კახა ქარჩხაძე
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისია, როგორც ეს მის ვებგვერდზეა გამოცხადებული, არის "ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების განვითარებას".
საქართველოში კი მეცნიერებს რომ ჰკითხოთ, თუ რამდენად ასრულებს ამ საპატიო მისიას ფონდი, მათი დიდი უმრავლესობა, მას შემდეგ რაც გარკვეული ეპითეტებით შეამკობს ფონდს და მის საქმიანობას, გეტყვით, რომ რუსთაველის ფონდის მიერ სამეცნიერო კონკურსები მიკერძოებულად და არაობიექტურად ტარდება, რომ რუსთველის ფონდი გადაიქცა ჩაკეტილ, გაუმჭვირვალე სისტემად, სადაც არავითარი კონტროლის, არავითარი ობიექტური მონიტორინგის საშუალება არ არის და რომ ფონდის შიგნით როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ - ოღონდ აშკარად თეთრი ძაფებით, რადგან თუ გადაავლებთ თვალს ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსების შედეგებს, საოცრებებს ნახავთო.
მოდი მართლაც, ვნახოთ, რა მოხდა, მაგალითად, 2016 წელს გამოყენებითი სამეცნიერო გრანტების კონკურსზე და დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ.
2016 წელს რუსთაველის ფონდმა 100-ზე მეტი განაცხადი მიიღო და მიღებული საკონკურსო სამეცნიერო პროექტები შესაფასებლად გაუგზავნა ამერიკულ CRDF Global-ს, ჩვენ თუ არ გვენდობით, პატივცემულო მეცნიერებო, ა, ბატონო, ამერიკული ორგანიზაცია შეაფასებს პროექტებსო. ამ ამერიკულმა კომპანიამაც შეაფასა პროექტები და გამოუგზავნა რუსთაველის ფონდს შეფასების ქულები და შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების სია.
ამის შემდეგ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. რუსთაველის ფონდმა რომ გადახედა შემდეგ ეტაპზე გადასულ 46-ს პროექტს, ეტყობა ზოგი თვალში არ მოუვიდა და ზოგი კი, პირიქით, მოისაკლისა და საგონებელში ჩავარდა. შეფასებები უკვე გაკეთებული იყო და რა უნდა ექნათ? ფონდშიც ადგნენ და მარტივ გამოსავალს მიაგნეს: შეარჩიეს 10 პროექტი და, როგორც თვითონ ირწმუნებიან, ხელახალი შეფასებისათვის(!?) უკან გადაუგზავნეს CRDF Global-ს. შედეგად რა მივიღეთ? უკვე ერთხელ შეფასებულ პროექტებიდან ზოგს 3 ქულა დააკლეს, ზოგს 5, ხოლო ზოგს კი - წარმოუდგენელია და 11 ქულა მიუმატეს! მიაქციეთ ყურადღება, სულ 60 - ქულიანი შეფასების ფარგლებში ერთ-ერთ პროექტს, რომელმაც CRDF Global-ის შეფასებით 39 ქულა მიიღო და კონკურსს მიღმა დარჩა, რუსთაველის ფონდი 11 ქულას უმატებს და შემდეგ ეტაპზე გადაჰყავს!
მოკლედ, რუსთაველის ფონდმა გადაადგილა და გადმოადგილა პროექტები და შედეგად დაუჯერებელი და კურიოზული სურათი მივიღეთ: გამოყენებითი სამეცნიერო კონკურსის ფარგლებში, როდესაც უნდა დაფინანდეს ისეთი სამეცნიერო კვლევები და პროექტები, რომლებსაც კომერციალიზაციის პოტენციალი აქვს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია (ესეც ფონდის ვებ-გვერდზე წერია), არ ფინანსდება, მაგალითად, რობოტული კომპლექსების ინოვაციური პროექტი,არ ფინანსდება საქართველოში საკუთარი, ეკო-მეგობრული საწვავის წარმოება და სამაგიეროდ ფინანსდება ცისფერყანწელთაპოეზიის ვებგვერდის შექმნა!
რუსთაველის ფონდს უნდა დაგვაჯეროს, რომ ცისფერყანწელების პოეზიის ვებგვერდის შექმნა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, ვიდრე საკუთარი საწვავის წარმოების განვითარება საქართველოში და სწორედ რომ პოეზიის ვებგვერდის შესაქმნელად უნდა დაიხარჯოს ასეული ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ხოლო თუ რა დიდი კომერციალიზაციის შესაძლებლობა აქვს ცისფერყანწელთა ვებ-გვერდს, ეს, ეტყობა, მხოლოდ რუსთველის ფონდის და მისი ღრმადპატივცემული ექსპერტებისთვისაა ცნობილი. როგორც ჩანს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ როგორც კი "ცისფერყანწელების" ვებ გვერდი გაიშვება ქვეყანაში არნახული ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება - მეორე დღესვე ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდება. გარდა ამისა ცისფერყანწელთა პოეზიით გულაჩუყებული ტრამპი ჩამოქანდება საქართველოში და დიდი ხნის დანაპირებ "ტრამპ-ტაუერს" ააშენებს, თანაც სახელს შეუცვლის და "ყანწ-ტაუერს" დაარქმევს.
მაშ სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინოვაციური მეცნიერების განვითარებისათვის განკუთვნილი ასეული ათასი ლარის დახარჯვა პოეზიის ვებგვერდის შესაქმნელად. საინტერესოა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? ვინ აფასებს რეალურად პროექტებს? რატომ უგზავნიან პროექტებს ამერიკულ CRDF Global-ს და რატომ უხდიან ფულს თუ შემდეგ მის შეფასებებს არ ეთანხმებიან? ან რა პრინციპით იწუნებს რუსთაველის ფონდი ამერიკული კომპანიის მიერ "ზოგი პროექტის" შეფასებებს და ეთანხმება "დანარჩენი პროექტების" შეფასებებს? სადაა სიმართლე? სადაა ობიექტურობა? ბოლოსდაბოლოს არჩევნების პროცესს ახლავს საზოგადოების მონიტორინგი და რუსთველის ფონდი რაა ისეთი, რომ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან არამც თუ კონტროლის, არამედ უბრალო მონიტორინგის მექანიზმიც კი არ არსებობს?
პასუხებს ამ და სხვა ბევრ ლეგიტიმურ შეკითხვაზე რუსთველის ფონდისაგან დიდი ხანია ელის უამრავი მეცნიერი, სრულიად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება. ფონდი კი ამასობაში განაგრძობს თავის ნებაზე ჭრა-კერვას და იმის მაგივრად, რომ საქართველოს მეცნიერების განვითარებას ხელი შეუწყოს, თავისი არაობიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულებით ქართული მეცნიერების განვითარებას აბრკოლებს.
სამეცნიერო საზოგადოება კი რას შვრება ამ დროს? ის მეცნიერები, რომლებმაც ობიექტურად თუ "ნაცნობ-მეგობრობით" დაფინანსება მიიღეს, ცხადია, ხმას არ იღებენ, ის მეცნიერები კი, ვინც დაჩაგრეს და კარგი პროექტები არ დაუფინანსეს, ტრადიციულად "ინტელიგენტურად აღშფოთდებიან", ერთმანეთს შესჩივლებენ, საკუთარი ინსტიტუტების თუ ლაბორატორიების თანამშრომლებს გაუზიარებენ გულისტკივილს, ზოგი იმიტომ არ ამოიღებს ხმას, რომ გულის სიღრმეში იმედი ექნება, წელს თუ არა, იქნებ მომავალ წელს მაინც ობიექტურად შეაფასონ და დამიფინანსონ პროექტიო - არა ბატონებო, არ დაგიფინანსებენ, რაც უნდა გენიალური პროექტი შეიტანოთ, რუსთაველის ფონდში მაინც დაიწუნებენ, იმიტომ, რომ რუსთველის ფონდში შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვთ და მომავალ წელს სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულად ქართულ ხალხურ ზღაპრებს გამოაცხადებენ.