ამბავი ცოტნე დადიანის პოლიტიკური პერფომანსისა
მამუკა ნაცვალაძე
10.12.2016

 XIII-ის ქართულ კოჰორტაში თავისი ზნეობრიობითა და თავდადებით გამორჩეული ადგილი უკავია ცოტნე დადიანს. ყ||| ს-ის საქართველოს მთავარი პრობლემა იმ ზნეობრივი კატეგორიების უარყოფა გახლდათ, რომელსაც ეფუძვნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანა.

1177 წელს საქართველოს სამეფო კარზე დატრიალებული მანამდე გაუგონარი ტრაგედიის შემდგომ ერთგვარად განიმუხტა სიტუაცია თამარის, როგორც გამორჩეული ქრისტიანის პიროვნული ღირსებების მეშვეობით. მისი კაცთმოყვარეობა და მიმტევებლობა ყველასთვის საარაკო და მისაბაძი გახლდათ, რამაც თამარი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიადაც არ გახლდათ ძლიერი მეფე, საერთო სახალხო გმირად აქცია.

სულ სხვა რეალობაა მის შვილებან დაკავშირებით - ლაშა გიორგი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა, ის თავისუფალი მოაზროვნეა, კარგად ითვისებს ეპოქის სიახლეებს, თუმცა, ეს ყველაფერი მას, ქართველი მეფის რანგში სრულიადაც არ ამაღლებს. კონსერვატორული თვისებებით ხელდასხმული ქართული საზოგადოება ვერ ეგუება მის თავისუფლებას, იმ ტრადიციების უარყოფას, საქართველის მეფეებისათვის ქცევის ელემენტარულ ნორმად რომ იყო აღიარებული.

ამ მხრივ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია რუსუდანმა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოს სამეფო ტახტზე. სამეფო კარის ინტრიგებმა საქართველოს სხვა დედოფლებიც ჩაითრია. სწორედ ასე იქცა ერთ დროს გამორჩეულად ზნეობრივი კატეგორიებით ხელდასხმული სახელმწიფო უზნეობის აღლუმის ასპარეზად. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, საზოგადოებაში უზნეობა ვერ დამკვიდრდა მისაღებ კატეგორიებად.

სწორედ ამიტომაც გააჩნდა ყოველთვის დიდი რეზონანსი იმ ნათელ მაგალითებს, ფრაგმენტულად ქართველი გმირები რომ ქმნიდნენ. ეპოქის გამორჩეულთა შორის კი დემეტრე თავდადებულის გვერდით ცოტნე დადიანი გახლდათ.

იყო თუ არა ცოტნე დადიანი რეალური პიროვნება

იყო თუ არა ცოტნე დადიანი რეალური პიროვნება? ნამდვილად მოხდა თუ არა კოხტასთავის შეთქმულება? ეს ის კითხვებია, რომელიც გასული საუკუნის 40-იანი წლებისას აქტიურად განიხილებოდა სიმონ ჯანაშიას და ნიკოლოზ ბერძენიშვილის მიერ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობისას.

საგულისხმოა, რომ მეცნიერებს არ სურდათ ამ ეპიზოდის შეტანა სახელმძღვანელოში. რამდენადაც კოხტასთავის შეთქმულება და ცოტნე დადიანის გმირობა გარდა ჟამთააღმწერლის თხზულებისა სხვა წყაროებით არ დასტურდება. ამასთან ნამეტანი გულუბრყვილოდ მოსჩანს ის, რომ ფაქტზე დაჭერილი ერისთავები მონღოლებს ცოტნეს თავგანწირვის გამო გაეთავისუფლებინათ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ამ ამბის ერთი საუკუნის შემდგომი, ყ|ქ ს-ის წერილობითი ვერსია, ავტორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ეს მოვლენაც სწორედ ხალხური თქმულების ასპექტში გაიაზრეს..

როგორ დადგა უმეფობის ხანა საქართველოში

მიუხედავად ამისა, იმდროინდელ მოვლენებს თუ გავადევნებთ თვალს ყველა პირობა გახლავთ იმისთვის, რომ ასეთი პროტესტი გამოეხატათ ქართველებს უცხო დამპყრობლის პოლიტიკის მიმართ. მას შემდეგ, რაც 1245 წელს რუსუდან დედოფალი გარდაიცვალა, სამეფო კარზე აღარავინ დარჩა, ვინც მეფობის გვირგვინს დაიდგამდა. რუსუდანის მთელი აქცენტები საკუთარი შვილის დავითის გამეფებაზე ჰქონდა გადატანილი, ის მეფობის მიღების მიზნით ადგილობრივმა მონღოლმა მოხელეებმა ოქროს ურდოში, ყარაყორუმში გააგზავნეს.

ეს XIII საუკუნეა, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოში არავინ უწყის რა ბედი ეწია შორ გზაზე დამდგარ დავით რუსუდანის ძეს, არც ის იციან ჩააღწია თუ არა ყარაყორუმამდე, ბევრს იმაშიც ეპარება ეჭვი, არის თუ არა ცოცხალი ის.

ამ გაურკვევლობით სარგებლობენ მონღოლები და საქართველოში მეფობას აუქმებენ. უმეფობამ ორიოდ წელს გასტანა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ორივე დავითი დაბრუნდა მონღოლთა დედაქალაქიდან, ორივე მეფის ტიტულით. მანამდე კი ქვეყანა ფაქტობრივად უპატრონოდ იყო.

უმეფოობის ხანა რთულად შესაგუებელი აღმოჩნდა ქართველთა გამორჩეული ნაწილისათვის, მათ შორის იყვნენ დუმნის თავებიც, რომელთა უმეტესობაც ეროვნულ პოზიციაზე იდგა.

როგორ მოშალეს მონღოლებმა ქართული ფეოდალური ცხოვრების წესი

მონღოლებმა უმეფობით ისარგებლეს და მათთვის სასურველი რეფორმაც განახორციელეს, რომელიც საქართველო დუმნებად დაყოფას ითვალისწინებდა. დუმანი ათიათასი კაცისგან შემდგარ რაზმს ნიშნავს, ახალი ტერიტორიული პრინციპის შესაბამისად თითოეულ დუმანს ათი ათასი მებრძოლი უნდა გამოეყვანა.

ეს ფეოდალური წეს-ჩვეულებების მოშლასაც გულისხმობდა, რამდენადაც ამ შემთხვევაში მთლიანად იცვლებოდა ქართველთა ცხოვრების წესი და სწორედ მასზე მიდიოდა ძირითადი შეტევა. ეს კი ქართული საზოგადოების თვისებრივ ცვლილებაზე მიანიშნებდა.

ეს მტკივნეული პროცესები ქრონოლოგიურად სწორედ კოხტასთავის შეთქმულებას ემთხვევა. ბუნებრივია, ეს ის ცვლილებებია, რომელიც უდავოდ იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას, ამიტომაც ქართველთაგან პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმაც არ უნდა ყოფილიყო ილუზია.

როგორ მწიფდებოდა კოხტასთავის შეთქმულება

კოხტასთავი სამცხეშია, ასპინძის რაიონში, სოფელ დამალას მიდამოებში. აქ შეკრებილან შეთქმულები. ჟამთააღმწერლის ცნობით, იქ შეიყარა როგორც დუმნისთავები, ასევე იმ პერიოდის ყველა გავლენიანი პირი. მათ შორის შოთა კუპარი, ჰერეთის ერისთავი (პავლე ინგოროყვას ვარაუდით ეს იყო შოთა რუსთაველი) თორელ-გამრეკელი, თორღვა პანკელი, ჰერ-კახნი, ქართველნი, ანუ ქართლელნი, მესხნი და ტაოელნი.

მათ საერთო საწუხარი აქვთ - მას შემდეგ რაც რუსუდანმა მიატოვა აღმოსავლეთ საქართველო და ქუთაისში გაიქცა, ქართველმა დიდებულებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს, რის გამოც მონღოლებმა ფაქტობრივად უბრძოლველად დაიპყრეს საქართველო.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ ასეთი უმოქმედობა ფეოდალებს სანანებელი გაუხდათ. მონღოლებს ქართველები უპირველესად სამხედრო ძალად მოიაზრებდნენ, ჩვენი წინაპრები ყოველ წელს მიჰყავდათ შორეულ ლაშქრობებში. განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ალამუთის ციხის წინააღმდეგ მუდმივი ლაშქრობები. ალამუთი თურქ-სელჩუკთა მიუვალი ციხე იყო, აქ ასასინები იყვნენ გამაგრებული. აუღებელ ციხე-სიმაგრეზე ლაშქრობას უდიდესი მსხვერპლი ახლდა თან - ყოფილა შემთხვევები, როცა ალამუთის ციხის ლაშქრობიდან არც ერთი ქართველი ცოცხალი არ გადარჩენილა.

ამასს გარდა მონღოლები უზომოდ ზრდიდნენ გადასახადებს, მათი ფანტაზია უსაზღვრო იყო, როცა ახალი გადასახადების შემოღებაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, თანაც ამას ისე აკეთებდნენ, ქართველებს არაფერს ეკითხებოდნენ.

რა გადაწყვიტა კოხტასთავზე შეკრებილმა ქართველობამ

კოხტასთავზე შეკრებილთ ფაქტობრივად ერთი აზრი და ერთი ფიქრი გააჩნდათ. ამიტომაც საკმაოდ სწრაფად შეთანხმებულან. ასე გადაწყდა ყველა ერისთავისა და დუმნისთავის ჯარი გამოეყვანა და მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება დაეწყოთ. სამხედრო ოპერაციისათვის თავმოყრა რკინისჯვარში გადაწყდა.

რკინისჯვარი სამცხეშია, სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო შეიარაღებული აჯანყება. საერთო-საყოველთაო განწყობით ერთი რამ იყო ნათელი - თუკი არ მოიშორებდნენ მონღოლთა უღელს, მაშინ მონღოლები თავად გამოუყვანდნენ წირვას ქართველობას. ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო, ამიტომაც სასწრაფო ქმედება გახლდათ აუცილებელი.

ამ განწყობით დაიშალნენ შეკრებილნი. ყველაზე ადრე ოდიშის ერისთავი ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე წავიდნენ, რამდენადაც მათ შორი გზა ჰქონდათ გასავლელი და უნდა მოესწროთ დროულად ჯარის შეკრება და რკინისჯვარში მისვლა.

სწორედ აქ იწყება ის ამბავი, საარაკოდ რომ შემორჩა XIII-ის საქართველოს ისტორიას.

რატომ გადაწყვიტა ცოტნე დადიანმა ანისში ჩასვლა

კოხტასთავის შეთქმულება გასცეს. ჟამთააღმწერლის მინიშნებით შეთქმულები დაშლას რომ აპირებდნენ მონღოლები მაშინვე გაჩნდნენ იქ და ყველა შეიპყრეს. არ შეუპყრიათ ორი ერისთავი კახაბერ კახაბერის ძე და ცოტნე დადიანი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ნაადრევად პირველებმა დატოვეს საიდუმლო შეკრება.

მონღოლებმა შეთქმულები ანისში მონღოლ ნოინ ჭორმაღანთან წაიყვანეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, გააშიშვლეს და მცხუნვარე მზეზე დაყარეს. მონღოლები ცდილობდნენ გამოეტეხათ ქართველები. მათ შეთქმულებაში ამხელდნენ. შეთქმულებმა პირი შეკრეს, ყველა იმას მიანიშნებდა რომ კოხტასთავზე გადასახადების მოწესრიგების საბაბით შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ეს ვერსია მონღოლთათვის ძნელი დასაჯერებელი იყო.

ყველაფერი ცოტნე დადიანის საქციელმა გადაწყვიტა. ცოტნემ პირობისამებრ ჯარი შეკრიბა და როცა ლიხის მთა გადმოლახა, შეიტყო შეთქმულთა დაპატიმრების შესახებ. დადიანმა ჯარი უკან გააბრუნა და მარტო გაემართა ანისში. ჭორმაღან ნოინთან რომ მივიდა, ხელ-ფეხი შეიკრა და დანარჩენი ქართველების გვერდით დაჯდა. ამ პოლიტიკურმა პერფომანსმა ერთობ გააოცა მონღოლები, რომელთაც ოდიშის ერისთავმა თავისი ქცევა ასე აუხსნა - მეც ისეთივე უდანაშაულო ვარ, როგორც თქვენ მიერ შეპყრობილი ერისთავებიო. თუ მათი დასჯა გადაგიწყვეტიათ, მეც მათ გვერდით ვიქნებიო.

მონღოლებმისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა ცოტნე დადიანის ეს ქცევა. ირწმუნეს მისი და დანარჩენი ქართველებიც გაათავისუფლეს. მონღოლთა გულმოწყალების მიზეზი დიდი ალბათობით სწორედ ის იყო, რომ მათ ყველა ერისთავის დასჯა არ აწყობდათ, რამდენადაც ამის შემდეგ ფაქტობრივად კარგავდნენ ხარკის აღებისა და სამხედრო ბეგარის ორგანიზატორებს.

ამბავი ღირსებაშემკული მონღოლი ჭარმაღანისა

მიუხედავად ამ პრაგმატული გათვლისა, მონღოლებს არ უნდა დავუკარგოთ ღირსება ცოტნე დადიანის ღირსების დანახვისა. ჭორმაგანი მონღოლია, ცივილიზაციასთან მწყრალად მყოფი, მაგრამ ადამიანური ღირსებით შემკობილი. ცალსახად უნდა ვთქვათ - ის არ არის გულუბრყვილო. ბუნებრივია მას არ შეუძლია დაუჯეროს ცოტნეს - ფაქტი ხომ სახეზე - აბა რა მონღოლურ გადასახადზე უნდა ემსჯელათ ქართველებს, ისიც კოხტასთავზე - ასეთი არგუმენტი ხომ უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. არადა, ის პერფომანსი, რომელიც ოდიშის ერისთავმა შესთავაზა ჭორმაგანს, აშკარად მიანიშნებს რომ აქ უფრო ღრმა ქვეტექსტებია, ვიდრე დამნაშავისა თუ უდანაშაულობის გარკვევა.

ჭორმაგანი ხვდება, რა არის ფასეული - მიუხედავად იმისა, რომ ძალაც და სიმართლეც მის მხარესაა, ცოტნეს ერთმა ჟესტმა ყველაფერი გადაწონა. ახლა ჯერი მასზეა - და აქ ღირსეული ჭორმაღანი იქცევა ისე, როგორც ღრმა ფილოსოფოსი - ის ათავისუფლებს ყველა ქართველს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონღოლმა არანაკლებ ღირსეული საპასუხო სვლა გააკეთა - ისევ გვაჯობა ძალითაც და ღირსებითაც.

სწორედ მონღოლის ღირსებამ შექმნა ეს საარაკო ეპიზოდი, ყ||| ს-ის პორტრეტის ერთ-ერთი გამორჩეულ ფრაგმენტად რომ იქცა, ტკბილად გასახსენებელ ფრაგმენტად, რამეთუ გავა სულ მცირე ხანი და ანისში ერთმანეთისთვის დამაშვრალი ქართველი ერისთავები ულმობლად წაეკიდებიან ერთმანეთს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×