1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძე სადარბაზო ბარათებს უგზავნის რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელს, გიორგი თუმანიშვილს, დავით ერისთავს, ივანე მაჩაბელს, პეტრე უმიკაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს და სხვა ქართველ მწერლებს და მოღვაწეებს:
"პარასკევს, 1 ივნისს გეპატიჟებით სადილად სამ საათზე, ჩემს სახლში მოწვეული მყავს თქვენი პატივისმცემელი გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი - გთხოვთ მობრძანდეთ"
მეორე დღეს, 1884 წლის 1 ივნისს, ილია მეგობრებთან ერთად რკინიგზის სადგურზე დახვდა მისივე მოწვევით საქართველოში ჩამოსულ სტუმარს არტურ ლაისტს, გერმანელ მწერალსა და პუბლიცისტს, რომელიც დასავლეთ ევროპას აცნობდა ქართული მწერლობის საუნჯეებს.
"დღეს ჩვენ შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი, უცხო და სტუმარი მარტო იმით, რომ სხვიდამ მოსულია, ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია. სასიხარულოა მისი ჩვენ შორის ყოფნა.
არტურ ლაისტი ის კაცია, რომელმაც ჩვენდა სასახელოდ კისრად იდო, შუა კაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და ევროპას შორის, რომელმაც იტვირთა - ჩვენ გულში ამონაწები სიტყვა, ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე, ჩვენი სულიერი ძალ-ღონე აცნობოს იმ ხალხთ, რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზედ მეთაურნი და მესვეურნი არიან.
თუ აქამომდე შორიდან ვუყურებდით ბატონ ლაისტს, დღეს აქ მობრძანებულა, რომ ახლოს გაცნობილი ქართველი უფრო მეტად შეაყვარებს თავის თავსა.
იმედია, რომ ამ სიყვარულით შთაგონებული პირუთვნელი სიტყვა ბატონ ლაისტისა მოჰფენს მთელს განათლებულ ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადღაც არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვიან, და იმ პატარა სამოთხეში, სცხოვრობს ერთი პატრა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისთვის", - ასე ადღეგრძელა ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტი საკუთარ სახლში მის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე 1884 წლის პირველ ივნისს.
ქართველი ხალხით და მისი ისტორიით გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი არტურ ლაისტი ჯერ კიდევ 1881 წელს დაინტერესებულა, როდესაც გაუცვნია ქართველი ხალხის დიდი თაყვანისმცემელი გერმანელი მწერალი ბოდენშტელტი, სწორედ მისი რჩევით გადაუწყვეტია ქართული ენის შესწავლა.
1884 წელს არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძემ მოიწვია საქართველოში, მის ჩამოსვლას გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესაც. არტურ ლაისტმა პირველ ჩამოსვლაზე თბილისში ორი კვირა დაჰყო. გაეცნო "ვეფხისტყაოსანს" და გადაწყვიტა გერმანულ ენაზე მისი თარგმნა. პოლონეთში დაბრუნებულმა კი, სადაც იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, ერთი წლის შემდეგ გამოსცა წიგნი საქართველოზე "საქართველოს ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა".
1885 წელს არტურ ლაისტი მეორედ ესტუმრა საქართველოს. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის დახმარებით თარგმნა "ვეფხისტყოსანი". ასევე თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან". ამჯერად მან საქართველოში ოთხი წელი დაჰყო. 1892 წელს კი თბილისში სამუდამოდ დაბრუნდა. აქვე იქორწინა თბილისელ გერმანელ ქალზე-მარია ბაიტლინგერზე.
ამავე პერიოდში დრეზდენში ზედიზედ გამოდის მისი წიგნები "ქართველი ხალხი" "ქართველი პოეტები"; "საქართველო". 1906 წელს თბილისში დაარსა გერმანული გაზეთი "კავკასიშე პოსტი". დაწერა მოთხრობები "მოგზაურის დღიურები" "ქეთევანი".
1918 წელს კი არტურ ლაისტი მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. 1923-1927 წლებში ორ წიგნად გამოსცა შრომა "საქართველოს გული". იგი გარდაიცვალა 1927 წლის მარტში 75 წლის ასაკში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
"მაპატიე ჩემო პატარა, სამშობლოს ნაცვალო საქართველო, თუ ჩემი მცირე ღვაწლით ღირსი არა ვარ შენს წმინდა მიწაზე დასაფლავებისა" - ასე გამოემშვიდობა სიკვდილის წინ არტურ ლაისტი საქართველოს.