საიდან იღებს სათავეს მსოფლოში უნიკალური ქართული მეიდნის ფენომენი
მამუკა ნაცვალაძე
17.12.2016

 მსოფლიო ისტორიაში თბილისური მეიდანი განსაკუთრებული ფენომენია თავისი მრავალფეროვანი ურთიერთობით, ეს უნიკალური ადგილი სხვადასხვა სარწმუნოების მშვიდობიანი თანაარსებობითაა გამორჩეული. აქ მრავალი საუკუნის მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ ექვსი სრულიად განსხვავებული რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. მართლმადიდებლურმა გარემომ იოლად შეიკედლა გრიგორიანელები, კათოლიკეები, ებრაელები, მაჰმადიანები და ცეცხლთაყვანისმცემელნი.

ყველაზე საცნაური კი ისაა, რომ ამ რელიგიურ კონფესიათა შორის არასდროს ყოფილა დაპირისპირება, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. რა თქმა უნდა, იყო პიროვნული კონფლიქტები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა შორის, თუმცა, სწორედ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ეს დაპირისპირებები ყოფითი ხასიათის გახლდათ და მას ეროვნული და რელიგიური მოტივი არ გააჩნდა.

ბუნებრივია, საინტერესოა, რა გახლდათ ჩვენი დედაქალაქის მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბების მიზეზი? როგორ იქმნებოდა ეს ურთერთობები სწორედ თბილისში? რა წინაპირობები ედო საფუძვლად მას?

ხშირად ამ ფენომენს ქართული ხაისთითა და ტოლერანტობით ხსნიან, ბუნებრივია, ამ რეალობას მრავალწახნაგოვანი მიზეზები ქმნიდა, მათ შორის ტოლერანტობაც, თუმცა, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სულ სხვა გახლდათ. ამ რეალობას უმთავრესად მყარი ეკონომიკური წანამძღვრები განაპირობებდა.

რა მნიშვნელობა ჰქონდა "აბრეშუმის გზას"

მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ თბილისი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე მდებარეობდა. ეს ის სავაჭრო არტერია გახლდათ, რომელმაც გამორჩეული კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიას. ამ გზის ხელში ჩასაგდებად საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა ომები, მის დაუფლებას ცდილობდა ნებისმიერი იმპერია მსოფლიო ბატონობაზე რომ ჰქონდა პრეტენზია. იმპერიები იქმნებოდა და შემდეგ ისტორიის უკიდეგანო სივრცეში იკარგებოდა, თუმცა, არ იცვლებოდა მიზანი - ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალას ისევ აბრეშიმის გზის დაუფლებაზე ეჭირა თვალი.

ეს იყო გზა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა კულტურასა და ცივილიზაციას, აქ მიმდინარეობდა კულტურათა დიალოგიც და კონფლიქტიც, აღმოსავლური და დასავლური კულტურული ფასეულობები სწორედ ამ გზით მიისწრაფოდნენ იმ პროცესისაკენ, დღეს გლობალიზაციას რომ ვუწოდებთ.

საიდან დაიბადა აბრეშუმის უნიკალური გზის იდეა

საგულისხმოა, რომ ამ გზას აბრეშუმის გზა მოგვიანებით დაერქვა. ეს სახელი პირველად ყ|ყ ს-ის გერმანელმა მეცნიერმა და გეოგრაფმა ფერდინანდ ვონ რიჩტოფენმა შემოიტანა სამეცნიერო ბრუნვაში.

ამ გზამ 18 საუკუნის განმავლობაში გაძლო, 18 ასწლეულის მანძილზე გახლდათ აქტუალური ეს გეოსტრატეგიული სივრცე, ყველაფერი კი ქრისტეშობამდე 138 წელს დაიწყო. სწორედ ამ წელს გამოემგზავრა პირველი ქარავანი ჩინეთიდან დასავლეთისკენ, ეს ყველაფერი ჩინეთის დიპლომატის ძიან ციანის ინიციატივით ხდება, რომელმაც გადაწყვიტა ჩინეთის დიდი კედლის მიღმა არსებული სამყარო გაეცნო.

ძიან ციანის 13 წლიანი მოგზაურობა წარმატებით დასრულდა, სწორედ 13 წლის შემდგომ დაბრუნდა ის ჩინეთში, ბუნებრივია, დიდი იყო ჩინეთის იმპერატორის ინტერესი, სწორედ მას ამცნო ციანმა, რომ ჩინეთს განსაკუთრებული პერსპექტივა ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით თავისი ადგილი დაემკვიდრებინა - მსოფლიოში არავინ იცნობდა ჩინურ აბრეშუმს, სწორედ ეს საქონელი უნდა გამხდარიყო ჩინეთის სავიზიტო ბარათი უკიდეგანო მსოფლიო ცივილიზაციაში.

სავაჭრო გზამ ყქ| ს-მდე იარსება. ეს იყო ყველაზე ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მარშრუტი, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თავის პოლიტიკას კარნახობდა. ამ გზის გავლას 300 დღე სჭირდებოდა, მისი სიგრძე 12 ათასი კილომეტრი გახლდათ. ჩინეთის ქალაქ სიანიდან იღებდა გზა სათავეს და აზიისკენ მიემართებოდა. კასპიის ზღვიდან გზა კავკასიაში გრძელდებოდა, საიდანაც მარშრუტი საქართველიოს გავლით კონსტანტინოპოლისკენ მიემართებოდა.

სწორედ ამ გზით გაჰქონდათ ევროპაში აბრეშუმი, ჩაი, ფაიფური, უნიკალური საღებავები, ოქრო, ასევე ევროპისათვის უცხო ფრინველები და ცხოველები.

როგორ იყო მოწყობილი საქარავნო ტრანზიტის ინფრასტრუქტურა

ამ გზაზე ტრადიციულად ბაზრობები იმართებოდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საქარავნო ეკიპაჟების დაცვასა და უსაფრთხოებას, ამიტომაც მათთვის სპეციალური ადგილები ეწყობოდა. ქარავნებს შეიარაღებული ბადრაგები იცავდნენ.

აბრეშუმის გზა ქმნიდა ქალაქებისა და ციხესიმაგრეების მთელ წყებას, რომელიც ერთმანეთს უკავშირდებოდა და სადაც უსაფრთხოებას გამორჩეული როლი ეკისრებოდა. იმისათვის, რომ ვაჭრებს ნორმალური პირობები ჰქონოდათ, ამ გზაზე არსებულ ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში იყო ქარვასლები, სადგომები, სადაც ვაჭრებს მოსვენებაც შეეძლოთ და გართობაც. აქ ისინი ცვლიდნენ ცხენებს, იღებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რაც მათი უსაფრთხოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.

გზის დაცვის ვალდებულება იმ სახელმწიფოს ჰქონდა, სადაც ეს მაგისტრალი გადიოდა, ამ ზრუნვას მათთვის დიდი ფინანსური მოგება მოჰქონდა, ამიტომაც იყო, რომ ამ საქარავნე მარშრუტის ნებისმიერი პუნქტი ციხე-სიმაგრე თუ ქალაქი, განსაკუთრებულად გამაგრებული და დაცული გახლდათ. საგულისხმოა, რომ ეს რეალობა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნასაც უწყობდა ხელს, რამდენადაც ამ ქალაქებისა და ციხე სიმაგრეების სიახლოვეს სოფლები ჩნდებოდა, რომელნიც ერთიანი ინფრასტრუქტურის ნაწილად ყალიბდებოდა.

სასიცოცხლო გზა დარუბანდიდან ფაზისისაკენ

საგულისხმოა, რომ მსოფლიო პოლიტიკური რუკის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა საქარვნე გზის მიმართულებები. უცვლელი იყო მხოლოდ საწყისი - ჩინეთის ქალაქი სიანი, გზის კავკასიური მონაკვეთი და საბოლოო პუნქტი კონსტანტინოპოლი, საიდანაც უკვე ევროპელ ვაჭრებს მიჰქონდათ საქონელი რომის მიმართულებით.

ეს იყო საკმაოდ მომგებიანი ფინანსურად, ამიტომაც საქარავნე გზის ხელი ჩაგდების მიზნით სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებას მთავარი მოტივი სწორედ ფინანსური მოგება გააჩნდა. გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა ყოველი მნივნელოვანი მონაკვეთისთვის.

კავკასიაში აბრეშუმის გზა რკინის კარიბჭესთან იწყებოდა. ასე უწოდებდნენ აუღებელ ციხე-სიმაგრეს დარუბანდს, რომელსაც ნარიყალის სახელითაც იხსენიებენ. გზა ჩრდილო კავკასიისკენ მიემართებოდა და საქართველოზე გრძელდებოდა. მისი მთავარი არტერია თბილისი გახლდათ, საიდანაც აღმოსავლელი ვაჭრები გზას ფაზისისაკენ აგრძელებდნენ.

რატომ იყო თბილისი აღმოსავლელი ვაჭრებისათვის "სახლი სიხარულისა"

კულტურათა ურთიერთობების გზაშესაყარს არ შეიძლებოდა მენტალურად განსხვავებული ხასიათი და აზროვნება არ ჩამოეყალიბებინა საქართველოს დედაქალაქში. სწორედ ამ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესებით საზრდოობდა თბილისი. ურთიერთშემწყნარებლობას, ურთიერთპატივისცემას სულ სხვა კულტურულ რეალობაში გადაჰყავდა აბრეშუმის საქარავნო გზას დამდგარი აღმოსავლელი თუ დასავლელი ვაჭრები, რომელნიც გათანგულნი იყვნენ ყაჩაღთა თარეშით. თბილისში განსხვავებული სიტუაცია იყო. აქ მათ პურითა და მარილით ხვდებოდნენ, ამიტომაც თბილისს "სიხარულის სახლს" ეძახდნენ.

ვაჭრობა ადრე უდიდეს ხიფათთან იყო დაკავშირებული, ყაჩაღობა საკმაოდ გავრცელებული გახლდათ და ამ უბედურების შემდეგ მოგზაურები რომ მოხვდებოდნენ ქალაქში, სადაც ყველაფერი სხვაგვარად იყო, ამან შექმნა საფუძველი, რომ თბილისს ასეთი სახელი დაარქვეს. ის რომ აქ იკრიბებოდნენ კავკასიის ხალხები და არა მარტო ისინი, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებული ურთიერთობები უნდა დამყარებულიყო. ერთი მხრივ, იყო "სახლი სიხარულისა", მეორე მხრივ იყო ქალაქი, რომელიც მრავალგზის დაარბიეს და ასევე მრავალგზის აღდგა ფერფლიდან.

სწორედ ეს იყო ის რეალობა, რომელმაც ჩამოაყალიბა აქ მცხოვრები ადამიანების თვისებები. თუ გინდა "სიხარულის სახლი" იყო, უნდა გქონდეს ურთიერთგაგების შეგრძნება, შესაძლებლობა და უნარი.

რაც მთავარია, იმ უსაფრთხო გარემოს, რომელიც აღმოსავლელებისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოჰქონდა - ის საბაჟო გადასახადი, თანაბრად ნაწილდებოდა ქალაქზე და ამდენად აქ მცხოვრები ყველა ერი ერთნაირად იყო დაინტერესებული სიმშვიდე შენარჩუნებულიყო ქალაქში.

ეს რეალობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ბუნებრივია, არავინ მოისურვებდა იმ საზრდოს მოშლას, რაც თბილისისათვის მთავარი შემოსავლის წყარო გახლდათ.

ასეთი განწყობები კი საუკუნეების განმავლობაში მულტიკულტურის იმ მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციებს აყალიბებდნენ, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში.

რა სარგებელი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის ევროპულ ყაიდაზე მოწყობას

თბილისი ინგრეოდა მტერთა შემოსევების დროს და მაინც არ ნებდებოდა არასოდეს. ამის მიზეზი ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებებში უნდა ვეძებოთ, საქართველო იყო დასავლურ ეკონომიკურ პრინციპებზე აგებული ქვეყანა, ხალხმა იცოდა, რომ ეს მათი ქალაქი იყო. აქ იყო მათი სახლი, მათი მიწა, მათი ვენახი, ამიტომაც ომის შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ და ისევ სახლდებოდნენ თავიანთ სამოსახლოზე.

აღმოსავლური ეკონომიკური პრინციპების დროს სულ სხვა ვითარება იყო. იქ ყველაფერი პირველ პირს - ხონთქარს, შაჰს, ყაენს ეკუთვნოდა. ისინი ანაწილებდნენ ყველაფერს. მათ შეეძლოთ მიეცათ ქვეშევრდომებისათვის მიწა და შემდეგ ისევ წაერთმიათ. არ იყო იქ კერძო საკუთრება.

მტერთაგან იავარქმნილს, მრავალგზის დანგრეულს აღდგენა სჭირდებოდა, აღადგენდნენ ისინი, ვისი მიწა და ქალაქიც იყო თბილისი და მეორეს მხრივ, რადგან თბილისი იყო ცენტრი და აქ თავს იყრიდა სხვადასხვა რელიგიები, უნდა მონახულიყო ურთიერთობის პრინციპი ამ რელიგიებთან. სხვანაირად თბილისი ვერ იარსებებდა. თბილისის ფუნქციიდან გამომდინარე ეს ორი მხარე მისი არსებობის მთავარი პირობა იყო ჩვენი ერისთვის. ამაზე შენდებოდა კულტურაც, რომელსაც ზუსტად ასეთივე ხასიათი ჰქონდა.

როგორ დაასამარა აბრეშუმის გზის გაუქმებამ საქართველოს ერთიანობის იდეა

მონღოლთა და თურქ-სელჩუკების მოძლიერებამ საკმაოდ რულ პროცესებს დაუდო სათავე, რისი გვირგვინიც 1453 წელს ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლის აღება გახლდათ. მაჰმადიანურ აგრესიულ გარემოცვისას ფაქტობრივად აზრი დაეკარგა აბრეშუმის გზის ფუნქციონირებას.

საგულისხმო იყო ისიც, რომ სწორედ აბრეშუმის გზა იყო ერთიანი საქართველოს მასაზრდოებელი იმპულსი, ერთიანი საქარავნო სივრცე ერთიანი პოლიტიკის მოთხოვნის აუცილებლობის წინაშე აყენებდა სახელმწიფოს, კონსტანტინოპოლის დაცემამ და შესაბამისად აბრეშუმის გზის გაუქმებამ კი ეს ფაქტორი მოსპო.

სწორედ ამიტომაც ვერ მოხერხდა საქართველოს გაერთიანება ყქ ს-ის შემდგომ. და რაც მთავარია, აბრეშუმის სავაჭრო გზის კავკასიური მონაკვეთის გაუქმებამ საქართველო მსოფლიო რანგის ქვეყნიდან რეგიონალური მნიშვნელობის ქვეყნის დონემდე ჩამოაქვეითა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×