მოსაზრება
05.12.2016

თამაზ აქუბარდია

საკითხი, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, ერთი მხრივ საკმაოდ საჭირბოროტოა და, მეორე მხრივ, ძალზე სათუთი, რადგანაც ეთნიკურ საკითხს ეხება.

ამ რამდენიმე კვირის წინ, სრულიად შემთხვევით, ხელში ჩამივარდა პროფესორ ლალი მღებრიშვილის წიგნი, სათაურით, - "მუხრანი", სადაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია ნაშრომის იმ ნაწილმა, რომელიც სოფელ მუხრანის, რომელიც თავის დროზე "ქვეყანად" იწოდებოდა და 40-მდე სოფელს მოიცავდა, ეთნიკურ შემადგენლობას ეხებოდა.

ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეთნოგრაფიული მასალა მოძიებულ იქნა 1991-1997 წლებში, რომელიც შემდეგ წიგნად ჩამოიქნა და თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდსაც, ეს ავტორის საქმისადმი უზადო სიყვარულზე მიუთითებს.

როგორც ყველასათვის ცნობილია, მე-19 საუკუნეში ცარიზმი, აშკარად, თუ ფარულად, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივი ერთეულის მიმართ, რისთვისაც იყენებდა ჩვენი მეზობელი ერის, რომელიც არანაკლები სახელოვანი ისტორიის პატრონია, რიგი წარმომადგენლების სულმოკლეობას. თუმცა, იმ ანდაზისა არ იყოს, - "ცული მარტო რას მიზამდა, ჩემი გვარისაც რომ არ ერიოსო", არც ქართველები აკლებდნენ ხელს, რისთვისაც საკმარისია ბაგრატოვანთა გვარის ერთი უღირსი წარმომადგენლის მოყვანა.

საბოლოოდ, ისეთი პოლიტიკა წარიმართა მეფის რუსეთის მხრიდან, რომ ბევრმა ქართველმა საქართველოში, შუაგულ ქართლში, სომხური გვარი აიღო და იმათ სჯულზე მოინათლა, რათა მიეღო როგორც საგადასახადო შეღავათები, ასევე თავი აერიდებინა მეფის ჯარში სამსახურისთვის.

ეს კიდევ ერთხელ ცხადად მიუთითებს დიალექტიკური მატერიალიზმის ერთ-ერთი, ადამიანის ღირსების შემლახავი კანონის მოქმედებას - სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ფიზიკური გადარჩენის მიზნით ცნობიერება დათმეს. ცხადია, ვერ განვსჯით, - გაჭირვება რას არ გაგაკეთებინებს, მაგრამ ვერც გავამართლებთ!

ახლა კი, როცა ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად მოხსნილია, იქნებ იმათ, რომელთა წინაპრები ქართველები იყვნენ და ბედის უკუღმართობის გამო გვარი და ეროვნება შეიცვალეს, იფიქრონ იმაზე, რომ დაიბრუნონ წინაპრების გვარი.

მაგალითისთვის, მუხრანში და კასპის რაიონში საკმაოდ გავრცელებულია გვარი მეჩითოვი, რომლებიც სომხებად იწერებიან, არა და გვარის ეტიმოლოგია ჩითის მკეთებლებს, ანუ მეჩითიშვილებს ნიშნავს. ასეთი მაგალითების მოყვანა ბევრი შეიძლება.

ცხადია, ყველა ერი თავის კუთვნილ პატივისცემას იმსახურებს და ერთად უნდა ავაშენოთ კარგი საქართველო, მაგრამ დემოგრაფიული კვლევებით, ჩვენი ერი გადაშენების გზაზე მდგარი ერების სიაშია და, ამდენად, ამ საკითხს აქტუალიზაცია სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×