ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
სახელმწიფო, რომელიც კანონგარეშედ აცხადებს მსოფლიოში ადამიანთა 90%-ის დამსაქმებელ და მსოფლიო ეკონომიკის 70%-ის შემქმნელ მცირე მეწარმეობას, არ შეიძლება ჩაითვალოს ცივილიზებულ სახელმწიფოდ. უკვე 2 საუკუნეზე მეტია მსოფლიო ცივილიზაცია იმართება, ძირითადად, მცირე მეწარმეების საარჩევნო ხმებით არჩეული პარლამენტებითა და მათ მიერ დამტკიცებული მთავრობებით. აქედან გამომდინარე, საქართველო, სადაც 2006 წლიდან ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებულია მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, არ იმართება მეწარმეთა ხმებით და აღარ წარმოადგენს ცივილიზებულ სახელმწიფოს!
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე სამივე პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად 20-ჯერ მაინც ამაოდ მივმართეთ თხოვნით, აღედგინათ 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონი და გამოეცხადებინათ ტენდერი საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების საუკეთესო რეფორმების პროგრამაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ტენდერში აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #6333), აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული, 57-გვერდიანი უნიკალური სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომით "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამით", რომლის განხილვა მეორე წელიწადია "ვერ ხერხდება" როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა საბჭოში, ისე პარლამენტში, ეკონომიკის სამინისტროში (2016 წლის 25 თებერვალს ეს მოხერხდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში).
ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ მიგნებული საგადასახადო თამასუქების გამოყენებით "კონცეფცია-პროგრამა" 5 სამეურნეო წელიწადში აუცილებლად მოაგვარებს მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილისეული ემისიური დაკრედიტების, ლარის კურსის გამყარების, დასაქმებისა და დღევანდელი 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის 50%-ით გათეთრების ხარჯზე მშპ-ის სწრაფად გაზრდის დღემდე გადაუჭრელ პრობლემებს. რაც მთავარია, ეს გრანდიოზული "კონცეფცია-პროგრამა" ითხოვს მხოლოდ ერთჯერად სასტარტო დაფინანსებას და 1-2 სამეურნეო წლის შემდეგ მუდმივად გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს:
ბატონო გიორგი, დღეს თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი აღადგინოთ 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და 10 წლის შემდეგ ქართველ მცირე მეწარმეებს დაუბრუნოთ სააკაშვილ-ნოღაიდელის მიერ წართმეული ლეგიტიმაცია, საქართველოს კი ცივილიზებული ქვეყნის სტატუსი. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და თქვენ შეხვალთ ქართული მცირე მეწარმეობის ისტორიაში. უფრო მეტიც, ვინაიდან სახელმწიფოს მიზეზით ასეულ ათასობით დაზარალებულთა (რომელთა შორის მეანაბრეთა რიცხვი აღემატება 2 მილიონს და მათი ზარალი რამდენიმე ათეული მილიარდი ლარია!) ზარალის ანაზღაურების 23-წლიანი უდიდესი პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კომპლექსურად გადაჯაჭვულია საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებულ აღდგენა-განვითარებასთან, თქვენ გახდებით ის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ვინც დაიწყებს როგორც ამ ათეული მილიარდობით ლარის ზარალის, ისე 1998 წელს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ კი ე.წ. "ისტორიულ ვალად" მონათლული და გაურკვეველ მომავალში თვითნებურად გადატანილი, დაზარალებულთა 1,2 მილიარდი ლარის ზარალის ფორსირებულად ანაზღაურება-კომპენსაციას.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე, ცნობილი ფინანსისტი და ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილი 2011 წელს პრესაში აანონსებდა: "თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა, შევარდნაძის დროს დაკარგული ანაბრების დაბრუნებაც შესაძლებელია!" სამწუხაროდ, ნოდარ ხადურმა შეძლო დაერწმუნებინა ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ მთელი ქართული ოცნება, რომ ეს შეუძლებელია და მილიონობით დაზარალებული, ფაქტობრივად, მთელი საქართველო გადაჰკიდა ქართულ ოცნებას. დღეს ხადური აღარ არის ფინანსთა მინისტრი და ახლა მაინც უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპი. დიახ, დაზარალებულთა, მათ შორის, მეანაბრეთა, ზარალის ანაზღაურება სავსებით შესაძლებელია, თანაც ისეთი პროგრამით, როცა ფული ბიუჯეტიდან კი არ გადის, პირიქით, შედის და სწორედ ასეთია ჩვენ მიერ შეთავაზებული "კონცეფცია-პროგრამა"!
ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით გამოცდილი ეკონომისტი, ფინანსისტი და ბანკირი. აქედან გამომდინარე, თუ გამონახავთ დროს და ერთხელ მაინც ყურადღებით წაიკითხავთ ჩვენს "კონცეფცია-პროგრამას", პირადად დარწმუნდებით მის უპირატესობაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მართლაც რეალურია დაზარალებულთა ათეულობით მილიარდი ლარის ზარალის თანდათანობით კაპიტალიზაცია მცირე სამრეწველო საწარმოთა შიდა ინვესტიციებად, რაც უზრუნველყოფს ამ საწარმოთა მუშაობას გარანტირებულ მოგებაზე, გარანტირებული მოგების ხარჯზე კი დაზარალებულთა ზარალის გარანტირებულ ანაზღაურებას, მოსახლეობის მასობრივად გარანტირებულ დასაქმებასა და ბიუჯეტში შემოსავლების გარანტირებულ უწყვეტ ზრდას. 4 წელიწადზე მეტია მედიის საშუალებით სისტემატურად ვაფიქსირებდით, რომ ეს ათეული მილიარდობით ლარის შიდა ინვესტიციები ქუჩაში მუქთად ყრია და მხოლოდ აღება უნდა. ძველმა პარლამენტმა და მთავრობამ ეს ვერ მოახერხეს. ახლა მაინც მოახერხეთ, მიდით, აიღეთ და მოახმარეთ უმუშევრობით და სიღატაკით გაუბედურებულ მოსახლეობას.
სამწუხაროდ, ახალ პარლამენტშიც განსახილველად შესულ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში (ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკვე მეხუთედ!) ისევ არ არის გათვალისწინებული მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენისათვის საჭირო 0,4 მილიონი ლარის მიზერული დაფინანსება, ვინაიდან ამ კანონის აღდგენა აუცილებელია ჩვენი "კონცეფცია-პროგრამის" დასაწყებად. ქართული ოცნება კვლავ უარს ხომ არ ამბობს ჩვენს უნიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე და, შესაბამისად, მცირე მეწარმეობაზე, ანუ მოსახლეობის დასაქმებაზე და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებაზე, ანუ სამართლიანობის აღდგენაზე?