"ქართველები თავაზიანი და კაცთმოყვარენი არიან, ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი. აქ უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო და დაიცვა იგი. აქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ოსმალებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს და ევროპელებს.
"თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, მას დარ ელ-მელუქს - მეფეთა ქალაქს ეძახიან. ქალაქს მის ძირში მტკვარი ჩამოუდის. თბილისის გარეუბანს საუცხოო ბაღები ამშევენებს. კარი დედაქალაქს რომ შეეფერება, ისეთი მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალეა.
"თბილისის ერთ-ერთი მშვენება დიდი მთავრის (მეფის) სასახლეა, მას აქვს დიდი დარბაზები, რომლებიც მდინარესა და სასახლის უზარმაზარ ბაღებს გადასცქერიან", - ეს სიტყვები ეკუთვნის ჟან შარდენს, რომელმაც 1672-1673 წელებში იმოგზაურა საქართველოში და შემდეგ აღწერა საკუთარი თვალით ნანახი.
ფრანგი მოგზაურის საქართველოში განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ერთი ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც უკავშირდება ვახტანგ ქ-ის კარზე გამართულ ნადიმს, რომელსაც აღფრთოვანებაში მოუყვანია კულინარიითა და ხელოვნების ნიმუშებით განთქმული ქვეყნიდან ჩამოსული იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ჟან შარდენი.
"შუადღე მოტანებული იყო, როდესაც ჩვენ სასახლეში წავედით, პრეფექტი და მამა რაფაელიც წამომყვნენ. სადილად ჩვენ გველოდნენ. მეფე დარბაზში ბრძანდებოდა. დარბაზი სიგრძით ას ათი ფუტი იყო. დარბაზის ჭერს რამდენიმე დახატული და ოქროთი მოვარაყებული სვეტი იმაგრებდა. სვეტების სიმაღლე 40 ფუტამდე იქნებოდა. მეფეს სამჯერ მდაბლად დავუკარი თავი. ერთმა კეთილშობილმა ჩამომართვა მეფესთან მიტანილი ძღვენი. დააწყო ყველა ეს ვერცხლის დიდ ტაბაკაზე და მეფემ დიდის ყურადღებით დაათვალიერა.
"ძღვნად მივართვი ერთი დიდი საათი ჩუქურთმით ნაკეთები და ვერცხლით მოვარაყებული, კოლოფით; ერთი ვერცხლში ჩასმული ბროლის სარკე; ერთი სევაფის მორთული ოქროს პატარა კოლოფი თრიაქის აბებისთვის; ერთი ლამაზად შემკული და დიდის ხელოვნებით გაკეთებული სადოსტაქრო იარაღების ბუდე. მშვენივრად გაკეთებული და საუცხოვო დანები.
"სუფრაზე მეფემ სუფრაჯის ხელით გამომიგზავნა ოქროს თეფში ნახევარი ერთი დიდი პურისა, რომელიც მის წინ იდვა და შემომითვალა, რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი აქ ყოფნაო.
"მეორე თავი საჭმელი რომ შემოიტანეს, მეფემ გამომიგზავნა თავის სასმელი ღვინო, იმ თასით, რომლითაც თვითონ მიირთმევდა. ღვინო ოქროს სევადით მორთულ საღვინეში იყო ჩასხმული. თასიც ოქროსი იყო, გარედან ლალითა და ფირუზებით მოჭედილი. მერე მესამე თავი საჭმელი შემოიტანეს. მეფემ გამომიგზავნა შემწვარი ხოხობი, ორი კაკაბი და ფურ-ირმის მეოთხედი.
"აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, თუ რა წესიერება და დიდი მოკრძალება სუფევდა ამ შექცევის დროს. გასაოცარი სიუხვე იყო ხორაგისა, სახსნელოც მოჰქონდათ და სამარხვოც, რადგან სადილზე პატრიარქი და ეპისკოპოზებიც იყვნენ. სამ საათს ვისხედით და მერე ავდექით.
"შემდეგ, მეფემ მიმიწვია ერთ ზეიმზე, რომელიც გამართული იყო სასახლის ტერასაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო ორი ფუტის სიმაღლე მოაჯირით. ტერასა დაფარული იყო დიდი ფარდულით; ფარდის ჭერი გაკეთებული იყო ოქრო თუ ვერცხლისნარევ ფარჩისაგან, ხავერდისაგან და ჭრელი ტილოსაგან - ისე საკვირველად და მშვენივრად იყო შეწყობილი ეს მასალა და ფერები, რომ სეფა მაშხალების შუქზე ყვავილებიდან და ნახატებიდან შეთხზულს ჰგავდა.
"სეფას შუაში იდგა დიდი აუზი წყლით სავსე. იატაკი მოფენილი იყო დიდი მაშხალებით, მათ შორის ოთხი, რომელიც მეფის მახლობლდა იდგა ოქროსი იყო, დანარჩენები ვერცხლის.
"მერე ამგვარად გაშალეს სუფრა: გადაშალეს სუფრები ყველა სტუმრის წინ. შემდეგ მოიტანეს პური - პური სამნაირი სიგრძისა იყო; თხელი, როგორც ქაღალდი, თითის სისხო და პატარ-პატარა, დაშაქრებული პურები.
"ხორცი მოიტანეს ვერცხლის დიდი ლანგრებით, ვერცხლისავე ხუფები ეხურა. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ ხმარობენ. ლანგარი ხუფით იწონის ასე ორმოცდაათ ან სამოც გირვანქას. შემოჰქონდათ და ამწკრივებდნენ ერთად.
"სხვებს მოჰქონდათ შემოტანილი ხორცი დამჭრელებთან, დასჭრიდნენ, ავსებდნენ სინებს და მიჰქონდათ სტუმრებთან, მათი ღირსების მიხედვით.
"სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე, ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით. მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული - სხვა და სხვა ფერისა და გემოვნებისა. ყვითელი ფლავი შაქრით, დარიჩინითა და ზაფრანით შეზავებული. წითელი ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი უფრო გემრიელი და კარგი საჭმელია, აზიზი და ფრიად შემრგე.
"მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა. მესამე თავი შემწვარი იყო. ამ სამივეთავ საჭმელს მოსდევდნენ სამღვდელოთათვის თევზი, მწვანილი.
"საკვირული წესებით და სიჩუმით მოჰქონდ-მიჰქონდათ საჭმელები, ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ყველა ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო.
"გარდა ამისა მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. ასორმოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე - ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეში და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები ზოგი სადა ოქროსი, ზოგი ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგი ვერცხლის იყო. ყანწები ძვირფასი თასებივით იყო მოოჭვილი. ყანწები სხვადასხვა სიდიდისა.
"ჯერ ყველანი ცოტას სვამდნენ, მხოლოდ მესამე თავი საჭმელი რომ შემოვიდა, მაშინ შეხურდნენ და საკვირველად დაიწყეს სმა. რვა კაცს, რომლებიც უფრო ახლოს ისხდნენ მეფესთან, ოთხს მარცხნივ, ოთხს მარჯვნივ ჩამოურიგეს რვა თასი, ერთისა და იმავეს სიდიდისა და მოყვანილობისა, ერთნაირის ღვინით სავსე. ეს რვანი წამოდგნენ ზეზე და ფეხზე იდგნენ, ვიდრე დასცლიდნენ. მემარჯვენეებმა დალიეს ერთად და გადასძახეს "ალავერდი" მემარცხენეებს. მემარცხენეებმა უპასუხეს "იახშიოლ" და დასცალეს თასები.
"მერე ყველანი ისევ დასხდნენ. მერე მიართვეს ღვინო იმავე რვა თასით მათ შემდეგ მსხდომთ და ასე ჩაჰყვნენ ბოლომდე. მე რომ იმდენი დამელია, რამდენიც ჩემს გვერდით მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი, მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა ჩვენთვის არ დაეძალებინათ სადღეგრძელოები.
"ჩვენ წინ იდგა ღვინო, წყალი და ოქროს თასი. როცა მოვითხოვდით, მაშინ გვასმევდნენ. როცა დაიწყებოდა სადღეგრძელოები, საკრავებს დაუკრავდნენ დ იმღერებდნენ. სიმღერა ძალიან მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდნენ..."