ფასი 30-40 ლარიდან იწყება და 300 ლარსაც აღწევს
თეო გუდავაძე
18.01.2017

 ბინების დღიურად გაქირავება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა დღესასწაულებზე და ფასიც ლოგიკურად ამ დროს იმატებს. ყველაზე მოთხოვნადია საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიები და სხვა უბნებთან შედარებით, ფასები იქ უფრო მაღალია. უმეტესად აქტიურობენ ახალგაზრდები, რომლებიც წვეულებისთვის ბინას 1-2 დღით ხშირად ქირაობენ და კმაყოფილნიც არიან.

მოსახლეობის უმეტესობა ბინების დღიურად გაქირავების იდეას იწონებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე - ბინის მესაკუთრე და დამქირავებელი - კმაყოფილია და თუკი ადამიანს უძრავი ქონება გააჩნია, დღესდღეობით საუკეთესო და უსაფრთხო ბიზნესი სწორედ ეს არის.

"რეზონანსი" დაინტერესდა დედაქალაქში მოქმედი ტარიფებით. აღმოჩნდა, რომ დღიურად ბინის ქირაობა 30-40 ლარიდან იწყება და 300 ლარსაც აღწევს. არიან ისეთებიც, ვინც დოლარში აქირავებს. როგორც ჩანს, მოთხოვნა ასეთ ბინებზეც არის, რადგან სხვადასხვა გაქირავების ვებ-გვერდზე ხშირად შეხვდებით განცხადებას, სადაც უძრავი ქონება უცხოურ ვალუტაში ქირავდება. უფრო მაღალია ისეთი ბინების ფასი, რომლებსაც ვერანდა აქვს და მეპატრონეების ინფორმაციით, ის კიდევ უფრო ძვირდება ზაფხულში.

ნანა გულორდავა 33 წლისაა. მას დიღომში აქვს კერძო სახლი, რომელსაც ხშირად აქირავებს დღიურად და მიღებული შემოსავლით ძალიან კმაყოფილია.

"სამი წელია, ეს აზრი მომივიდა თავში. სახლი გვქონდა გაურემონტებელი და ტყუილად იყო. ერთხელ მეგობრის დაბადების დღე გადავიხადეთ ნაქირავებ სახლში და ეს იდეაც იქიდან წამოვიდა. ვიფიქრე, სახლს ცოტა ხელს შევავლებ და ისე გავაქირავებ-მეთქი. ამაზე სწორი გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ის ფულიც ძალიან მალე ამოვიღე, რაც რემონტში დავხარჯე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამით ვცხოვრობ. მინიმუმ 150 ლარად ვაქირავები და ფასს მხოლოდ მაშინ ვუკლებ, როდესაც რამდენიმე დღით უნდათ.

სახლი კარგად რომ გაქირავდეს, რა თქმა უნდა, კარგად უნდა იყოს მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ქირაობს და წვრილმანებსაც კი აქცევენ ყურადღებას. აქვს უარყოფითი მხარეებიც. ხშირად მეზობლები აჯანყებულან, სახლში ნივთები გაუფუჭებიათ, მაგრამ იმდენად შემოსავლიანია, მაინც მიღირს.

უმეტესად ახალგაზრდები ქირაობენ, 20-25 წლის ასაკის ხალხი მაკითხავს. ლიმიტიც მაქვს, 15 კაცზე მეტს არ ვუშვებ სახლში. ხშირად მქონია შემთხვევა, უთქვამთ 15 და მეორე დღეს 40 კაცი დამხვედრია. არ გეუბნებიან, რადგან იციან, ან ფასს გაზრდი, ან საერთოდ უარს ეტყვი. შეთანხმებისას თავს იკავებენ, მერე შენც ვერ გაყრი, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები ხოლმე.

ახალი წლის დღეებში 31-დან რომ დავიწყე, ძველით ახალ წლამდე სახლი თავისუფალი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კეთილმოწყობილია და მინიმუმ 2 საძინებელი აქვს, სახლი ძალიან კარგად ქირავდება. თამამად შემიძლია ვთქვა - ერთ ოჯახს კარგად აცხოვრებს ასეთი შემოსავალი", - ამბობს ნანა გულორდავა.

"რეზონანსის" მცირე გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ბინების დღიურად ქირაობა დაბადების დღის თუ სხვა დღესასწაულის აღსანიშნავად საკმაოდ აქტუალურია. რესპონდენტები ამბობენ, რომ შერჩეული აქვთ ერთი კონკრეტული სახლი ან ბინა და თითქმის არ უწევთ ყოველ დღესასწაულზე ახალი სახლის საძებნელად სირბილი. როდესაც ერთი და იმავე ადამიანისგან ხშირად ქირაობ, პრივილეგიებით სარგებლობ და ამავე დროს ნდობაც მეტია.

გიორგი ხორავა 23 წლის სტუდენტია. იგი ბინას ხშირად ქირაობს და ძალიან ხელსაყრელი მეთოდია, როდესაც მეგობრებთან ერთად უნდა განმარტოება და რომელიმე თარიღის აღნიშვნა:

"ბოლოს ბედობას ვიქირავეთ სამეგობრობ 80 ლარად საკმაოდ კარგი ბინა დიდი ფართით. ფასიც მისაღები აღმოჩნდა და რესტორანზე უფრო მოსახერხებელიც. იქვე დარჩები მეგობრებთან ერთად, გაცილებით იაფიც ჯდება და სიმღერები თუ სხვა დეტალები შენი გემოვნებით გაქვს შერჩეული. იქმნება ხოლმე უხერხულობაც. როდესაც ძალიან ვხმაურობთ, მეზობლები არ ისვენებენ და ხშირად გამოუძახებიათ პატრული, რაც ჩვენში უთანხმოებას იწვევს. მე ფულს ვიხდი, ბინას ვქირაობ და გამქირავებელმა უნდა იცოდეს, რომ ხმაური ნორმალური მოვლენაა ამ დროს დასაჯდომად არავინ ქირაობს ბინას.

მეგობრებს შერჩეული გვაქვს ერთი ბინა, რომელსაც ვქირაობთ ხოლმე, მაგრამ ბედობას უკვე დაკავებული იყო. საკმაოდ კარგი ფართია, 80 დოლარი ღირს, აქვს ძალიან დიდი ვერანდა, ადგილიც მოსახერხებელია. მოკლედ, ერთგული კლიენტები ვართ, თუკი თავისუფალია. როგორც აღმოჩნდა, ამ ბინაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" გიორგი ხორავამ.

დღიური ქირაობა განსაკუთრებით აქტუალურია დღესასწაულების პერიოდში და დამქირავებლის სეგმენტიც საკმაოდ ვიწროა. მათი ასაკი 20-28 წლამდე მერყეობს. მესაკუთრეები არასრულწლოვნებზე არ აქირავებენ ბინებს და აუცილებლად თხოვენ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს. ეს მხოლოდ ასაკისთვის არაა საჭირო, უსაფრთხოების მიზნით გამქირავებელი იტოვებს საბუთს, სანამ ბინა არ დაიცლება და არ დატოვებენ ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

ლიკა კვეტენაძე 30 წლის პედაგოგია და ბოლო ერთი წელია, ბინას სანზონაში დღიურად ხშირად აქირავებს: "სანამ ბინის გასაღებს ჩავაბარებ, დამქირავებელს პირადობის მოწმობას ვთხოვ ან მართვის მოწმობას. თუ ხშირი კლიენტი არ არის, ვიტოვებ უსაფრთხოების მიზნით. ასე უფრო მშვიდად ვარ. არასდროს ვუშვებ არასრულწლოვნებს ბინაში, რადგან, ჩემი აზრით, ეს დასაშვები არ არის.

100 ლარად ვაქირავებ 130 კვ/მ-ს. ვერ ვიტყვი, რომ ყოველი დღე დაკავებულია, მაგრამ ხშირად მაკითხავენ მსურველები, განსაკუთრებით, საახალწლო დღეებში და ზაფხულში.

ქალაქის ცენტრში ფასი უფრო მაღალია. ზოგი დოლარშიც კი აქირავებს, მაგრამ ჩემი ფასი ვფქირობ, საკმაოდ მისაღები და ლოგიკურია. აქვს თავისი მინუსიც. ხშირად ბინა ცუდ მდგომარეობაში დამხვედრია, მაგრამ მაინც მიღირს. ფაქტობრივად, ამით ვცხოვრობ და თუკი რამე მნიშვნელოვანი არ არის დაზიანებული, ჩემი ხარჯით ვაკეთებ. ერთადერთხელ მქონდა შემთხვევა, ტელევიზორი დამიზიანეს, რა თქმა უნდა, თვითონ შეიძინეს და ამაზე პრობლემა ნამდვილად არ შემქმნია", - განუცხადა "რეზონანსს" ლიკა კვეტენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×