აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფს აფხაზეთში ჩასვლა სურს, რათა აფხაზ ქურუმს ქართველებისათვის 1992 წელს დადებული წყევლის ახსნა სთხოვონ. ამავე წყაროს ცნობით, ამგვარი თხოვნით ქართველთა ერთი ჯგუფი აფხაზეთში 2008 წელსაც იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ.
რაც ყველაზე საინტერესოა, აფხაზეთში ქურუმის წყევლას განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხად განიხილავენ. იგივე აფხაზური გამოცემა წერს, რომ 1992 წელს ქართველთა დაწყევლის რიტუალში პირადად "პრეზიდენტი" არძინბა მონაწილეობდა, რომელმაც პირადად დაკლა სამსხვერპლო ხარი.
გარდა ამისა, 2008 წელს ქართველებისათვის წყევლის შესაძლო ახსნის საკითხი "პრეზიდენტ" სერგეი ბაღაფშის, ასევე მაშინდელი "პრემიერის" ალექსანდრე ანქვაბის, დე ფაქტო პარლამენტისა და სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურის საგანგებო შეკრებაზე განიხილებოდა.
ამჟამად კი, ამავე წყაროს ცნობით, წყევლის ასხნის რიტუალის ჩატარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ უნდა მიიღოს, რომელიც ქართველ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფის სურვილის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია მისცეს თუ არა მათ ენგურზე გადასვლის უფლება.
თბილისში კი მიიჩნევენ, რომ აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ პროვოკაციაა, რომლის მიზანიც თავად აფხაზური საზოგადოების დაცინვაა.
ქურუმის წყევლა და "პრეზიდენტები"
აფხაზური გამოცემა "ნოვოსტი აფხაზიის" ცნობით, 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს დიდრიპშის მთაზე კერპ დიდრიპშ-ნიხასთან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან სიწმინდედ ითვლება, აფხაზეთის მთელი ელიტა შეიკრიბა, იმჟამინდელი "პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას მეთაურობით და ტრადიციული მასობრივი ლოცვის რიტუალში მიიღეს მონაწილეობა. როგორც მედიასაშუალება იუწყება, აფხაზმა ქურუმმა ზაურ ჩიჩბამ დიდრიპშ-ნიხას ქართველთა დამარცხებაში დახმარება სთხოვა და ქართველები დაწყევლა კიდეც.
"როცა ქართულ-აფხაზური ომი დაიწყო, საზოგადოებას გაუჩნდა სურვილი, რომ ლოცვის რიტუალი ჩაეტარებინა, მაგრამ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას თანხმობის გარეშე არ მინდოდა ამ რიტუალის ჩატარება.
"აჩადარელები, მათ შორის პროფესორი ბაჯგურ საგარია და უხუცესი ვიქტორ ჯენია წავიდნენ გუდაუთაში არძინბასთან, რომელმაც მისცა მათ რიტუალის ჩატარების ნებართვა. დათქმულ დღეს, ასობით ადამიანი ამოვიდა წმინდა მთაზე, დაკლეს შესაწირავი ხარი, მოხარშეს, მე წარმოვთქვი ლოცვის სიტყვები: უზენაესო! ჩვენ ომით არ მოგვიპოვებია ეს მიწა, ეს ტერიტორია გეკუთვნის შენ და შენ გვაჩუქე ის, აფხაზი ხალხი კეთილსინდისიერად ეპყრობოდა ამ მიწა-წყალს, მაგრამ ახლა ცდილობენ წაგვართვან შენი ნაჩუქარი და გაგვანადგურონ. თუ შენ შენი სიტყვების ერთგული ხარ, ნუ მისცემ მათ უფლებას, წაგვართვან ეს მიწა. თუ ჩვენ დაგვიტოვებ ამ მიწას და მოგვანიჭებ გამარჯვებას, პირობას ვდებთ, რომ მადლიერების ნიშნად ყოველ წელს დავკლავთ შესაწირავს!
"ეს დაპირება ომის შემდგომ ყოველ წელს სრულდებოდა ბიუჯეტის ხარჯზე. არძინბაც არაერთხელ დასწრებია რიტუალს, მაგრამ ბოლო წლებია მიივიწყეს, უზენაესმა მოგვანიჭა გამარჯვება, ჩვენ კი დავივიწყეთ ეს, ამიტომაც იღუპებიან ახალგაზრდები ავტოავარიებში", - ამბობს ქურუმი ჩიჩბა.
ჟურნალისტი ვიტალი შარია წერს, რომ აფხაზ ქურუმს სტუმრობდნენ ქართველებიც, რომლებიც ითხოვდნენ წყევლის სასჯელისგან გათავისუფლებას. როგორც გამოცემა იუწყება, ქართველების ეს ვიზიტი 2008 წელს შედგა.
"ღამით ჩემთან მოვიდნენ შამილ ფიფია და პაველ არძინბა. მათთან იმყოფებოდნენ ქართველი მეცნიერები თბილისიდან, რომლებიც ითხოვდნენ წყევლის ახსნას. მათ მოიტანეს უამრავი ხელმოწერა, მეტწილად დიდგვაროვანი ქართველების მიერ გაკეთებული. მე მათ განვუცხადე, რომ ასეთი საკითხები დამოუკიდებლად არ წყდება და პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შევხვდი.
"მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტარებთან უნდა მომხდარიყო შეთანხმება, ჩემთან მოვიდნენ ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ ლაკერბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი არშბა, რომელიც 1992 წლის დაწყევლის რიტუალში მონაწილეობდა. მე ავუხსენი მათ, რომ შესაძლოა არც მინდოდეს ქართველებისთვის წყევლის აყრა, მაგრამ როცა თხოვნით მოგმართავენ, ვინც არ უნდა იყოს, უნდა შეუნდო, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზებისთვის იქნება საზიანო.
"მაშინ ვერ მოხერხდა ამ რიტუალის ჩატარება, ვინაიდან ბაღაფშმა მოითხოვა, ტელევიზიით მიმემართა ხალხისთვის და ამეხსნა, თუ რატომ უნდა ამეყარა სასჯელი ქართველებისთვის. ამ ფაქტიდან ერთ თვეში რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რაც შეეხება პატიებას, თუ ქართველები სამსხვერპლოსთან მუხლზე დაჩოქილი არ ითხოვენ პატიებას, წყევლა არ მოეხსნებათ", - ამბობს აფხაზი ქურუმი.
აფხაზური გამოცემის მტკიცებით, 1992 წელს ჩატარებული წყევლის რიტუალი ქართული მხარისთვის დღემდე აქტუალურია. ქურუმ ჩიჩბას განცხადებით, ეს საკითხი ისევ აქტუალური შარშან ოქტომბერში გახდა.
"ჩემთან მოვიდა პოლიტიკოსი ბესლან კობახია, რომელმაც მითხრა, რომ ქართველ ჟურნალისტებს ძალიან აინტერესებთ ეს საკითხი და აპირებენ მონანიებაზე მოსვლას. მე უკვე ვესაუბრე პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, ის თანახმაა და განაცხადა, რომ ხალხს შეატყობინებს ქართველი ჟურნალისტების სურვილის შესახებ.
"თუ აფხაზეთის ხელისუფლება დართავს ნებას ქართველებს, ისინი შემოვლენ აფხაზეთში. ისინი ვალდებული არიან თან იქონიონ წყევლის ასაყრელი რიტუალისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის შესაწირი. თბილისიდან ჩამოტანილი ფული უნდა დაურიგდეს ომის ვეტერანებს და გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს, ჩამოსულებმა მუხლზე დგომით უნდა მოიხადონ ბოდიში აფხაზი ხალხის წინაშე. თუ ასე არ მოიქცევიან, წყევლა არ მოიხსნება", - ამბობს ზაურ ჩიჩბა.
ისტორიკოს ზურაბ პაპასქირის განმარტებით, აფხაზებში წარმართულ რიტუალებს დღემდე საკმაოდ დიდი მნივშნელობა აქვს. ეს ყველაფერი "ნაციონალური რელიგიის" რანგშია აყვანილი და რელიგიურთან ერთად დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური დატვირთვა ენიჭება.
"სერგეი ბაღაფში ძალიან ცდილობდა წარმართობის წინ წამოწევას და მის ოფიციალურ აფხაზურ-აფსუური ნაციონალური რელიგიის სტატუსში აყვანას. მათთვის უცხოა რელიგიური ფანატიზმი", - ამბობს ზურაბ პაპასქირი.
"აფხაზებს დასცინიან"
"მთელი კვირა" ესაუბრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ადა მარშანიას, რომელიც ეთნიკური აფხაზია.
"თუ ქართველი ჟურნალისტები შეძლებენ აფხაზეთში ჩასვლას, ამ ფაქტს მივესალმები, მაგრამ რაც შეეხება ქურუმებს, წყევლას, ბოდიშის მოხდას - ეს სისულელეა. ვიღაცამ სპეციალურად ააგორა და ცდილობს, აფხაზებს დასცინოს, სხვას ვერაფერს დავამატებ", - ამბობს მარშანია.
"აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას პროვოკაციულს უწოდებს და ჟურნალისტის ხელწერაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს.
"ჟურნალისტი ვიტალი შარია ძველი "ჩეკისტია", მას ქართველების სისხლი რომ დაალევინო - დალევს. ეტყობა სიძულვილმა გონება სულ დაუბინდა და ცდილობს დასცინოს ქართველებს, თუმცა, აფხაზები საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში ჩააყენა.
"რაც შეეხება აფხაზურ ტრადიციებს, მათ მართლაც ჰყავთ ქურუმები უხუცესთა საბჭოს სახით. წარმართები არიან და დღემდე თაყვანს სცემენ წარმართულ კერპებს, აქვთ თავიანთი წარმართული სალოცავები, მაგრამ ამ დაწყევლის ფაქტის შესახებ პირველად მესმის", - ამბობს პატარაია.
მისივე თქმით, აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია უბრალოდ აფხაზების დაცინვაა.
"ვიტალი შარია არის რუსი, მხოლოდ გვარი აქვს ქართული. მას არც აფხაზი "პრაზიდენტების" ეშინია და არც "პარლამენტარების". ეტყობა კიდეც, საკმაოდ წარმატებულად დასცინის მათ. ესაა რუსების სახე, იმედია, აფხაზები ადეკვატურად შეაფასებენ ამ ავანტიურას", - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.