რატომ გაშოლტა ათაბაგმა სახალხოდ მონღოლთა ფავორიტი ქართველი ფეოდალი
მამუკა ნაცვალაძე
15.12.2016

 მე-13 საუკუნის საქართველოს არეულმა ყოფამ არაერთი სახელი გამოამზეურა. ერთ-ერთი მათგანია ეგარსლან ბაკურციხელი, რომელიც მონღოლებს დაუახლოვდა და მათი წყალობით დაწინაურდა. მას მონღოლებმა კახეთის, ჰერეთის, კამბეჩიანის დუმანი ჩააბარეს.

ეგარსლანი ასპარეზზე 1243-1247 წლებში ჩანს. ის კოხტასთავის შეთქმულთა შორისაა, ბაკურციხელი მონღოლებს ანისშიც ჰყავთ წაყვანილი, სადაც ცოტნე დადიანი ჩადის და ის ცნობილი სცენარი თამაშდება, საარაკოდ რომ შემორჩა ისტორიას მონღოლი ჭორმაღანის წყალობით.

გავა რამდენიმე ხანი და მაშინ ანისში ძმობისთვის დამაშვრალი ფეოდალები დანასისხლად წაეკიდებიან ერთმანეთს. ამ დაპირისპირებისას კი ერთ-ერთ მთავარი მოქმედი პირი სწორედ ეგარსლან ბაკურციხელია.

ფეოდალური დაპირისპირების მაგალითები მრავლადაა ჩვენს ისტორიაში, ეგარსლანის ამბავი კი იმითაა გამორჩეული, რომ ის უმეფობის ხანაში იმდენად დაწინაურებულა, რომ მეფობის ამბიციაც კი გასჩენია. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რამდენადაც აქამდე საქართველოს ისტორიაში ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას მეფობას არავინ შესცილებია.

რით გამოირჩა ბაგრატიონთა დინასტია მსოფლიო ისტორიაში

სავარაუდოდ ეგარსლანი აზნაურთა ოჯახიდანაა, თუმცა არ ჩანს, რომელი საგვარეულოს წარმომადგენელია. არადა, ფაქტია, რომ ეს გაურკვეველი პიროვნება მეფობას ბაგრატიონებს ეცილება, იმ დინასტიას, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი სამეფო დინასტიაა, საკუთარი ხალხი რომ არ აჯანყებია.

არეულ სიტუაციაში ყ||| ს-ის 40-იან წლებში ეს ყველაფერი მხოლოდ ლირიკაა, რამდენადაც ულმობელი რეალობა ის გახლავთ, რომ მონღოლი ბატონობს და მისი ნება გადამწყვეტია, მაგრამ ისტორიას თავისი კანონები აქვს.

ამ დროს საქართველოს მეფე რუსუდანი გარდაცვლილია, საქართველოში უმეფობის ხანა დამდგარა, ურდოში მეფობის მისაღებად წარგზავნილი დავით ნარინი ცოცხალია თუ მკვდარი, არავინ უწყის, ლაშა გიორგის ძე დავითი, შემდგომში ულუდხმობილი, მამიდამისის ინტრიგების წყალობით რუმის სულთანს, გურჯი ხათუნის მეუღლეს ყიას ედ დინს ჰყავს დატყვევებული და არც მის შესახებ იციან ქართველებმა არაფერი.

რატომ გაჩნდა ეგარსლან ბაკურციხელის მეფობის იდეა

საქართველოში ყველა იმ აზრზე იყო, რომ ქვეყანას მეფე სჭირდებოდა, არადა, მეფობა ვის უნდა ეტვირთა, ეს იყო გასარკვევი. ქვეყანა ტრადიციული გზით უნდა განვითარებულიყო, ეს კი უდავოდ ბაგრატიონთა მეფობას გულისხმობდა.

ის მძიმე პოლიტიკური ფონი, სხვა ალტერნატივასაც სახავდა. მართალია მიუღებელს, მაგრამ მაინც ყველაზე რეალურს - ეგარსლანი უნდა გამხდარიყო ყველას მთავარი, აქედან კი მეფობა ერთი ფეხის ნაბიჯზე გახლდათ.

ერთი სიტყვით, უკუნეთი სუფევს ირგვლივ და ამ უკუნეთში ეგარსლანი თავის ოქროს თევზს იჭერს. არადა, ამ ახდენილი ოცნებების ფონზე მისი მხრიდან მეფობის სურვილი ცალსახად მკრეხელობად აღიქვა ქართულმა ფეოდალურმა საზოგადოებამ. მიუხედავად სამეფო კარზე დატრიალებულმა მოვლენებმა და ერთობ გაურკვეველმა ვითარებამ, ბაკურციხელის გარდა, არაბაგრატიონთაგან არავის გასჩენია მეფობის სურვილი.

ამასაც თავისი ლოგიკა აქვს - მიუხედავად იმისა, ბაგრატიონთა საგვარეულო დინასტიაში არცთუ იშვიათად იყო სამარცხვინო ეპიზოდები, საერთო ჯამში, ისინი ხალხის გვერდით იდგნენ, მათი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. სამარცხვინო მეფეთა საქციელს სხვა მეფეთა თავგანწირვა ფარავდა ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ საზოგადოება საკმაოდ კეთილად გახლდათ განწყობილი სამეფო დინასტიის მიმართ. და სწორედ ეს ცალსახა კეთილგანწყობა იყო ის მძლავრი ბარიერი, რასაც ეგარსლან ბაკურციხელის ამბიცია დაუპირისპირდა.

იყო თუ არა ეგარსლანი მწყრალად სამხედრო საქმესთან

ყველაზე საცნაური ის არის, რომ ეგარსლანს, მემატიანეს თქმით, სრულიადაც არ ჰქონია სამხედრო ნიჭი - "არა ნიჭთა მქონებელი სამხედროთა" და "მხედრობის წესთაგან ცარიელი" - ეს ჟამთააღმწერლის სიტყვებია. თუმცა, ობიექტურობითა და შეუვალობით გამორჩეული ჟამთააღმწერელი სხვა ადგილას ეგარსლანზე სულ სხვაგვარად საუბრობს - "კაცი საკვირველი და მხედრობისა ცოდნითა აღსავსე" იყოო.

ეს არათანმიმდევრობა სავარაუდოდ მემატიანის სუბიექტური თვალთახედვიდან მომდინარეობს, რამდენადაც ვერც ის გაემიჯნებოდა არაბაგრატიონის დაწინაურების მიმართ არსებულ პროტესტს.

და ამ ფონზე სამხედრო საქმესთან მწყრალად მყოფი ეგარსლანის დაწინაურება იმიტომაც არის შეუძლებელი, რომ მონღოლთა მთელი ყოფა-ცხოვრება და ფიქრი სწორედ სამხედრო საქმეს დასტრიალებს. თანაც ეგარსლანს დუმანისთავად ნიშნავენ და ეს კი სრულიად განსხვავებული პასუხისმგებლობაა მონღოლთა წინაშე.

როგორ მოხიბლა მონღოლები ეგარსლანმა

საფიქრებელია, რომ ეგარსლანი შორს არ დგას იმ პოსტულატებიდან, მონღოლები რომ ეთაყვანებიან. თუმცა, მისი აღზევება მხოლოდ სამხედრო საქმის ცოდნას არ უნდა უკავშირდებოდეს. აქ ისევ ჟამთააღმწერელს უნდა დავუგდოთ ყური - ეგარსლანი "ღრმად მოუბარი", მჭევრმეტყველი ყოფილა, სწორედ ამის წყალობით დაწინაურებულა და საკმაო გავლენაც მოუპოვებია.

ისტორიას ახსოვს მონღოლთა სხვა ფავორიტი - ეს ოდნავ მოგვიანებით აღზევებული სადუნ მანკაბერდელია, იმასაც მჭევრმეტყველობით მოუხიბლავს მონღოლები. საგულისხმოა ისიც, რომ მისთვის ეგარსლანის მსგავსად, არ ჩაუბარებიათ სამხედრო საქმე, არადა ეს მათ ფრიად გამოადგებოდათ, მანკაბერდელი სულ სხვა რანგში იღწვის მონღოლთა სასიკეთოდ. სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ეგარსლან ბაკურციხელი არ იყო ურიგო მეომარი და არც ურიგო სამხედრო მხედართმთავარი.

როგორ შექმნა ეგარსლანმა უპრეცედენტო პოლიტიკური რეალობა

ეგარსლანის რეზიდენცია ბაკურციხეშია, სწორედ ამ გეოგრაფიული ადგილიდან წარმოსდგება მისი გვარი, არადა, როგორც ვთქვით, უცნობია, რომელი საგვარეულოს წარმომადგენელია ის.

სხვა ფეოდალთა შორის ის ყველაზე დაწინაურებულია, მას მორჩილებენ ქართველი დიდებულები, დაახლოებით ისე, როგორც ამას მეფის მიმართ აკეთებენ. ეგარსლანის მორჩილ ფეოდალთა შორის არიან ვარამ გაგელი და შანშე მანდატურთუხუცესი, ასევე სხვა მთავრები. ეს უკვე სულ სხვა რეალობაა, ეს სურათი ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ მონღოლთა ფავორიტის ირგვლივ ახალი პოლიტიკური სურათი ისახება.

როგორ ჩაუშალა დიდი გეგმები ეგარსლანს დავით ლაშას ძის გამოჩენამ

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეგარსლანის პირველობას ვერავინ შეეცილება, არადა, უჭირთ ქართველ ფეოდალებს ეგარსლანის პირველობის ატანა - ესეც ხომ ბუნებრივია. მოვლენების სხვაგვარად განვითარების მოსურნეთათვის ერთადერთი იმედი გიორგი-ლაშას ძეა, დავითი, ისიც ნარინის მსგავსად ბევრს გარდაცვლილი ჰგონია.

სწორედ ამ დროს რუმის სასულთნოდან დავით ულუს მსახურმა სოსანამ მოაწვდინა ხმა ქართველობას ლაშას შვილი დავითი ცოცხალიაო. ეს საკმაოდ სასიხარულო ამბავი გახლდათ, ამიტომაც პოლიტიკური მოვლენების განვითარების პერსპექტივებმა სხვა მიმართულება მიიღო.

ჩორმაღან ნოინს ეახლნენ ქართველი ფეოდალები ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელი თორელი და ეს ამბავი ამცნეს. სწორედ მას შეავედრეს დავითი ცოცხალი ყოფილა, რუმში ჰყავთ ჯურღმულში ჩაგდებული, ლაშამ მას დაუტოვა მეფობა და იქნებ დაგვეხმარო, რომ უფლისწული დავიხსნათ და გავამეფოთო.

მონღოლებს, აბა, რა უნდა ჰქონოდათ საწინააღმდეგო - მათთვის მეფე სამხედრო და გადასახადის აკრეფის თვალსაზრისით საქართველოს უფრო მეტად ორგანიზებულობის გარანტი იყო, ამიტომაც დათანხმდა ქართველთა დელეგაციას და რუმის სასულთნოში სარგის თმოგველსა და ვარამ გაგელთან ერთად მონღოლი ნოინი ანგურაგიც მიავლინა.

ყარაყორუმის გზა - ეგარსლანის ბოლო იმედი

სოსანას ცნობა მართალი აღმოჩნდა - ლაშას ძე დავითი ცოცხალი გახლდათ, დილეგში დამწყვდეული, გასაცოდავებული და გაუბედურებული, ისე იყო დასუსტებული, სიკვდილს აღარაფერი უკლდა.

სულთანმა შეისმინა ქართველთა თხოვნა და უფლისწული ელჩებს გამოატანა. დიდი იყო სიხარული საქართველოში. შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს ლაშას ძეს, ყველა მიეგება, დიდებულები თაყვანს სცემდნენ უფლისწულს. არ ჩანდა მხოლოდ ეგარსლან ბაკურციხელი.

როგორც ჩანს, მისთვის ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა პირველობის განშორების პერსპექტივა, ლაშა გიორგის ძე დავით იყო იმის გარანტი, რომ მის აღზევებას წერტილი დაესმებოდა.

საქართველოში ჩამოსულ დავით ულუსთვის მეფობის დამტკიცება მონღოლმა ნოინებმა თავიანთ თავზე ვერ აიღეს და მისი მამიდაშვილის, დავით ნარინის მსგავსად, ისიც ოქროს ურდოში გაგზავნეს.

მონღოლთა ოქროს ურდომდე ყარაყორუმამდე დიდი გზაა, გზა ხიფათს იტევს და ვინ იცის, რა ბედი ელის ლაშას ძეს. ეს გზა და აქ ჩასაფრებული ხიფათი ეგარსლან ბაკურციხელის ბოლო იმედია. ამ დროს ის ისევ ინარჩუნებს პირველობას.

მშვიდობიანად ჩააღწია ქართველთა დელეგაციამ ყარაყორუმში, დავითს ავაგ ათაბაგი ახლდა. ურდოში დავითს თავისი მამიდაშვილი, ისიც დავითი დახვდა. მონღოლებმა თავიანთი კანონებით განსაჯეს წესი და მეფედ ორივე დავითი დაამტკიცეს.

მონღოლებმა ავაგ ათაბაგს შეწყალების იარლიყი უბოძეს და შინ გამოამგზავრეს. ავაგმა საქართველოში მალემსრბოლი აფრინა და ფეოდალებს აცნობა, ორივე უფლისწული ცოცხალიაო.

და აქ დატრიალდა ის ამბავი, რამაც ეგარსლან ბაკურციხელის ამბიციებს გამოუყვანა წირვა - ქართველი დიდებულები შეეგებნენ ავაგს. მათ შორის იყო ეგარსლანიც, თუმცა სწორედ აქ დაარღვია ბაკურციხელმა ის მიღებული წესი ურთიერთპატივისცემისა, რამაც ის, როგორც აღზევებული ისტორიის ბნელეთში მოისროლა.

როგორ დასაჯა ავაგ ათაბაგმა ეგარსლან ბაკურციხელი

საქართველოში მიღებული წესი იყო, როცა ერთი და იმავე ფენის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ურთიერთპატივისცემის დაუწერელი კანონი იყო ჩამომხტარიყვნენ ცხენიდან და ერთმანეთი გადაეკოცნათ. ამას პატივით ხილვას უწოდებდნენ.

ავაგი უახლოვდება დიდებულებს, ისინი ჩამოქვეითდნენ, წესისამებრ მიესალმნენ. გამონაკლისი გახლდათ ეგარსლანი, რომელმაც ჟამთააღმწერელის თქმით, "არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა და ამბორის-ყოფად ავაგისა."

ეს ელემენტარული ეტიკეტის დარღვევა გახდა ავაგ ათაბაგის განრისხების მიზეზი. ის თავად მივიდა ბაკურციხელთან, ჯერ თავზე მათრახი გაუჭირა, შემდეგ კი მისი ცხენიდან ჩამოგდება ბრძანა. განდიდებული ბაკურციხელი შეურაცხყვეს დიდებულებმა.

ასე გამოხატეს მათ თავიანთი დამოკიდებულება მისი ამბიციებისადმი. რა ბედი ეწია ეგარსლანს, მემატიანე არაფერს გვამცნობს, ამის მერე იკარგება მისი სახელი.

წინ ახალი ფეოდალური ბატალიებია, მონღოლთა მიერ ხელდასხმულმა ორმეფობამ რომ განსაკუთრებულად დაამძიმა. ასე იწყება დავით ულუს, როგორც მეფის საინტერესო და ტრაგიკული ცხოვრების ახალი ეტაპი...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×