეს" "გომონის" "ამბროზიოს" "ჩინეზის" ფილიალებიც. 1918 წელს თბილისში მუშაობას იწყებს ბელგიელი კინომაგნატი პირონი, რომელმაც გასაბჭოების შემდეგ მისი 4 საწარმო რამდენიმე მილიონად მიჰყიდა მაშინდელ ხელისუფლებას.
თბილისის ქუჩებში 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მასზე აფიშები იყო გაკრული. უკვე 1915 წლისთვის თბილისში 8 კინოთეატრი არსებობდა. ერთი გოლოვინის პროსპექტზე დანარჩენი შვიდი მიხაილოვის პროსპექტზე. "სატურნი", "ოდეონი", "მულენ-ელექტრიკი" 20-იანი წლებში კი რამდენიმე კინოთეატრი დაემატა. სასტუმრო "მაჯესტიკში" (დღევანდელი თბილისი-მარიოტი) სარდაფში გაიხსნა კინოთეატრი "მინიონი". მელიქ კაზარიანცის სახლში კი "სოლეი".
კინოთეატრი "არფასტი" მდებარეობდა გოლოვნის პროსპექტზე, მისი მფლობელი იყო ცნობილი სომეხი მრეწველი მიქაელ არამიანცი. "არფასტი" - ეს იყო არამიანცის ხუთივე შვილის სახელების პირველი ასოებისაგან აწყობილი აბრევიატურა, არამი, ფლორა, ანა, სოლომონი, ტამარი.
მაშინდელი თბილისის ყველაზე ცნობილი კინოთეატრი კი იყო "აპოლო". ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს მიხეილის პროსპექტზე გაიხსნა. გაზეთი "ტიფლისკი ლისტოკი" იუწყებოდა: "გაიხსნა გრანდიოზულად მოწყობილი, ელექტრონული თეატრი "აპოლო", ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი, სამსარულიანი შენობა დიდი ფაჯრებით და თაღებით. ამბობენ, "აპოლოს" პრექტი თბილისელ არქიტექტორს ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა. შენობა აშენდა მდიდარი გერმანელი კოლონისტის, ჰეგელის ხარჯებით, რომელიც თავდაპირველად მისი მფლობელიც იყო. კინოთეატრის მოსაწყობად სამუშაოები ჩაატარა კომპანია "რეიშმა". არქიტექტურულად კი გააფორმეს ჩეხმა ოსტატებმა ნოვაკსმა და სიუჩევმა. თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის კარლო მორეტის ცნობით გერმანელების შემდეგ "აპოლო" იტალიელი ძმების რიჩების საკუთრებაში გადავიდა. ერთი პერიოდი "აპოლოს" მფლობელი არამაინციც ყოფილა.
კინოთეატრების შესახებ წერდა მაშინდელი ქართული პრესაც, "ერთობა", "სახალხო გაზეთი", "საქართველო" და სხვა. 1921 წლის თებერვლის ნომერში "საქართველო" იუწყებოდა: "მინიონი პალასი მალე გახსნება, სამხატვრო ცენტრის დირექცია აცხადებს, რომ თეატრის "მინიონის" ხელმძღვანელად მოწვეულია თბილისისათვის ცნობილი კინომატოგრაფის სპეციალისტი. შეძენილია მთელი რიგი მხატვრული კინოდრამები. მუსიკალური ილუსტრაციებისთვის მოწვეულნი არიან გამოცდილი მუსიკოსები და თავისუფალი მხატვრები".
რაც შეეხება კინომექანიკოსებს, გაზეთი "ბარბას" ცნობით პირველმა კავკასიურმა კინომატოგრაფმა გამოაცხადა კინომექანიკოსების კურსები და სამთვიანი კურსის დასრულების შემდეგ კინომექანიკოსთა სერთიფიკატი გაიცემოდა.
კინოთეატრები იხსნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც. ქუთაისში პირველი კინოთეატრი "რადიუმი" გაიხსნა 1907 წელს, შემდეგში "ამპირი", "მონ-პლეზირი", "სან-სუსი", "ედისონი" და სხვა. სწორედ კინოთეატრ "რადიუმში" შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 1912 წელს.
ბათუმში პირველი კინოჩვენება გაიმართა 1907 წელს, მაშინდელი დუნდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე კინოთეატრ "ილუზიონში". თუმცა პირველ კინოთეატრად მაინც ითვლება "აპოლო", რომლის მფლობელიც იყო ბროვალი. "აპოლოს" აფიშებზე კი ეწერა: "დღეს და ყოველდღე. "მაცდური გული", ტრაგედია ხუთ ნაწილად. ცნობილი ტრაგიკის რუდოლფ შილდკრაუტის თამაშობა, სტოვებს არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას".
1911-1921 წლებში ბათუმში უკვე შვიდი კინოთეატრი იყო, მათ შორის კინოთეატრი "ლირა", რომლის მფლობელიც იყვნენ შვედი ძმები იაკობსონები, "პალასი", "პიკალდი", "ტრიუმფი", რომელიც გერმანელ ქალს მარია იუნგს ეკუთვნოდა. კინოთეატრი "რელიგიონი", რომელსაც ორი დარბაზი ჰქონდა, დახურული და საზაფხულო და 400-ზე მეტ მაყურებელს იტევდა.
გასაბჭოების შემდეგ ძველ მფლობელებს კინოთეტრები ჩამოართვეს და სახელებიც შეუცვალეს. "აპოლოს" თბილისში "ოქტომბერი" დაარქვეს, ბათუმში "ინტერნაციონალი". გაჩნდა ახალი კინოთეატრებიც "კომკავშირული" და "პიონერი".