XVII-ის ირანის შაჰის კარზე საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ ქართველები. ჯერ კიდევ ალავერდი ხანი უნდილაძე იყო ის გამორჩეული პერსონა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ირანის სამეფო არმიის ჩამოყალიბებაში. შემდგომ მის შთამომავლობასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ჩნდება შაჰის სასახლეში - ხოსრო მირზა, რომელმაც შემდგომში როსტომის სახელი დაირქვა და ასე შემორჩა ისტორიას.
როსტომი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ირანში - ის ჯერ არმიის სარდლად, ყურალარასად დაინიშნა, შემდეგ კი დედაქალაქ ისპაჰანის თავი - ტარუღი გახდა.
შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის. უნდა ითქვას, რომ ეს ბრძოლა ორ ქართულ დაჯგუფებას შორის წარიმართა - ერთ ჯგუფს შეადგენდა ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი, მეორეს კი უნდილაძეები.
სწორედ ამ პოლიტიკურ ორომტრიალში გამოჩნდა კარგად რამდენად დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქართველები უცხო ქვეყანაში.
ამბავი შაჰ სეფის გამეფებისა
უნდილაძეთაგან გამოჩეული გახლდათ ალავერდი ხანის უფროსი შვილი იმამ ყული ხანი, რომელიც იმხანად ფარსის პროვინციას მართავდა, ერევნელები მას შაჰის მოადგილეს უწოდებდნენ. მასთან ერთად იყო უმცროსი ძმა დაუდ ხანი - განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი.
სამეფო ტახტზე არჩევანი შაჰ-აბასის ორ შვილს შორის უნდა გაკეთებულიყო - სეფი როსტომ ხანისა და საააკძის ფავორიტი იყო, მეორეს კი, შაჰ-აბასის უმცროსი შვილს, იმამ ყული ხანს უნილაძეები მფარველობნენ და სწორედ მისი ტაზტზე ასვლა სურდათ.
როგორც დონ პიეტრო ავიტაბელე წერს, ხოსრო მირზასგან შაჰ-აბასი და მისი შთამომავლობა ძალიან დავალებული იყო. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ ის დანიშნეს ქართული გვარდიის მეთაურად, რომელიც მთელს სპარსეთში უძლიერესი იყო. სწორედ ხოსრო მირზას დაუსვამს ტახტზე შაჰ სეფი, მას ამისთვის დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია თურმე.
იგივე ცნობას გვაწვდის ბერი ეგნატაშვილი, რომელიც წერს, რომ შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ არეულობა დაწყებულა ყიზილბაშებში, ხოსრო მირზას, რომელიც ყურალაღასი - ჯარის უფროსი იყო, გაუმაგრებია ქალაქი, შაჰ-აბასის შვილი სეფი ჩამოუყვანია და ის დაუსვამს ტახტზე. ხოსრო სეფის ერთგულად დარჩენიდა მთელი ცხოვრება, თავის მხრივ სეფიც გულმოწყალე ყოფილა მისდამი.
ვინ იყო როსტომ ხანი
როსტომ ხანი ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელია. ის ძმიშვილია სვიმონ |-ისა, რომლის სახელიც ოქროს ასოებით ჩაეწერა ჩვენი ქვეყნის მატეანეში. სვიმონის მთელი ცხოვრება ჯერ ირანელებთან, შემდეგ კი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში გაილია.
როსტომ ხანის მამა, დავით მე-11, იგივე დაუდ ხანი, სვიმონის ანტიპოდია. მისი გადაბირება ირანელებმა მოახერხეს. ის თავისი ნებით მიდის ირანის შაჰთან და გამაჰმადიანებული მის სამსახურში დგება. ასე უპირისპირდებიან ძმები ერთმანეთს - მაშინდელი არეულობის ფონზე ჯერ კიდევ არავინ უწყის, როგორ დასრულდება მათი ქიშპი.
ეს ყქ| ს-ის 70-იანი წლებია. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა დაუდ ხანის უკანონო შვილი როსტომი, რომელიც პირველი მაჰმადიანი მეფეა ქართლის სამეფო ტახტზე რომ ადის.
ის ირანში გაიზარდა, სწორედ აქ ჩამოყალიბდა მენტალურად, სისხლი ამ შემთხვევაში უძლურია, როსტომი საკმაოდ შორსაა ქართული სულიერებისა და ცნობიერებისგან.
მისი ნამდვილი სახელია ხოსრო, როგორც წესი მას ხოსრო მირზათი მოიხსენიებენ. მირზა ირანულად ნიშნავს უფლისწულს ნიშნავს. ის იმ ელიტის წარმომადგენელია, რომელიც ირანის შაჰის კარის სიახლოვეს უნდა ტრიალებდეს, თუმცა ხოსრო მირზა გამონაკლისია - ის დედასთან ერთადაა ირანში, თუმცა თავს ძლივს ირჩენს (დედამისი წავკისელი გლეხის ქალია) მისთვის არავის სცალია, არავინ ამჩნევს და არც არავისთვისაა საინტერესო.
სააკაძის რეკომენდაცია
ხოსრო მირზას ბედმა მაშინ გაუღიმა, როცა გიორგი სააკაძეს შეხვდა. ეს 1612 წელია. სწორედ ამ წელს გაიქცა დიდი მოურავი ირანში.
გიორგი სააკაძეს შაჰის კარზე დიდი ავტორიტეტი გააჩნია. ამიტომაც მის სიტყვას მრისხანე აბასთან დიდი გასავალი აქვს. სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია ხოსრო მირზას - მოურავის გათვლა საკმაოდ მარტივია - მას ხოსრო მირზას, ბაგრატიონობა ხიბლავს, სწორედ ამ კუთხითაა მისთვის ახალგაცნობილი საინტერესო, რამდენადაც მას ლუარსაბ მეფის ალტერნატივად მოიაზრებს, ამიტომაც დაუახლოვდა დაუდ ხანის შვილს.
თავის მხრივ ეს ურთიერთობა ხოსრო მირზასთვისაც უმნიშვნელოვანესია. გიორგი სააკაძესთან სიახლოვე ირანში საკმაოდ დიდ პრივილეგიას და გამორჩეული მდგომარეობის მოპოვების პერსპექტივას ნიშნავს - ამ დროს ხოსრო მირზა უკვე როსტომის სახელს ირქმევს.
სწორედ გიორგი სააკაძის რეკომენდაციით ხდება როსტომი ისპაჰანის ტარუღი, ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო თანამდებობაა - ირანის დედაქალაქის გამგებელი ძალიან ბევრს წყვეტს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში.
რატომ დაინდო გიორგი სააკაძემ როსტომ ხანი მარაბდაში
ამ კარიერული წინსვლისას როსტომს საქართველოსთან არანაირი შეხება არა აქვს. ის ქართლში მხოლოდ 1625 წელს ჩნდება, მარტყოფის ომისას, ამას მარაბდის ბრძოლა მოსდევს. ამჯერად ის მისი უახლოესი ადამიანის, გიორგი სააკაძის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს, სწორედ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც უნდა უმადლოდეს თავის აღზევებას.
მარაბდაში ირანელთა ჯარი თითქმის მთლიანად გაწყდა, 12 ათასი მეომრიდან მცირენი დარჩნენ ცოცხალნი, მათ შორის იყო ხოსრო მირზა რამდენიმე თანმხლებით.
როგორც ირკვევა, ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი, რა თქმა უნდა როსტომი მამაცურად იბრძვის, მაგრამ მარტო მამაცობა ვერ შველის საქმეს, ხელი გიორგი სააკაძემაც წააშველა, რომელმაც საშუალება მისცა როსტომს ალყა გაერღვია და სამშვიდობოს გასულიყო.
სულ მალე როსტომი საქართველოს განსხვავებულ რანგში მოევლინება, მისი მმართველობისას ნანატრი მშვიდობა დაისადგურებს.
რატომ შეცვალა ირანმა საქართველოს დაპყრობის მეთოდი
ყქ|-ყქ|| ს-ის საქართველოს უმძიმესი დროება უდგას. აღარ არსებობს ჩვენ ქვეყანაზე გამავალი აბრეშუმის გზა, რომელიც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალუმი იმპულსებით კვებავდა ქვეყნის ერთიანობის იდეას.
ახლა სხვა ჟამია, ჟამი არეულობისა, დაქსაქსულობისა და ურთიეთდაპირისპირებისა. მაჰმადიანურ სამყაროსთან ურთიერთობა მძიმედ აწევს ქრისტიანულ საქართველოს. შაჰ-აბასის შემოსევებმა წელში გაწყვიტა ქვეყანა, აბასმა თავისი 120 ათასიანი არმიიდან ნახევარი საქართველოსთან ბრძოლას შეაკლა, განადგურდა და გავერანდა ქართლ-კახეთი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანმა საწადელს ვერ მიაღწია - საქართველო სულიერად ვერ დაიმორჩილა.
ფიზიკური დამორჩილება არ ნიშნავდა მენტალურ მორჩილებას. პირიქით - მტრის ფრაგმენტული წარმატებები ქართველობისთვის ახალი მოტივაციის საფუძვლებს აჩენდა.
ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვნი ტესტი ირანის მომავალი პოლიტიკისთვის, აშკარა იყო, რომ სპარსეთს პოლიტიკური აქცენტები უნდა შეეცვალა, სულ სხვა გზას დასდგომოდა, სხვა მიმართულებით უნდა შეეტია. აშკარა იყო, ისიც რომ სამიზნედ ისევ ქრისტიანობა უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ამ სამიზნემდე გზა არ უნდა გასულიყო ღია დაპირისპირებაზე, სადაც ქართველებს არც თუ იშვიათად გარკვეული უპირატესობა გააჩნდათ.
რატომ სჭირდებოდა ირანს ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მმართველი
ამ პოლიტიკურ ვითარებაში გაჩნდა ირანის სამეფო კარზე აზრი საქართველოს სამეფო ტახტზე მაჰმადიანი ხელმწიფე აეყვანათ, მშვიდობიანობა ჩამოეგდოთ და ქართველთა გონება და სიფხიზლე მოედუნებინათ. მაშინ ყველაზე მეტად საქართველოს სიმშვიდე ენატრებოდა.
ამ მშვიდობიანი პოლიტიკის ფონზე სწორედ მორალურად უნდა გატეხილიყო ქართველი, ეს ყველაზე მეტად უჭირდა ირანს, ვერ გატეხეს უნდილაძეები, ვერ ააღებინეს იარაღი საქართველოს წინაში, ვერც ქეთევან დედოფალს მოუხერხეს ვერაფერი, ეს ზნეობრივი მაგალითები გადამდები გახლდათ მოსახლეობისთვის. სწორედ ეს მაგალითები უნდა მოეშალათ მათთვის...
შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ ისევ აქტიური პოლიტიკით ხასიათდებოდა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ |, ის ღიად უპირისპირდებოდა სეფი |-ს. ბუნებრივია მას ასეთი ულმობელი მოწინააღმდეგის ჩამოცილება სურდა, შაჰს საბაბის ძიებისთვის დიდხანს არ უცდია - 1632 წელს თეიმურაზმა ლაშქრობს შაჰის სამფლობელოზე განჯა-ყარაბაღზე. შაჰ სეფისთვის ეს შეუწყნარებელი საქციელი იყო, თანაც როსტომმაც გამოიდო თავი და თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას შეეცადა - ის ხომ ბაგრატიონია, მას შეუძლია სამეფო ტახტზე ასვლა, ამისთვის კი მხოლოდ შაჰ სეფის კეთილი ნებაა საკმარისი.
როსტომის გათვლა ზუსტი აღმოჩნდა - თეიმურაზი ირანის ვასალია, სეფის შეუძლია ჩამოართვას ქართლ-კახეთის სამეფო თეიმურაზს. ის ამ უფლებით სარგებლობს და ქართლის ტახტზე ხოსრო მირზას, იგივე როსტომ ხანს სვამს.
ეს 1632 წელია, ამ დროს როსტომი 68 წლისაა...
"ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო..."
ასე იწყება საქართველოს ისტორიაში თვისებრივად ახალი ეპოქა, რომელმაც 113 წელს გასტანა, სწორედ ამდენ ხანს - 1745 წლამდე აღარ ჰყოლია საქართველოს ქრისტიანული წესით ხელდასხმული მეფე.
საქართველოს ისტორია ომების ისტორიაა - ქვეყნის გეოპოლიტიკური ფაქტორის გამო ჩვენ ქვეყანას გამუდმებით უწევს ბრძოლა სხვადასხვა დროს აღზევებულ იმპერიებთან. ამიტომაც მშვიდობას ყველა დროში განსაკუთრებული ფასი გააჩნდა.
როსტომ ხანის ეპოქა, ყქ|| ს-ის 30-50-იანი წლები, სწორედაც რომ მშვიდობით გამოირჩევა. წერტილი დაესვა სპარსთა გამუდმებულ თარეშს, ქვეყანამ ამოისუნთქა, განახლდა აღმშენებლობის პროცესი, შეიქმნა "ქართლის ცხოვრების" ახალი ხელნაწერები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პერიოდს სრულიადაც არ მოუტანია სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის.
ის ორსახოვნება, რითაც როსტომ ხანი ხასიათდება, საკმაოდ საშიში მოვლენა აღმოჩნდა საქართველოსთვის. "ომი დასრულდა მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო..." - ბერტოლდ ბრეხტის ეს ფრაზა მთელი სისრულით ასახავს იმ რეალობას, პირველი მაჰმადიანი მმართველის ზეობამ რომ დაუტოვა მემკვიდრეობად ჩვენ ქვეყანას.