ნინო ქეთელაური
12.01.2017

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით გაზპრომის მოთხოვნას დათანხმდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

"ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - განაცხადა კალაძემ.

რამდენად გამართლებულია გაზპრომისგან გაზის სანაცვლოდ ფულის მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): რაც მოვისმენეთ, სრული სურათის წარმოსადგენად, არასაკმარისი ინფორმაციაა. კახი კალაძე როგორც ამბობს, ეს მაქსიმუმია, რისი მიღწევაც შეიძლებოდა და ეს ფასი უახლოვდება იმ ღირებულებას, რასაც ის 10% ნიშნავდა ჩვენთვისო. ოპოზიცია ამბობს, პერსპექტივაში ეს წამგებიანიაო. რა გითხრათ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ის 10% მიგვეღო. მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ისიც არ ვიცით, დოლარში იხდიან ამ თანხას, ლარში თუ რუბლში. საზოგადოებისთვის არასაკმარისი ინფორმაციაა. ჩვენ დეტალურად გაწერილი უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებთ და პერსპექტივა როგორია.

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): მე ვფიქრობ, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. თუკი სახელმწიფოს სჭირდება, რომ აიღოს ფული, რათა თავისი მოსახლეობა ამ საშინლად ცივ ზამთარში დააკმაყოფილოს, უმჯობესია აიღოს ფული. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): ამ საქმეში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ მე ვფიქრობ, უმჯობესი იყო, გაზი აგვეღო. იმიტომ, რომ იმ ფულით უნდა ვიყიდოთ რაც გვჭირდება და ამ შემთხვევაში, გაზი გვჭირდება ძალიან. რა უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, ალბათ, ეკონომისტებმა უფრო იციან, მაგრამ მე მერჩივნა, მარტივად გაზი მიგვეღო და არა ფული.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ჩაბარების სიმბოლური აქტი. აქ არც თანხაზეა საუბარი, არც გაზზე, ეს არის უბრალოდ აქტი, რომ საქართველო მიართვეს "დედა რუსეთს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×