გაკვეთილები დაახლოებით 15 - წუთიანი იქნება და პროექტში 5 მასწავლებელი იქნება ჩართული
გვანცა ღვედაშვილი
14.01.2017

 პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ონლაინ რეჟიმში ქართულ ენას შეისწავლიან, უკვე დაიწყო. პროექტის სატესტო ვარიანტი განახორციელეს დიდ ბრიტანეთში, მომავალი კვირიდან კი დაზუსტდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელებიც "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსის" პროექტში ჩაერთვებიან.

"პროექტის მიზანია, ბავშვებში ქართული ენის პოპულარიზაცია მოვახდინოთ და მათ საქართველოსთან დაახლოებას შევუწყოთ ხელი, რისი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ის არის, რომ მათ ქართული ენა ისწავლონ", - ამის შესახებ "რეზონანსს" პროექტის მენეჯერმა ნინი ჭანტურიამ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე რეჟიმში 2 მასწავლებელი იყო ჩართული, თუმცა, მომავალში სულ 5 მასწავლებელი იმუშავებს. გაკვეთილები დაახლოებით 15 წუთიანი იქნება. ბავშვები ქართულ ენას თამაშით, სხვადასხვა გასართობი საშუალებებით და პრეზენტაციების სახით შეისწავლიან.

"მაიკროსოფტ საქართველო" პროექტში მონაწილეებს ონლაინ საკლასო ოთახს სთავაზობს, სადაც ერთდროულად მასწავლებლები და მოსწავლეები ჩაერთვებიან. მათ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება აქვთ - ხედავენ და ესმით ერთმანეთის.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ამ ეტაპზე დიასპორების სამინისტროს დახმარებით განხორციელდა. დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ მათმა შვილებმა ქართული ენა შეისწავლონ, საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ შესაბამის საიტზე.

"5 დეკემბრს ჩვენ დავიწყეთ სატესტო პირველი გაკვეთილები, რომლის შედეგებითაც კმაყოფილნი ვართ, რადგან უკუკავშირი იყო ძალიან პოზიტიური მშობლების მხრიდანაც. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ბავშვებმა საერთოდ არ იცოდნენ ქართული ენა და ამ გაკვეთილების ჩატარების შემდეგ მათ სწავლის სურვილი გაუჩნდათ. აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი ეფექტური და საინტერესოა ბავშვებისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ მასშტაბები.

"ამ ეტაპზე, როცა სატესტო რეჟიმში დიდი ბრიტანეთი შევარჩიეთ, ამ ბავშვებზე დიასპორის სამინისტროს ჩართულობით გავედით და თითოეულ ადამიანს პროექტის შესახებ ცალკე ვაწვდიდით ინფორმაციას, რეგისტრაციის ბმულს და ა.შ.

"ახლა სწორედ სატესტო რეჟიმის შეჯამების ეტაპზე ვართ, რის შემდეგაც მოხდება სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და ცნობილი იქნება რომელ ქვეყანაში გაგრძელდება საპილოტე რეჟიმში მუშაობა და ა.შ. ეს ის დეტალებია, რომელიც მომავალ კვირას დაზუსტდება", - გვითხრა ჭანტურიამ.

ამ ინიციატივას მიესალმება განათლების სფეროს ექსპერტი, "სამოქალაქო ინტეგრაციის ურთიერთობების ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის შენარჩუნებას და საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ გაუჭირდებათ ინტეგრაცია.

"ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დიასპორას უჭირს საკვირაო სკოლების გახსნა, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება. ამიტომ სახელმწიფოს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"საქართველოდან წასულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ფლობდნენ მშობლიურ ენას, შეეძლოთ ლაპარაკი და წერა-კითხვა, რათა საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლონ სკოლაში თუ უნივერსიტეტში სწავლა ან საქმიანობა.

"ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც რუსეთში წასული ბავშვები იძულებული იყვნენ, რუსულ სკოლებში ესწავლათ, რის გამოც ქართულ წერა-კითხვასთან და მეტყველებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. ამიტომ მსგავსი ინიციატივები ძალიან კარგია და მისასალმებელი", - გვითხრა ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×