საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე არაერთი მტერი შემოსევია. მათგან მონღოლებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. XIII ს-ის II ნახევრიდან სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა - ორი სრულიად განსხვავებული კულტურის კონფლიქტი აშკარად წარმოაჩენდა, თუ რა დამღუპველი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო კულტურული თუ სამხედრო-პოლიტიკური ბატალიები ჩვენი სამშობლოსათვის.
ეს დავით ულუს, დემეტრე II-ისა და გიორგი ბრწყინვალეს ეპოქაა. ამათგან ყველაზე ტრაგიკული დემეტრე II-ა, რომელსაც 30-წლიანი სიცოცხლის მანძილზე ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა, ბევრი ბარიერი არაერთ ობიექტურ თუ სუბიექტურ სიძნელეს ქმნიდა.
ქვეყანა მონღოლებს ჩაეგდოთ ხელთ, დამპყრობელი იმით იყო გამორჩეული, რომ მას ქრისტეს რჯული არ ადარდებდა, ის საკუთარი ჯოგის საძოვრების ძიებით იყო დაკავებული და ამ მიზნით მთელი მსოფლიო ბატონობისთვის იბრძოდა.
საქართველოც მათთვიის ერთი არაფრით გამორჩეული საძოვარი იყო, ხალხი კი ის ძალა, რომლის დახმარებითაც მონღოლებს სხვა საძოვრები უნდა მოეპოვებინათ. ამიტომაც იყო, რომ მეფე დემეტრე ||-ის სიცოცხლე მონღოლებთან ბოღმიანი ყუთლუ ბუღას, სადუნ მანკაბერდელის შვილის, სარფიან გარიგებას შეეწირა.
აყველაზე საცნაური და სამწუხარო კი ის არის, რომ მეფე დემეტრე ||-ის სიკვდილზე დასტური თავიანთი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დავით ნარინმა და მისმა ძემ ვახტანგმა მისცეს.
როგორ იხდიდნენ მონღოლთა სამხედრო ბეგარას ქართველები
დემეტრე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მონღოლთა მიერ დაგეგმილ ლაშქრობებში. საკმაოდ ხშირად უხდებოდა სიბაზე დგომაც. მონღოლთა ლაშქარში, როგორც წესი, დაპყრობილი ხალხებიც იბრძვიან. ეს მათი ვალდებულებაა, მონღოლთა სამხედრო ბეგარა მძიმე ტვირთად აწვება ქვეყანას. ამიტომაც ქართველები უინიციატივოდ და უმოტივაციოდ ირჯებიან უცხო ქვეყნის სამხედრო ოპერაციებისას.
ყ||| ს-ის 60-იანი წლებიდან მონღოლები ეგვიპტეს უტევენ. ამ ბრძოლას შედეგი არ მოჰყოლია, მიუხედავად ამისა, ეგვიპტის აღების მცდელობაზე დიდი ხანი ხელი არ აუღიათ მონღოლებს. განსაკუთრებულად გრანდიოზული იყო 1280 წლის დაპირისპირება, სადაც 30 ათასი ქართველი, სომეხი და ბერძენი მონაწილეობდა. მომდევნო წელს 1281-ში მონღოლებთან ერთად 5 ათასამდე ქართველი მეომრით თავად მეფე დემეტრეც გამოსულა. ეს სამხედრო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა საქართველოსთვის - უდიდესი ნაწილი ბრძოლაში გაწყვეტილა, თავად დემეტრე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.
როგორ დაუმძიმა ყოფა ძლიერმა მიწისძვრამ ქართველობას
თითქოს მონღოლები არ ეყოფოდაო, რისხვად მოევლია საქართველოს ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორებულა. სწორედ ამ დროს ჩამოშლილა 13 სართულიანი ვარძიის ხუთი სართული. დანგრეულა არაერთი ეკლესია-მონსატერი. უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მდგომარეობა.
საკმაოდ მძიმე გახლდათ საქართველოს ყოფა - მოსახლეობა ვეღარ აუდიოდა მონღოლთა გადასახადებს. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ მათ უნიკალური ფანტაზიის უნარი აღმოაჩნდათ ყველგან და ყველაფერზე გადასახადის დაწესებისა. ამან ფაქტობრივად გამოფიტა ქვეყანა. მომრავლდა გაუკაცრიელებელი ადგილები, რომელსაც მონღოლები ეტანებოდნენ.
მძიმე იყო მეფის ხვედრი - დემეტრე ცდილობდა ამ გაუკაცრიელებელი ადგილების ათვისებას, ცდილობდა იქ ქართველთა ჩასახლებას და ამგვარი გზით მონღოლთათვის ბარიერის აღმართვას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ.
საგულისხმოა, რომ თავად მეფე საკმაოდ კარგად ფლობდა სიტუაციას. ის გლეხის ტანსაცმლით დადიოდა ხალხში და საზოგადოების განწყობებს სწავლობდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად უდიდესი სურვილისა, მას არ შეეძლო იმაზე მეტი გაეკეთებინა, ვიდრე აკეთებდა. მისთვის არანაირი დამაბრკოლებელი მექანიზმი არ არსებობდა, მან ყველაფერი უარყო იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვა.
რატომ დაიბარეს დემეტრე მეორე არღუნის კარზე
ეს ის პერიოდია, ილხანთა სახელმწიფოში დინასტიურ ბრძოლები განსაკუთრებულად რომ მძაფრდება. ქართველთა ლაშქარი 1282 ხორასანში იბრძვის აჰმად-ყაენის მხარეს აბაღას ყაენის შვილის, არღუნის წინააღმდეგ; 1284 წლიდან ქართველები ახალი ყაენის არღუნის მხარეზე გამოდიან. ეს პოლიტიკური როქი დემეტრე მეფის ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან დანათესავებამ განაპირობა. დემეტრე ||-ის ასული რუსუდანი ბუღას შვილის ცოლი გახლდათ.
სწორედ ბუღასთან დანათესავებამ შეაძლებინა საქართველოს ერთგვარად ამოესუნთქა და გარკვეული შეღავათები მიეღო გადასახადებთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაფერი 1288 წელს შეიცვალა - არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება გამოაშკარავდა. შეთქმულების მოწყობა არღუნმა ბუღას დააბრალა. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს.
მონღოლური წესის მიხედვით, ასეთ დროს შეთქმულის ყველა ნათესავს თუ დაახლოვებულ პირს კლავდნენ. ეს იყო ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ მომავალში შურისძიების მომენტი გამოერიცხათ. სწორედ ამ ლოგიკით დაიბარეს დემეტრე II ყაენთან.
რატომ არ აწყობდათ მონღოლებს დემეტრეს სიკვდილი
როდესაც დემეტრე ურდოში დაიბარეს, აშკარა იყო, რომ მას სიკვდილით დასჯიდნენ. ყველამ იცოდა მონღოლთა ადათი - არა მარტო შეთქმულთაგან, არამედ მათი საახლობლოსგან არავინ უნდა გადარჩენილიყო.
შეიკრიბა სამეფო დარბაზი. ცალსახად მიანიშნეს მეფეს, რომ მთიულეთში გამაგრებულიყო, თუმცა, მეფეს კარგად ესმოდა, რომ ამ ნაბიჯს მონღოლთა მხრიდან უსასტიკესი ნაბიჯები - საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება მოჰყვებოდა, ამიტომაც უარყო დარბაზის წინადადება და ილხანთა ურდოში წასვლა გადაწყვიტა. მას იმედი ჰქონდა, რომ შესძლებდა სიმართლის დამტკიცებას, რამდენადაც შეთქმულთა იდეებს არ იზიარებდა.
თავის მხრივ, არღუნიც დაუფიქრებია მეფე დემეტრეს ბედს. საქმე ის გახლდათ, რომ თუკი დემეტრეს სიკვდილით დასჯიდა, არავინ ეგულებოდა მეფედ. არადა ქართველთა მეფე მონღოლებისთვის ის შუალედური რგოლი იყო, რომლელთა საშუალებითაც განახორციელებდნენ ხარკის აკრეფასა და სამხედრო ბეგარას. ერთი სიტყვით, არ აწყობდათ მონღოლებს დემეტრეს სიკვდილი, ამიტომაც დაიწყეს იმაზე ფიქრი, დასჯის რა ფორმა მოენახათ ქართველთა მეფისთვის.
როგორ იძია მეფე დემეტრეზე შური ყუთლუ ბუღამ
გადაწყვეტილი იყო, რომ დემეტრე არ დაესაჯათ სიკვდილით და ჭკუაზე მოეყვანათ. და ამ დროს ხდება ის, რასაც არავინ ელის - მონღოლებს ეახლა ყუთლუ ბუღა - სადუნ მანკაბერდელის შვილი. სწორედ ის განაწყენებული ბუღა, თავის დროზე ათაბაგობა რომ არ მისცა მეფემ - იმ ორი თანამდებობიდან ერთ-ერთი, რომელსაც მამამისი სადუნი ფლობდა. ამირსპასალარობა არ იკმარა ყუთლუმ, შესაფერის დრო და ჟამს დაუწყო ლოდინი იმისათვის, რომ სამაგიერო გადაეხადა დემეტრესთვის.
უკეთეს შანსს ვერც ინატრებდა. იცოდა ბუღამ მონღოლთა საფიქრალი და ამიტომაც დაპირდა, რომ დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან გადავიდოდა და მის შვილს ვახტანგს გადმოიყვანდა აღმოსავლეთ საქართველოში მეფედ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებით კი როგორც დასავლეთ საქართველო, რომლის ფაქტობრივი მმართველიც დავით ნარინი გახლდათ და სადაც მონღოლებმა ვერ მოიკიდეს ფეხი, ასევე აღმოსავლეთ საქართველო, ფაქტობრივად მონღოლთა ხელში გადადიოდა.
ეს იდეა ყაენს მოეწონა, მთავარი იყო, რომ პრეცედენტი აღარ შეიქმნებოდა, რომლის დროსაც შეთქმულთაგან ვინმე გადარჩებოდა ცოცხალი. ბუღას ნაბიჯი დემეტრესათვის სასიკვდილო ვერდიქტი გახდა. ის გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან, რომელმაც ვახტანგი აღმოსავლეთ საქართველოში გამოუშვა.
ამ გადაწყვეტილებით თავად დავით ნარინსაც მიუძღვის წვლილი დემეტრეს სიკვდილში. მონღოლთა წესები ხომ არც მისთვის უნდა ყოფილიყო უცხო, მითუმეტეს, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნდა მათთან ურთიერთობის და საკმაო ხანიც მოუწია ყოფნა ოქროს ურდოში.
დიდსულოვანი გახლდათ მეფე დემეტრე - ის ურდოში შეხვედრია ბუღას და უთხოვია მისთვის ურდოში მყოფი უფროსი შვილის - დავითის უსაფრთხოებაზე ეზრუნა. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ყუთლუ ბუღას გეგმებში დავითის სიკვდილიც იყო, რამდენადაც მისი გადარჩენის შემთხვევაში დიდი ალბათობით ვახტანგის გამეფებას წინააღმდეგობა შეხვდებოდა. საბედნიეროდ დავითის მოკვლა ვერ მოახერხეს.
ცოდვის კალო მუღანის ველზე
1289 წლის 12 მარტს დილის 10 საათზე მუღანის ველზე დაუსჯიათ მეფე დიმიტრი. ცოდვის კალო დატრიალებულა იქ, სადაც არაქსი მტკვარში ჩაედინება. მეფის ცხედარს მონღოლები დარაჯობდნენ, არ სურდათ ქართველებისთვის გადაცემა. სრულიად ცხადი გახლდათ, რომ მისი დაკრძალვა საქართველოში მორიგი ანტიმონღოლური გამოსვლის დასაწყისი გახდებოდა.
კათალიკოსს მოუსყიდია მონღოლები, მოუპარიათ ცხედარი, ურემზე დაუსვენებიათ, ინსპირირებისთვის ვაჭრებს ზედ თევზი დაუყრიათ და ისე წამოუსვენებიათ საქართველოში. თავდადებული მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.
საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი
დადგა ჟამი ყუთლუ ბუღას მონღოლთათვის დანაპირების შესრულებისა. აღარ იყო ცოცხალი მეფე დიმიტრი, ყუთლუს პატივმოყვარეობა სრულად დაკმაყოფილდა, ახლა მონღოლებსაც უნდა მიეღოთ სარფიანი გარიგების შედეგი ამ ცოდვიანი სპექტაკლიდან.
ყუთლუ ბუღამ დასავლეთ საქართველოდან თბილისში ვახტანგი ჩამოიყვანა. ის მეფედ აღავლინეს. ვახტანგ |||-ის გამეფებით ფაქტობრივად დროებით გაერთიანდა საქართველო. მაგრამ ეს არ იყო ის გაერთიანება, რომლითაც უნდა ეამაყა ვინმეს.
სამწუხაროდ, არც ჟამთააღმწერელს აღმოაჩნდა პრინციპულობა. იმ ინტრიგების შესახებ, რომელმაც მეფე დემეტრე შეიწირა, არაფერს ამბობს. შესაძლოა, ნარინის შვილი ვახტანგი ამ საქმეში იარაღად გამოიყენეს და იმიტომ. თავად ვახტანგს საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონია - მემატიანის თქმით, არ ერთვებოდა ინტრიგებში და კეთილშობილური ქცევით გამოირჩეოდაო. ვინ იცის, იქნებ ამიტომ დაინდო პირუთვნელმა ჟამთააღმწერელმა ვახტანგი...
ერთი სიტყვით, დავით ნარინსა და მისი მემკვიდრეს ცოდვად დააწვათ თავიანთი ქცევით დემეტრეს მკვლელობის თანამონაწილეობა.
მაშინ არავის უფიქრია, ღირდა კი ასეთი ცოდვიანი გზით საქართველოს გაერთიანება. დედამისის, რუსუდანის აჩრდილმა არ მოასვენა ნარინი, იმ რუსუდანისა, არად რომ უღირდა არც სამშობლო და არც საკუთარი შვილის ღირსება, ოღონდ მეფური პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.
ახლა ვახტანგ |||-ის ჯერი დამდგარიყო. უჩუმრად და უხმაუროდ ჩაიარა მისმა მეფობამ. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილა. იქნებ ვინმემ შურიც იძია მასზე? ვინ იცის...
ფაქტი კი ისაა, რომ ასე გადაიშალა კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიისა...