მწვავე კრიზისი და უიმედობა ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს
ნათია ლომიძე
14.12.2016

 ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, მიგრანტების რაოდენობა იზრდება. ამას ემატება მოლოდინი ვიზალიბერალიზაციაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის უცხოეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვს. საქართველოში ფინანსური კრიზისია, რომელიც ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს.

პრობლემა ყოველწლიურად მატულობს და ქვეყანას სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. ადამიანები ჯერ სოფლებიდან და რეგიონებიდან იყრებიან და საცხოვრებლად დედაქალაქში გადადიან, შემდეგ კი ქვეყნის საზღვარსაც კვეთენ. აქედან გამომდინარე, დიდი მიგრაციული გადაადგილება შეინიშნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ის ადამიანები კი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ტოვებენ, გარკვეული მიზეზების გამო უკან დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ამ თემასთან დაკავშირებით "რეზონანსმა" რამდენიმე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ადრე ქვეყნიდან გასვლა და სამსახურის მოძებნა არ უფიქრიათ. დღეს კი, ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ემიგრანტობა მტიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვიმა "რეზონანსთან" საუბრისას მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოში ხალხთა გადაადგილებას ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც იმ დროინდელი ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მთიდან ბარში ხალხის ჩამოყვანას. სპეციალისტი ემიგრაციაში წასული ადამიანების რიცხვის შემცირების მხრივ, გამოსავალს მხოლოდ ქვეყნის შიდა მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხედავს. ეს კი უშუალოდ ეკონომიკური და სოციალური ვითარების დასტაბილურებასთან არის მჭიდრო კავშირში.

"მიგრაციის პროცესი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს სპეციალიზაცია შეეცვალა. მას უნდა განევითარებინა მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, რაც მუშახლს მოითხოვდა. ამიტომ საბჭოთა პროპაგანდა მიმართული იყო იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოსულიყო მთიდან ბარში. ამაში აქტიურად ჩაერთო კინოხელოვნებაც. 70-იანი წლების დასაწყისში ამ პროპაგანდის უარყოფითი შედეგები შესამჩნევი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, რათა პირვანდელი მდგომარეობა აღედგინათ ქვეყანაში, შედეგი ნულოვანი აღმოჩნდა. იმ დროს მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა. მთას ჰქონდა თავდაცვის ფუნქცია და სხვადასხვა ფასეულობები, რომელიც დრო და დრო დაიკარგა.

ის ღონისძიება, რომელიც შარშან მიიღო პარლამენტმა, ვგულისხმობ მთის კანონს და პენსიის 20 ლარით გაზრდას, ეფექტურ მექანიზმად არ შეიძლება ჩაითვალოს. მთას თავის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და იქ მცხოვრებ ადამიანს არ უნდა უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი საარსებო მინიმუმისათვის.

დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაქცევა უნდა სხვა ქვეყნებში. ამას ემატება მოლოდინი, ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე. იმას ვერ აანალიზებენ, რომ სამი თვის ლიმიტი აქვთ და იქ დარჩენის შემთხვევაში საკუთარ თავს პრობლემას უქმნიან.

იმისათვის, რომ ხალხის ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი შემცირდეს აუცილებელია, წარმოების განვითარება ქვეყანაში. ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და ქმედითი ნაბიჯებიც უნდა გადადგას. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები მთავარი მიზეზია იმისა, რომ მიგრანტთა რიცხვი იზრდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უმძიმესი ვითარებაა და ხალხიც თავის გასატანად გამოსავალს ეძებს", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა კოღუაშვილმა.

დემოგრაფი ავთო სულაბერიძე მიგრაციის პრობლემად არა მარტო ქვეყნის დატოვებას მიიჩნევს, არამედ ქვეყნის შიგნით გადადგილებასაც. მისი მოგვარების ერთადერთი მიზეზი კი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

"ზოგი ქვეყანას ცოდნის გაღრმავების, ზოგი კი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტოვებს. ამას, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის გააქტიურებაც ემატება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დატოვოს ქვეყანა და სამი თვის ნაცვლად, წლობით დარჩნენ. ასეთი მიდგომა ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს.

როდესაც ადამიანი საკუთარი სახლიდან მიდის და სურვილი აქვს სხვა ქვეყანაში მძიმე პირობებში იცხოვროს და იმუშაოს, ის თავის სამშობლოში უამრავ მოგვარებელ საკითხს ტოვებს. ოჯახებში არ არის ნორმალური გარემო, სოციალური საკითხები მუდმივად გადაუჭრელია და ა.შ. მარტო ქვეყნის დატოვება კი არა, შიდა მიგრაციაც დიდი პრობლემაა. ადამიანები მასშტაბურად გადადგილდებიან სოფლიდან ქალაქისკენ და მამა-პაპისეულ მიწა-წყალს სრულიად უყურადღებოდ ტოვებენ. ამის მთავარი მიზეზი უფუნქციო სოფელია და ვერავის გავამტყუნებთ, თუ სიახლეების ძიება და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება უნდათ", - განაცხადა სულაბერიძემ.

ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვს უკვე ისეთი მოქალაქეებიც შეემატნენ, რომლებიც ადრე სამუშაოს გამო საზღვარგარეთ გამგზავრებას არც ფიქრობდნენ. დღეს კი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათ სხვა გამოსავალი არ რჩებათ. თამარ ბრეგვაძის ირგვლივ უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ემიგრაცია გარდაუვალი ჰგონია.

"ვერ წარმომედგინა ოდესმე იმ მდგომარეობამდე თუ მივიდოდი, რომ ქვეყნის დატოვებაზე ვიფიქრებდი. ხანდახან ახლაც სიზმარი მგონია, რაც ჩემ გარშემო ხდება და მომავალში მოხდება. მე და ჩემ ქმარს უკვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქვეყნიდან წავიდეთ. აქ არც ერთი არ ვმუშაობთ, ეს კი ნამდვილად კატასტროფაა. ემიგრაციაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი, მაგრამ საქართველოში იმდენად მძიმე ვითარებაა ეკონომიკური და სოციალური კუთხით, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ.

ჩემ გარშემო უამრავია, ვინც კარგა ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ უკვე ისეთებიც მიემატა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ფინანსური პრობლემების გამო, ქვეყნის დატოვებაზე თუ იფიქრებდნენ. შეიძლება სხვამ ადვილად შეხედოს, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე რომ დადგები, იქ არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია.

ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი როგორმე შემცირდეს, პირიქით, იმდენად გაზრდილია უცხოეთში წასვლის მსურველთა რაოდენობა, რომ არც კი ვიცი ეს ტენდენცია როდის შეიცვლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×