ია აბულაშვილი
16.12.2016

 "შაითანბაზარი, ზარაფხანა ერთმანეთს მიჯრით მიჰყვებოდა. ვის და რას არ ნახავს აქ კაცი, ჭურჭელი სპილენძისა და თიხის, ხალიჩები, ოქრომჭედლებისა და ვერცხლის მკეთებელთა მწკრივები, მეწაღეები, დერციკები და ჭონები სჭრიან და ჰკერავენ, სამოსს აზომებენ მუშტრებს. განთქმული თბილისელი მეზანდუკეები და იარაღის მკეთებელი ხელოსნები..." - ასე ახასითებედნენ უცხოელი ვაჭრები თბილისელ ოსტატებს.

რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ყველა ამ ოსტატზე და მათ ნაწარმზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იმ დროს თბილისში ცნობილ რამდენიმე სახელოსნოს მაინც გავიხსენებთ.

ხელოსანთა უბანი ძველ თბილისში გოგირდის აბანოების სიახლოვეს გაჩნდა, აქ "პატარა-სირაჩხანის" აღმართზე საქმიანობდნენ სხვადასხვა ხელობის ოსტატები. ძირითადად, თბილისელი ხელოსნები დაკავებულნი იყვნენ საფეიქრო საქმით. ქართველი დერციკები ამზადებდნენ ტანსაცმელს, ჩოხას, ახალუხს, ყაბალახებს, ჩიხტას, ქუდებს.

დერციკი-ხელოსნები ჰამქრებში იყვნენ გაერთიანებული, მათ თავიანთი მფარველი წმინდანი ჰყავდათ, დროშაზე კი გამოხატული იყო მაკრატელი. წვრილ მოვაჭრეებს უკვე ჰქონდათ ზონრების, ფოჩების, ბაფთების, თასმების, შესაკრავების, ზორტების, სირმების, ბუზმენტების, მოქარგული არშიების საგრეხი და საქსოვი პატარა სახელოსნოები.

სახლში მოსაქმე ქალები კი აფორმებდნენ დერციკების მიერ გამოჭრილ ტანსაცმელს ბაფთა-არშინიანი ზონრებით და სირმებით. ქარგავდნენ ლეჩაქებს, შუბლსაკრავებსა და სარტყელებზე ამოჰყავდათ ნაქარგი, ყაისნაღით ქსოვდნენ წინდა-პაიჭებს, ხელთათმანებს, თავშლებს, ლეჩაქები შეცვალა მოსირმულმა და ბადიანმა შლაპებმა, რომლის წარმოებაც ხდებოდა ერთ-ერთ სახელოსნოში, სადაც მეპატრონე იყო ოდესიდან ჩამოსული მკერავი, გვარად რური. მის სახელოსნოში კი ჭრა-კერვას ასწავლიდა ასევე უცხოელი მკერავი ვილნერი.

ქართულ ფარდაგ-ხალიჩებს ქსოვდნენ სახლში მოსაქმე ქალები, მათ ნაწარმს კი ძირითადად ევროპელი ვაჭრები ყიდულობდნენ. ქართველი ქალის მიერ მოქარგულ ფარდაგ- ხალიჩას გასაყიდად დაატარებდნენ ასევე სომხები და ებრაელები, ოღონდ ძველი თბილისის ქუჩებში.

ყველაზე საპატიო ხელობა იყო ტყავის დამუშავება, რადგან თბილისი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე იყო მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი კი საზღვარგარეთ გაჰქონდათ. ადგილს, სადაც ტყავის დამუშავება ხდებოდა, ძველ თბილისში დაბახანა ერქვა. თბილისური დაბახანები განლაგებული იყო გოგირდის აბანოების უბანში, მტკვრის სანაპიროზე. ეს იყო პატარა ხის შენობა, ნახევრადფარდული, სადაც იყო ხის ან ქვის აუზი, და იქ ხდებოდა ტყავის დალბობა, დამუშავება და გამოყვანა.

ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ იარაღის მკეთებელი ოსტატები. ქართული კაჟიანი ჩახმახების ადგილობრივი წარმოება დაიწყო მე-18 საუკუნიდან, და ყველაზე მოთხოვნადი იყო უკვე მე-19 საუკუნეში თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა "მაჭახელა".

ასევე მზადდებოდა ხანჯალ-სატევრები და განსაკუთრებით მოსწონდათ ვიწრო დანები. ქართველი ოსტატების მიერ დამზადებულ ვიწრო დანას ინახავდნენ სატევარში საგანგებოდ დატანებულ ბუდეში, რომელსაც "ხანჯლის შვილს" ეძახდნენ. ქართველი ოსტატები ასევე ამზადებდნენ ვაზის სასხლავ დანას, რომელსაც "სასხლავი" ან სავაზე ეწოდებოდა.

"ბაზრიდან მიემართებოდა რამდენიმე სავაჭრო ქუჩა, რომელთაგან თითოეულს თავისი სპეციალიზაცია აქვს. მე მათ დავარქმევდი ოქრომჭედლობის, დაბღების, მეიარაღეთა, მეთუნუქეების, თერძების, მეწაღეების, ნაბდის ოსტატთა ქუჩებს; თუ გსურთ ხმალი შეუკვეთოთ, ჯერ უნდა იშოვოთ მისი პირი, შეუკვეთოთ ტარი და ქარქაში. თანაც მისთვის ტყავი და ტარსიკიანი იყიდოთ, და ბოლოს გასაკეთებელია სახელურის ვერცხლით მოზარნიშება და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოვაჭრეებისგან უნდა შეიძინოთ, რისთვისაც ერთი დუქნიდან მეორეშე სიარული მოგიწევთ," - ასე აღწერდა ალექსანდრე დიუმა მე-19 საუკუნის თბილისის ხელოსანთა უბნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×