საქართველოს ისტორიაში ბახტრიონის აჯანყება განსაკუთრებული თემაა. ამ შეიარაღებულმა გამოსვლამ ფაქტობრივად გადაარჩინა ჩვენი ერი გადაშენებისგან, რაც იმ პოლიტიკას უნდა მოჰყოლოდა, ყქ|| ს-ის 60-იანი წლების ირანის შაჰის კარი რომ ატარებდა საქართველოში.
ქართველთა არაერთი განმათავისუფლებელი აჯანყებაა ცნობილი, თუმცა ბახტრიონის ეპიზოდი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ქართველი განსაკუთრებულად სასტიკია, არავის ინდობს, არც დიდს და არც პატარას, დედაბუდიანად ჟლეტს ჩამოსახლებულ თურქმან მომთაბარეებს.
ასეთი სისასტიკე უამრავ კითხვას ბადებს - როდის იყო ქართველი აკვანში მწოლიარე ბავშვებს კლავდა?! არადა, ბახტრიონის აჯანყებისას სწორედ ამგვარი ეპიზოდებია...
ეს არ არის ის სტილი და მეთოდი, ქართველისათვის რომ გახლავთ დამახასიათებელი, ქართველის სულიერ სიდიადეს მტრისადმი ღირსეული მოპყრობაც განსაზღვრავს, ამის არაერთი მაგალითი შემოგვინახა ფოლკლორმა და მატიანემ, საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ბახტრიონში სულ სხვა ქართველი იბრძვის, სულ სხვა, განრისხებულ ადამიანებს ვხედავთ.
მაინც რა ხდება, რამ განაპირობა ჩვენი სახელოვანი წინაპრების ასეთი გაგულისება? ასეთი სისასტიკე?
კახეთი - ირანის ექსპერიმენტული პოლიტიკის საცდელი პოლიგონი
კახეთის რუსული ორიენტაცია რომ განსაკუთრებულად აღიზიანებს ირანს, ეს არ არის ახალი ამბავი, სწორედ კახეთის პოლიტიკური კურსი იყო იმის მიზეზი, რომ შაჰ-აბასმა ოთხგზის ილაშქრა საქართველოში, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა.
ამ უსასტიკესმა პოლიტიკამ კახეთი ვერ გატეხა, ახლა, 40 წლის შემდეგ ისტორია ისევ მეორდება - მას შემდეგ, რაც რუსეთი კავკასიაში კვლავ გააქტიურდა, განსაკუთრებული იმედი მიეცა თეიმურაზ |-ს, რომელიც იმხანად იმერეთს აფარებდა თავს.
თეიმურაზმა თავისი შვილიშვილი ერეკლე | (ეს ის ერეკლეა, რუსთა პირველი იმპერატორის პეტრე პირველის მამად რომ მოიაზრება) რუსეთის სახელმწიფოს კარზე გააგზავნა, თვითონაც ეწვია მოსკოვს. რუსეთთან დაახლოებას ცდილობდა იმერთა მეფე ალექსანდრე. ჩრდილოეთისკენ ეჭირათ თვალი და ელჩობას აგზავნიდნენ თუშ-ფშავ-ხევსურები, კახელები.
რატომ ჩამოართვეს როსტომ ხანს ირანელებმა კახეთი
ქართველთა ამგვარი პოლიტიკური ხედვა კიდევ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა ირანის შაჰის კარისთვის. სწორედ ამიტომაც გადაწყდა- ირანი დაბრუნებოდა შაჰ აბას |-ის პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც ქართლში გაცხადდა შაჰ სეფის ფავორიტის როსტომ ხანის პოლიტიკის რეალური სახე (1642 წელს ევდემოზ კათალიკოსის მკვლელობამ ფაქტობრივად გაშიფრა იმ მშვიდობიანი პოლიტიკის არსი) ირანს რომ ჰქონდა არჩეული, აშკარა იყო, ირანის შაჰის კარს საერთო პოლიტიკურ კონცეფციაში გარკვეული კორექტირება უნდა შეეტანა.
ამ დროს ირანს შაჰ-აბას || მართავს. როგორც ჩანს, მან არ ჩათვალა საჭიროდ პოლიტიკის იმ ნაწილის კორექტირება, როსტომ ხანს რომ ეხებოდა, როსტომს ასპარეზად მხოლოდ ქართლი დაუტოვეს და 1656 წელს კახეთი ჩამოართვეს.
ერთი სიტყვით, ირანის პოლიტიკისთვის კახეთი ერთგვარი საცდელი პოლიგონი აღმოჩნდა, რომელსაც გარკვეული გამოცდა უნდა გაევლო, რათა ეს მოდელი შემდგომი ქართლშიც გავრცელებულიყო.
რატომ უყურებდნენ ქედმაღლურად ქართველებს თურქმანები
შაჰ-აბას || არ იშურებს სახსრებს თურქმანი ტომების საქართველოში ჩამოსახლებას. ეს კახეთის დამორჩილების მთავარი საშუალებაა. ასე აღმოჩნდა კახეთში 80 000-მდე მომთაბარე თურქმანი, რომელთაც მოსავლიანი მიწები მისცეს და ბინადარი ცხოვრებაზე გადასვლისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნეს.
გარდა მძიმე ეკონომიკური რეალობისა, ყალიბდებოდა საკმაოდ არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ მძიმე პირობებში აგდებდა. განსაკუთრებით აუტანელი იყო თურქმანი ტომების ცინიკური და ქედმაღლური დამოკიდებულება, ისინი თავს ადგილობრივ მოსახლეობაზე მაღლა მოიაზრებდნენ. ამგვარ რეალობას ადასტურებს სპარსული წყაროებიც.
თურქმანთა გამორჩეული სამიზნე იყო ეკლესია და ქართველთა რწმენა, სწორედ ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მომთაბარე ელების ამგვარ დამოკიდებულებას ბუნებრივად მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტი. სპონტანურად იქმნებოდა მარბიელი ჯგუფები, რომელნიც მუდმივად აწიოკებდნენ ელებს თუ ყიზილბაშებს.
ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ თუშები და კახეთის სხვა მთიელები. ამის შესახებ საკმაოდ დიდი მასალაა შემორჩენილი ქართულ ფოლკლორში, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მოძრაობა დაბალ ფენებში იწყება და მას სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული ხელმძღვანელობს. აჯანყებულთა მთავარი სამიზნე ბახტრიონის ციხეა.
ბახტრიონის აჯანყების მიზეზები
ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "მიუხდნენ პირველად ბახტრიანს, მოსრნეს და მოსწყვიდნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა მოსწყვიდნეს, რამეთუ არცაღათუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი."
იმავე შინაარსისაა ის ჩანაწერი, ამ ამბის შესახებ ბერმა ეგნატაშვილმა რომ დაგვიტოვა: "ამოსწყვიტეს და მოსრნეს ბახტრიონის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნეს, თათარნი და ელნი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა. და ამოსწყვიტეს დედაწულითურთ და, აკვანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დახოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყვიტეს."
ამ სისასტიკეს რომ ეცნობი, იმასაც ფიქრობ, რაღაცას უნდა გაეღიზიანებინა ქართველი, ისეთი რამ უნდა მომხდარიყო, რაღაც გაუგონარი უნდა მომხდარიყო ქართული რეალობისთვის.
ისევ მატიანეს დავუგდოთ ყური. აი, რას წერს ბერი ეგნატაშვილი: "მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივნეს გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა, შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვივეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომური, და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდნენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმა და შესჩივლა: შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშვერი და ხელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშვერი... ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა."
ეს იყო ის ჯერ არგაგონილი და არსმენილი შეურაცხყოფა, რომელიც ქართველთა მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა. და ის სისასტიკეც, რაც ელების დედაბუდიანად ამოწყვეტაში გამოიხატა, სწორედ ამ გაუგონარი შეურაცხყოფის პასუხი იყო.
რატომ ჩაიცვა ზეზვა გაფრინდაულმა პატარძლის კაბა
მანამდე კი საინტერესოა ის ვითარება, როგორ მზადდება ბახტრიონის აჯანყება. ზაალ არაგვის ერისთავი შაჰზე განაწყენებული იყო. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კახეთი საგანმგებლოდ მას კი არა, ფეიქარ ხანს ჩააბარეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გათვალა შეურაცხყოფილმა ხუცესმა და ამიტომაც მიადგა ზაალს.
არაგვის ერისთავს თავისთან უხმია ბიძინა ჩოლოყაშვილი და ასევე მთის კაცნი თუშნი. სწორედ ამ თავყრილობაზე გადაწყდა ბახტრიონის ციხის აღება და თურქმანთა დედაბუდიანად გაწყვეტა.
მთიელთა დელეგაციაში ყოფილა ზეზვა გაფრინდაული. რომელსაც იმისათვის, რომ თუშები განსაკუთრებულად დაემუხტა, ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. მათთან შეხვედრისას სახალხო გმირი, კაცი, რომელიც სამაგალითო და მისაბაძი იყო ყველასთვის, პატარძლის კაბით მისულა.
რა თქმა უნდა, თუშებმა მას სთხოვეს აეხსნა ასეთი უჩვეული პერფომანსის მიზეზი. საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი იყო ზეზვას პასუხი: ჩვენ აღარ ვართ კაცები, ჩვენ ქალები ვართ! სამშობლოს თათრები გვართმევენ და ვერაფერი მოგვიმოქმედებიაო...
სრულიად ბუნებრივი იყო ის რეაქცია, თუშებს რომ ჰქონდათ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აქედან ისინი ფშავ-ხევსურეთში გზავნიან მაცნეებს. ერთადერთი ხსნა ამ უზნეობისგან თავდასახსნელად სახალხო აჯანყებაა.
რატომ დააჭედეს თუშებმა ცხენებს ნალები უკუღმა
აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილი - თუშები გადამწყვეტი ბრძოლის წინ პანკისის ხეობაში შეკრებილან. იმისათვის, რომ თათრებისთვის კვალი აერიათ, თუშებმა ცხენებს ნალები უკუღმა დააჭედეს და ღამით ისე დაიძრენ ბახტრიონისკენ.
ამ ფანდმა გასჭრა - ბახტრიონის ციხეში გამაგრებულმა თურქმანმა მეციხოვნეებმა ქართველებს მდევარი სხვა მიმართულებით დაადევნეს. ასე აღმოჩნდა ფაქტობრივად მიტოვებული ბახტრიონი ელების მცირერიცხოვანი რაზმის ამარა. ამით თუშებმა ისარგებლეს და შეტევაც დაიწყეს.
თუშებს, ზეზვა გაფრინდაულის მითითებით, წინასწარ მოუმზადებიათ ხის პალოები, რომელიც ციხის კედლებში დააჭედეს და ასე გადავიდნენ გალავანზე.
განკითხვის დღე ალვანის ველზე
აჯანყებას ზაალ ერისთავი ხელმღვანელობს. მასთან ერთად ბახტრიონის აჯანყების ორგანიზატორები არიან ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი, შალვა და ელიზბარ ერისთავები. სახალხო გმირები ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშაველი გოგოლაური. ამ მოძრაობას ქართლმაც აუბა მხარი. ახმეტაში ჩადიან და ბახტრიონის მიდამოებში იკრიბებიან ლაშქარი არაგვისა და ქსნის საერისთავოდან.
საკმაოდ ორგანიზებულნი იყვნენ აჯანყებულნი, მათ ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონს და ალავერდს. ბახტრიონში გამაგრებულმა თურქმანებმა ქართველთა შემოტევას ვერაფერი მოუხერხეს. ისინი ალავერდისკენ გაიქცნენ, სადაც ყიზილბაშები იდგნენ, თუმცა მათ აქაც იგივე სურათი დახვდათ.
ერთი სიტყვით, ელები და ყიზილბაშები იძულებულნი იყვნენ თავის გადარჩენაზე ეზრუნათ და ორივე ციხე დაეტოვებინათ. ისინი ერთმანეთს ალვანის მინდორზე შეეყარნენ. სწორედ აქ მოუწყვეს მათ ქართველებმა განკითხვის დღე - არცერთი ცოცხალი არ დაუტოვებიათ, შემდეგ კი სხვა ადგილებში გადამალული თურქმანებსაც დაერივნენ და დედაბუდიანად ამოწყვიტეს.
ეს ამბავი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ირანის შაჰისთვის, გაოგნებულს არაფერი მოუმოქმედებია საპასუხოდ, კახეთში ირანელთა რაზმის გამოგზავნაზე არც კი უფიქრია. ეს ფაქტობრივად ირანის შაჰის უკანდახევა გახლდათ, თუმცა, დროებითი უკანდახევა...
შაჰი თავის ჟამს უცდის, ეს ჟამიც მალე დგება - ბახტრიონის აჯანყების მოთავეებს ბიძინა ჩოლოყაშვილს, შალვა და ელიზბარ ერისთავებს სულ მალე ირანში დაიბარებენ...