ია აბულაშვილი
10.12.2016

 მე-19-20 საუკუნის ქართველმა ფოტოხელვანებმა არაერთი უნიკალური ფოტო შემოგვინახეს ორი საუკუნის წინურმებით დაწყებული თბილისის ტრანსპორტიის ისტორიიდან. დღეს მართალია აღარც კონკაა და აღარც ფაეტონი, მაგრამ მათ თბილისში პირველად გამოჩენის ისტორია დარჩა და ამის შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

მეცხრამეტე საუკუნის დამლევს თბილისი ერთ-ერთი საკვანძო ცენტრი იყო მთელს ამიერკავკასიაში, სავაჭრო გზაც აქ გადიოდა.

"თბილისში ჩამოდიოდნენ მოგზაურები პარიზიდან, კურიერები პეტერბურგიდან, ვაჭრები კონსტანტინეპოლიდან; ინგლისელები კალკუტიდან და მადრასიდან, სომხები სმირნიდან და უზბეკები ბუხარადან. ეს ქალაქი იყო მთავარი საკვანძო პუნქტი ევროპასა და აზიას შორის", - წერდა ფრნაგი კონსული შარლ გამბა.

იმ დროს თბილისში მხოლოდ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იყო - "ლინეიკა", ორცხენიანი ფაეტონი, ეტლი, რომელსაც თბილისელები "დროშკას" ეძახდნენ.

"დროშკები გამწკრივებულნი იდგნენ შუა ბაზარში, მადათოვის მოედანზე, ტფილისის მედროშკენი ისე დააქროლებდნენ თავიანთ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემდნენ", - ასე იხსენებდა ბარონი ტურნაუ მე-19 საუკუნის თბილისს.

"კონკა"

იმ დროს თბილისში 439 ორცხენიანი და 117 ერთცხენიანი ეტლი და 672 საზიდარი მოძრაობდა. თბილისის გარეთ გადაადგილება "დილიჟანებით" ხდებოდა. ცხენის რკინიგზა - ე.წ. "კონკა" ქალაქში პირველად 1883 წლის მარტში გამოჩნდა.

ცნობისათვის, კონკა, როგორც სატრანსპორტო საშუალება, პირველად მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ნიუ-იორკში დამკვიდრდა, 1854 წელს პარიზი დაიპყრო, 1860 წელს კი პეტერბურგის ქუჩებში გამოჩნდა.

1883 წლის აპრილში გაზეთი "დროება" წერდა: "გუშინ ტფილისის საქალაქო მმართველობის დეპუტატთა საგანგებო კომისიამ დაათვალიერა ცხენის რკინიგზა - კუკიის ხიდიდან ვაგზლამდე. ცხენის რკინიგზა სრულიად მზად არის. გაიხსნება რამდენიმე დღის შემდეგ. ვაგონები, რომლებიც პირველი რიცხვიდან ივლიან, იტევენ ოც კაცს".

გაზეთი ასევე იტყობინებოდა, რომ პირველ ხანებში მოძრაობას მოემსახურებოდა 30 ვაგონი და 120 ცხენი, ხოლო "მუშტაიდის" ზემოთ სახელოსნოებისა და საჯინიბოებისათვის დიდი შენობა გამოიყოო.

რამდლენიმე დღის შემდეგ ქალაქის ქუჩებში დაგებულ რელსებზე მოძრაობა დაიწყო კონკამ. პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე (დღევანედლი აღმაშენებლის გამზირი) გადიოდა და ერთმანეთს აკავშირებდა ვორონცოვის მოედანს (ახლანდელი საარბრიუკენის მოედანი) და რკინიგზის ვაგზალს. შემდეგ მარშრუტი გააგრძელეს ერევნის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი).

მოგვიანებით კონკა მოძრაობდა გოლოვინის პროსპექტზეც (რუსთაველის გამზირი) და ვერის ხიდის გავლით გადიოდა კირხეს ქუჩაზე (მარჯანიშვილის ქუჩა).

1899 წელს ტფილისში კონკის 22 კილომეტრიანი ლიანდაგი იყო. თითოეულ ვაგონს დაჰყვებოდა კონდუქტორი, რომელიც ვაგონს მგზავრების მოთხოვნით აჩერებდა. კონკით მგზავრობა 3-5 კაპიკი ღირდა. კონკა თბილისში 1910 წლამდე დადიოდა.

ტრამვაი

პირველი ტრამვაი თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. ქალაქში პირველი ხაზი 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ვიწრო ლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით, ბელგიურმა კომპანიამ ააშენა.

ტრამვაის ვაგონები თავდაპირველად ორსართულიანი უნდა ყოფილიყო, ასეთ ვაგონებს "იმპერიალს" ეძახდნენ, მგზავრებს კი - "სამკაპიკიან იმპერიალებს". "იმპერიალს" ვიწრო კიბე ჰქონდა და მეორე სართულზე ქალებს არ უშვებდნენ.

ცნობისათვის, საქართველოში ტრამვაის პირველი მძღოლი ქალი იყო - ელენე დუშევინა. თბილისი კი მე-17 ქალაქი იყო მსოფლიოში, სადაც ტრამვაი დადიოდა.

პირველმა ტრამვაიმ თბილისში 1904 წლის 21 ნოემბერს გაიარა. თავდაპირველად ტრამვაის ვაგონები ღია იყო და სუსხიან ამინდში მგზავრობა არცთუ სასიამოვნო, მაგრამი მგზავრები მაინც არ აკლდა და ქალაქის ბიუჯეტში დიდი შემოსავალი შეჰქონდა.

ვაგონებში ასეთ განცხადებებსაც შეხვდებოდით: "ვაგონებში იკრძალება ფეხების მეორე სკამზე შემოწყობა"; "ვაგონში შესვლა ეკრძალება ჩხუბისთავებს და მთვრალებს... ასევე ცხოველების (ძაღლების, ღორების, ძროხების, ცხენების) შეყვანა, რომლებსაც მუხლებზე ვერ დაისვამენ და ავიწროვებენ მგზავრებს".

1917-1921 წლებში თბილისში ტრამვაის ბორტზე დამაგრებული იყო პირველი რესპუბლიკის გერბი.

პირველი ავტომობილი თბილისის ქუჩებში

1901 წელს, რუსეთის იმპერიის გზათა მინისტრმა, ვინმე ხილკოვმა საფრანგეთიდან ავტომობილები გამოწერა. აქედან ორი "დე დიონ ბუტონის" ფირმის, რომელიც ორ ადგილიანი იყო და 3,5 ცხენის ძალის სიმძლავრის, მესამე კი "პანარ ლევასორის" ფირმის, ოთხადგილიანი და 14 ცხენის ძალის სიმძლავრის გამოცდა გადაწყვიტა საქართველოს სამხედრო გზის რთული რელიეფის პირობებში.

ორ მანქანას მართავდნენ თავად მინისტრი ხილკოვი და გრაფი შულენბერგი, მესამეს კი მარკიზი პასხანი.

ავტომობილების კოლონა 1901 წლის 19 სექტემბერს, დილით 7 საათზე ქალაქ ვლადიკავკაზიდან თბილისის მიმართულებით დაიძრა და მეორე დღეს უკვე თბილისში შემოვიდა. ამ სანახაობამ დიდად გააოცა თბილისელები და იმასაც ამბობდნენ, ერთ-ერთი პირველი ავტორალი საქართველოში გაიმართაო.

1901 წელს პირველი ავტომობილი ბორჯომის ხეობაშიც გამოჩნდა. დიდ მთავარს, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვს საფრანგეთში მოგზაურობის დროს შეუძენია "მორისის" ფირმის 10 ცხენის ძალის სიმძლავრის 4 ადგილიანი ავტომობილი, რომელიც ბათუმიდან რკინიგზით ჩაუტანიათ ბორჯომში. ნიკოლოზ რომანოვი თითქმის ყოველდღე სეირნობდა ამ ავტომობილით ბორჯომი-მიხეილის გზაზე. როგორც ამბობენ, ამ ავტომობილს, რომელსაც მართავდა მძღოლი ლეონ რენოლდი, გაუვლია 1 200 ვერსი.

პირველი ავტომობილის მფლობელი კი თბილისში ყოფილა მადამ ბოზარჯიანცი, რომელიც თამბაქოს მწარმოებელთა ოჯახიდან იყო და ქალაქში რამდენიმე საფირმო მაღაზიებსაც ფლობდა. მადამ ბოზარჯიანცს ეს ავტომობილი პარიზიდან გამოუწერია და მას ასევე პარიზიდან ჩამოსული მძღოლი ემსახურეობდა.

გერმანული მოდელის, "ბენცის" ფირმის 3 სამგზავრო ავტომობილი, რომელიც 11 ადგილიანი იყო, 1914 წელს თბილისში კოჯრის გზაზე გამოსცადეს. როგორც ამბობენ, იმ დროს საქართველოში შეხვდებოდით ცნობილი უცხოური ფირმების მიერ წარმოებულ ავტომობილებსაც: "ჯენერალ მოტორსი", "პეჟო", "კადილაკი", "ოპელი", "მიტჩელი", "ოლდსმობილი", "ლორენს დიტრიხი" და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×