"ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ ქვეყანაში მოიმატოს კონტრაბანდამ"
ნათია ლომიძე
11.01.2017

 თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მკვეთრმა მატებამ, ძვირიანი სიგარეტის რეალიზაცია საგრძნობლად შეამცირა. სამაგიეროდ, თვალში საცემად გაიზარდა იაფფასიანი სიგარეტის გაყიდვა, რასაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება. თამბაქოს სადისტრიბუციო კომპანიები, მკვეთრი გაძვირების ფონზე, სიგარეტის რეალიზაციას უჩივიან და ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ქვეყანაში კონტრაბანდა მოიმატებს.

სიგარეტის 60 თეთრით გაძვირების გამო, მომხმარებელი მასობრივად გადაერთო იაფფასიან თამბაქოზე. მოსახლეობა მაღალი ფასით უკმაყოფილოა, რადგან თამბაქოს გაძვირებამ მათი ბიუჯეტი დააზარალა.

"ჯჯ 2011"-ის ხელმძღვანელი ილია ჟღენტი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მის კომპანიას რეალიზაციის კუთხით უკვე დაეტყო ძვირიანი სიგარეტის მომხმარებელთა სიმცირე. მომავალში სიგარეტის გაძვირება გამოიწვევს არა მწეველთა კატეგორიის შემცირებას, არამედ მათი ჯანმრთელობის გაუარესებას. ჟღენტმა თამბაქოს გაძვირებით გამოწვეულ საფრთხეებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დიდია ალბათობა, ქვეყანაში კონტრაბანდის მასშტაბმა მოიმატოს.

"რამდენითაა შემცირებული, ჯერ კონკრეტული ციფრი არ გვაქვს, რადგან დიდი დრო არ არის გასული, მაგრამ ტენდენცია თვალსაჩინოა - მომხმარებელი ძვირიანი სიგარეტიდან იაფიანზე გადადის. ამან მასობრივი სახე მიიღო და თამბაქოს რეალიზაციაზეც შესაბამისად აისახა. მომხმარებელი აქტიურად ეძებს დაბალფასიან პროდუქციას. ასე უფრო საშუალო შეძლების მომხმარებელი იქცევა. არ ვიცი სხვასთან როგორაა საქმე, მაგრამ ჩვენს კომპანიას თამბაქოს გაძვირების შედეგი რეალიზაციის მხრივ ნამდვილად დაეტყო.

ასეთი მიდგომით მწეველთა რაოდენობის შემცირება გამორიცხულია. ისინი შედარებით იაფიან და უხარისხო სიგარეტზე გადავლენ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჯერ ისედაც არ არის თამბაქო ორგანიზმისათვის მისაღები, მაგრამ როდესაც უხარისხოს ეწევი, ეს ორმაგად დამღუპველია. ევროპისა და ამერიკის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, არც მათთან შემცირებულა მწეველთა რაოდენობა.

სამაგიეროდ, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ ქვეყანაში მოიმატოს კონტრაბანდამ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სახელმწიფო უფრო დაზარალდება, ვიდრე მწეველები", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჟღენტმა.

სადისტრიბუციო კომპანია "ბი და ჯის" ხელმძღვანელმა კოტე პატარაიამ "რეზონანსს" განუცხადა, რომ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდამ მომხმარებლის შემცირების ნაცვლად, მათი ჯანმრთელობის გაუარესებას შეუწყო ხელი. ხალხი მასობრივად ცდილობს მაღალფასიანი სიგარეტი უხარისხო პროდუქციით ჩაანაცვლოს.

"სამომხმარებლო ბაზრს დააკლდა ძვირად ღირებული სიგარეტის მყიდველთა სეგმენტი. რა თქმა უნდა, ეს ფასის ზრდამ განაპირობა, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით მწეველთა რაოდენობა შემცირდებოდა, არ გამართლდა, უბრალოდ, მათ შეცვალეს პროდუქტი და გახდნენ უფრო დაბალფასიანი და უხარისხო სიგარეტის აქტიური მომხმარებლები.

წელი ახლა დაიწყო და ძალიან ადრეა პროგნოზირება და ზუსტი მაჩვენებლის დასახელება, თუ რამდენადაა მაღალფასიან თამბაქოზე მოთხოვნა შემცირებული, თუმცა ზოგადი მონაცემებითაც კი შესამჩნევია ის უარყოფითი გავლენა, რაც თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

ასევე გასამახვილებელია ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ამით მწეველთა რაოდენობა კი არ მცირდება, არამედ მათი ჯანმრთელობა უარესდება", - განუცხადა "რეზონანსს" პატარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×