საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა გიორგი ბრწყინვალე. მან ქართველ მეფეთა კოჰორტაში თავი გამორჩეული დიპლომატიის წყალობით დაიმკვიდრა. ცოტა ხომ არ გახლდათ - მონღოლები, რომელნიც თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თარეშობდნენ საქართველოში, ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევდა იმ დროინდელი მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, ისე დაამარცხა და ისე დაატოვებინა საქართველო, ერთი ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ეს იყო პირველი პრეცედენტი მონღოლთა უღლის გადაგდებისა, სწორედ ქართველმა მეფემ პირველმა შესძლო იმ დროინდელ მსოფლიოში საბოლოოდ დაეძლია ულმობელი მტრის წინააღმდეგობა.
როგორ მოახერხა გიორგიმ ასეთი ფილიგრინული დიპლომატიის წარმართვა? რის საშუალებით აქცია სხვათა მიერ აბსურდად მიჩნეული ამოცანის რეალურად? როგორ გამოიყენა ქართველმა მეფემ ის პოლიტიკური ვითარება, საქართველოსთვის რომ ხელსაყრელ რეალობას ქმნიდა?
ამ კითხვებს რომ გავცეთ პასუხი, ჟამთასვლას უნდა გავადევნოთ თვალი. ყველაფერი კი იმ ტრაგედიით უნდა დავიწყოთ, მუღანის ველზე რომ მოხდა 1289 წლის 12 მარტს. მეფე დემეტრე || ზვარაკივით შეეწირა იმ ინტრიგებსა და შურიანობას, სამეფო კარის განუყოფელი თანმდევი რომ გამხდარიყო.
როგორ აღმოჩნდა ბედისწერა გიორგი ბრწყინვალის მხარეს
სანამ გიორგის ბრწყინვალეს უწოდებენ, სანამ ის თავისი მოხერხებულობით შესძლებს საქართველოს გაერთიანებას და რეგიონალური დონის ქვეყნიდან ისევ მსოფლიო რანგის ქვეყანად გარდასახვას, სანამ ეს ყველაფერი აღსრულდება, მანამდე დიდი დროა გასავლელი. გიორგი ხომ მცირეწლოვანი იყო, უმძიმეს მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა სწორედაც მონღოლთა სისასტიკის გამო.
მომავალი მეფე გიორგი, რიგით მეხუთე, 5-6 წლის გახლდათ, მონღოლებმა სიკვდილით რომ დასაჯეს მამამისი დემეტრე ||. ამ ურთულეს ტერორს პატარა უფლისწული სამცხეში გაარიდეს, დედასთან, ნათელა ჯაყელთან ერთად. მომავალი სახელოვანი მეფე პაპამისმა, სამცხის მთავარმა, საქართველოს სამეფო კარის მანდატურთუხუცემა ბექა ჯაყელმა შეიფარა.
სწორედ სამცხის სამთავროს კარზე ჩამოყალიბდა გიორგი პიროვნებად და პოლიტიკოსად, ბევრის სწავლა შეიძლებოდა პაპისგან, რომელიც შესაშური დიპლომატი გახლდათ. ბექა ჯაყელი ერთგულად ზრდიდა შვილიშვილს, მან ასწავლა ბევრი რამ გიორგის, მათ შორის ის, ვისზე უნდა აეღო აქცენტები მონღოლებთან ურთიერთობისას, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი გამუდმებულ შიდა დაპირისპირებისას.
ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი გახლდათ, რამდენადაც სწორედ ფილიგრინულ გათვლებს შეეძლო მოეტანა მეფისთვის დიდება და პატივი, საქართველოსთვის კი უძლეველი სახელმწიფოს სახელი.
ვინ იცის, აქ რომ სწორი ორიენტირი არ აერჩია გიორგის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ საბედნიეროდ აქ ბედისწერა საქართველოს მხარეს აღმოჩნდა.
რას უმზადებდა ბედისწერა "თბილისის მეფეს"
მონღოლთათვის ინტრიგათა საჭადრაკო დაფაზე გიორგი ჯერ კიდევ მცირე პაიკია, მას შიდადაპირისპირებისთვის ამზადებენ - 1299 წელს ყაზან-ყაენის სცენარით მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით ქ|||-ის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, სწორედ ამ საქმის აღსრულებისთვის მონღოლები მას მეფედ აღიარებენ.
მეფობა კარგია, გიორგის ეკუთვნის კიდეც, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი უფლებები მხოლოდ თბილისზე ვრცელდება, ამიტომაც უწოდებენ "თბილისის მეფეს".
ამავე მიზნით იყენებს ყაენი ვახტანგ |||-ს, დავით ქ|||-ის მეორე ძმას, რომელიც 1302 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში ზეობდა. ამ დაპირისპირებამ მხოლოდ დრო გაწელა, მონღოლებმა ვერ შესძლეს სასურველი შედეგის მიღწევა.
რატომ არჩია ოლჯაითუმ გიორგი ბრწყინვალეს სხვა გიორგი
1304 წელს აღესრულა მეფე ვახტანგ |||. ეს მომენტი ბექა ჯაყელმა ხელსაყრელად ჩათვალა და გიორგი საილხანოს კარზე ჩობან ნოინთან გაგზავნა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა. ჩობანს განუზომელი უფლებები გააჩნდა ილხანთა კარზე, ამიტომაც ბექამ სწორედ მასზე აიღო აქცენტი.
იმისათვის, რომ ტახტი მიეღო, ჩობანს გიორგი ახალი ყაენისათვის, ოლჯაითუსათვის უნდა წარედგინა. წარუდგინა კიდეც, მაგრამ არჩევანი მეორე გიორგიზე - გიორგის უფროსი ძმის, დავით ქ|||-ის მცირეწლოვანი ვაჟზე გააკეთა. ის ქართველ მეფეთა სიაში რიგით მეექვსე გიორგია. სწორედ მის მეურვედ დაადგინეს ბექა ჯაყელის შვილიშვილი ილხანთა კარზე.
1311 წელს დავით ქ||| გარდაიცვალა. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ერთდროულად ორი მეფე ზეობს - გიორგი ქ და გიორგი ქ|. ოლჯაითუ ყაენი ისევ გიორგი ქ|-ს ირჩევს. ეს ლოგიკურიცაა, მას არ აწყობს საქართველოს სამეფო ტახტზე გავლენიანი და ძლიერი ხელისუფალი. რამდენადაც აშკარად ჩანს, გიორგი ქ-ის უპირატესობა, მისი გავლენა ძმიშვილზე - პაპამისის სამთავრო, სამცხე ხომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად მოიაზრება იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში.
საცნაურია ისიც, რომ გიორგი ქ ჩობან ნოინის მხარდაჭერით სარგებლობს და რაც დიდი კოზირია გიორგის ხელში. ეს საკმარისი ფაქტორებია იმისათვის, რომ მონღოლთა მხარდაჭერა მის კონკურენტს გიორგი ქ|-ს ერგოს.
როგორ აღევლინა საქართველოს სამეფო კარზე გიორგი ქ
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გიორგი ქ-ს ყველაფერი ეღობება, მოვლენები მისთვის სასურველი სცენარით ვითარდება - ოლჯაითუ ყაენს რუმის მმართველი განუდგა, რუმი ჩობან ნოინმა უნდა დასაჯოს სამაგალითოდ, მას თან ახლავს გიორგი ქ სამცხიდან გაგზავნილ ჯართან ერთად.
სწორედ აქ დაიმსახურა გიორგიმ ჩობან ნოინის კეთილგანწყობა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩობანი, რომ მისთვის ყველაზე სასურველი პარტნიორი გიორგი ქ უნდა ყოფილიყო.
სანამ გიორგი ქ რუმის სასულთნოშია, მისი ძმიშვილი გიორგი ქ| ბიძამისის სამფლობელოს თბილისს იკავებს. რუმიდან დაბრუნებულ გიორგის სამეფო დაკავებული დახვდა - ბედის ირონია გახლდათ ის, რომ მხოლოდ თბილისის მეფე გახლდათ ბექას შვილიშვილი და იმასაც ეცილებოდნენ.
აყველაფერი გადაწყვიტა ოლჯაიუს სიკვდილმა. ეს 1318 წელს ხდება. ილხანთა ტახტზე მისი მცირეწლოვანი შვილი, აბუ საიდი დაჯდა. ქვეყანა ფაქტობრივად ჩობან ნოინის ხელში გადავიდა.
გიორგის არ ჰქონია იმის ცდუნება ძალადობრივი გზით დაებრუნებინა ის მცირედი, საკუთარმა ძმიშვილმა რომ წაართვა. ის ილხანთა კარზე წავიდა, სადაც მას ჩობანი კეთილგანწყობით შეხვდა. ეს აუდენცია დამთავრდა იმით, რომ გიორგი საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის დასტური მისცეს და ყველა წესის დაცვით აღავლინეს მეფედ.
ახლა საქართველოს სამეფო ტახტზე გიორგი ქ-ის ზეობის ჯერი დამდგარიყო. არ იყო მეფობა ადვილი - მძიმე მემკვიდრეობა ხალხს ტვირთად აწვა. ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ურთულესი სამართავი გახლდათ.
რა მემკვიდრეობა ერგო ტახტზე ასვლისას გიორგი ბრწყინვალეს
გიორგის უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. 1318 წელს ერთიანი საქართველო სამ ნაწილად დაშლილიყო; ამას უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა ემატებოდა. მეფის ხელისუფლებას ფაქტობრივად გავლენა არ გააჩნდა და ამგვარ ვითარებაში ყველაზე ფასეულია ის, რომ გიორგი ქ მონღოლებთან ურთიერთობის იმ ფორმას ირჩევს, რაც მის წინაპართაგან არავის მიუმართავს.
ეს მშვიდობიანი ურთიერთობაა - კარგად ხედავს გიორგი ილხანთა ურდო როგორ სუსტდება, როგორ უჭირს გავლენის შენარჩუნება. ამიტომაც ჩობანმა განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა გიორგის და ხარკის აკრეფა მას დააკისრა. ბასკაკთა თარეშის შემდეგ ეს საქართველოსთვის დიდი შვება იყო. ეს ფაქტობრივად მონღოლთა მხრიდან დამოუკიდებელ საშინაო პოლიტიკაზე დასტურს გულისხმობდა.
აყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსების თვითნებობის ალაგმა იყო. ამ საკითხის მოგვარება გიორგი ქ-მ გამეფებისთანავე დაიწყო. ყ||| საუკუნის 30-იან წლებიდან, კავკასიონის უღელტეხილიდან ოსები შემოდიოდნენ, აქ მონღოლთა ძალისხმევის ნიშნები იკვეთებოდა ძალუმად. შიდა ქართლი ფაქტობრივად გაპარტახებული იყო.
ოსების წინააღმდეგ ბრძოლას გიორგი ბრწყინვალემდეც ექცეოდა დიდი ყურადღება, თუმცა, ამასს შედეგი არ მოუტანია. მონღოლების მხარდაჭერით ვერ ხერხდებოდა გამუდმებული თარეშის ალაგმვა. ალანებმა გორი დაიკავეს და ფაქტობრივად ეს ქალაქი საქართველოს სამეფო კარის იურისდიქციას ჩამოაცილეს.
აღნიშნული პრობლემა მხოლოდ გიორგი ბრწყინვალემ მოაგვარა - ამას სამი წელი დასჭირდა, კავკასიონის ქედის მიღმა განდევნილ ოსებს მეფემ უღელტეხილები ჩაუკეტა და ფაქტობრივად საქართველოში მშვიდობა დაამკვიდრა.
ოსთა კოზირი რომ გამოეცალათ ხელიდან, მონღოლებმა ქართველ და სომეხ ფეოდალთა გადაბირება დაიწყეს. სწორედ მათი მეშვეობით უნდა აღესრულებინათ ილხანთა სასურველი პოლიტიკა.
არადა, თავად საყაენოს დიდი პრობლემები ჰქონდა - შიდააშლილობა, პოლიტიკური დაპირისპირება ძალას აცლიდა ილხანებს. გიორგი ქ კარგად ხედავდა, რომ ეს ის შანსი იყო, რომლის გამოუყენებლობაც არ იქნებოდა.
ამბავი ცივის მთაზე დახოცილი ფეოდალებისა
ეს გამორჩეული არეულობის დროა - თავად განსაჯეთ - იმერეთის მეფის დავით ნარინის შვილები ერთმანეთს წაკიდებიან, დიდი ბუნტისთვის ემზადებიან ფეოდალები აღმოსავლეთ საქართველოში. ეს 1327-1329 წლებში ხდება. გიორგიმ დაასწრო ურჩებს.
ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც სულ სხვა გზით განავითარა პოლიტიკური პროცესები. არადა მოვლენები ტრადიციული სცენარით რომ წარმართულიყო, გიორგი ქ-ს პაპამისის დემეტრე თავდადებულის ბედისწერა უნდა გაეზიარებინა.
საგულისხმოა, რომ ამ ამბის შესახებ ჟამთააღმწერლის ტექსტში დაწვრილებით არაფერია ნათქვამი, უფრო მეტიც - მის თხზულებაში თხრობა ზუსტად გიორგი ბრწყინვალის გამეფებაზე წყდება. მიუხედავად ამისა, შემორჩენილია მატიანეში ერთი აბზაცი, სადაც ისტორიკოსი მიანიშნებს, რომ შემდგომში სწორედ იმის შესახებ დაწერს მონღოლების მხარეზე მყოფი ფეოდალები კახეთში ცივის მთაზე რომ ამოწყვიტეს.
ეს იყო ჟამი გამყიდველობისა და გაიძვერობისა. ფეოდალები თავიანთ უფლებების დამტკიცებას და პირველობის მიღწევას მონღოლთა კეთილგანწყობის მოპოვებით ცდილობდნენ. ამას ყველაფერს კარგად ხედავდა გიორგი, კარგად ხვდებოდა მეფე, რომ თუკი ამ ფეოდალებს არ მოიშორებდა, დიდი ალბათობით პაპამისის დემეტრე თავდადებულის ბედს გაიზიარებდა.
სწორედ ამიტომაც დაასწრო მეფემ ფეოდალებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ კახეთ-ჰერეთისა და სომხეთის დიდებულები. გიორგის მეფობის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია მოღალატე თავადთა დასჯა. ეს კახეთში ცივის მთაზე ხდება. სავარაუდოდ აქ სამეფო რეზიდენცია უნდა იყოს.
ცივზე დღესაც შემორჩენილია შენობის ნანგრევები, სადაც მარმარილოა მიმოფანტული. როგორც ჩანს, ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია გიორგის - მოღალატე ფეოდალებს ეჭვი არ უნდა აეღოთ ქართველი მეფის განზრახვაზე.
სწორედ აქ დატრიალდა ცოდვის კალო - მოღალატე ფეოდალები ერთიანად ამოწყვიტეს ცივზე. ეს ამბავი გამორჩეულად დააჩნდა საქართველოს ისტორიის განვითარებას - სულ მალე კოზირებგამოცლილი მონღოლები ფარ-ხმალს დაყრიან და საქართველოდან აიკრავენ გუდა-ნაბადს.
აქედან უკვე ჩანს საქართველოს ისტორიის ბოლო მწვერვალი, რომელიც კიდევ ერთხელ, ამჯერად ბოლოჯერ შეახსენებს მსოფლიოს იბერთა უძლეველობის მითს...