მანანა პეტაშვილი
2013 წელს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (გტშვწ) საქართველოში დაიწყო ოთხწლიანი "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" განხორციელება, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტია ევროკავშირის პროგრამისა "მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში". პროექტის მიზანია საქართველოს საშუალო და მცირე საწარმოებში ბუნებრივი რესურსების პროდუქტიულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვის გზით.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა საქართველოსთვის აქტუალური საკითხია, რამდენადაც იგი რესურსების დაზოგვის, ნარჩენების შემცირებისა და პროდუქციის წარმოებაზე გაწეული ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
ამ მიზნით ორგანიზებულ ფორუმებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: წარმოების პროცესში ნედლეულის, დამხმარე მასალების, ენერგიისა და წყლის დანაკარგების აღმოფხვრა და ნარჩენების შემცირება. ამ თემატიკაზე სულ ექვსი ფორუმი გაიმართა, მათგან ოთხი თბილისში, ერთი ზუგდიდში და ერთიც მცხეთაში. საერთო ჯამში მათში მონაწილეობა დაახლოებით 200-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც წარმოადგენდნენ საწარმოო სექტორს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, განათლების სფეროს, დარგის ექსპერტებსა და სხვ.
დისკუსიებისას პარალელები იქნა გავლებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მიდგომებსა და საკანონმდებლო მოთხოვნებს შორის, რათა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი მეწარმეებს ნათლად დაენახათ, თუ რა დადებითი შედეგების მიღება შეუძლიათ აქ მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კონცეფციის ქმედითობის დემონსტრირებისათვის ფორუმებზე გამოყენებული იქნა საქართველოს საწარმოებიდან აღებული პრაქტიკული მაგალითები, რომელთა მეშვეობითაც თვალნათლივ იქნა ნაჩვენები საქართველოში ამ კონცეფციის განხორციელების შესაძლებლობა, რესურსების დაზოგვის პოტენციალი, გარემოს დაბინძურების შემცირების შესაძლებლობები და, რაც მთავარია, რეკომენდებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელი ფინანსური სარგებელი.
როგორც შეხვედრებისას გამოჩნდა, ენერგოეფექტურობის აქტუალურობას განაპირობებს ენერგომატარებლების შედარებით მაღალი ღირებულება და წარმოების პროცესში დიდი ენერგოდანაკარგები. ენერგოეფექტურობზე მსჯელობისას განხილული იყო ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ელექტროსადგურების მშენებლობის გამო გარემოზე გაზრდილი ზემოქმედება; ასევე, საწარმოო სექტორში ენერგიის არაეფექტურად მოხმარების მიზეზები, როგორიცაა მოძველებულ აღჭურვილობა, ენერგოსისტემების არაეფექტურად მოწყობა, ცუდი თბოიზოლაცია და სხვა. ამ პრობლემების გადაჭრის გზებისა და მიღებული შედეგების სადემონსტრაციოდ პროექტის მხრიდან გამოყენებული იქნა პრაქტიკული მაგალითები საქართველოს საწარმოების რეალობიდან.
ნარჩენების მართვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილების გამო საწარმოო სექტორისთვის ეს საკითხები განსაკუთრებული ინტერესის საგანი აღმოჩნდა. საწარმოო სექტორში რესურსების მოხმარების ეფექტურობის გაზრდაზე მსჯელობისას გამოიკვეთა ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის და ასევე არამდგრადი ეკონომიკური გარემო, რის გამოც, ერთის მხრივ, მეწარმეებისათვის რთული იქნება სუფთა წარმოების ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციების მოძიება, ხოლო მეორეს მხრივ კი, მათ ასეთი ინვესტიციების განსახორციელებლად ნაკლები სტიმული აქვთ.
გამოწვევებთან ერთად აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს შედარებით დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება. "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" წარმომადგენლების მხრიდან კი ხაზი გაესვა იმას, რომ სუფთა წარმოების ღონისძიებების განხორციელება ზოგჯერ დანახარჯების გარეშე, ან მცირე თანხებითაა შესაძლებელი და ასეთი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ გამოყენებული იყო საწარმოებიდან აღებული პრაქტიკული მაგალითები. თუმცა, აღნიშნული იქნა ისიც, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დიდი ნაწილი ძველი დანადგარებითაა აღჭურვილი და მათი გადაიარაღებისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კონცეფციის ფართო პოპულარიზაციის მიზნით ფორუმები, თბილისის გარდა, ზუგდიდსა და მცხეთაშიც მოეწყო, რაც რეგიონების ინტეგრირებისა და ქვეყნის განვითარებაში უფრო აქტიურ ჩართულობასაც შეუწყობს ხელს. რეგიონებში გამართულმა შეხვედრებმა გვიჩვენა, რომ ადგილობრივ მეწარმეებს ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზე, რესურსდამზოგ ღონისძიებებზე, ასევე გარემოს დაცვის სფეროში ბოლოდროინდელ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამიტომაც, პროექტის ფარგლებში მოწყობილი საინფორმაციო ტიპის კამპანიებს რეგიონების განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია.
ფორუმები საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა სუფთა წარმოების მიდგომებზე ინფორმაციის გასავრცელებლად. ამას გარდა, მათ პროექტს სხვა, თანმდევი შედეგებიც მოუტანა. აქედან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმებმა საფუძველი დაუდო ეფექტურ პარტნიორულ ურთიერთობას პროექტსა და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის - ერთის მხრივ, ასოციაციის მეშვეობით ფორუმებში მეწარმეთა უფრო აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა გახდა შესაძლებელი, მეორეს მხრივ, ფორუმებზე განხილულმა საკითხებმა მეწარმეთათვის უფრო საინტერესო გახადა ასოციაციასთან თანამშრომლობა.
წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ფორუმებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობა. მათ ღონისძიებების მონაწილეებს შესაბამის სფეროებში განხორციელებული თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს და კანონმდებლობების მოთხოვნები განუმარტეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან.
როგორც აღმოჩნდა, მეწარმეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ზოგიერთ არსებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებაზე.