1195 წლის 2 ივნისს შამქორის ომში გამარჯვებამ სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა საქართველო. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ იმდროინდელი ქრისტიანული ავანგარდული ქვეყნის წინაშე არათუ ცალკეული მაჰმადიანური სამფლობელოები, ერთიანი მუსულმანური კოალიციური ლაშქარიც კი უძლური იყო. აშკარა გახლდათ ქართველთა სამხედრო უპირატესობა. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს სამეფოს სულ სხვა მასშტაბებზე უნდა ეფიქრა.
ამ ფონზე ბუნებრივია მხოლოდ შამქორი არ უნდა ყოფილიყო თამარის ლაშქრის სამიზნე. მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი სტრატეგიული ქალაქი, განძა უნდა დაეკავებინათ.
რატომ იყო ქალაქ განძის აღება საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანესი მიზანი
ქალაქ განძის აღება იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საქართველოს სამეფოს წინაშე უკვე რამდენიმე საუკუნე იდგა. ამ ქალაქში თავს იყრიდნენ ანტიქართული განწყობების მქონე მაჰმადიანები, რომლებიც ერთიანი კავკასიის იდეის წინააღმდეგნი იყვნენ და შესაბამისად საქართველოს აშკარად მტრობდნენ.
ნებისმიერ ანტიქართულ კოალიციას სწორედ განძის ამირები და ათაბაგები მეთაურობდნენ. მისი აღებით არა მარტო ანტიქართული განწყობების ბუდე უნდა მოშლილიყო, რაც თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. აქედან ქართველთა სამეფოს უფრო მასტაბური მიზნების აღსრულების რეალური პერსპექტივა ესახებოდა. ამიტომაც შამქორის ომის შემდეგ ისინი განძაში გადავიდნენ, ეს ქალაქიც აიღეს და გამარჯვების აღსანიშნავად სულთანის სასახლეში დიდი ნადიმიც გადაიხადეს.
ამბავი განძაში ამირ მირანის 22 - დღიანი მმართველობისა
განძა ქართველებმა ხარკის გადახდისა და ყმადნაფიცობის პირობით ამირ მირანს ჩააბარეს. თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო სასიკეთოდ, თუმცა...
ამირ მირნი განძას მხოლოდ 22 დღის განმავლობაში განაგებდა. საქმე ის იყო, რომ აბუ-ბექრს, რომელიც თითქოსდა გაუჩინარდა, რევანშის წყურვილი ჰქონდა, ის საკუთარ ძმას ამირ მირანს განძას ეცილებოდა, თუმცა, აშკარა იყო, რომ ომის გზით ამას ვერ მოახერხებდა, ამიტომაც ბინძური ზრახვა შენიღბა და ღალატით გადაწყვიტა საქმის მოგვარება.
სწორედ აბუ-ბექრის მიერ მოსყიდულ მსახურს დაევალა ამირ-მირანის მოწამლა. ბრძანება პედანტურად აღსრულდა. ამირ მირანი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი სიკვდილის შემდეგ განძა ისევ აბუ-ბექრის ხელში გადავიდა. ეს ქართველთა პოლიტიკის მარცხი იყო, ამას გამოსწორება უნდოდა, რისი თადარიგიც დაიჭირეს თამარის სამეფო კარზე.
რატომ მიატოვეს ქართველებმა ამირ მირანი ღვთის ანაბარა
საგულისხმოა, რომ შამქორის ომის მოგებით საქართველოს ახალი ტერიტორიები არ შემოუერთებია - ეს უფრო ფსიქოლოგიური გამარჯვება იყო - რეალურად კი ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ქვეყნის ორ ერთგულ ვასალს დაუბრუნეს თავიანთი სამფლობელოები. შირვანში აღსართანი დაჯდა, განჯაში - ამირ-მირმანი.
როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს ამით საქმე ამოწურულად ჩაუთვლია და უკან გაბრუნებულა. სწორედ ამით ისარგებლა აბუ ბაქრმა და ძმის ამირ მირანის მზაკვრულად ჩამოშორებით საკუთარი პოზიციები დაიბრუნა განძაში. აქ რამდენიმე კითხვა ჩნდება - რით იყო გამოწვეული ქართველთა ასეთი ნაბიჯი? რატომ დატოვეს ქართველებმა საკუთარი მეკავშირე და შორეული ნათესავი ღვთის ანაბარა?
რატომ აღმოჩნდა უუფლებო დავით სოსლანი განძის საკითხის გადაწყვეტისას
ბუნებრივია მხარგრძელთა გადაწყვეტილებას თბილისში საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ. სწორედ ეს დამოკიდებულება აისახა "ქართლის ცხოვრებაში", სადაც მემატიანე დამნაშავედ ზაქარია და ივანე მხარგრძელებს მიიჩნევს. აი რას წერს ის: "აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესოდენ იქმნა დაკლება ამას გამარჯვებისა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი, შარვანშეთ სიძე, სახელი მირმირან, ესე შემოხვეწით იყო წინაშე თამარს... ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობამდე თამარისა და შესანახავად".
აქ ერთ საკმაოდ საინტერესო და სახასიათო დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება - ამ პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა სწორედ ძმებს ზაქარია და ივანე მხარგრძელებს აქვთ დაკისრებული, მიუხედავად იმისა რომ ისინი თავიანთი პოლიტიკური ზენიტისგან ჯერ შორს არიან, მათ, როგორც მთავარსარდლებს, საქართველოს სამეფო კარისგან სრული კარტ-ბლანში აქვთ. ისინი პასუხისმგებელნი არიან არა მარტო ომის მსვლელობაზე, არამედ მის საბოლოო შედეგზე.
ვითარების სრულფასოვნად გააზრებისთვის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი - შამქორის ომში აქტიურად არის ჩაბმული თამარის მეუღლე დავით-სოსლანი, თუმცა, მას მეფის თანამეცხედრეობა სრულიადაც არ აძლევს უპირატესობას დიპლომატიური თვალსაზრისით. ის ბუნებრივია დიდი პატივით სარგებლობს, მოიხსენიებენ მეფედ, თუმცა ეს პატივი ეტიკეტს არ სცდება (გავიხსენოთ სწორედ ის დასვეს შირვანში სასახლეში სულთანის ტახტზე), რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, მას აქ ჩარევა არ შეუძლია.
ესეც იმ სამხედრო და სახელმწიფოებრივი წესებიდან გამომდინარეა, რაც იმ პერიოდშია დამკვიდრებული საქართველოს სამეფოში. ნებისმიერ საქმეს თავისი პასუხისმგებელი უნდა ჰყავდეს, მითუმეტეს სამხედრო ოპერაციებისას, ამიტომაც არის მთავარსარდალი ყველაზე დიდი თანამდებობა და შესაბამისად სწორედ მას ეკისრება ვალდებულება თავის შეხედულებისამებრ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი.
რატომ არჩიეს მხარგრძელებმა აბრეშუმის გზა ქალაქ განძის საქართველოსთვის შემოერთებას
აშკარაა მხარგრძელებმა ამირ მირანს გაცილებით მეტი უფლება დაუტოვეს ვიდრე ვასალს. ცალსახად ხაზი გაუსვეს მის დამოუკიდებლობას და ჯარიანად საქართველოში დაბრუნდნენ, რამაც აბუ ბაქრს ხელ ფეხი გაუხსნა.
როგორ უნდა აიხსნას მხარგრძელთა გადაწყვეტილება? იყო თუ არა ეს ქართული სახელმწიფოს ღალატი? თუ ლოკალურად შეხვედავთ მოვლენებს, შესალოა ეს ღალატად ჩავთვალოთ, თუმცა, ვფიქრობთ საკითხი სწორედ იმ ტრადიციულ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ბაგრატიონთა სამეფო გვარს განძის პრობლემისადმი.
ქართველთა სამეფო ტრადიციულად ძალიან ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს. ეს აიხსნება იმ განსაკუთრებული როლით, რაც განძას, როგორც ისლამური ქვეყნების ერთგვარ გასაღებსა და პლაცდარმს გააჩნდა. აქცენტი ცალსაად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეა აღებული. აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამორჩეულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ითხოვს, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით ყალიბდება განძის პრობლემის გადაწყვეტის კონცეფციაც.
ამ ფონზე ბუნებრივია მაჰმადიანთათვის დამთრგუნველი და მიუღებელი იქნებოდა განძაში ჩაყენებული ქართული ჯარი, რაც საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით აბრეშუმის გზის მოქმედებაზე უარყოფითად აისახებოდა, ეს კი ის მთავარი არტერეა გალდათ, საიდანაც საქართველოს სამეფოს ფინანსები ივსებოდა.
ამ ფაქტორებს ითვალისწინებენ მარგრძელები, ამიტომაც ფრთხილობენ. ქართულ სახელმწიფოს განძა, როგორც ერთგული ვასალი აწყობს, ეს კი გამორიცავს ამ ქალაქის უშუალოდ სამეფოსათვის შემოერთებას.
თუკი აქცენტი განძის შემოერთებაზე გაკეთდებოდა, გარდა იმისა რომ ეს პოლიტიკური სვლა მაჰმადიანთაგან ახალ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა (რისთვისაც ქართული სახელმწიფო მზად იყო), დაიკარგებოდა ამ ქალაქის მაჰმადიანურ ქვეყნებთან შუამავლის ფუნქცია, რაც ყველა სხვა ქალაქისგან გამოარჩევდა მას.
ამიტომაც უნდა ვთქვათ, რომ ძმები მხარგრძელები, როგორც მთავარსარდლები, განძის დატოვებისას გამორჩეულად სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებენ, რამდენადაც მათი მხრიდან უფრო რადიკალური ქმედება ცალსახად ეჭვ ქვეშ დააყენებდა აბრეშუმის გზის ფუნქციონირების საკითხს.
როცა სასწორის ორ პინაზე დაიდო ერთი მხრივ განძა და მეორე მხრივ აბრეშუმის გზა, მხარგრძელებმა სამართლიანად ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. ცხადია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განძა საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ ვასალის სტატუსით უნდა დარჩენილიყო.
ამბავი ქალაქ განძის მეორედ აღებისა
სანამ სადამსჯელო ოპერაციას წამოიწყებდა დაზვერვითი ოპერაცია ჩატარდა. ამ დროს ივანე მხარგრძელი დვირისკენ მიმავალი ილდიღუზიანებს გადაეყარა, ქართველებმა გაფანტეს მტერი. ამ ლაშქობის შედეგად ქართველებმა გელაქუნი და ამბერდი შემოიერთეს. აქედან მობრუნებულთ ქართველთა სამეფო ჯარი დახვდათ გამზადებული დავით სოსლანის მეთაურობით, რომელსაც შარვანშაჰი აღსართანიც შეუერთდა.
ახლა განძის ჯერი იყო. აბუ ბაქრისთვის ქართველებს ჭკუა უნდა ესწავლებინათ. მთლად იოლი არ აღმოჩნდა განძის ხელახლა ჩაგდება ხელში. აბუ ბაქრის შვილი დაუხვდა ჩვენებურებს მედგრად, 25 დღე საკმაოდ მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა, ქალაქის დამცველნი არ ტყდებოდნენ, მაშინ დავით სოსლანმა სტრატეგია შეცვალა - მისი ინიციატივით განძას ალყა მოხსნეს და ნახჭევანისკენ აიღეს გეზი. სწორედ აქ იმყოფებოდა აბუ ბაქრი.
ეს ამბავი რომ შეიტყო სულთანმა, უბრძოლველად მიატოვა ნახჭევანი და თავრიზში გაიქცა. ქართველთა ჯარმა აიღო ნახჭევანი და ხარკი დაადო მას. სოსლანი აბუ ბაქრს დაედევნა, შეშინებულმა თავრიზიც დატოვა, რის შემდეგაც ქართველებმა შეწყვიტეს მისი დევნა.
როგორ დათრგუნა აბუ ბაქრი ქართველთა ტრიუმფალურმა სამხედრო წარმატებებმა
ამ ოპერიაციის შედეგად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა ანისი 1199 წელს, ბიჯნისი 1201 წელს და დვინი 1203 წელს. საგულისხმოა, რომ ქართველებით დასახლებულ ტერიტორიებს - დვინს, ანისს, ბიჯნისს კარს, ამბერდს თამარი უშუალოდ საქართველოს უერთებდა და იქ ქართველ მმართველს ნიშნავდა. ქართველთა ლაშქრის უდიდესი წარმატება იყო ანისისა და დვინის აღება, რამდენადაც ამ ქალაქებს გამორჩეული მნიშვნელობა გააჩნდათ მახლობელი აღმოსავლეთის სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ამ სამხედრო ბატალიების მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ საქართველომ თავის კონტროლის ქვეშ მოაქცია დვინ - არზრუმისა და დარუბანდ - შამახიის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები.
თურქი მემატიანე ჰუსეინის ცნობით, იმდენათ დათრგუნული ყოფილა აბუ ბაქრი მარცხით, რომ აგონიაში მყოფს მსახურისთვის უბრძანებია - რაც უნდა ჩაედინათ ქართველებს, მისთვის არაფერი მოეხსენებინათ.
ასე გატეხეს ქართველებმა მედგარი ილდეღიზიანი ადარბადაგნელები იგივე აზერბაიჯანელები. თუმცა, მაჰმადიანური სამყაროსათვის ეს არ აღმოჩნდა ბოლო იმედი... წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მზადდება, სულ სხვა სტრატეგიული მიმართულებით.
გაივლის შვიდიოდე წელი და ქართული ტრიუმფის მოწმე ამჯერად ბასიანი გახდება...