აბესალომ ბეროშვილი , ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
თამაზ ბაციკაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
ბოლო წლებში საქართველოში კატასტროფულად იზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი და ასევე რიგი სხვა დაავადებათა ინტენსივობა, რაც ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედებით არის გამოწვეული.
ავტომობილის გამონაბოლქვი შეიცავს მრავალ სხვადასხვა შენაერთს, რომელთა შორისაც არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე არა ერთი ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერება.
ავტომობილის გამონაბოლქვში განსაკუთრებით საშიშია კანცეროგენული ნივთიერება ბენზაპირენი, რომლის გარკვეული რაოდენობის დაგროვებაც ცხოველების თუ ადამიანის ორგანიზმში უეჭველად თავდება ავთვისებიანი სიმსივნით. ამ მიმართულებით უამრავი ექსპერიმენტული კვლევაა ჩატარებული ცხოველებზე და მათ შორის მაიმუნებზე. ბენზაპირენი ნელნელა გროვდება ორგანიზმში და ადრე თუ გვიან აუცილებლად აკეთებს თავის ბნელ საქმეს. ადამიანის ორგანიზმში ბენზაპირენის გარკვეული რაოდენობის დაგროვებისას ხდება გენეტიკური ცვლილება და როგორც ეს ადამიანი, ასევე მისი მომავალი შთამომავლობა განწირულია, ადრე თუ გვიან, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე.
განსაკუთრებული თემაა მჭვარტლი. მჭვარტლი, თითქოსდა ეს ყოვლად უწყინარი ნახშირბადი, ამჟამად შეტანილია კანცეროგენული ნივთიერებების უმაღლეს, | კატეგორიაში. მჭვარტლი აღმოჩნდა საშიში კანცეროგენის ბენზაპირენის საუცხოო ადსორბენტი. მჭვარტლის ნაწილაკები პირდაპირ იზიდავენ ბენზაპირენს. შიგაწვის ძრავის ცილინდრიდან გამოსულ მჭვარტლში ადსორბირებულია ბენზაპირენი მჭვარტლის მარცვლის მასის 30 %-ის ოდენობით. სწორედ ამ წვრილდისპერსიული მჭვარტლის ნაწილაკების (ზომით 1,5 მიკრომეტრი და ნაკლები) მეშვეობით ბენზაპირენი ხვდება ფილტვების გავლით ადამიანის ორგანიზმში. სხვანაირად ბენზაპირენის ძალზე მძიმე მოლეკულა ილექება მიწაზე და ჰაერში ვერ ტივტივებს. დიზელის ნამწვი აირებიდან გამოყოფილი მჭვარტლის დიდი რაოდენობის გამო, მჭვარტლთან ერთად დიზელის საწვავიც შეიტანეს კანცეროგენული ნივთიერებების უმაღლეს კატეგორიაში.
ევრო სტანდარტი უგკწ 6-ით (რომლის ფართოდ გამოყენების დაწყებასაც ევროპაში ვარაუდობენ 2020 წლის შემდეგ) გათვალისწინებული ძალზე ძვირადღირებული ფილტრებისკასკადის გავლის შემდეგ გამონაბოლქვში რჩება და ჰაერში გაიბნევა მჭვარტლის 10-1000 ნანომეტრამდე ზომის ნაწილაკების 20% (80%-ს იჭერს ფილტრების კასკადი),ხოლო უფრო მცირე ზომის კი მთლიანად.
ე.ი. საუკეთესოდ გაწმენდილი დიზელის გამონაბოლქვიდან ატმოსფეროში გაიბნევა ადამიანის ორგანიზმში ადვილად შეღწევადი მიკროსკოპული კარცენოგენული ნაწილაკები 30-40-ჯერ მეტი, ვიდრე გაუწმენდავი ბუნებრივი გაზის გამონაბოლქვიდან. დიახ, ბუნებრივი გაზის გამონაბოლქვში მჭვარტლის კონცენტრაცია 100-ჯერ დაბალია, ხოლო ბენზაპირენის 16-ჯერ.
რაც შეეხება ტოქსიკური ნივთიერებებისაგან ბუნებრივი გაზის გამონაბოლქვის გაწმენდას - აქ ყველაზე იაფიანი კატალიზატორების მეშვეობით მივიღებთ უკეთეს შედეგს, ვიდრე ნავთობპროდუქტების გაწმენდისას ყველაზე ძვირადღირებული მოწყობილობით. ეს იმიტომ, რომ ეს ნივთიერებები 3-4-ჯერ ნაკლებია ბუნებრივი გაზის გამონაბოლქვში.
ინტერნეტ სივრცეში მომრავლებული ვაიექსპერტების, თუ უიპოლიტიკოსების გასაგონად, რომლებიც აკრიტიკებენ თბილისის მერის ნამდვილად მისასალმებელ გადაწყვეტილებას ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების ბუნებრივ გაზზე გადაყვანის თაობაზე: ბატონებო, ელექტრომობილების და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების ასე თუ ისე ფართოდ გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ქვეყნებში ელექტროგენერაციის სისტემების სიმძლავრეების 6-7-ჯერ გაზრდა რაიმე ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საშუალებით, რაც ჯერ არ ჩანს. იქნებ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ისიც გაიგეთ, რომ 2017 წლის იანვრიდან იწყება გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის შემოწმება-აკრედიტაცია და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტი ჩვენთანაც იქნება ყველაზე უსაფრთხო ავტოტრანსპორტი ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშია.
ჩატარებულია თვალსაჩინო ექსპერიმენტი. ორ, ერთიდაიმავე მასშტაბის ქვეყანაში, საქართველოში და სომხეთში 10-15 წლის განმავლობაში დაახლოებით ერთიდაიმავე ინტენსივობით იზრდებოდა ავტოტრანსპორტის რაოდენობა, მაგრამ სხვადასხვანაირად ხდებოდა ნავთობპროდუქტების ჩანაცვლება ალტერნატიული საწვავით. ამ წლების განმავლობაში სომხეთში ინტენსიურად მიმდინარეობდა საავტომობილო ნავთობპროდუქტების ჩანაცვლება ბუნებრივი გაზით და 2014 წელს სომხეთის ავტოტრანსპორტის 75 % უკვე ბუნებრივ გაზს გამოიყენებდა. ამავე დროს საქართველოში ეს რიცხვი მხოლოდ 12-15 %-ს შეადგენდა.
ექსპერიმენტის შედეგი ასეთია: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 2002 წელთან შედარებით, 2014 წელს კიბოთი დაავადებული ადამიანების წლიურად რეგისტრირებული რაოდენობა სომხეთში გაიზარდა 2,1-ჯერ, ხოლო საქართველოში 6,6-ჯერ!!! სომხეთში ეს მაჩვენებელი 2016 წელს მოსალოდნელია კიდევ უფრო დაბალი იყოს, რადგანაც უკვე 80 %-მდე გაიზარდა ბუნებრივ გაზზე მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობა, ამასთან ბაზრის დაახლოებით 8-9 % აითვისა თხევადმა გაზმა და ნავთოპროდუქტებით მოძრავი ავტომობილების წილად დარჩა ბაზრის მხოლოდ 11-12 %. სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ საქართველოში აღნიშნული ჯერადობა (6,6) პირიქით, გაიზრდება, რამდენადაც უკვე თითქმის 3 წელია, რაც პრაქტიკულად შეწყვეტილია ავტომობილების ბუნებრივ გაზზე გადაყვანა, ხოლო ამ პერიოდში იმპორტირებული ავტოტრანსპორტის ლომის წილი მოდის ეკოლოგიურად ყველაზე ბინძურ, დიზელის საწვავით მოძრავ ავტომობილებზე.
რითი გვაჯობეს სომხებმა? სომხეთში ხელოვნურად არ გაუძვირებიათ საავტომობილო ბუნებრივი გაზი. საქართველოში ჯერ აქციზი დააწესეს მასზე, დაახლოებით 2007 წელს, ანუ მაშინ, როცა მთელმა რიგმა ქვეყნებმა, და მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოხსნეს ეს აქციზი. შემდგომ, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მიერ მოფიქრებული ტექნოლოგიით სააკაშვილის ხელისუფლებამ გააძვირა კომერციული გაზი და დღემდე ავტოგაზსავსებ სადგურებს 1,5-ჯერ გაძვირებული გაზი მიეწოდებათ. შესაბამისად საქართველოში საავტომობილო გაზი და დიზელის საწვავი თითქმის ერთიდა იგივე ფასია, მაშინ როდესაც სომხეთში საავტომობილო გაზი 2,2-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ეკვივალენტური რაოდენობის ნავთობპროდუქტი.
ზემოთ მოყვანილი ტექსტიდან ადვილად მიხვდებით, თუ რატონ თვლიან ექსპერტები და მეცნიერები, რომ უახლოესი ათწლეულების მანძილზე ერთადერთი რეალური ეკოლოგიური გამოსავალი (განსაკუთრებით ქალაქებში) არის ავტოტრანსპორტში ნავთობპროდუქტების ჩანაცვლება ბუნებრივი გაზით.
ამას მიხვდნენ ფინელები და გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაიწყონ ავტოტრანსპორტის გადაყვანა ბუნებრივ გაზზე ისე, რომ 2030 წლისთვის ძირითადად ბუნებრივი გაზით იმოძრაონ. ფინელებისთვის ძალზე ძნელია ამის გაკეთება, რადგანაც არ გააჩნიათ შესაბამისი გაზგაყვანილობის ქსელი და მაინც აკეთებენ, ამ ქსელსაც ქმნიან. საქართველოს ეს ქსელი საბედნიეროდ გააჩნია. დიახ, ფინელები მიხვდნენ, მიხვდნენ სომხები, მიხვდნენ ირანელები თუ უზბეკები, ამერიკელები თუ იტალიელები, ყველა მიხვდა და ჩვენც უნდა მივხვდეთ, ხალხიც და ხელისუფლებაც. თუ არა და მაშინ დროა ვეხვეწოთ ამერიკას, ევროპას და სხვა მიხვედრილებს, რათა აგვიშენონ ბევრი ონკოლოგიური საავადმყოფო.
ჯობია ჩვენც მივხვდეთ, სანამ გვიანი არ არის. "მიხვედრილ" ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ყველა ქვეყანას, ავტოგაზიფიკაციის განვითარებისთვის შემუშავებული აქვს ათასნაირი შეღავათები, პირდაპირი დოტაციის სახითაც კი. ამ გზაზე ბევრი ქვეყნისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურა - გაზგაყვანილობის ქსელი. ევროპულ ქვეყნებს რომ ქონდეთ გაზგაყვანილობის ისეთი განშტოებული ქსელი, როგორიც საქართველოს გააჩნია, კარგა ხანია მთლიანად ბუნებრივ გაზზე გადავიდოდნენ. მივხვდეთ ჩვენც, მივხვდეთ, რომ ჩვენთვისაც ერთადერთი გამოსავალია ავტოტრანსპორტში ნავთოპროდუქტების მასშტაბური ჩანაცვლება ბუნებრივი გაზით.
ცნობილია, რომ, როდესაც საავტომობილო გაზი 2-ჯერ იაფია ნავთობპროდუქტებთან შედარებით, ავტოგაზიფიცირების პროცესი ვითარდება, ხოლო, თუ 2,3-ჯერ იაფია, ეს პროცესი ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს.
ჩვენ კი რას ვაკეთებთ, ხალხო? საავტომობილო გაზზე აქციზს ვზრდით?! კი არ უნდა გავზარდოთ, უნდა მოვხსნათ აქციზი და ავტოგაზსავსებ სადგურებს გაძვირების გარეშე უნდა მივაწოდოთ გაზი, რათა ავტოგაზიფიცირების პროცესის ინტენსიობა იმ დონეზე მაინც გავიდეს, რაც იყო მსოფლიოში ნავთობის გაიაფებამდე. ან იქნებ ნავთობპროდუქტებზე აქციზი იმდენად მაინც გავზარდოთ, რომ ის ორჯერ ძვირი გახდეს ბუნებრივ გაზთან შედარებით.
დიახ, რამე უნდა ვიღონოთ, გავიმეორებთ, სანამ გვიანი არ არის.