გვანცა ღვედაშვილი
01.12.2016

პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება აქციზი თამბაქოზე, ნავთბპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე. ამასთან ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ, შესაძლოა, დენის ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს.

სიგარეტი მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ სიგარეტზე და საწვავზე აქციზის მომატებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ეს ჯანმრელობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ლარი ისტორიულ მინიმუმს ლამის ყოველდღიურად აღწევს.

მოჰყვება თუ არა საზოგადოების პროტესტი ფასების გარდაუვალ მომატებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 არჩილ გამზარდია (ანალიტიკოსი): ვშიშობ, რომ საზოგადოება არ არის მზად ორგანიზებული პროტესტისთვის, ამიტომ შესაძლოა ხელისუფლების ნებისმიერი ანტიხალხოსნური ღონისძიება მხოლოდ ცალკეული უკმაყოფილების თუ ტრაგედიის წინაპირობა გახდეს, რისი დიდი იმედიც აქვს, სავარაუდოდ, მმართველ ძალას. მით უფრო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად განეიტრალებულია.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ლოგიკურია, რომ პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური პროტესტი, ეს იქნება წმინდა ეკონომიკური. ალბათ ხელისუფლების ეს ნაბიჯიც გათვლილია და ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ იყო. მე ეკონომისტი არ ვარ და ზუსტდ ვერ გეტყვით. ქუჩაში გასვლა არ იქნება, თუმცა საზოგადოებაში პროტესტი, რა თქმა უდნა, ჩამოყალიბდება.

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): ყველაფერი თუ გაძვირდა და ხალხს იგივე შემოსავალი დარჩა, ეს უკმაყოფილებას კი არა, ადამიანებში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს. მე ვგიჟდები ჩვენს ხალხზე, ასეთი ბრძენი და ყველაფრის მომთმენი ერი არ მინახავს. თუმცა, ყველაფერს საზღვარი აქვს. თუ ეს პროცესი არ შეაჩერეს და დოლარის გაძვირება გაგრძელდა, ეს იქნება კატასტროფა. მე ძალიან ვთხოვ მთავრობას და განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდს, რომ როგორმე ეს პროცესი შეაჩერონ.

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი):  არავის გაუხარდება ფასების მომატება, მაგრამ ის, რომ ისეთი პროტესტი იყოს, რაიმე სახელმწიფოებრივი რყევა გამოიწვიოს, არ მგონია. რა თქმა უნდა, ფასების მატება სასიამოვნო არავისთვის იქნება და საზოგადოების იმ ფენას, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს, ნამდვილად გაუჭირდება.

 

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): პროტესტს არ გამოიწვევს, მაგრამ საზოგადოების კეთილდღეობას რომ ძალიან დაარტყამს მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები, ეს ნათელია. ადრე თუ გვიან საზოგადოებასაც ამოუვა ეს ყველაფერი ყელში და პროტესტი მოჰყვება, თუმცა ჯერჯერობით არ მგონია. თუ მთავრობა ამ გზას გააგრძელებს, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ მოსახლეობას ასე ცხოვრება აღარ ენდომება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×