მოსაზრება
30.12.2016

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. ამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ დღესდღეობით ქვეყნის მმართველ ინსტანციებში დასაქმებულთა შორის, (მათ რიცხვში არიან ცოლშვილიანი მამაკაცები და ქმარშვილიანი ქალბატონები) ისეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას ძალიან მცირე გამონაკლისით სამშობლოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი მხოლოდ არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ.

საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის რადიკალური შეცვლა - ქართველების გასვლა საქართველოდან და ახალი მოსახლეობის შემოსვლა - არსებითად ერთი, მაქსიმუმ ორი თაობის განმავლობაში მოხდება. ერთი (ან ორი) ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული უკვე მომხდარია: სააკაშვილმა სრული სოციალური უჩინარობიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდგომარეობამდე მიიყვანა გ. პაპუაშვილი, რომელმაც გააყალბა საქართველოს კონსტიტუცია. სახელდობრ, სასამართლოს დადგენილებაში უცხოელი მოქალაქის სარჩელზე მიიღო განსაზღვრება, რომ ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელების საკუთრებაზე საქართველოს მიწის მიმართ არის უკანონო. სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება დაემყარა ორ სიყალბეს:

პირველი - მიწის ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არის საკუთრების შეზღუდვა იმ შემთხვევაშიც თუ ეს შეზღუდვა ხდება სათანადო ანაზღაურებით. სინამდვილეში, თუ ანაზღაურება ხდება, მაშინ არა აქვს ადგილი საკუთრების არანაირ შელახვას.

მეორე - კონსტიტუციის ფორმულირება ("აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით" - მუხლი 21 პუნქტი 2) უგულებელყო იმ საფუძველზე, რომ სასამართლო ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გადავიდეს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების საკუთრებიდან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში. ორივე ხსენებული პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსი იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია მასზე იდგეს შერაცხადი პიროვნება, მით უმესტეს, კვალიფიკაციით იურისტი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მოქმედება სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება თუ არა, როგორც შეგნებული დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე. მოპასუხედ ამ პროცესზე იყო საქართველოს პარლამენტი (თავმჯდომარე დ. ბაქრაძე). მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა კონსტიტუციის ყალბი ინტერპრეტაციისაგან დაცვისა და არ მოითხოვა ექსპერტიზა თემაზე - არის თუ არა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა წარმოადგენს "აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას" - არის თუ არა საკუთრების შეზღუდვა "მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით" "საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება". მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა ეს არ მოითხოვა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო "სასამართლოს მეგობართა" პოზიცია, რომელშიც გაანალიზებული იყო უცხოელებზე მიწის გაყიდვის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები.

ანალოგიურად მოიქცა საქართველოს შემდეგი მოწვევის პარლამენტიც (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი): მან არ მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა ამავე თემაზე მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, თავის ზემოხსენებული დადგენილებით დააკმაყოფილა უცხოელი მოქალაქის სარჩელი, რომელიც მიწის გაყიდვაზე დროებითი მორატორიუმის გაუქმებას ითხოვდა. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წევრების პოზიცია, ისევე როგორც ორივე ზემოხსენებული პარლამენტის პოზიცია სხვაგვარად ვერ გაიგება თუ არა, როგორც შეგნებული შეთქმულება საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ, მისი მოსახლეობის, როგორც ერის წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. სათანადო სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ, ჩვენი აზრით, გარდაუალია და ჩვენი შეუვალი მიზანია, რომ ეს დევნა შედგეს.

ასევე, დამნაშავე იქნება საქართველოს მთავრობა, რომელსაც, რამდენადაც ვიცით, განზრახული აქვს კანონპროექტის შეტანა, რომელიც უშვებს არა მარტო უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუყოვნებლად მიყიდვას, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე გასხვისებასაც, რაც ყოვლად დაუშვებელია. დამნაშავე იქნება პარლამენტი და მისი ყველა წევრი, რომელიც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს. არც ერთს არ აცდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ხსენებული კანონპროექტის მიღება პარლამენტის მხრიდან შეფასდება როგორც უფლების უზურპაცია: პარლამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარდასულ თაობათა წინაშე, დღეს ცოცხალი მოსახლეობის წინაშე, რომელთანაც იგი მიწის გაყიდვის პროგრამით არ წარმდგარა და მომავალ თაობათა წინაშეც, რომლებსაც იგი, დანაშაულებრივი კანონის მიღების შემთხვევაში - მეორეხარისხოვანი ადამიანების - უმიწაწყლო ერის - ხვედრს უქადის.

პასუხისმგებლობა მძიმეა. იგი არავის აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება. ანალოგიურ სიტუაციებში - სახალხო რეფერენდუმის ჩატარება - ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა.

ზ.თ. დემოკრატიული მსოფლიო მიწათსარგებლობის თემას უკიდურესი სიფაქიზით ეკიდება. სხვა დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ჰორიზონტის შეზღუდულობაზე, უპასუხისმგებლობაზე და უპერსპექტივობაზე მეტყველებს.

ნოდარ ნათაძე

პაატა კოღუაშვილი

მამუკა გიორგაძე

თენგიზ დიხამინჯია

მიხეილ ჯიბუტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×