ია აბულაშვილი
12.12.2016

 ნიკოლოზ ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სატრფიალო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებაში, რომელიც მისი განჯაში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.

1844 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახიჩევანის მაზრის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ის ამავე თანამდებობაზე განჯაში გადაიყვანეს, სადაც მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა. თუმცა, არსებობს მეორე დაუდასტურებელი ვერსიაც, რომ პოეტს ნახიჩევანის ბეგის მეუღლესთან ჰქონდა რომანი, რასაც შეეწირა კიდეც.

მართალია თუ არა ეს, არავინ იცის, თუმცა განჯაში დაწერილი პოეტის ორი ლექსიდან - "მადლი შენს გამჩენს" და "დამქროლა ქარმან სასტიკმან" - ჩანს, რომ ტატო განჯაში ახალგაზრდა ქალით იყო გატაცებული. იგივე ჩანს მაიკო ორბელიანისთვის გაგზავნილ წერილშიც, სადაც პოეტი წერს:

"აქ ნახჩევანში ერთი ახალი ლექსია, თვრმეტის წლის ქალის ნათქვამი, რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვია. ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია. ბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის ცოლს. საცოდავი დამწვარია თავისი ქმრისაგან. თვრამეტი წლისა ყოფილა, რომ ძალზედ გაუთხოვებიათ. ამათი ამბავი რომ იცოდეთ, ერთი კარგი რომანია - ამ ლექსში თავის თავს სტირის".

ამბობენ პოეტი ძალიან განიცდიდაო უსიყვარულოდ გათხოვილი ქალის ბედს. მისმა ლექსებმა იმდენად დააინტერესა, რომ მათ თარგმანს მიჰყო ხელი.

ვინ არის ეს ლამაზი და მარილიანი ქალი, რომელსაც უცხოეთში გადახვეწილმა პოეტმა ლექსები მიუძღვნა - ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ ტატოს განჯის დღიურებიდან ამბად გაგონილ ერთ ისტორიას მოვყვებით.

განჯასა და ყარაბაღს შუა დუქანში მყოფი გლეხები და თვითონ მედუქნეც ირგვლივ შემორტყმიან საიდანღაც შემოხეტებულ აშუღს, რომელსაც ხელთ თარი უჭირავს, უკრავს და მღერის. ყველანი თითქმის გაოგნებულნი უსმენენ, ამ ქვეყანას ყველაფერი დავიწყებიათ, ზოგს თვალები მილულული აქვს. ამიტომ დიდხანს ვერ ამჩნევენ, რომ დუქანში ორი უცხო კაცი გამოჩნდა. ისინი მგზავრები არიან, განჯისკენ მიდიან, ერთი მათგანი მაზრის უფროსი ნიკოლოზ ბარათაშვილია, მეორე სამაზრო ექიმი ლუნკევიჩი. ისინი განზე გამდგარნი ყურს უგდებენ აშუღის სიმღერას.

ტატოს უთქვამს ექიმისთვის - აქ დავსხდეთო, და იქვე დაუძახია აშუღისთვის - შენ, ძმობილო, კანონებს რად არღვევ?

აშუღს მოუხედია, მედუქნეც გამოფხიზლებულა, ბარათაშვილს დაკვირვებია და უცვნია. ხელი წაუკრავს აშუღისთვის - მაზრის უფროსია, შენ გიწყრება. აშუღი მისულა და უმდაბლესი სალამი უთქვამს.

- ბატონო, ერთი საცოდავი მაწანწალა ვარ, ხელმწიფე-იმპერატორის კანონების დარღვევას როგორ გავბედავ.

- ჭირსაც წაუღია რაც ქვეყანაზე იმპერატორები არიან. შენ უფრო წმინდა კანონები დაარღვიე. განა ეგ მუხამბაზი იყო? - უთქვამს ბარათაშვილს.

აშუღს ეტყობოდა ბარათაშვილი ადრეც უნახავს, იცის, რომ მის წინაშე მოხელე კი არა, პოეტია. უმალ წელში გამართულა და სიხარულით თვალები გაბრწყინებია.

- დამნაშავე ვარ, ბატონო, არ იყო მუხამბაზი. ყველანი არღვევენ, მე ვინა ვარ, თითონ არუთინა არღვევდა, საიათნოვა, საქართველოს მეფის საზანდარი იყო და მაინც არღვევდა. დიდი იარანალი არღვევს. ჰაქიმ-ხან ავარი...

- ოჰო, შენ ბიძაჩემსაც იცნობ - უკითხავს პოეტს.

- ქინიაზ ხან ორბელიანს, ვინ არ იცნობს, ჯანუმ, ბევრჯერ მოვულხინე... ერთხელ სუფრაზე თავისი მუხამბაზის თქმაც ინება, მაგრამ მუხლში ხუთს მეექვსე ხაზი მიუმატა. ეგ ხომ მუსტაზადი გამოდის - უპასუხია აშუღს.

- მოდი აქ დაჯექი ჩვენთან, დღეს უნდა მოვილხინოთ.

მედუქნე კარგა ხანს გაოცებული უყურებდა აშუღის და პოეტის პაექრობას, შემდეგ დაფაცურდა და უთქვამს: "კარგ დროს მობრძანდით ქინიაზ- ხან, ქიშმიშში მოხარშული ცხვარი მაქვს, უკეთესი რამ სამარყანდშიც არ მოიძებნება..."

- შენ საიდან მოდიხარ, აშუღო? - უკითხავს ბარათაშვილს.

- მე ორი დღეა შენს კვალს დავეძებ ქინიაზ-ხან. მე დიდი სათხოვარი მინდა მოგახსენო, ბატონო, მთელ ქვეყანაზე, მარტო შენი იმედი გვაქვს.

- მითხარი, თუ შევძელი რამე...

- შენ აქ ყველა ხანს გეძახის.

- ეგ ტიტული აქ ისე იაფია, როგორც ხურმა. აღმოსავლეთში ეს საკუთარი სახელიც არის. შეუძლია ერქვას ყველა მედუქნეს, ყველა მეთარეს. ახლა მითხარი, რათ მეძებდი, რა გინდოდა?

- მარტო მინდოდა მენახე, ბატონო, ორი დღეა შორიახლოს მოგდევდით. დილის აქეთა გიცდით... შენ ბრძენი ხარ, კარგი გული გაქვს და ჩვენს სატკივარსაც გაიგებ. ცხენოსნები მე რომ მომდევდნენ, გონჩა-ბეგუნი იყო და მისი მხლებლები.

- რას ამბობ, გონჩა-ბეგუმს აქ რა უნდა?

- თქვენი ნახვა უნდა, ბატონო, სიყვარულის შარიათის კანონი დაარღვევინა, ახლა ის დაწყევლილია და გამოქცეული. არავინ ჰყავს, რომ ხელი გაუწოდოს და მოეხმაროს.

- აქ ახლოს იცდის სადმე?

- არა, მისქონლიში დავტოვე.

- კარგი, მაშ ხვალ მინახულოს. ეს ქაღალდი აჩვენეთ გუშაგს და უთხარით, მაზრის უფროსმა დაგვიბარაო.

- ხანის ქალიშვილი განჯაში ვერ შემოვა, უსეინ-ბეგი იქ ეძებს. ის ოფიცერია და ტრიგოროვის უახლოესი მეგობარი.

- განჯის უფროსი ჯერ მე ვარ, აშუღო. მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები. გონჩა-ბეგუმი კი ანუგეშე, მანამდე გაამხნევე...

- შენ გურჯი ხარ და ის მუსულმანია, მაგრამ ორივენი პოეტები ხართ, ბატონო, ის შენი დაი არის, ჯანუმ! - უთხრა აშუღმა და წავიდა.

ექიმ ლუნკევიჩს ბარათაშვილისთვის უთქვამს:

- შენ არ უნდა აჩქარებულიყავ, ტატო. მე ვიცი იმ ნახჭევანელი ოფიცრის ამბავი, ცუდ საქმეში არ გაგხვიონ.

- არაფრის წინაშე უკან არ დავიხევ. იცი ვინ არის გონჩა-ბეგუნი? ხანის ქალიშვილია. ჭკვიანი ლამაზი... მთავარი კი ის არის, მშვენიერი პოეტია! ვინ იცის! იქნებ ეგ ახალი მიჰრი-ხათუნი იყოს... მუსლიმანთა საფოს რომ ეძახდნენ და თავის ერთ ლექსში რომ ამბობდა: პოეზიის ოკეანეში ნაპოვნი მარგალიტი ვარ და იაფად ნუ გამყიდით, ყველს ნუ გამატანთ, მკალავმა რა იცის მარგალიტის ფასიო, - უპასუხია ბარათაშვილს.

- აკი წავიდა რომანტიზმის საუკუნე. აი ესეც შენი ბაირონის "გიაური"... მოქმედება სწარმოებს ისევ აღმოსავლეთში, მარტო დეკორაციებია გამოცვლილი, იქ პირუსი იყო, აქ კი განჯაა, - უთქვამს ლუნკევიჩს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×