თბილისელ ვაჭრებზე და ძველ თბილისში განლაგებულ ულამაზეს ბაზრებზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ძველი თბილისის ის კოლორიტული ადგილები, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა, ბამბის რიგი, სირაჯხანა, ხარაზხანა, დარაბხანა, მჭედლის ქუჩა, რიყე - ღვინის აღმართი, შუა ბაზარი - სადაც, როგორც ძირძველი თბილისელები ამბობენ, "სავსე იყო თევზი წნულზე ასხმული, თხილი - შაქარაყინულით"...
ძველ თბილისში მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო თათრის მოედანი. საიდან არ მოდიოდნენ აქ სავაჭროდ და რა არ მოჰქოონდათ გასაყიდად. შაქარი, ფქვილი, ბაღჩა- ბოსტნეული, თევზი, ღვინო- არაყი, სპარსული ნოხები, ხილაბანდი, ფაფახი, ჩიხტიკოპი, ბაღდადი, დარაიას კაბები, შირვანის ვარდი...
ბაზრში პირველები მენახშირეები გამოჩნდებოდნენ, რომლებსაც უკვე მოგროვილი ჰქონდათ ნახშირი თბილისის გაშემო არსებულ ტყეებში (აქ საგანგებოდ გამართულ ორმოებში იწვებოდა შეშა) ვარგის ნახშირს ამოარჩევდნენ, შემდეგ სახედრებს აჰკიდებდნენ და კალათებით თბილისში ჩამოჰქონდათ გასაყიდად.
ძველი თბილისის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ცენტრი იყო ასევე როსტომბაზარი, რომელიც მდებარეობდა დღევანდეოლი ერეკლე მეორესა და სიონის ქუჩის მიდამოებში. მათ სიახლოვეს იყო ასევე გადახურული სავაჭრო მოედანი "პატარა ჩორსუ". მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა დუქნების რიგს ერქვა ალაფხანა. ფარჩით, ბამბით, მატყლითა და მაუდით მოვაჭრეთა დუქნების რიგს კი ბაზაზხანას ეძახდნენ. ბზის მოედანზე (რიყეზე) ყიდდნენ თივის ზვინებს. აქვე იყო თბილისში შემოსული აქლემების, ცხენების და სახედრების სადგომი.
ახლანდელი შარდენის ქუჩა კი მექვაბეების რიგი იყო. მოგვიანებით აქ მაუდით და ფარჩითაც ვაჭრობდნენ. ოქრომჭედელთა დუქნები კი ჩამწკრივებული იყო ვერცხლის ქუჩაზე. წყლით მოვაჭრეებს ძველ თბილისში თულოხჩებს ეძახდნენ, რომლებიც წყალს ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბებითა და კოკოებით ეზიდებოდნენ. თევზის გამყიდველები დილით ადრე მტკვარზე გოდრებით და ფაცერით იჭერდნენ ყველანიარ თევზს და ბაზარაში მოჰქონდათ გასაყიდად. ახალი თევზის გარდა ბაზარში დამარილებული თევზიც იყიდებოდა.
თბილისი ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო, ამბობენ, თბილისში ყოველწლიურად 350 ათას ფუთამდე ღვინო ჩამოდიოდა. ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილებს სირაჯხანა ერქვა, ღვინით მოვაჭრეებს კი სირაჯებს ეძახდნენ.
პირველი სირაჯხანა ძველ თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა და გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდიდან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. ეს იყო ძველი თბილისის ყველაზე დილი ღვინის ბაზარი, რომელსაც დიდი სირაჯხანა ერქვა. პატარა სირაჯახანა კი კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა.
სირაჯი - არა მხოლოდ ღვინით მოვაჭრე იყო, არამედ ღვინის შემფასებელიც. სირაჯებს ჰყავდათ დამხმარე, რომელსაც ფიშქარი, ან ღვინის დალალს ეძახდნენ. ფიშქარი სირაჯის დიდი ნდობით სარგებლობდა, სწორედ მას აგზავნიდნენ ხშირად სავაჭროდ.
შემოდგომაზე კახეთის სოფლებში ჩასული სირაჯები ეზო- ეზო დადიოდნენ და ღვინოს სინჯავდნენ. იწერდნენ, ვისი ღვინო გასინჯეს და ვის რა ფასად მოურიგდნენ. დაბევებულ ღვინის ქვევრებს ნაცარს დააყრიდნენ და სახურავის ნაპირებზე საკუთარ ბეჭედს დასვამდნენ. მერე ზემოდან კრამიტს დაადებდნენ და მიწას აყრიდნენ.
იყო ასეთი წესიც, როცა სირაჯი კახეთის რომელიმე მემამულეს ღვინის საყიდლად ესტუმრებოდა, თან ერთ ფუთზე მეტი დოში უნდა მერთმია, ასევე ხიზილალა, თავი შაქარი, ბავშვებისათვის ტკბილებული. მემამულისთვის ხარაზული ჩექმები, საჩოხე, საახალუხე ან ფარაჯი მიჰქონდა. ძღვენი იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ "ხურჯინი ორ ბიჭს უნდა შეეტანა ხვნეშით".
მასპინძელიც სირაჯს სათანადო პატივით მიიღებდა. მაშინვე ღორს ან თოხლს დაკლავდა. სანამ ტყავის რემბებს წყლით გაჟღენთავდნენ, ღვინოს ჩაასხამდნენ და ურმებზე დაალაგებდნენ, სირაჯი კახელი მემამულის სტუმარი იყო, ამასობაში კი თითქმის ორი კვირა გადიოდა და იგი თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ღვინის შეძენის შემდეგ მყიდველი გამყიდველს დალოცავდა, ერთმანეთს აღებულ თანხას "სიხარულში და ბედნიერებაში მოიხმარეო", ეტყოდნენ და ოჯახს ბარაქას დაულოცავდნენ.
კახეთიდან ღვინის ჩამოტანას რამდენიმე დღე უნდებოდნენ. ურმების ქარავანს, რომელიც 15-20 ურმისაგან შედგებოდა აღალი ერქვა, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა აღალბაში. თითო ურემზე ორ-ორი რუმბი ან ორ-ორი ორმოცვედროიანი კასრი იყო დამაგრებული. დუქნებში რუმბების დასალაგებელ აგილს ფიშტარი ერქვა. სირაჯების უსტაბაშს - სირაჯბაში, რომლის ხელდასმითაც ხდებოდა ახალი სირაჯის კურთხევა.