ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს უძველესი ათასწლეულებიდან ქართულ-ბერძნულ ურთიერთობათა ღრმა ფესვებზე. ქართული კვალის ძიებას ძველ საბერძნეთში ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მასალას მივაწვდით ჩვენს მკითხველს ბერძენთა და კოლხთა თანაცხოვრებაზე, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე.
ისტორიკოსის თქმით, საბერძნეთში ქართველთა ეთნოსის ყოფნისა და ასევე ბერძენთა და კოლხ-პელასგთა თანაცხოვრების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძველბერძნული წერილობითი წყაროები.
"პელასგები ათენში იყვნენ და აქედან ისინი ატიკველებმა გააძევეს. ამის მიზეზად ჰეკატე ამბობს: "პელასგებმა კარგად მოუარეს ასამდე უვარგის მიწას, რაღაცად აქციეს, ათენელებს ეს შეშურდათ და მოუნდათ ეს მიწები, ამიტომ, გააგდესო".
ბერძენი ჰეროდოტე კი თავის "ისტორიაში" წერდა, რომ მთელ ელადას წინათ პელასგია ერქვა. ჰომეროსი თესალიის არგოს "პელასგურ არგოს" უწოდებდა. დიონისიოს ჰალიკინასელის ცნობით კი პელასგები საბერძნეთის მიწაზე მოვიდნენ ტროას ომამდე 17 თაობით ადრე. სტარბონე კი წერდა პელასგთა განსახლებაზე მთელ საბერძნეთში და ამ უძველესი ტომის საბერძნეთში ბატონობაზე.
რაც შეეხება ქართველი თემის არსებობას ბერძნულ მითოლოგიაში, ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ხალხური ამირანის მსგავსება ბერძენ პრომეთესთან. ისტორიკოს მარინე ცინცაბაძის თქმით, ორივეს - პრომეთესაც და ამირანსაც ზეციდან ჩამოაქვს კაცობრიობისთვის ცეცხლი. ამირანიც და პრომეთეც დასაჯა ზევსმა, და ორივე კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა.
კოლხი მედეა ბერძნულ მითოლოგიაში
ბერძნული ლიტერატურის ცნობილი პერსონაჟები არიან ასევე კოლხი მეფე აიეტი და მისი დები - კირკე და პასიფაე, სახელგანთქმული მეფის მინოსის მეუღლე, სწორედ მის დედოფლობას უკვავშირდება კუნძულ კრეტის აყვავების ხანა.
ყველა დროის ბერძენი და რომაელი ავტორების თხზულებებში კი მკვიდრდებოდა აიეტის ღვიძლი დის კირკეს, ჰელეოსის ასულის სახელი.
ბერძნული წყაროებით კირკე ცნობილი იყო გრძნეული ცირცეას სახელით, რომელიც ცხოვრობდა იტალიის ერთ-ერთ კონცხზე, რომელსაც შემდეგ "კირკეიონი" ეწოდა. მითიური კირკეს ბიუსტი დღესაც ინახება რომის ნაციონალურ მუზეუმში, დათარიღებული ძვ. წ. პირველი საუკუნის პირველი ნახევრით.
ბერძნულმა წყროებმა ასევე შემოგვინახა კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს შეხვედრის სცენა, როდესაც ისინი მშობლიურ ენას მონატრებულები შორელ საბერძნეში ერთმანეთს ქართულად ესაუბრებიან.
აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკაში" ამ სცენას ასე აღწერს: "კირკეს სურდა მედეას პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა, მხრისხანე აიეტის ასულმა კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე". დიოდორე სიცილიელი კი წერდა "მედეა კოლხური ენით გრძელი ლოცვის წარმოთქმას შეუდგა".
მარინე ცინცაბაძის თქმით, მედეას ოჯახის კვალი გრძელდება ჰომეროსის "ოდისეაში", მერმეროსზე და მის ვაჟზე ილოსზე (მედეას შვილი და შვილიშვილი).
ღმერთქალი ათენა ოდისევსის ვაჟს, ტელემაქეს ეუბნება - "პირველად ვიხილე ოდისევსი ჩვენს სახლში. სვამდა და მხიარულებდა. იგი მოდიოდა ეფირედან- მერმეროსისა და ილოსისაგან. იქ ოდისევსი სწავლობდა ხომალდის ტარებას, ეძებდა მამაც ხალხს და სპილენძის ისრებს".
ბერძნულ ლიტერატურაში კოლხ მედეას რომ განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ეს იქიდანც ჩანს, რომ მის სახელთან დაკავშირებული 200-მდე ლიტერატურული თხზულება არსებობს. ბერძნები წერდნენ მის სილამაზეზე და უბადლო ნიჭზე, მაგრამ მედეას სახე ბერძნულ ლიტერატურაში მაინც თავისი ტრაგიკული სიყვარულით არის ცნობილი.
"განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ევრიპიდეს ტრაგედია "მედეა", სადაც მედეა კლავს თავის ორ შვილს. თუმცა, იგივე ბერძნულ ლიტერატურაში არსებობს სხვა ვერსიაც; კრეოფილეს მიხედვით, მედეას შვილები მოუწამლავს კორინთოს გამგებელს, კრეონტს. დოდორე სიცილიელსაც და აპოლოდორესაც სცოდნიათ კორინთოელების მიერ მედეას შვილების დახოცვის ამბავი", - ამბობს მარინე ცინცაბაძე.
"კოლხური ოქროდამწერლობა"
ისტორიკოსის თქმით, კოლხებზე და მათ დამწერლობაზე ცნობებს გვაწვდის დოდორე სიცილიელი. თავის "ისტორიულ ბიბლიოთეკაში" მას გადმოცემული აქვს ძვ.წ. მეექვსე საუკუნის პოეტების სახელები, რომლებიც წერდნენ პელასგური ასოებით; თხზავდნენ სიმღერებს და ასრულებდნენ კიდეც.
ბერძენი ავტორი, ვინმე ძნეობისის ცნობით, სიმღერების ტექსტის შემქმნელი ლინოსი მოკლული იქნა კადმოსის მიერ (იგი ითვლება ბერძნული დამწერლობის შემქმნელად), რომელიც უპირისპირდებოდა საბერძნეთში პელასგური დამწერლობის გავრცელებას.
მარინე ცინცაბაძის თქმით, კუნძულ კრეტაზე კოლხური კულტურის შეტანის ყველაზე არგუმენტირებულ საბუთად მეცნიერები მიიჩნევენ კოლხური "ოქროდამწერლობის" და ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშების არსებობას. "კოლხური ოქროდამწერლობის" შესახებ წერდა ბერძენი ხარაქს პერგამონელი.
დამწერლობა შესრულებულია, გამომწვარ თიხის ფირფიტაზე და მასზე თითოეული იეროგლიფის შესრულებისთვის ჩამოისხა ოქროსაგან დამზადებული ყალიბი. ოქროსაგან იმიტომ, რომ თბილი თიხის ფირფიტაში მხოლოდ ოქროსგან ჩასხმული ყალიბი ძლებდა. სწორედ ყალიბად ოქროს გამოყენებამ მისცა მას სახელწოდება "ოქროდამწერლობა".
კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი "ფესტოსის დისკო" კი მეცნიერთა აზრით, არის ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში კოლხურ ენაზე ნახატ-ნიშნებით შექმნილი "კოლხური ოქროდამწერლობის" რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ჰიმნს, საგალობელს.
ქართული კვალი ბერძნულ ხელოვნებაში
ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე, საინტერესო პარალელს ავლებს კრეტას სასახლის მხატვრობასა და ქართული ხელოვნების ძეგლებს შორის, სადაც ასახულია კრეტას უზენაესი ღვთაების მიწის ქალღმერთის, ატრიბუტი კოლხური ორმაგი ცული და ხარებისა და ადამიანების ურთიერთობის სცენა.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ხარის კულტი კრეტაზე კოლხ-პელასგების მიერ ტრადიციის შეტანის კიდევ ერთი ნიმუში იყოს.
რაც შეეხება კოლხების როლს ბერძნული რელიგიური სიმბოლოების დამკვიდრების საქმეში, ჰეროდიტე წერს, რომ ბერძნულ რელიგიურ პანთეონში ღმერთების სახელები, რაც ეგვიპტური არ არის, ის ყველა პელასგურია.
კოლხ-პელასგთა გავლენა აისახა ძველბერძნულ ქანდაკებასა და არქიტექტურაში. ამის შესახებ ცნობები დაცულია ჰეროდოტესთან. კერძოდ ის, რომ ათენელებისათვის აკროპოლი პელასგებს აუგიათ, ხოლო დიდი ლოდებისაგან ნაგებ ამ კედელს "პელასგური გალავანი" ეწოდებოდა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ხელოვნების დარგებს შორის აღიარებული ბერძნული ქანდაკებების სრულყოფაშიც პელასგები ჩანან, აქ საუბარია პელასგებში მრგვალი ქანდაკების არსებობისა და იმ სტილის შესახებ, რომელიც შემდგომში ბერძნებს შეუთვისებიათ.
ჰომეროსის ცნობით, ბერძნებს ქანდაკებათა კვეთა ეგვიპტელებისგან კი არ უსწავლიათ, არამედ პელასგებისგან, ანუ ამ სახის ქანდაკების შესრულების ტრადიცია გადმოიღეს პელასგებისაგან "პირველად, ყველა ელინთა შორის, ათენელებმა, ხოლო მათგან დანარჩენებმა აითვისესო".
როგორც ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე ამბობს, არქეოლოგიურმა მასალამ და ბერძნულმა წერილობითმა წყაროებმა შესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს გაეკეთებინათ დასკვნა, რომ ქართველებმა ბერძნული კულტურის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და ისინი ითვლებიან ევროპული ღირებულებების საფუძვლების შექმნის თანამონაწილეებად.