„კრიმინალის სტატისტიკის დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო პრაქტიკას. დანაშაულის სტატისტიკა არის გაზრდილი წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით". ამის შესახებ „IDFI"-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ „ტვ პირველის ", დღის ეთერში ისაუბრა.
„არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც მინისტრს სტატისტიკის გამოქვეყნებას დაავალდებულებს. თუმცა კრიმინალური სტატისტიკის დეტალური და სისტემატური გამოქვეყნება მაინც აუცილებელია.
საზოგადოებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაიაზროს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დანაშაულის სტატისტიკა არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაზომოს, რამდენად ეფექტურად წარმართავს ხელისუფლება სისხლის სამართლის პოლიტიკას.
ჩვენი რეკომენდაციია, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდეს ყოველთვიურად. მუხლობრივად უნდა შეგვეძლოს ვნახოთ თუ რა ტიპის დანაშაულები არსებობს. დანაშაულების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 1400-მდე ერთეულით არის გაზრდილი. ყველაზე საგანგაშო, რაც სტატისტიკის ანალიზმა გვაჩვენა, არის ის, რომ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას შორის არის დიდი ცდომილება".