"ჩემი თაობის წმინდა მოვალეობაა შევაგროვოთ და დავიცვათ რაგინდ მცირე მასალები იყოს დიდი მწერლების, კერძოდ ილია ჭავჭავაძის შესახებ. ამ აზრით ვაქვეყნებ ზოგ "ნახორხმალ" "ნასუფრალ" ნამცეცებს ილიას ცხოვრების დიდი სუფრიდან. მასალებს ვაგროვებდი ილიას შემსწრეთა და მონათესავეთა შორის 1922-50 წლებში", - ეს სიტყვები ეკუთვნის გიორგი ლეონიძეს.
რა თქმა უნდა, გოგლა ლეონიძის მიერ შეგროვილ ყველა მასალას ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ, მაგრამ რამდენიმეს მაინც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.
საგურამოელი გლეხების მოგონებანი
სონკა ლაბაური: "ილია რომ დავასაფლავეთ, მესამე დღეს მთელი საგურამოს კაცები დაგვიბარეს, ვერაზე რომ დიდი სუდი იყო და სათითაოდ დაგვკითხეს. ყველაფერი მაშინ ვუამბეთ ილიას კარგ კაცობაზე.
"ილია როცა ამოვიდოდა, იშვიათად გაიცინებდა, სულ წიგნებს ჩასჩიჩინებდა, ან დადიოდა ჩაფიქრებული. როცა კალო გვქონდა, მაშინ კი მთელი საღამო მუშებთან ლაპარაკობდა ხოლმე.
"ერთ ზაფხულს ურმებით ვეზიდებოდით საკალოო აყალო მიწას, დილაადრიან მოვიტანეთ მიწა. რამდენიმე ურემი რომ დავცალეთ, პური გვშიოდა და მე გავედი ბახჩაში და კიტრები გადმოვიტანე. ჩავსხედით და დავუწყეთ ჭამა. ამ დროს გამოჩნდა ილია, ჯოხი მიაკაკუნა ღობის მარგილზე, მოვიხედე - თითით მანიშნა მივსულიყავი.
"რასა სჭამო, - მკითხა ილიამ. პურსა და კიტრსა-მეთქი, - ვუპასუხე. ბიჭო, განა შეიძლება დილაადრიან ნამიანი კიტრის ჭამა, ხო ავად გახდით, განა სახლში საჭმელი გამოილიაო. მე ვუთხარი - მოურავი ყურადღებას არ გვაქცევს-მეთქი.
"დაუძახა მოსე მოურავს და უთხრა: რატომ ყურადღებას არ აქცევ ამ ხალხს, ამ კიტრით ხომ ავად გახდნენო, ხომ გვაქვს ყველიო?! მე დავასწარი მოურავს: ბატონო, ოთხი გუდა სავსეა და მეხუთე ნაკლულადაა მეთქი. ილიამ უბრძანა - ყოველდღე მიეცით ყვლას სამყოფი ყველიო. ამ დღიდან დილით ადრიან გვეძლეოდა ყველი.
"მე როცა დავქორწინდი, ილიას ვთხოვე ღვინო მოეყიდა ჩემთვის. ილიამ გამომართვა წიგნაკი, ჩაიხედა და მითხრა - შენ აღარაფერი გერგება ჯამაგირიდანო. მერე უთხრა მოურავს: მიეცი ერთი ვედრო არაყი და ოცი ვედრო ღვინოო.
"ილიას ჰქონდა აბრეშუმის ბაირაღი. როცა სახლში იყო, მაშინ ავაფრიალებდით, თუ არა - ჩამოვიღებდით. საგურამოში ჩამოვიდოდა თუ არა ილია, მაშინვე დაიხურავდა წითელ ქუდს, ფუნჯიანს. ფუნჯი ყურზე სცემდა ხოლმე. სხვა ქუდს არ იხურავდა, თუ სხვაგან არ წავიდოდა.
"ილიამ გაჯავრება იშვიათად იცოდა, თუ ძლიერ გაუჯავრდებოდა ვინმეს, მაშინ იტყოდა: "ბიჭო, შე ოხერო, ბატი ხო ბატია, იმასაც ჭკუა აქვს და შენ კი არა გაქვსო" და გაანებებდა თავს. ძალიან ეჯავრებოდა მატყუარა, ქურდი და ცუღლუტი ადამიანი".
იაგორა შამხალაშვილი: "ილიას ძალიან უყვარდა ქართული ჭიდაობა. ილიას ჰყვანდა ერთი მეეტლე როსტიაშვილი. ილიამ მითხრა ერთხელ ილიაობას - თუ დაეჭიდები როსტიაშვილს და წააქცევ, ერთ საჟენ შეშას მოგცემო. დავეჭიდე, წავაქციე. რამდენიმე დღის მერე მივედი და ილიამ უბრძანა: ერთი საჟენი შეშა უფასოდ გამოუწერეთო".
გიორგი ბერძენიშვილი: "მე ვსწავლობდი თბილისის სახელოსნო ოთხკლასიან სასწავლებელში, სადაც მთელს საგნებს - როგორიც იყო მათემატიკა, გეომეტრია, ფიზიკა, ტექნოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და სხვა, გავდიოდით ქართულად. მასწავლებლად გვყავდა ვასო რცხილაძე და ზაქარია კანდელაკი, რომლებიც ძალიან თანაუგრძნობდნენ ილიას. მის ნაწარმოებს გავდიოდით როგორც გაკვეთილს - ზეპირად პოემებს, მოთხრობებისას კი შინაარსს.
"ხანგამოშვებით ილია მოდიოდა ხოლმე ჩვენს სკოლაში ქართული ენის გამოცდაზე დასასწრებლად. მახსოვს, 1892 წელს ჩვენს კლასშიც იყვნენ თვით ილია და "დედა-ენის" სულის ჩამდგმელი იაკობ გოგებაშვილი, რომლებიც კმაყოფილები გაბრუნდნენ. ილია გაზეთ "ივერიის" ორ ეგზემპლარს უსასყიდლოდ უგზავნიდა ჩვენს სასწავლებელს.
"საშობაოდ დათხოვნის დროს მამას წავუკითხე "გლახის ნაამბობი", "კაკო ყაჩაღი", "დიმიტრი თავდადებული" და მთელი პოემები და ლექსები, რამაც ძლიერ მიიზიდა და მოიწადინა ამის დამწერი მაჩვენეო. 1893 წელს ჩამოვიდა მამა თბილისში ჩემთან და მითხრა - "გლახის ნაამბობის" და "კაკოს" დამწერი პირადად მაჩვენეო.
"ამ დროს ილია "ბანკოვიადათი" იყო გართული. დიდი აზნაურობა სულ ჩამოლაგდა თბილისში. მახსოვს, თვით გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი თუმანიშვილი მოვიდა ჩვენს სოფელში. ჩვენებურს აზნაურებს ფული დაურიგა, ოღონდ ჩამოდით და შავი კენჭი მიეცით ჭავჭავაძესო. მიზეზად იმას ასახელებდა, ვითომ ილია სათავადაზნაურო ბანკიდან კახელებს მეტ ფულს აძლევს და ქართლელებს ნაკლებსო და სხვა. მატარებელმა რომ ვერ დაიტია თავადები და აზნაურები, ტივით ჩამოიყვანეს. ამ დროს ვიღას ეცალა მამაჩემისთვის და ისიც ილიას უნახავი დაბრუნდა შინ.
"1894 წელს კიდევ ჩამოვიდა და მაშინ კი ღირსი გახდა ენახა ილია. "ივერიის" რედაქციაში ილიამ სიამოვნებით მიიღო მამა და გამოკითხა მიზეზი ნახვისა. მე ვუამბე მამაჩემის გულის წადილი. პირღიმილით შეეკითხა, რომელი უფრო მოგწონს ჩემი თხზულებიდანო? მამამ დაუსახელა "გლახის ნაამბობი", "კაკო ღაჩაღი" და სხვა. მერე კი უამბო ერთი ამბავი, რომელსაც ილია გულმოდგინედ უსმენდა.
"აი, რა უამბო მამამ: " ექვსი წლით ადრე ბატონყმობის გადავარდნამდე (1858 წ) ჩვენმა ბატონმა ამილახვარმა მკათათვეში მოურავი გამოუგზავნა მამაჩემს, რათა მიერთმია მისთვის ერთი საპალნე ხორბალი, რაზედაც მამაჩემმა უარი უთხრა. მეორე დღეს ამალით მობრძანდა და ჯაშუშის წყალობით იპოვნეს ორმო, საიდანაც პური ამოიღეს და წაიღეს. მამა კი გაატიტვლებინა და ურმის თვალზე მიაკვრევინა. უსასტიკესი სასჯელი ვერ გადაიტანა მამამ და მოკვდა.
"გადის ხანი. დედაჩემმა მოიწადინა ჩემი ცოლის შერთვა და ვიახელით ბატონს სოფელ კვარხითში ნებართვის ასაღებად (ნებართვის ასაღებად უნდოდა 25 მანეთი ოქროთი. ეგრეთ წოდებული "საჩექმე"). ბატონი ფულზე დაგვყაბულდა, მხოლოდ პირველ ღამეს პატარძალი ჩემთან უნდა მოიყვანოთო. ამაზე მე უარი ვუთხარი. ბატონი დამემუქრა: აბა, წადი, ცოლი შეირთე და მე ვაჩვენებ იმ მღვდელს, რომელიც ჯვარს დაგწერსო.
"ამ საზიზღარმა და წყეულმა ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ ჩავაძაღლე. ამის გამო 5 წელიწადი სასჯელი მომახდევინეს ციმბირში. თქვენი გაბრო და კაკო ყაჩაღი ღვიძლი ძმებივით არიანო. დავბრუნდი ციმბირიდან და ჯვარი დავიწერე სწორედ იმ დღეს, როცა გორში გამოაცხადეს ბატონყმობის გადავარდნა - 1864 წლის 8 ენკენისთვეს."
"ილიას მამაჩემის ნახვა ეამა, ფული ამოიღო და მისცა მამაჩემს: საღამოზე ქართული თეატრია. შენი ვაჟი და შენ წადითო. იდგმებოდა "სამშობლო" დიმიტრი ერისთავისა. მე კიდევ დამარიგა და მიბრძანა წავსულიყავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში შიო მღვიმელთან და მთელი მისი თხზულებები უსასყიდლოდ მიმეღო".
თავად გიორგი ლეონიძე კი იხსენებს: "როგორც საგურამოელებს უამბნიათ ჩემთვის, ზედ წლისთავზე ილიას მკვლელობისა ზედაზნის ტყეში მონადირისაგან დაჭრილი ირემი "ბარად ჩამოვარდნილა" და წიწამურში, ზედ ილიას მოკვლის ადგილას, ჩაჩოქილს დაულევია სული".