"იმის მტკიცება, რომ საქონელი არ გაძვირდება, ტყუილი იქნება და ამაზე საუბარიც უხერხულია"
მარი ჩიტაია
27.12.2016

 იანვრიდან ქართული ოჯახის ყოველთვიური ხარჯი 60-100 ლარის ფარგლებში გაიზრდება. გარკვეულ გავლენას ამ მხრივ აქციზის ზრდა და იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება მოახდენს. ცხადია, გაცილებით მეტად მოიმატებს ხარჯი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. სხვაობა ამ მხრივ ინდივიდუალურია და კონკრეტული სესხის მოცულობაზეა დამოკიდებული.

სპეციალისტებს ხარჯთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახებს მომავალი წლიდან მეტი თანხის ხარჯვა მოუწევთ, თუმცა ეს არ იქნება მძიმე ტყვირთი, რამდენადაც შემოსავლების ზრდაც შესაძლებელია. სოციოლოგების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სხვაობა არ იქნება გადამწყვეტი, თუმცა რა დოზითაც უნდა მოხდეს ზრდა, მცირეშემოსავლიან ოჯახს მაინც მძიმე ტვირთად დააწვება.

საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ ცხოვრება გაძვირდება და ეს გარდაუვალი რეალობაა.

სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩადებული პარამეტრების მიხედვით, შემოსავლები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯი ან მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალური განზომილება.

"ფასების მომატებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება არსებობს. იმის მტკიცება, რომ საქონელი არ გაძვირდება, ტყუილი იქნება და ამაზე საუბარიც უხერხულია. ერთია ფასების ზრდა და მეორე, როგორი იქნება მოსახლეობის შემოსავალი. თუკი მთლიანი მაჩვენებელი გადააჭარბებს ფასების ზრდის ტემპს, მაშინ მოსახლეობის კეთილდღეობა არათუ გაუარესდება, გაუმჯობესდება კიდევაც.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩადებული პარამეტრების გათვალისწინებით, გამოდის, რომ შემოსავლები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯი ან მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალური განზომილება. მოხდება საშემოსავლო გადასახადების განსაკუთრებით მაღალი ტემპით ზრდა, რაც უკავშირდება როგორც დასაქმების გაუმჯობესებას, ასევე საშუალო ანაზღაურებისა და ზოგადად, შემოსავლების მატებას. დაახლოებით 25%-ით, თითქმის მეოთხედით მოხდება ნომინალში მთლიანი შემოსავლების ზრდა მაშინ, როდესაც ფასების მატება ნაკლებად მასშტაბური უნდა იყოს", - განმარტავს არჩვაძე.

როგორც სტატისტიკოსი ვარაუდობს, გარკვეული პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია, რაც გავლენას მოახდენს ფასების საერთო დონის მაჩვენებელზე.

"ფასები საქართველოში 0,6-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე იაპონიაში, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ხალხი უკეთესად ცხოვრობს. ფასის მატება ერთი ასპექტია, მეორე - საკუთარი განკარგვადი შემოსავლით რა რაოდენობის პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ. პირობითად, იაპონიაში თუ არის ხორცის ფასი 30 დოლარი, ხოლო საქართველოში - 5 დოლარი, სამაგიეროდ, იქ ხალხს აქვს შემოსავალი იმდენი, რომ შეუძლია გაცილებით მეტი ხორცის ყიდვა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს - საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ იაპონიის მოქალაქე უკეთესად ცხოვრობს.

ვფიქრობ, საშუალოდ, ოჯახს თვეში 60-100 ლარით მეტის გადახდა მოუწევს. აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა იმაზე, რამდენად გაიზრდება ან შემცირდება ფასი, არამედ შესაძლებლობაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ ახალ ვითარებაში შემოსავლების გაზრდას, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ემოციებისა და რესურსების რაციონალური მართვა. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ჩავდგებით მოწინავე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში.

მომავალი წლიდან, როგორც ვიცით, 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ, რაც ნამდვილად შესრულდება, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს რეალურად", - აცხადებს არჩვაძე.

მისი შეფასებით, დაბალი გადასახადი და ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იაფი საქონელი არ არის დალხენილი ცხოვრების გამოხატულება.

"საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ფასი ხორცზე 1962 წლიდან 1988 წლამდე არ შეცვლილა, მაგრამ ხორცი საერთოდ გაქრა და ტალონებით იყიდებოდა. ამიტომ, როდესაც ფასი თავისუფალ რეჟიმში ყალიბდება, მეტი სტიმული აქვს მეწარმეს, რომ გაიტანოს პროდუქტი ბაზარზე და მოახდინოს რეალიზაცია, ანუ ფასის ზრდის კვალობაზე მეტი პროდუქტი მიაწოდოს ბაზარს. უნდა შევეჩვიოთ ახალ რეალობაში, ახალ ვითარებაში ცხოვრებას", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის მოსაზრებას, რომ ცხოვრება გაძვირდება, სოციოლოგებიც იზიარებენ, თუმცა, არჩვაძისგან განსხვავებით, ისინი მიიჩნევენ, რომ სხვაობა ხარჯის ნაწილში არ იქნება დიდი. როგორც ექსპერტი სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, მცირე ცვლილებაც კი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას საგრძნობლად დაამძიმებს, რამდენადაც შემოსავლების ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.

"სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ლარის გაცვლითი კურსი სხვადასხვა რამაა, რაც ხშირად ერთმანეთში ერევათ. როგორც წესი, ფასები ყოველთვის არ მისდევს ვალუტის კურსს, რადგან ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც გაფიქრებინებს, რომ გაძვირება მოსალოდნელია.

იანვრიდან ხარჯი გაიზრდება და ეს არის რეალობა. საკითხავია, რამდენად მიჰყვება მას შემოსავლებიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უკეთესად იგრძნოს თავი. ის, თუ რამდენი ლარით გაძვირდება ცხოვრება საშუალოშემოსავლიანი ოჯახისთვის, ძნელად სათქმელია. ჩემი აზრით, ხარჯი მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

ინფლაციის მოლოდინია მაღალი და ეს არის ყველაზე ცუდი. ლარის კურსის გაუარესებამ დაარტყა ყველაზე მეტად მას, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი. მომავალი წლიდან ბანკებმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, რომ სესხები გასცენ ეროვნულ ვალუტაში, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს", - აცხადებს კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×