გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საქართველოს ტელევიზიაში სატელევიზიო ფილმების სტუდია შეიქმნა და როგორც ამბობენ, ასეთი სტუდია მაშინ მთელ საბჭოთა კავშირში, არც ერთ რესპულიკაში, მოსკოვშიც კი არავის ჰქონდა. სწორედ ამ სტუდიაში შეიქმნა ირაკლი კვირიკაძის ფილმი "ქვევრი" და გურამ პატარაიას "რეკორდი", რომელიც, მიუხედავად ფილმის კომედიური ჟანრისა, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს სატირად აღუქვამს და ცენტრალურ კომიტეტში ოფიციალურად დაუყენებია საკითხი, "რეკორდი" ბიუროზე განეხილათ.
"როდესაც ეს ფილმი ტელევიზიით გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხმაური ატყდა. მაშინდელმა მინისტრმა შევარდნაძემ რატომღაც ამ ფილმის შინაარსი სატირად აღიქვა - ტელევიზია დაგვცინის, ჩვენი მუშაკები შეზღუდული აზროვნების არიან, არ იციან, ბადროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდი რამდენიაო და სხვა. "ერთი სიტყვით, ცენტრალურ კომიტეტში ოფიციალურად დააყენეს საკითხი და მკაცრად მოითხოვეს "რეკორდი" ბიუროზე განხილულიყო", - იხსენებს ტელე-რადიო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარლო გარდაფხაძე.
"გამომიძახეს ცენტრალურ კომიტეტში. დაიწყო ბიურო. სიტყვით გამოდის ედურად შევარდნაძის პირველი მოადგილე. მაშინდელი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსი უნდა ყოფილიყო. იგი ღიად აკეთებს მოხსენებას, რომ ეს არის სამარცხვინო ფილმი, არ შეეფერება საბჭოთა იდეოლოგიას. სახელს უტეხს საბჭოთა მილიციელს, ძირს სცემს მის ავტორიეტეტს და ჩვენ ტელევიზია და ცენტრალური კომიტეტი, ამით საბჭოთა მილიციის ღირესებას და საერთოდ საბჭოთა წყობას ვუთხრით ძირს. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ილაპარაკა ამ ფილმზე.
"შევარდნაძე ბიუროს ესწრებოდა, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა. შემდეგ ცეკას მდივანმა სიტყვა მე მომცა. მე ვთქვი - ამ ნოველის ავტორი ჩეხი მწერალი პაშეკია, იგი 1921 წელს დაიწერა. როგორ მოიფიქრებდა ჩეხი დრამატურგი, რომ ამ ნოველით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუტეხდა სახელს და თავად მინისტრი ედუარდ შევარდნაძე დააყენებდა საკითხს ბიუროს სხდომაზე.
"მეორეც - ამ ფილმში მილიციის მუშაკები დადებითად არიან წარმოჩენილი, ხოლო ის, რომ საბჭოთა რიგითი მილიციელი არ იცნობს ბადროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდს, რა საგანგაშოა?.. სპორტს ყველა ვადევნებთ თვალს, მაგრამ არ მგონია, ყველამ ვიცოდეთ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში მსოფლიო რეკორდები. მე მგონი, არც თავად ამხანაგმა ედუარდ შევარდნაძემ იცის ყველაფერი სპორტის შესახებ-მეთქი. თანაც რას წარმოვიდგენდით, რომ კომედიური ჟანრის ფილმს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფად მიიღებდა. "დარბაზში სიცილი ატყდა, ედუარდ შევარდნაძის სახეზე კი ღიმილიც არ შემიმჩნევია..." - ასე იხსენებს ამ ფილმის ისტორიას ტელე-რადიო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარლო გარდაფხაძე.