ძველად გიორგობას საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს ზეიმობდნენ, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულთან იყო დაკავშირებული. ქართულ მეტყველებაში წმინდა გიორგი უკვდავყოფილი იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით ლოცვა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ ზეიმობს - 6 მაისს და 23 ნოემბერს. ნოემბრის გიორგობას - წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს, მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რომელიც წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის სისხლით ნათესავს დაუდგენია დღესასწაულად.
გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი პოლიხრონია ერქვა, სწორედ მან შეასწავლა შვილს საღმრთო წიგნები და ქრისტიანული სარწმუნოება. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმინდა გიორგი ტრივონთა მეთაური იყო. მეფე კერპთთაყვანისმცემელი იყო და ბრძანება გასცა ქრისტანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომლებიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას, ხოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
ამ დროს გამოჩნდა ახოვანი მხედარი, რომელიც მეფის წინაშე წარდგა და ქრისტიანობა იქადაგა. დიოკლატიანემ ვერ შეძლო გიორგის დარწმუნება, ამიტომ მისი დასჯა განიზრახა. იმპერატორმა ჯერ მისი ლახვარით განგმირვა ბრძანა, მაგრამ წმინდანს როგორც შეეხნენ, ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. ნაწამები გიორგი მეფეს წინაშე წარდგა და მიუგო: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე შენ მიერ გვემული". განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ. წმინდა გიორგი მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, ქვეშ წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაუდეს. მეფეს ეგონა, რომ გიორგი უკვე აღევლინა და მისი სხეულის ბორბლიდან ჩამოხსნა ბრძანა.
მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ ზეციდან მოისმა ხმა "ნუ გეშინიან, გიორგი, მე შენთან ვარ!" ბორბალთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს და გაუჩინარდა. წმინდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და ღმერთს თაყვანი სცა.
ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მათ შორის მეფის მეუღლე ალექსანდრია, იგი უშიშრად წარდგა დეოკლიტიანეს წინ და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა, რის შემდეგაც დედოფალი დაატყვევეს.
განრისხებულმა იმპერატორმა წმინდა გიორგის სიკვდილით დასჯა ბრძანა - მას თავი მოჰკვეთეს. ვიდრე დასჯიდნენ, გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალისათვის, "რომელთაც არ უწყოდნენ, რას იქმნიდნენ" და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი. შემდეგ მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს.
წმინდა გიორგი აღესრულა 303 წელს, 23 აპრილს, ანდერძისამებრ მისი სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმინდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.
ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავლად არის მასალები, როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველებს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. "გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა ქართველთა ლაშქარს დიდგორის ომში. თვით ურჯულო მტერი ხედავდა და შიშით კრთოდა ამ სახილველით".
სპარსელთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს, ხილულად მიუძღოდა წინ ქართველთა ჯარს ცხენზე ამხედრებული "ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა".
ერთ-ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვდათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი ბრძოლა განეგრძოთ. საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდებით იბრძოდნენ, ეს ჭაბუკი კი მათრახით აპობდა მტერს. ბრძოლის დასრულების შემდეგ ჭაბუკმა ყველა ხმალი მებრძოლებს დაუტოვა, მხოლოდ ორი დაიტოვა. მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის წინ დახვდათ. მაშინ კი მიხვდნენ, რომ წმინდა გიორგი დაეხმარათ.
1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსელ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბადიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ქართველებმა მასშიც წმინდა გიორგი შეიცნეს. მთას "შავნაბადა" უწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგეს.
"არც ერთი წმინდანის სახელობაზე არ მოიპოვება იმდენი ტაძარი საქართველოში, რამდენიც წმინდა გიორგის სახელობაზეა აშენებული. ჯერ კიდევ მე-14-15 საუკუნის გერმანელი მოგზაური ჰანს შლიტებერგერი წერდა, რომ ქართველები წმიდა გიორგის მეტისმეტად თაყვანსა სცემენო, ხოლო ვახუშტის აღნიშნული აქვს, რომ საქართველოში "არ არიან ბორცუნი და მაღალნი გორანი, რომელსაც ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი".
ამას გარდა, ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ თითქმის ყველა უმთავრესი ეკლესიები და დღეობები საქართველოში წმიდა გიორგის სახელზეა. ხალხში გავრცელებულია კიდევ რწმენა, რომ საქართველოში იმდენი წმინდა გიორგის ეკლესიაა და იმდენი წმიდა გიორგია, რამდენიც წელიწადში დღეებია. ერთი სიტყვით, ვახუშტის ზემომოყვანილი ცნობა, რომ მთა არ მოიპოვება საქართველოში, სადაც მის მწვერვალზე წმიდა გიორგის ეკლესია არ იყოსო, ძალიან გაზვიადებული არ არის და ჭეშმარიტებას უახლოვდება".
(ივანე ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია" - თავი "წმინდა გიორგი ქართველთა რწმენაში".)