გვანცა ღვედაშვილი
18.01.2017

 ბოლო ათი წლის განმავლობაში განქორწინებულთა რაოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2005 წელს 1 928 განქორწინება დარეგისტრირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 9 112.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში განქორწინებათა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია და ის ქორწინებათა რაოდენობის 50%-ს შეადგენს, მთელი ქვეყანის მასშტაბით კი 30%-ს.

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ეს საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ 2016 წლის პირველი 6 თვის მონაცმები მოგვაწოდა, რომლის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ 2015 წელთან შედარებით ქორწინებების რიცხვა იკლო, განქორწინება კი იგივე დარჩა.

2015 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 14 102 ქორწინება და 4 435 განქორწინება დარეგისტრირდა. 2016 წლის ამავე პერიოდში ქორწინების რაოდენობა შემცირებულია და 11 787-ს შეადგენს, განქონწინების რიცხვი კი არ შეცვლილა.

"რეზონანსთან" საუბრისას თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ განქორწინების უმრავლესობა ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე მოდის. ამასთან მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს სოციალური სტატუსი და წყვილთა ინტელექტი."საქართველოში ქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა 2014-2015 წლებში, რაც ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა 2016 წლის პირველი 6 თვის მონაცმებით, ქორწინებათა რაოდენობამ იკლო, განქორწინებათა რაოდენობა კი იგივე დარჩა. ზოგადად განქორწინებათა ზრდა-კლების მაჩვენებელი ქორწინებათა რაოდენობას მიჰყვება. მაგრამ ის, რომ ქორწინებათა რაოდენობა, არ იზრდება მაშინ, როცა განქორწინებათა რიცხვი მატულობს, ძალიან ცუდია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, როცა ამ მონაცემებს შორის პროცენტული ბალანსი ძალიან ცუდია.

"თბილისში განქორწინებათა რაოდენობა ქორწინებათა რაოდენობის 50%-ია, მთელ ქვეყანაში კი ქორწინების 30% განქორწინებით მთავრდება.

"ჩვენ გვაინტერესებდა, რა იყო განქორწინების გამომწვევი მიზეზი და რა ასაკში ხდებოდა ძირითადად. როგორც აღმოჩნდა, ქორწინებათა პროცენტული მაჩვენებელია დიდია ადრეულ ასაკში ანუ 19-დან 22 წლამდე. თუმცა 2016 წელს აღნიშნული ტენდენცია შენელებულია, გაზრდილია შუა ასაკში ანუ 30 წლამდე.

"განქორწინებათა ყველაზე მაღალი რაოდენობა სწორედ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებშია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ახალგაზრდას არ აქვს ჩამოყალიბებული ოჯახის ფენომენი და უფრო ადვილად თმობს ურთიერთობებს.

"ჩვენ ერთგვარი კვლევა ჩავატარეთ განქორწინებულ ახალგაზრდებში, ძირითადად სტუდენტებში და აღმოვაჩინეთ, რომ განქორწინების ინიციატორი 70%-ში ქალია.

"განქორწინების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სოციალურ-ეკონომიკური ფონია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დაბალია სოციალური ფენა და ინტელექტუალური დონე, მით უფრო ნაკლებია განქორწინებათა რაოდენობა. ამ მაჩვენებლის ზრდა სწორედ სოციალურად მაღალი ფენის წარმომადგენლებსა და ინტელექტუალურ საზოგადოებაში შეინიშნება. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე დედაქალაქში უფრო მეტია განქორწინებათა მაჩვენებელი, ვიდრე რეგიონებში. თუმცა ბოლო 10 წელიწადში რეგიონებშიც იმატა განქორწინებათა რაოდენობამ, რაც ფაქტობრივად არასდროს აღინიშნებოდა აქამდე, რადგან ოჯახის დანგრევა უცხო იყო მთაში," - აცხადებს ჩიბურდანიძე.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ოჯახის მნიშვნელობა და ფენომენი აზრს კარგავს, ახალ თაობასთან ერთად კი ოჯახური ფასეულობები იკარგება, ამიტომ ამ საკითხის პოპულარიზება აუცილებელია.

"სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის ფენომენი ნელ-ნელა აზრს კარგავს მაშინ, როცა ევროპაში აღნიშნული საკითხი ძალიან კარგად აქვთ გააზრებული.

"თქვენ წარმოიდგინეთ და ევროპაში როცა ოჯახი იქმნება, განქორწინება იშვიათად ხდება, რადგან იმ ასაკში დგამენ ამ ნაბიჯს, როცა გააზრებული აქვთ ოჯახის მნიშვნელობა და განქორწინებაზე აღარ ფიქრობენ. საქართველოში კი ოჯახის შექმნა იმდენად გაუაზრებლად ხდება, რომ აღარ აქვთ შემაკავებელი ფაქტორები და ადვილად თმობენ სიყვარულსაც და ოჯახსაც.

"ვთვლით, რომ ახალი თაობის მოსვლასთან ერთად იკარგება ოჯახური ფასეულობები და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდებში რაც შეიძლება მეტად მოხდეს ოჯახის პოპულარიზება, თუნდაც სწავლა და განათლების მიცემა ამ კუთხით. მაგალითად, ევრპაში ამ კუთხით სპეციალურ განათლებას აძლევენ დამამთავრებელ კლასებში ბავშვებს თუ რა ფენომენია ოჯახი, რა ურთიერთობებია ქალსა და კაცს შორის და ა.შ.

"ჩვენი ფონდი მიესალმება, თუ მსგავს განათლებას ჩვენც შევიტანთ სკოლებში. ძალიან ბევრი გვისვამს კითხვას, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახი შეიქმნება თუ არა. დემოგრაფიული კითხით ხომ მთავარია, ბავშვი გაჩნდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ბავშვის დაბადებას ყველანაირ ვითარებაში, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკითა და სპეციალისტების მოსაზრებით გაყრილ ოჯახებში გამრავლებაზე აღარ ზრუნავენ.

"ქვეყანას დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ოჯახების შექმნის კუთხით. საქართველოში რეპროდუქციული მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუოჯახებელია. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი ის არის, რომ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა და აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. უახლოეს პერიოდში კი ჩვენ ვაპირებთ წარვადგინოთ კანონპროექტი, რომელსაც ახლად დაქორწინებულთა წახალისებას და მათთვის ხელის შეწყობას ითვალისწინებს, რაც ყველა იმ სახელმწიფოში ხდება, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემა აქვს, მათ შორის არის საფრანგეთი, იტალია ინგლისი და ა.შ.," - გვითხრა თამარ ჩიბურდანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×