„სერიოზულ ადამიანებთან ერთად სერიოზული საქმის კეთების სერიოზული მცდელობა მექნება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ პირველ რიგში ვიცოდეთ რა არის სწორი და შემდეგ ვეკამათოთ სხვას". ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის", პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„უნდა შევეგუოთ რეალობას, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური მართვაც „ქართული ოცნების" ხელშია და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. სახელმწიფოს მშენებლობაში, მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებაში მონაწილეობა ოპონირების გზით უნდა შევძლოთ.
დღევანდელ ვითარებაში საჭიროა არა მორიგი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ბევრია, არამედ სხვანაირი პოლიტიკური მოთამაშე. არ და ვერ გავეჯიბრებით სხა პოლიტიკურ ძალებს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, თვალთმაქცობით, ტელევიზიების ხელში ჩაგდებით.
პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. ეს არ იქნება რესპუბლიკური პარტიდან წამოსულთა პარტია. თუმცა რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრებისთვისაც ისევე ღია იქნება ჩვენი კარი, როგორც სხვა მოქალაქეებისთვის. ეს იქნება რიგითი ადამიანების მონაწილეობით წარმართული საქმიანი პროცესი და არა ბრძოლა. პოლიტიკა შრომის ასპარეზია და არა ბრძოლის"-აცხადებს დავით უსუფაშვილი.