აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორი ყველაზე გამორჩეული რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი უახლოეს მომავალში სენატს ახალ ორპარტიულ კანონპროექტს წარუდგენენ, რომელიც აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში უხეში ჩარევის გამო, რუსეთისთვის ახალი მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
არიზონისა და სამხრეთ კაროლინის სენატორები დემოკრატ სენატორ ბენ კარდინთან და კიდევ სამ რესპუბლიკელ სენატორთან ერთად სამშაბათს სანქციების დაწესების კონკრეტულ ზომებს გამოაცხადებენ. კანონპროექტი ცალსახა მესიჯს შეიცავს, რომელიც რუსეთის, მისი უსამართლო ქმედებების გამო დასჯას ითვალისწინებს, მიუხედავად დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან თანამშრომლობის და ურთიერთობის პოზიტიურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებისა.
ისინი თვლიან, რომ ჰაკერულ თავდასხმას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია, მაგრამ რუსულ ჩარევას მკვეთრად ადასტურებენ.
კანონპროექტი მომზადდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთს და პირადად ვლადიმირ პუტინს ბრალად ედებოდა ამერიკაში არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვის გაღრმავება, მისადმი ნდობის შემცირება და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ხელშეწყობა.
კანონპროექტის დასკვნაში წერია, რომ ახალი სანქციები, რომელიც ვიზის არგაცემას და ქონების დაყადაღებას გულისხმობს, დაუწესდებათ მათ, ვინც ზიანი მიაყენა აშშ-ის კიბერუსაფრთხოებას, საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
მაკკეინმა, რომელიც სენატის შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარეცაა, განაცხადა, რომ რუსული თავდასხმა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე არ მომხდარა, რომ მათი აგენტები ამერიკის სამხედრო სტრუქტურებში ერევიან, რომელთაც აშშ-ისთვის წარმოუდგენელი ხიფათის მოტანა შეუძლიათ.
კანონპროექტი ობამას ადმინისტრაციის მიერ ყირიმის ანექსიითვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელება იქნება. დოკუმენტში მითითებულია ყირიმის რუსეთის ქვეშ სუვერენიტეტის ყოფნის აღიარების ნებისმიერი მცდელობის აკრძალვაც.
დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამეტს ას მილიონ დოლარს გამოუყოფს, რათა რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ბრძოლა გააძლიეროს და ყალბი ახალი ამბების გავრცელებისგან ამერიკული საზოგადოება დაიცვას.
მაკკეინის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ კანონპროექტს თავის კოლეგებს შორის დიდი მხარდაჭერა ექნება და სენატი მას უპრობლემოდ დაამტკიცებს.
ამგვარი სცენარი კიდევ უფრო დაძაბავს დონალდ ტრამპსა და მის კრიტიკოს რესპუბლიკელებს შორის ისედაც დაძაბულ სიტუაციას. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპის საქებარი სიტყვები ვლადიმირ პუტინის მიმართ და მისი კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, რომელიც თავისთავად პუტინის ფავორიტიცაა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისთვის მკვეთრად მიუღებელია.
ჯონ მაკკეინის თქმით, მისთვის რექს ტილერსონის სახელმწიფო მდივნად დანიშვნა ჯერ კიდევ შემაშფოთებელია, რომელსაც რუსეთთან უმსხვილესი ბიზნესკონტრაქტები აქვს გაფორმებული. სენატორს შესაძლებლობა ჰქონდა სახლმწიფო მდივნის კანდიდატურისთვის მისი სენატში მოსმენისას კითხვები დაესვა. კითხვა-პასუხის შედეგად მაკკეინისთვის მთელი რიგი საკითხები ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება.
ლინდის გრემმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია ტრამპის სურვილი რუსეთთან ურთიერთობები დაათბოს, მაგრამ მისთვის რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც რუსეთი თავს დაანებებს მის სამეზობლოში დემოკრატიული განვითარების ხელშეშლას, მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, ასადის მსგავსი დიქტატორების მხარდაჭერას და ნატოს ალიანსის ევროპული ქვეყნებისგან აშშ-ის მოწყვეტას.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც დაბალია იმის შანსი, რომ კონგრესი მის განხორციელებას ტრამპის ადმინისტრაციას დააძალებს, თუკი მას ამის გაკეთება არ სურს. ერთ-ერთ ინტერვიუში სენატორმა კარდინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს რჩება უფლება უარი განაცხადოს კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თუკი ის ჩათვლის, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.
"ქვეყანაში ჩვენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტო გვაქვს და მას პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა სენატორმა, - "ჩვენ ვქმნით ამა თუ იმ სფეროს პოლიტიკას, ხოლო მისი განხორციელება პრეზიდენტის მოვალეობაა. მას კონგრესთან ანგარიშვალდებულება აქვს, მაგრამ ჩვენ მას ვერაფერს ვერ დავაძალებთ. სანქციების განხორციელება ადმინისტრაციის პრეროგატივაა."
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული ჰაკერული იერიშის საპასუხოდ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა. მაშინ მისი ეს ქმედება აუცილებელ და შესაბამის ღონისძიებად შეფასდა.
საპასუხოდ, რუსეთს მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია. კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მსგავსი აქციები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს.
ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მთავარი სამიზნე რუსეთის "ყველაზე სუსტი ადგილები იქნება" - მისი ფინანსური და ენერგეტიკული სექტორები.
ახალ სანქციებს რომ რუსეთისათვის მკვეთრად ნეგატიური შედეგები ექნება, ამას მოსკოვშიც აცნობიერებენ და ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საბოლოოდ თუკი ეს სანქციები ძალაში შევა, იგი მინიშვნელოვნად დააზარალებს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარს.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, პესკოვის თქმით, ახალი სანქციებით რუსეთიც დაზარალდება, მაგრამ "ამას გაუძლებს".