ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განცხადა, რომ ოფიციალური ასტანა მზადაა, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის სირიის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
2016 წლის ბოლო დღეს გაერომ უშიშროების საბჭომ რეზოლუცია #2254 ერთხმად მიიღო, რომელიც რუსეთისა და თურქეთის მიერ შეთავაზებულ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას და ექვსწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას ითვალისწინებს.
რეზოლუციაში მითითებულია სირიაში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული დახმარების შეტანის და დაპირისპირებულ მხარეებს შორის იანვრის ბოლოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა.
ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში ნაზარბაევმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში მზაობა გამოხატა, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად ასტანა იქნეს შერჩეული და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სურვილიც გამოთქვა. ნაზარბაევმა აღნიშნული რეჯებ ტაიპ ერდოღადთან ტელეფონით საუბრისასაც დაადასტურა. უკვე მოგვიანებით, 26 დეკემბერს, ყაზახეთის პრეზიდენტმა მის სურვილს ხაზი რუსეთის პრეზიდენტთან სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა.
რუსეთისა და თურქეთის განცხადებით, ასტანას მოლაპარაკებები გაეროს სამშვიდობო პროცესის დამატებითი და არა ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი იქნება. მათ სურთ, რომ მოლაპარაკებებში ისეთი რეგიონული მოთამაშეებიც იყვნენ ჩართული, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი, ეგვიპტე და იორდანია.
ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყაზახეთის მთავრობას თხოვნით მიმართეს, სირიის კრიზისზე მოლაპარაკებებისთვის ემასპინძლა. იმავე წლის მაისში 30 სირიელი ოპოზიციური ძალის ლიდერის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
როგორც შემდგომში გაცხადდა, ამ შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ სირიის ტერიტორიის ყველა გარე სამხედრო ძალის მიერ დატოვებასა და ასევე ქვეყანაში წითელი ჯვრის ჰუმანიტარული საქმიანობის გაძლიერებაზე. მაშინ ეს შეხვედრა პირველ მნიშვნელოვან და ნაყოფიერ ღონისძიებად შეფასდა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2015 წლის ოქტომბერში კვლავ ასტანაში შედგა. ამჯერად ოპოზიციური ძალები სირიაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, მის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების და პოლიტიკური ლიდერების უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობაზე ჩამოყალიბდნენ.
ამას გარდა, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სირიის ეროვნული მთავრობის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდნენ. ასევე, მათ სირიული არმიის და შეიარაღებული ძალების რეფორმირებაც მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს 31 დეკემბრის რეზოლუციას უშიშროების საბჭოს ევროპულმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს, ხოლო აშშ სხდომას არ დასწრებია. მოსკოვი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას სათავეში ჩაუდგება, ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში ჩაერთვება და პოზიტიურ როლს შეასრულებს.
გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა საბჭოს დანარჩენ წევრებს მოუწოდა, შეთანხმების მიმართ ეჭვები გაიფანტონ, რადგან ამგვარი დამოკიდებულება სიტუაციას მყიფეს ქმნის და საბოლოოდ, ამით სირიის მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან. მისი თქმით, აღნიშნულმა ზავმა შესაძლოა სირიაში ახალ და გადამწყვეტ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი სტიმული მისცეს.
ერდოღანის სპიკერის იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს და რუსულ მხარესთან ერთად ისინიც ამ ზავის გარანტორად გამოდიან.
თავად ვალდიმირ პუტინის შეფასებით კი, შეთანხმება საკმაოდ მყიფეა და მონაწილე მხარეებისგან და არამარტო მათგან, პერმანენტულ ყურადღებას მოითხოვს.
სირიელ ამბოხებულთა მხარე შეთანხმებას არ ენდობა და მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ძალები, რუსეთის დახმარებით, საჰაერო დაბომბვას გააგრძლებენ. მათი ეჭვი ერთგვარად გამართლებულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მთლიანად სირიის ტერიტორიაზე ვრცელდება, რუსული მხარის მოთხოვნით შეთანხმებაში ჩანაწერია გაკეთებული, რომლის მიხედვითაც "ისლამურ სახელმწიფოსა" და ჯიჰადისტურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ნუსრაზე" ეს დროებითი ზავი არ ვრცელდება. სამოქალაქო ომის პერიოდში კი ხშირად მომხდარა, რომ რუსულ ავიაგამანადგურებლებს ამბოხებულებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე "დაეშის" წინააღმდეგ ბროლის სახელით, იერიშები მიუტანია.
ამ ჩანაწერის შედეგად გამოდის, რომ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მთლიან აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებზე კონფლიქტი არ შეწყვეტილა და მომავალშიც გაგრძელდება.
სირიის ოპოზიციის უმაღლესი კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტას ასამდე ამბოხებულთა ჯგუფი შეუერთდა. მათში არ შედიან ისეთი მსხვილი დაჯგუფებები, როგორებიცაა "აჰრარ ალ-შამი" და "ჯაიშ ალ-ისლამი". ისინი ტერორისტულ დაჯგუფებებად კვალიფიცირდებიან და, შესაბამისად, ზავი მათზე არ ვრცელდება.
ამგვარი მიდგომა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საიმედოობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან აღნიშნული დაჯგუფებები ოპოზიციურ მეამბოხეთა დაჯგუფებების მთავარი სამხედრო თანამშრომლები არიან.
მიუხედავად ზავის არამდგრადობისა, მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად ალყაში მოქცეულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებლობას ქმნის, შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები, მაგრამ არ განსაზღვრავს მის მასშტაბს და პერიოდს.
გაეროს რეზოლუციის მესამე ნაწილი პოლიტიკური ტრანზიციის პროცესის დაწყებასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამის განხორციელება დღევანდელი მდგომარეობით ნაკლებად სავარაუდოა. მხარეები ამ მომენტისთვის ფოკუსირებულები არიან ზავის შენარჩუნებასა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე.
ამას გარდა, მოვლენების იმგვარი განვითარება, რომელსაც რუსეთი სთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას როგორც სირიის შიდა ოპოზიციური ძალებისთვის, ასევე სხვა რეგიონული მოთამაშეებისთვისაც, კატეგორიულად მიუღებელია.