"ამერიკა გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიმავალი ქვეყანაა, სადაც საკუთარ თავზე გამარჯვება სჩვევიათ. ამიტომ, დონალდ ტრამპის საკითხი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რთული იყოს ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში.
თუ ტრამპს დაუმტკიცდა ის ფაქტი, რომ მისი გენერალი გვარად ფლინ რუსეთის დიპლომატს არჩევნების დროს მხოლოდ იმიტომ დაუკავშირდა, რომ მისთვის "მერი ქრისთმას" ეთქვა, ხომ კარგი, მაგრამ თუ გამოირკვა, რომ თუნდაც მინიმალური კავშირი არსებობს ტრამპის ერთგულ გენერალსა და პუტინის ქმედებებს შორის, მაშინ გიყვარდეთ, ამერიკა თავის სიტყვას იტყვის", - აცხადებს პიარ ტექნოლოგიების სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ლექციებს კითხულობს.
"რეზონანსი": აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, როგორ შეაფასებდით ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს?
კახაბერ ჯაყელი: სულ რამდენიმე კვირაა, რაც ამერიკაში ვიმყოფები, აშშ-ს კენესოს უნივერსიტეტში ვარ მიწვეული ლექციების წასაკითხად. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი გარდაქმნების პერიოდი უნდა დაუდგეს.
ამისათვის საჭიროა სისხარტე, მოძველებული ინფრასტრუქტურის დახვეწა, მოქალაქეების გაერთიანება, ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა და ასე შემდეგ.
როდესაც ბარაკ ობამა 2007 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა, მაშინაც ამერიკაში გახლდით - ფულბრაიტის სტიპენდიანტი ვიყავი ცნობილ იელის უნივერსიტეტში, ჯანდაცვის სკოლაში და ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცეფციებს ვიკვლევდი.
მაშინ, 2007 წელს ამერიკელ ჯანდაცვის ეკონომისტებს დიდ სირცხვილად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ ამერიკას, ამხელა ეკონომიკისა და ძალის ქვეყანას - არ ჰქონდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის ეროვნული სისტემა.
ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, 2007 წელს ბარაკ ობამას, ფინანსურ კრიზისთან ერთად, ამერიკის ამ ნაკლოვანების გამოსწორებაც მოუწია. კერძოდ, ობამამ დაიწყო ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის შექმნა. მას "ობამაქეარ" უწოდეს. ობამამ სწრაფად დაიწყო აშშ-ს ჯანდაცვის სამსახურის აშენება. მოკლედ, ობამას ადმინისტრაციამ ის მოახერხა, რომ ამერიკაში ყველაზე რთული პალიატიური ჯანდაცვა, მეორადი და მესამე დონის სამედიცინო ხარჯები "ობამაქეარის" მოდელში მოექცა და ამას დიდი წარმატება უნდა დაერქვას.
"რ": აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებს იგი იმ ბრალდებების გაქარწყლებას, რასაც ოპონენტები უყუნებენ და მაინც, როგორია განწყობა ამერიკელ მოქალაქეებში დონალდ ტრამპის მიმართ?
კ.ჯ: მილიარდერი და ბიზნესმენი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში ფიქრობს თეთრი სახლის დაკავებას. მას "პრეზიდენტ ელექტს" ანუ პრეზიდენტად არჩეულს უწოდებენ დღეს. ამერიკა გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიმავალი ქვეყანაა, სადაც საკუთარ თავზე გამარჯვება სჩვევიათ. ამიტომაც დონალდ ტრამპის საკითხი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რთული იყოს ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში.
ტრამპის გაბედულება, ბიზნესის ცოდნა, სიძლიერე და ფარული მოლაპარაკებების ხელოვნება მისასალმებელია, მაგრამ, ... ამ მაგრამს მუდამ აქვს ადგილი დონალდ ტრამპის შეფასების დროს.
იგი მულტიმილიონერის ოჯახშია დაბადებული, მამამისი ნიუ-იორკში სოციალურ სახლებს აშენებდაო, მამა ტრამპი ტენდერებში იმარჯვებდა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ უბნებს ფაქტობრივად "დგამდა" ნიუ-იორკის გარეუბანში.
მამა ტრამპმა მანჰეტენზე ვერ გაბედა შენობის "ჩადგმა", მაგრამ გაზარდა შვილი, რომელმაც დაიპყრო მანჰეტენი. როცა დასჭირდა საქმეს, დონალდმა წყალი და გაზი გადაუკეტა იმ სახლის მცხოვრებლებს, რომლებიც სახლის დატოვებას არ აპირებდნენ და რომლის დანგრევის უფლება დონალდს ნაყიდი ჰქონდა.
თითქოს დონალდი მართალი იყო, მისივე საკუთრება დაატოვებინა ტრამპმა საწყალ მცხოვრებლებს, მაგრამ პრეზიდენტისათვის ამგვარი საქმეები შესაძლოა მთლად მომგებიანი არ იყოს იმ კონტექსტში, რომელიც ახლა შეიქმნა ამერიკაში.
დონალდ ტრამპი ამერიკის საზოგადოების ერთი ნაწილისაგან ვეებერთელა წინააღმდეგობას წააწყდა. ტელეკომპანია "სიენენი" იმ საზოგადოების ფლაგმანია, რომელიც ტრამპის შეცდომებზე თოქ-შოუს ყოველდღე მართავს.
ტრამპთან ბრძოლა ამერიკელების მიერ საკუთარი თავის გამოკვლევაა. ვინ ვართ ჩვენ? რა ხდება ჩვენში? ნუთუ მართლა იმდენად დავსუსტდით, რომ პუტინის ხელის საფათურებლად გადავაქციეთ ვაშინგტონისა და ჯეფერსონის ამერიკა? ამბობენ ძლიერი და მორალური ამერიკელები და გადამწყვეტი ნაბიჯისათვის ემზადებიან.
ამერიკა მთელი სულითა და გულით ცდილობს გაერკვეს თავის არჩევნებში და აღმოაჩინოს ის ბოროტი ძალა, რომელიც ამ არჩევნების დეტალებშია ჩაბუდებული. არჩევნების გადაწყვეტილებისადმი შეგუება არ ახასიათებს ამ მებრძოლ საზოგადოებას, რომელიც გამოერკვა და განრისხდა. განრისხებული ამერიკა კი მართლაც საშიშია.
თუ ტრამპს დაუმტკიცდა ის ფაქტი, რომ მისი გენერალი გვარად ფლინ რუსეთის დიპლომატს არჩევნების დროს მხოლოდ იმიტომ დაუკავშირდა, რომ მისთვის "მერი ქრისთმას" ეთქვა, ხომ კარგი, მაგრამ თუ გამოირკვა, რომ თუნდაც მინიმალური კავშირი არსებობს ტრამპის ერთგულ გენერალსა და პუტინის ქმედებებს შორის, მაშინ გიყვარდეთ, ამერიკა თავის სიტყვას იტყვის.
გააქტიურებული ამერიკული საზოგადება ეძებს სიმართლეს. ნუ დამალავ სიმართლეს - ამბობენ ისინი. მოქმედებენ იმ კუთხით, რომლითაც უნდა მოქმედებდეს ყველა ნამდვილი ადამიანი. ტრამპი ამ შემოტევებს ჯერაც უძლებს, მაგრამ დაწოლა გრძელდება...