ლარის თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ და აქციზის მომატებამ პროდუქტებზე ფასების გაზრდა უკვე გამოიწვია. გაძვირებულია თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობა. თუმცა, მიუხედავა ამისა უმრავლესობაში აცხადებენ, ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მისივე თქმით, ახალი წლისთვის ფასების ზრდა შესამჩნევი არ იქნება. როგორც ძიძიგურმა განმარტა, ეს მეცნიერულად არის გათვლილი.
"ეს არის გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას", - განაცხადა ძიძიგურმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით კი, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, ათი ათასობით ლარი იხარჯება მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე". მისივე თქმით, ეს ამორალურია და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რა ხელისუფლებასთან აქვს საქმე.
საახალწლოდ ელოდებით თუ არა ფასების მკვეთრ მომატებას, ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ფასების მომატებას პრინციპში ველოდები, თუმცა პირდაპირ პროპორციულს არა, რაც ლარს დაემართა. ზოგიერთი რაღაცეები უკვე გაძვირდა და ალბათ კიდევ გაძვირდება. მაგალითად, კოსმეტიკის და პირდადი მოხმარების საგნები გაძვირებულია. საცხი თუ 3 ლარი ღირდა - 4,50ლარი გახდა. ეს არ არის საგანგაშო ფასი, მაგრამ ხომ მოიმატა?! და ველოდები კიდევ გაძვირებას.
გია ბუღაძე (მხატვარი): სამწუხაროდ, ამ მთავრობის ხელში ყველანაირ უბედურებას ველოდები. "ოცნება" მე მგონი ხალხზე აღარ ფიქრობს და მხოლოდ იმ განცხადებას აკეთებენ, რაც მათ უნდათ. მაგალიდათ "ოცნების" წევრმა გააკეთა განცხადება, რომ ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევსო. არადა ნახეთ, ლარის გაუფასიურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამიტომ ამათგან აღარაფერი მიკვირს.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): ყველაფერი უკვე გაძვირდა, ალბათ კიდევ მოიმატებს. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მსოფლიოში ბენზინის ფასი იმატებს, ჩვენთან კიდევ აქციზს ამატებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველაფერი გაძვირდება. ასე რომ, კარგს არაფერს არ ველი.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): რა თქმა უნდა, ფასების გაზრდას ველოდები, თან ზოგიერთი რაღაც უკვე გაძვირებულია. ლარის ასეთი დაცემა აუცილებლად გამოიწვევს ფასების მომატებას. ვფიქრობ, მოსახლეობა ამას კარგად იგრძნობს.
ხელისუფლება ეცდება ახალ წლამდე როგორმე დაარეგულირონ ფასები, ძალიან არ გააძვირონ, მაგრამ ეს პროცესი ისეთი გზით მიდის, რომ ფასების მომატება გარდაუვალია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზე ცუდად და უარყოფითად აისახება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე